„მუმუშას სექტა“
„წლები გავიდა, მაგრამ ის დარბაზში „ზის“ ჩემს ყველა სპექტაკლზე“
"დღეს იმ ადამიანზე ვისაუბრებ, ვინც ჩემი პროფესიული ცხოვრება განაპირობა, რომ არა შალვა გაწერელია, არავინ იცის, დღეს სად ვიქნებოდი", - ამბობს მსახიობი თათული ედიშერაშვილი და იხსენებს პედაგოგს, რომელმაც არა მხოლოდ პროფესია ასწავლა.
- შთაბეჭდილება შეიძლება ბევრმა ადამიანმა მოახდინოს, მათი გავლენის ქვეშ მოექცე. "გავლენა" ცუდი სიტყვა სულაც არ არის, ზოგიერთი დამაკნინებლად რომ მიიჩნევს. ჩემს ცხოვრებაშიც მრავლად იყვნენ ასეთი ადამიანები, მაგრამ გამორჩეულად ერთ პიროვნებაზე ვისაუბრებ.
წლების წინ 16 წლის პატარა გოგომ გადავწყვიტე, თეატრალურის სტუდენტი გავმხდარიყავი. მე არ ვიყავი მსახიობების ოჯახიდან, არ მქონია განსაკუთრებული ბმა თეატრალურ საზოგადოებასთან. გინდა თუ არ გინდა, გარემო პირობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს პროფესიულ არჩევანზე. რაღაცები ან გვიიოლდება, ან გვირთულდება. შალვა (მუმუშა) გაწერელია იყო ის ადამიანი, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ბედ-იღბალი გადაწყვიტა.
ჩვენი პირველი შეხვედრა ბუნდოვნად მახსოვს. თეატრალურში ტურები ადრიანად იწყებოდა. 14 ივნისს ვარ დაბადებული და პირველი ტური 16 რიცხვში მქონდა. კომისიის წინ რომ დავდექი, ასაკი მკითხეს, ვუთხარი, რომ 16 წლის ვიყავი. მალე გამახსენდა, არა, არა, 17 წლის ვარ-მეთქი. იმდენად დაბნეული ვიყავი, 2 დღის წინ 17-ის რომ გავხდი, აღარ მახსოვდა. ბატონმა შალვამ გამიღიმა. აბა, დაიწყეთ! დამკვირვებლის თვალით მიყურებდა. გულში გავიფიქრე, თათული, შენი ასაკი ვერ თქვი სწორად, რისი იმედი გაქვს? იქიდან ხელფეხდაბუჟებული გამოვედი, საკუთარი თავით უკმაყოფილო, თან როცა იცი, ადამიანი არ მოიძებნება ქვეყანაზე, ვინც სიტყვას წაგაშველებს. მეორე ტურზე ბატონი შალვა არ იყო, მესამე ტურს ესწრებოდა, მითხრა, აბა, თქვენ გამოდით, რა გვარი ხართ? ორი წუთის შემდეგ კიდევ მკითხა, თქვენ რა გვარი ხართ? ყველა კითხვას და ყველა გაწურვას, იმას მივაწერდი, რომ საქმე კარგად ვერ მქონდა და რაღაცას ეჭიდებოდა, მიუხედავად ამისა, ცუდზე არ ვფიქრობდი... საბოლოოდ იმ ხუთ გოგოში აღმოვჩნდი, რომლებიც ბატონმა შალვამ 7 ბიჭთან ერთად აგვიყვანა. ეს იყო ბოლო უფასო კურსი თეატრალურში, მერე სწავლა ფასიანი გახდა.
ფანტასტიკური ჯგუფელები მყავდა, მაღლები, კარგები, ნიჭიერები. მე ვიყავი ყველაზე პატარა და გაწრიპული, მაგრამ ყოველთვის ჩემი ნიშა მქონდა. შალვა გაწერელიას რომ არ გადაეწყვიტა ჩემი აყვანა, არავინ იცის, დღეს სად ვიქნებოდი. ის იყო უმაღლესი რანგის პედაგოგი, რეჟისორი, პიროვნება. წლების მანძილზე ყოველი პროფესიული წარმატებისა და სიხარულის დროს ყოველთვის შალვა გაწერელიას ვეუბნები მადლობას, ხან სიტყვით, ხან გულში, მისადმი მადლიერების გრძნობა მთელი ცხოვრება მექნება. უცნაური ადამიანი იყო, მკაცრი დისციპლინის მოყვარული. თუ გაბრაზდებოდა, საუბარს თქვენობით იწყებდა, ეს უკვე ნიშანი იყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანმა მასწავლა პროფესია, ურთიერთობები ამ პროფესიაში, მასწავლა წინ გახედვა, ფიქრი კოლეგაზე... აუდიტორიაში მხოლოდ პედაგოგისა და სტუდენტების მშრალი ურთიერთობა არ იყო. არ უყვარდა, როცა მისი სტუდენტები სხვა ბავშვებში გავითქვიფებოდით. მაშინ თეატრალურში ცოტა სტუდენტი სწავლობდა, ყველა ერთმანეთს ვიცნობდით. რეპეტიცია რომ მთავრდებოდა, იქ გიტარაც ჩნდებოდა, ცოტა მოწრუპვაც, როგორც ხდება ხოლმე ახალგაზრდებში. ეს თეატრალურისთვის დამახასიათებელი ხიბლიც იყო, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ გვქონდა. მაშინ ხუმრობდნენ, შალვა გაწერელია თავის სტუდენტებს აკვარიუმში ზრდისო. ალბათ ამითაც რაღაც უნარებს გვიყალიბებდა. ამას წლების მერე უფრო მივხვდი, მაშინ უბრალოდ მკაცრი მეგონა.

ერთ დღეს მეგობარმა მომაკითხა. ერთი სული მაქვს, დამთავრდეს რეპეტიცია და დაბლა ჩავიდე. შალვა გაწერელიამ გამომხედა და მკითხა, - თქვენ დაბლა გელოდებიან? ვერავინ ხვდებოდა, ასეთ ამბებს როგორ შიფრავდა. სულ გვეგონა, რომ თვალებსა და ტვინში რენტგენის აპარატი ჰქონდა ჩამონტაჟებული.
შალვა გაწერელიას სტუდენტი თუ ხარ, უნაკლო ხარ, ეს ფაქტი სავიზიტო ბარათად ითვლებოდა. დღემდე მსუბუქი ხუმრობით "მუმუშას სექტასაც" გვეძახიან. იმ სიყვარულს და ენერგიების გაცვლას, რაც მასთან ყოფნისას ხდებოდა, გარედან ადამიანები ვერ შეიგრძნობენ.
ინტელიგენტი იყო, მისი მსგავსი თანამედროვე ადამიანი დღესაც არავინ მეგულება. ჩაცმის გემოვნებიანი სტილი ჰქონდა, ბრენდებზე გიჟდებოდა. 90-იან წლებში სად იყო ბრენდები, ბევრიც არ ვიცოდით, ასე მარტივიც არ იყო შეძენა. ახალი ფეხსაცმელი რომ ეცვა, ისე შემოდიოდა, ყველა მის ფეხსაცმელს ვუყურებდით. სულ შთაბეჭდილებას ახდენდა.
საკმაოდ რთული ცხოვრება, ბევრი გაჭირვება ჰქონდა გამოვლილი, მშობლები გადასახლებაში ჰყავდა. სირთულეებმა არ გააბოროტა, პირიქით, ძლიერ პიროვნებად აქცია. შემოდიოდა აუდიტორიაში, ეკეთა პიერ კარდენის შარფი და გვიამბობდა, იმდენად უჭირდა ბავშვობაში, ლაბადაც კი არ ჰქონდა, რომ ჩაეცვა და გამთბარიყო, ფიზიკურად მუშაობდა, ყუთები გადაჰქონდა... შოკში გვაგდებდა ხოლმე.
ჩვენამდე და ჩვენ შემდეგაც ხომ ჰყავდა სტუდენტები და ჩვენ შეიძლება ერთმანეთს არც ვიცნობდეთ, მაგრამ რომ ვიცი, მუმუშას ყოფილი სტუდენტია, სხვა განცდა მაქვს. ერთმანეთს სხვაგვარად ვგრძნობთ, მგონია, რომ ეს ამოუხსნელი ფენომენია.
ერთი პერიოდი ამომიჩემა, იმ დროს ეს ძალიან არ მომწონდა. რეპეტიციაზე მოდიოდა და მეუბნებოდა, მე თქვენ გაგაგდებთ! ამის გამო ვტიროდი. ცოტა ხნის მერე დამიძახებდა, ვფიქრობდი, ახლა დამიყვავებს-მეთქი, მაგრამ უარესს მიკეთებდა. შეიძლება ვიღაცამ ეს სტუდენტის ბულინგად ან უფლებების შელახვად ჩათვალოს, მაგრამ ასე არ იყო. მან ჩემი გულჩვილობა დაამუღამა და იმდენს მიაღწია, რომ მერე აღარაფერზე მეტირებოდა. მიხვდით, რა გააკეთა? მან გააქრო იმის შანსი, რომ მერე ვინმეს ავეტირებინე.
ხანდახან იცით როგორი დაუნდობელად (პროფესიული კუთხით) იქცეოდა? მაგრამ იმ წუთშივე ხვდებოდი, რომ მართალი იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ ის სტუდენტებს ჯგუფიდან ძალიან მარტივად აგდებდა, მაგრამ ის პიროვნებები მერე ცხოვრებაში უფრო წარმატებულები ხდებოდნენ. თუ შეატყობდა, ამ პროფესიისთვის არ იყო დაბადებული, დროს არ აკარგვინებდა. პატარა როცა ხარ, ამას ვერ ხვდები და ფიქრობ, რომ ის დაუნდობელია, სინამდვილეში კარგს აკეთებდა.
ისეთი იუმორი ჰქონდა და ისეთი "მაწაკობა" უყვარდა, ვერ წარმოიდგენთ. შეიძლება ერთად ლუდიც კი მოგვეწრუპა, მაგრამ არასდროს გვავიწყდებოდა, ის ვინ იყო და ჩვენ ვინ ვიყავით.
ერთხელ ჩემს ჯგუფელს უთხრა, მე თქვენ გაგაგდებთ! ეს სამი სიტყვა ყოველთვის მეხის გავარდნასავით იყო. მერე ჩვენ ვთავხედობდით, დავეწყობოდით და მასთან სახლში ავდიოდით, ვუკაკუნებდით. კარს გვიღებდა, შემოდით, შემოდითო, გვეტყოდა და იქვე ვრიგდებოდით. მაშინ მგონი ცოტათი გვეღადავებოდა კიდეც, თან მთავარ ამბავს გვასწავლიდა, ერთმანეთს მხარში როგორ უნდა ამოვდგომოდით.
მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ის არის, რას გიტოვებს შენ პედაგოგი, არამედ ისიც - შენ რისი დატოვების უნარი გაქვს. 45 წლის ვარ, ეკრანზე, თეატრში აქტიურად ვარ და ყოველი სპექტაკლის შემდეგ, სულ ვფიქრობ, ნეტავ შალვა რას მეტყოდა? ეს ფიქრი მის ყველა სტუდენტს აქვს, გამონაკლისი არც მე ვარ. წლები გავიდა, მაგრამ ის დარბაზში "ზის" ჩემს ყველა სპექტაკლზე.
შექებაც თავისებურად იცოდა. ისე გაგიცინებდა, რომ მიხვდებოდი, იმ ჟესტით რას გეუბებოდა. თუ არ მოეწონებოდი, შეიძლება მაშინაც შეექე, მაგრამ თან გახვედრებდა, რატომ გაქებდა. ხომ იცით, როგორ ხდება ხოლმე, სტუდენტი კი ხარ, მაგრამ შექებისას თავი ვერიკო და სესილია გგონია. ბატონი შალვა შექებიდან 2 წუთში ვითომ ჩვენს სახელს ვერ იხსენებდა, გვეკითხებოდა, თქვენ რა გქვიათ? და ეგრევე ძირს გვახეთქებდა.
ერთხელ აუდიტორიაში შემოსვლისთანავე იკითხა, - აბა, ჩემი სოფი ლორენი ვინ არის? სწრაფად წამოვხტი, მე ვარ-მეთქი. წადი, ჩაი მომიტანეო (იცინის). ამას ისეთი დახვეწილი იუმორით აკეთებდა, ამ საქმეშიც ისეთი გემოვნებიანი იყო, თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობდი, ეს რატომ მაკადრაო. დღევანდელ სტუდენტებს შეიძლება გაუკვირდეთ, რას ამბობსო. ჩვენ დროს აუდიტორიებში ნავთის "კერასინკა" გვქონდა, ჩაის ვადუღებდით და ისე ვთბებოდით, სხვა ცხოვრება იყო.
მასთან შინ რომ მივდიოდით, იქ ჩვენი ბაბუა იყო, არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავდა. უცებ დატრიალდებოდა, ცდილობდა გაგვმასპინძლებოდა, იქ სხვა შალვა გაწერელია გვხვდებოდა, მაგრამ ჩვენ შორის მოწიწება არასდროს არ იკარგებოდა. მწარე სიმართლეს ისე გეტყოდა, კი არ გაბრაზდებოდი, დაფიქრდებოდი.
"შუა ქალაქში" მისი ბევრი სტუდენტი ვთამაშობდით (მე, გოგა ბარბაქაძე, მაია დობორჯგინიძე, თიკო კორძაძე, ნიკა ქაცარიძე, კახა მიქიაშვილი). გვეუბნებოდა, - გიყურებთ, კარგია, კარგია.
სტუდენტობის დროს ხომ მეტი ქარაფშუტობაა, წლები რაც გადის, მისი თითოეული სიტყვა მარგალიტებივით მაქვს შეგროვებული.
აუდიტორიაში რომ შემოვიდოდა, პირველივე თავის დაკვრით ვხვდებოდით, როგორ ხასიათზე იყო. ცუდ ხასიათზე თუ იყო, მართლა ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით. ანცობის ხასიათზე თუ იყო, ჩვენც გვიხაროდა. ოთხშაბათობით შედარებით მალე ვამთავრებდით მსახიობის ოსტატობას, ამ დღეს მისი ბავშვობის მეგობარი გიზო ჟორდანია კარზე უკაკუნებდა, მერე შემოაღებდა და ეტყოდა, - მუმუ, წავედით! ასე მიდიოდნენ ხოლმე ბიჭები სადღაც დასალევად. ამ დღეს დილიდანვე აცქმუტებულ ხასიათზე იყო.
მუმუშას რატომ ეძახდნენ, ამაზე ბევრი ვერსიაა. მე ვიცი, რომ სიტყვასთან "მუშა" კავშირშია, შრომისმოყვარე ბუნებიდან გამომიდინარე.
მან დიდი თაობის მართლა საოცარი არტისტები აჩუქა ქართულ თეატრს და კინოს. ის თუ მიგიღებდა, მიგიღებდა ბოლომდე, სტუდენტებს მხოლოდ თეატრალური მონაცემების მიხედვით არ არჩევდა. რაღაც უნდა დაენახა შენში, შენი ენერგიით მის სამყაროში უნდა აღმოჩენილიყავი. მასზე რამდენიც არ უნდა ვისაუბრო, ყველა სიტყვა იმაზე ნაკლები მგონია, რასაც ვგრძნობ.
თამუნა კვინიკაძე