„სიყვარული პირველად 54 წლის ასაკში მეწვია“
"ძველი რუსთაველის თეატრი მენატრება, განა ახალი ცუდია, მაგრამ ისეთი ყოველდღიურობა აღარ არის, ურთიერთობები მენატრება. ამ თეატრში 40 წლის წინ მოვედი", - ამბობს რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი ლევან ბერიკაშვილი (ბერდო). რა არის მისი ყველაზე დიდი სიხარული და ტკივილი, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე და რა აკვირვებს ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- 1965 წლის 19 ნოემბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- მუსიკოსი, დირიჟორობა მიზიდავდა, მაგრამ შემდეგ ეკრანზე ვნახე "უჩინმაჩინის ქუდში" დათო პაპუაშვილი DADდა მისმა თამაშმა გამაგიჟა. სოხუმში დავიბადე და გავიზარდე, თეატრი უცხო არასდროს იყო, მაგრამ მსახიობობას არ ვფიქრობდი. რომ იტყვიან "კარენოი" სოხუმელი ვარ. ბოლო წლებში, თბილისში ვმუშაობდი, მაგრამ მშობლები იქ ცხოვრობდნენ.
- სოხუმი...
- ჩემი ყველაზე დიდი სიხარული და ყველაზე დიდი ტკივილია. იმ შენობაში, სადაც ვცხოვრობდი, ახლა კერძო სასტუმროა. სოხუმის ყოფილი გუბერნატორის სახლი იყო, იმ ბინაში ხელოვანი ხალხი ცხოვრობდა, ვითარება რომ აირია, როგორც ჩანს, ბინები გაყიდეს, ვიღაც დაინტერესდა და სასტუმროდ გადააკეთა.
- ჩემზე ამბობენ...
- რომ ვთქვა, უხერხული არ იქნება? სულ კარგს ამბობენ. უმეტეს შემთხვევაში ხაზგასმას კომუნიკაბელურ ხასიათზე აკეთებენ. მართლაც ასეთი ვარ. მიყვარს მეგობრებთან ერთად გართობა, ქეიფი, კარგად ვერ ვმღერი, მაგრამ პოეზიაზე ვგიჟდები... ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ბოჰემური ცხოვრების კაცი ვარ.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- აუცილებლად სოხუმში დავიბადებოდი და გავიზრდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი არანაკლებად მიყვარს. უფალმა ერთ ქალაქს კი დამაშორა, მაგრამ თბილისის სახით ბედნიერება მაჩუქა. თბილისს ჩემთვის ზუსტად ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორიც სოხუმს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ქართველი ვარ.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ჩემი ოჯახი.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ვნახო ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები, მათ გარემოცვაში ვიყო.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- სხვისი სიხარულით გულწრფელად გახარების უნარი მაქვს.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ფიცხი არ ვარ, მაგრამ შეიძლება უეცრად ისე გავბრაზდე, "გავაფრინო". ეს იშვიათად ხდება.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- სამწუხაროდ, ჯერ არ მისწავლია, შეცდომები დამიშვია, ალბათ, კიდევ დავუშვებ. იმ ადამიანების კატეგორიას განვეკუთვნები, საკუთარ შეცდომებზე რომ უნდათ ისწავლონ, მაგრამ არ გამოსდით.
- პატიება შემიძლია თუ...
- საქმე სამშობლოს ღალატს არ ეხება, დანარჩენს ყველაფერს ვაპატიებ.
- ვიბნევი...
- ბაზარში რომ შევდივარ, არ ვიცი, რა მინდა, თან ყველაფერი მინდა. ვეღარ ვიხსენებ, რა დამავალეს.
- ვნანობ...
- და ძალიან მტკივა ჩემი მშობლიური ქალაქის დატოვება რომ მომიხდა.
- სოხუმიდან წამოსვლა, რა გზით მოახერხეთ?
- მეგობრის ქორწილში ჩავედი, მეუღლესა და შვილთან ერთად ვიყავი, მალევე დაიწყო სომარი მოქმედებები, ხალხი უკვე ქალაქს ტოვებდა. ძალიან რთული იყო, ჩვენ სოხუმიდან ბათუმამდე კატერით წამოვედი. ჩემი შვილი მაშინ პატარა იყო.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ჩემს ახლობელთან, რომელიც ახლა საავადმყოფოშია...
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ერთსა და იმავეს რომ მელაპარაკებიან, ამაზე შეიძლება ჭკუიდან გადავდგე. უკვე რომ გაიგე და მაინც არ ამთავრებენ, იმეორებენ და იმეორებენ.
- მეზარება...
- ზარმაცი არა ვარ, მაგრამ ხანდახან რეპეტიციაზე წასვლა მეზარება. ზოგჯერ არ ხარ ხასიათზე, არა გაქვს განწყობა, ადგე და დილიდანვე საქმეს შეუდგე. მხატვარი, როცა უნდა, ფუნჯს მაშინ აიღებს, მე რეჟისორი რომ მეტყვის, მოდიო, ვალდებული ვარ, მივიდე.
- სიყვარული ეს...
- ერთი ლექსის სტროფით გეტყვით, ასე მგონია, ამაზე კარგად ჯერ არ თქმულა: "პატარა გოგომ სიზმარში, პატარა ბიჭი ნახაო".
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ეს არ იყო ბავშვობის წლებში, ან შეიძლება იყო და აღარც მახსოვს. მაშინ მეგობარ ბიჭებთან ვატარებდი დიდ დროს, ზღვაზე, მოედანზე და ა.შ. ახლა რომ ვარ ბედნიერი, ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. დღევანდელი განცდითა და ემოციით თუ ვიმსჯელებთ, სიყვარული პირველად 54 წლის ასაკში მეწვია. ჩემი მეუღლე ნათია ზეინკლიშვილია.

- მაკვირვებს...
- თანამედროვე ტექნოლოგიები. თბილისში რომ ხარ და ნიუ-იორკში ლაპარაკობ. შენი წერილი სამტრედიიდან ამერიკაში წამში რომ ხვდება, ეს მასულელებს. როგორ? გინდათ ბებერი დამარქვით, ასეთ ტექნოლოგიებზე ვშტერდები.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ყველაფერმა გემოვნებიანმა. ეს იქნება ლექსი, მუსიკა, სპექტაკლი, ფეხბურთი... მთავარია, არაგოიმური იყოს.
- თქვენთვის რა არის გოიმობა?
- უგემოვნობა. ყველაფერს რასაც გთავაზობენ, ხელი არ უნდა მოაწერო.
- ვრისკავ...
- ძალიან იშვიათად, ფრთხილი ადამიანი ვარ.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ზედმეტად ემოციური ვარ. განსაკუთრებით - ბოლო წლებში. ამ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მინახავს და გადამიტანია, მაგრამ ბოლო წლებში, ფილმს რომ ვუყურებ, ძალიან ემოციური კადრების ნახვა აღარ მინდა, სენტიმენტალური გავხდი. სპორტში ქართველი თუ ასპარეზობს, ან ჩვენი გუნდი თუ თამაშობს, მირჩევნია, შედეგი გავიგო, იმდენად განვიცდი, პროცესში ჩართვა მიჭირს. უკვე საკუთარ თავსაც ცოტათი ვუფრთხილდები.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ძალიან არ მიყვარს. ამ დროს ყველაზე მეტად ვიბნევი, მერიდება, მრცხვენია. როცა ჩემს ბიჭებთან ერთად ვარ, საკუთარ თავს თავად ვიქებ ხოლმე.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- იმდენს არ ვაშავებ, რომ ხშირად მისაყვედურონ.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- იმდენი რამ არ ვიცი... ვიცი მხოლოდ სცენაზე და ეკრანზე თამაში, სხვა არაფერი. ჩემებთან ერთად ძალიან გახსნილი ვარ. უცხო გარემოში ყოფნა დიდად არ მიყვარს.
- "ჩემიანს" მარტივად უწოდებთ?
- იმდენად კომუნიკაბელური ვარ, არა მგონია, ვინმეს გაუჭირდეს ჩემთან ურთიერთობა და ისიც არ გაიხსნას. მიმღებლობა მაქვს, მე ადამიანების მჯერა.
- ვიტყუები, როცა...
- მინდა თავი უხერხული სიტუაციიდან გამოვიყვანო, მაგალითად დაგვიანების დროს. საშინელი ტყუილები არასდროს მითქვამს, ცუდი ადამიანი ნამდვილად არა ვარ.
- თავისუფლება არის...
- მოვალეობა. ეს ურთულესი ასახსნელია. ადამიანი იმიტომ არის გენიალური ქმნილება, რომ უნდა იაზროვნოს და რაღაც შექმნას იმისთვის, რომ იყოს თავისუფალი.
ილია ჭავჭავაძემ თავისი პერსონაჟი ლუარსაბი ფერისცვალების დღეს მოკლა. ყველაფერმა ცუდმა ფერი აუცილებლად უნდა იცვალოს. თავისუფლება არის შრომა, საქციელი, პასუხისმგებლობა, უდიდესი ტვირთი. თავისუფლება შეზღუდვაცაა, საკუთარ თავს თავად რომ უნდა დაუწესო.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- პირველ რიგში სახლს ვიყიდდი. სოხუმის დატოვების შემდეგ, ამ მხრივ მაინცდამაინც დალხენილი მდგომარეობა არ მაქვს. ჩემს მეუღლეს მანქანას ვაჩუქებდი და დანარჩენს სულ კარგ საქმეებში დავხარჯავდი. ერთხელ თენგიზ არჩვაძის ინტერვიუს ვუსმენდი, მან თქვა, ღმერთს ვემსახურე, არა სატანასო და მომეწონა. ყველამ ასე უნდა ვიცხოვროთ!
- მენატრება...
- ძველი რუსთაველის თეატრი, განა ახალი ცუდია, მაგრამ ისეთი ყოველდღიურობა აღარ არის, ურთიერთობები მენატრება. ამ თეატრში 40 წლის წინ მოვედი, 15, 17, 25 წლით უფროს ადამიანებთან დავმეგობრდი, მათ გარემოში გავიზარდე... ეჰ! იმდენი მეგობარი მომიკვდა, ისეთი კარგები რომ... დღე და ღამე ერთად ვიყავით. გურამ საღარაძე, რამაზ ჩხიკვაძე, კარლო საკანდელიძე, ლერი გაფრინდაშვილი, მირიან შველიძე, თემურ ნინუა, დათო პაპუაშვილი, ვანო გოგიძე... ახლაც ცრემლად ვიღვრები.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნაზე საუკეთესო წამალი არ არსებობს. მყავს პატარა ცუგო, რომელსაც ძაღლს არ ვეძახი, ის საოცრებაა, მამშვიდებს. მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც სახლში ვერ შეიყვანდი. ახლა, ბოლო ქორწინების შემდეგ, ვარ ადამიანი, რომელსაც სახლიდან გარეთ გასვლა აღარ უნდა.
- თქვენ მაია ჯაბუაზე იყავით დაქორწინებული, საერთო შვილიც გყავთ, არა?
- დიახ. რომ გეუბნებოდით, სოხუმიდან კატერით წამოვედი-მეთქი, მაშინ მაიასთან და ჩვენს შვილთან ერთად ვიყავი.
- დაბოლოს გეტყვით...
- სიძნელეებს ნუ შეუშინდებით! ვეცადოთ ყველაფერში სილამაზე დავინახოთ, ქართველებო, ერთმანეთთან ყოფნა ყველაზე მეტად უნდა გვინდოდეს და გვიხაროდეს!
თამუნა კვინიკაძე