"სიტროენს" 14 ტყვია მოხვდა, პრეზიდენტს არც ერთი - წარუმატებელი თავდასხმები ლიდერებზე: გასროლა, რომელსაც შესაძლოა, მსოფლიო ისტორია შეეცვალა - კვირის პალიტრა

"სიტროენს" 14 ტყვია მოხვდა, პრეზიდენტს არც ერთი - წარუმატებელი თავდასხმები ლიდერებზე: გასროლა, რომელსაც შესაძლოა, მსოფლიო ისტორია შეეცვალა

წინასწარ ვერავინ გათვლის, რამდენიმე წამით არდაგვიანებას თუ რამდენიმე მილიმეტრით არაცილებას, რაოდენ კარდინალურად შეეძლო შეეცვალა ისტორიის მსვლელობა მთელ მსოფლიოში. ორი წლის წინ ამის მოწმე მთელი მსოფლიო შეიქნა, როდესაც 2024 წლის 13 ივლისს პენსილვანიის შტატში ტრიბუნასთან მდგარ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპს ტყვიამ თავთან რამდენიმე მილიმეტრებში ჩაუქროლა და მარჯვენა ყური გაუჩხაპნა. ერთი სანტიმეტრით განსხვავებული ტრაექტორიით მფრენი ეს ტყვია ხომ ყველაფერს შეცვლიდა, მაგალითად, ნიკარაგუის მოტაცებული პრეზიდენტისთვის ან დღევანდელი ირანისთვის?

საბედნიეროდ, ტრამპი გადაურჩა ამ ტყვიას, თუმცა ისტორიას შემონახული აქვს სხვა ასეთივე გამართლება, როდესაც ქვეყნის პირველი პირები - იმპერატორები, მეფეები, დიქტატორები თუ პრეზიდენტები სწორედ ამ რამდენიმე მილიმეტრმა თუ რამდენიმე წამმა იხსნა, რის შემდეგაც მათ თავიანთი მმართველობა გააგრძელეს, თუმცა ზოგჯერ ისეთი ანტიკაცობრიობრივი, რომ აჯობებდა ის გადამრჩენი "რამდენიმე წამი თუ სანტიმეტრი" არც ყოფილიყო.

"ჯოჯოხეთური მანქანა" ნაპოლეონისთვის

1800 წლის 24 დეკემბრის საღამოს საფრანგეთის პირველი კონსული ნაპოლეონ ბონაპარტი პარიზის ოპერაში მიემგზავრებოდა. ვიწრო ქუჩაზე მის კარეტას ელოდა ე.წ. ჯოჯოხეთური მანქანა - ოთხთვალა, რომელსაც დენთით სავსე დიდი კასრი გადაჰქონდა.

მკვლელობის დამგეგმავებიდან ერთ-ერთ შეთქმულს ნაპოლეონის კარეტის მოახლოებისას პატრუქის დანთება უნდა მოესწრო, რათა აფეთქება პირველი კონსულის კარეტის "ჯოჯოხეთის მანქანასთან" - გათანაბრებისთანავე მომხდარიყო. თუმცა სწორედ რამდენიმე წამით დაგვიანებამ ყველაფერი ჩაშალა, ნაპოლეონის კარეტამ სახიფათო მონაკვეთი მოწყობილობის აფეთქებამდე გაიარა - აფეთქება დაახლოებით ხუთი წამის შემდეგ მოხდა და იმდენად ძლიერი იყო, რომ ქუჩაში სახლები დააზიანა და გამვლელები იმსხვერპლა. ნაპოლეონი უვნებელი გადარჩა და მიუხედავად მომხდარისა, ოპერას მაინც ეწვია. როდესაც ის თავის ლოჟაში გამოჩნდა, მაყურებელმა აპლოდისმენტებით მიიღო. თავად ბონაპარტისთვის ეს არა მხოლოდ პირადი სიმშვიდის დემონსტრირება, არამედ პოლიტიკური ჟესტიც იყო: მკვლელობის მცდელობა ახალი რეჟიმის დაუცველობის გამოსავლენად იყო განკუთვნილი და პირველმა კონსულმა ეს საკუთარი ძალის დასადასტურებლად გამოიყენა.

გამოძიებამ აჩვენა, რომ "ჯოჯოხეთური მანქანის" უკან მდგომი პირები არა იაკობინელები, არამედ როიალისტი შუანელები იყვნენ, რომლებიც ბურბონების დინასტიის აღდგენას ცდილობდნენ. მკვლელობის მცდელობამ ბონაპარტს საბაბი მისცა გაენადგურებინა პოლიტიკური ოპონენტები. სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ მან თავი საფრანგეთის იმპერატორად გამოაცხადა. აფეთქებამ, რომელიც რამდენიმე წამით დაგვიანდა, საბოლოოდ ნაპოლეონს მისი რეჟიმის განმტკიცებაში დაეხმარა, რასაც შემდგომში დიდი ომები და მრავალი მსხვერპლი მოჰყვა ევროპაში.

2-prezidenti-1785070643.png
აშშ-ის პრეზიდენტ როლანდ რეიგანზე თავდასხმის მომენტი...

ჰიტლერი აფეთქებისგან მაგიდამ დაიცვა

1944 წლის 20 ივლისს აღმოსავლეთ პრუსიაში, ადოლფ ჰიტლერის შტაბბინა "მგლის ბუნაგში", ბომბი აფეთქდა. ის გენერალური შტაბის სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც თავად ადოლფ ჰიტლერიც ესწრებოდა, ვერმახტის პოლკოვნიკმა კლაუს შენკ ფონ შტაუფენბერგმა მიიტანა, შეთქმულების ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც არა მხოლოდ დიქტატორის მკვლელობას, არამედ ბერლინში ძალაუფლების ხელში ჩაგდებასა და ნაცისტური რეჟიმის დამხობასაც გეგმავდა. პოლკოვნიკ ფონ შტაუფენბერგის დადებული ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე პორტფელი აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე უზარმაზარი საკონფერენციო მაგიდის უკან გადაიტანეს. ხემ დარტყმითი ტალღის ნაწილი შთანთქა და რადგან შეხვედრა დახურულ მიწისქვეშა ბუნკერში კი არა, ფანჯრებიან მიწისზედა ოთახში გაიმართა, აფეთქების ტალღის ნაწილი გარეთ გაიტყორცნა. ოთხი კაცი დაიღუპა, თუმცა მთავარი სამიზნე - ჰიტლერი მსუბუქი დაზიანებებით გადარჩა.

ეს შეუმდგარი აქცია ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დიქტატორის, სახელმწიფოს, ომისა და მილიონობით ადამიანის ბედი რამდენიმე წუთზე, შეხვედრის ადგილმდებარეობასა და შემთხვევით გადატანილ პორტფელზე იყოს დამოკიდებული.

რუზველტი იარაღზე ხელის აკვრამ გადაარჩინა

1933 წლის 15 თებერვალს შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდეც კი მისი დაკარგვის საფრთხე ემუქრებოდა. ფრანკლინ დელანო რუზველტი, რომელმაც დიდი დეპრესიის დროს მოიგო არჩევნები, მაიამის ბეიფრონტ-პარკში მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავდა. მის ინაუგურაციამდე სულ რაღაც 17 დღე რჩებოდა და ქვეყანა მის ეკონომიკური გადარჩენის გეგმას ელოდა.

რუზველტი ღია მანქანის უკანა სავარძლიდან სიტყვით გამოდიოდა, როდესაც ბრბოდან სროლის ხმა გაისმა. იტალიელმა ემიგრანტმა ჯუზეპე ზანგარამ პრეზიდენტს ესროლა, მაგრამ ტანმორჩილობის გამო მას არ შეეძლო ბრბოს მიღმა სამიზნეს დანახვა და იძულებული შეიქნა სკამზე ამძვრალიყო. მან ხუთი ტყვია ესროლა, მაგრამ რუზველტს არც ერთი არ მოხვედრია.

სროლის შედეგად ხუთი კაცი დაიჭრა, მათგან ერთი, ჩიკაგოს მერი, მძიმედ დაშავდა და 19 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ზანგარმა დაპატიმრების შემდეგ განაცხადა, რომ სძულდა მდიდრები, პრეზიდენტები და კაპიტალისტები, რომლებიც თავის სიღარიბეში დამნაშავედ მიაჩნდა. სასამართლომ თავდაპირველად მას 80 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკვლელობის მცდელობისა და დაჭრისთვის, მაგრამ ჩიკაგოს მერის გარდაცვალების გამო განაჩენი სიკვდილით დასჯით შეუცვალა.

შეერთებული შტატებისთვის ერთი კარგად მიზანმიმართული გასროლის შედეგები შეიძლება კოლოსალური გამხდარიყო. რუზველტს ჯერ არ ჰქონდა წამოწყებული "ახალი კურსი", საბანკო რეფორმები, ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის დროს არ გაუძღვებოდა და 1930-იან წლებში ამერიკული პოლიტიკა შესაძლოა სრულიად განსხვავებული მიმართულებით წასულიყო.

დე გოლის მანქანას 14 ტყია მოხვდა, საფრანგეთის პრეზიდენტს - არც ერთი

1962 წლის 22 აგვისტოს საღამოს საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლი და მისი მეუღლე ივონი ელისეს სასახლიდან სამხედრო აეროდრომისკენ მიემგზავრებოდნენ. პარიზის გარეუბანში პრეზიდენტის ავტომანქანას ჩასაფრება მოუწყვეს და როდესაც პრეზიდენტის შავი "სიტროენი მიუახლოვდა, თავდამსხმელთა ჯგუფმა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების ცეცხლი გახსნა.

თავდასხმა რამდენიმე წამს გაგრძელდა. მოგვიანებით ადგილზე 187 ტყვია იპოვეს, ხოლო პრეზიდენტის მანქანაში, სულ მცირე, 14 ტყვიის ნახვრეტი აღმოაჩინეს. ზოგიერთმა ტყვიამ მგზავრების თავებთან რამდენიმე მილიმეტრში ჩაიარა, თუმცა დე გოლი, მისი მეუღლე, მძღოლი და ადიუტანტი გადარჩნენ.

მკვლელობის მცდელობა ორგანიზებული იყო 15 მოქმედი და გადამდგარი ფრანგი სამხედროს მიერ - თავდამსხმელები ეწინააღმდეგებოდნენ ალჟირის დამოუკიდებლობას. მისი მომხრეები დე გოლს მოღალატედ მიიჩნევდნენ, რადგან ის ხელისუფლებაში დაბრუნდა ზოგიერთი სამხედრო და კოლონიური ძალების მხარდაჭერით, მაგრამ შემდგომში დათანხმდა ალჟირის თვითგამორკვევას.

თავდასხმის ორგანიზატორს საბრძოლო ჯგუფისთვის სიგნალი უნდა მიეცა, თუმცა სიბნელემ, პრეზიდენტის "სიტროენის" სიჩქარემ და ცუდმა კოორდინაციამ შეთქმულებს გეგმის ზუსტად შესრულებაში ხელი შეუშალა.

როდესაც სროლა დაიწყო, პრეზიდენტის "სიტროენის" მძღოლმა მკვეთრად მოუმატა სიჩქარეს და დაზიანებული საბურავების მიუხედავად, მანქანა გზაზე შეინარჩუნა და ცეცხლის ხაზიდან გაარიდა. ითვლება, რომ პრეზიდენტი მძღოლის სწრაფმა რეფლექსებმა და "სიტროენის" ჰიდროპნევმატურმა საკიდარმა გადაარჩინა, რაც მანქანას დაზიანებული საბურავებითაც კი მართვადს ხდიდა.

პრეზიდენტზე თავდასხმის 15-ივე მონაწილე დააპატიმრეს, ხოლო მისი ორგანიზატორი სამხედრო კი სიკვდილით დასაჯეს, რაც საფრანგეთის მართლმსაჯულებაში ბოლო სიკვდილით დასჯად დარჩა.

მკვლელობის მცდელობას არ შეუცვლია ალჟირის საკითხში საფრანგეთის პოლიტიკა. პირიქით, გააძლიერა დე გოლის პოზიცია და დაეხმარა მას რეფორმების გატარებაში, რაც მოიცავდა საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირ ჩატარებას.

რონალდ რეიგანი სიკვდილის პირას იყო

1981 წლის 30 მარტს აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ვაშინგტონში "ჰილტონის" სასტუმროდან გამოდიოდა. ის პრეზიდენტის ლიმუზინიდან სულ რამდენიმე მეტრში იდგა, როდესაც ბრბოდან სროლის ხმა გაისმა. რამდენიმე წამში შეიარაღებულმა ჯონ ჰინკლი-უმცროსმა ექვსი ტყვია გაისროლა.

საიდუმლო სამსახურის აგენტებმა მყისიერად დაფარეს ის და მანქანაში ჩატენეს. თუმცა ერთ-ერთი ტყვია პრეზიდენტის ლიმუზინის ჯავშანპანელს მოხვდა, რიკოშეტით ფრენის მიმართულება შეიცვალა და რეიგანს მარცხენა იღლიის ქვეშ მოხვდა, ნეკნი მოსტეხა, ფილტვი გაუხვრიტა და გულთან სანტიმეტრებში გაჩერდა.

მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ პრეზიდენტმა ძლიერი ტკივილი იგრძნო და სისხლიანი ხველა დაიწყო. ავტოკოლონა სწრაფად შებრუნდა და საავადმყოფოსკენ გაემართა. რეიგანს სისხლის მნიშვნელოვანი რაოდენობა ჰქონდა დაკარგული და მისი მდგომარეობა გაცილებით სერიოზული იყო, ვიდრე თავიდან ჩანდა.

თავდამსხმელ ჰინკლის არ ჰქონდა პოლიტიკური დღის წესრიგი და არ უცდია მთავრობის კურსის შეცვლა. გამოძიებით დადგინდა, რომ ის მსახიობ ჯოდი ფოსტერის ყურადღების მიპყრობას ცდილობდა. სასამართლომ ფსიქიკური დაავადების გამო ის უდანაშაულოდ ცნო და სავალდებულო მკურნალობის გავლა დაუწესა.

რეიგანი თეთრ სახლში 12 დღის შემდეგ დაბრუნდა. მკვლელობის მცდელობამ გაზარდა საზოგადოების სიმპათია პრეზიდენტის მიმართ და ხელი შეუწყო მისი, როგორც თავდაჯერებული ლიდერის იმიჯის განმტკიცებას მისი პრეზიდენტობის დასაწყისში.

როგორც დე გოლის შემთხვევაში, წამები გადამწყვეტი იყო. რეიგანი გადაარჩინა მისი დაცვის თანამშრომლების რეაქციამ, საავადმყოფოში წასვლის სწრაფმა გადაწყვეტილებამ და ტყვიის ტრაექტორიამ, რომელმაც გულთან ძალიან ახლოს გაიარა.

P.S. პრეზიდენტებზე თავდასხმების ამ სტატიას ორგანულად შეეწყობოდა ქართველი პრეზიდენტების მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობების მაგალითებიც, რაც, სამწუხაროდ, იყო ჩვენს უახლეს ისტორიაში, მაგრამ ეს ერთი სხვა დიდი სტატიის თემაა.