რა ხდება ქართულ ღამის კლუბებში?! - კვირის პალიტრა

რა ხდება ქართულ ღამის კლუბებში?!

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მოქმედი ღამის კლუბების მიმართ არაერთგაროვანი დამოკიდებულებაა. ახალგაზრდების დიდი ნაწილისთვის ეს დროის გატარების ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, საზოგადოების ნაწილის აზრით კი ღამის კლუბები ნარკოტიკების უკონტროლო გავრცელების წყაროა და სამართალდამცავი უწყებებისგან მეტ ყურადღებას საჭიროებს.

ქართული ღამის კლუბები არცთუ იშვიათად ხვდებიან კრიმინალურ ქრონიკებში. მაგალითად, გასულ კვირას ერთ-ერთ კლუბში ჩხუბის დროს დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. ასევე ზოგიერთ ღამის კლუბში უცხოელებს "ატყავებენ", რაც პოლიციის გამოძახებითა და დაკავებებით მთავრდება ხოლმე.

პირველ რიგში, საინტერესოა, თავად ახალგაზრდებს რა მოსწონთ და რა არა. ჩვენ რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ, ისინი ღამის კლუბების ხშირი სტუმრები არიან.

"ვურჩევ, დაცვის თანამშრომლებად უფრო ადეკვატური ხალხი აიყვანონ"

გიგი (19 წლის): - მე დავდიოდი თამარ მეფის გამზირზე, სადაც პოპულარული კოქტეილ-ბარი და ივენთ-სივრცეა - "ცეხი". იქ ხშირად იმართება თემატური წვეულებები, ელექტრონული მუსიკის ივენთები. ერთი შეხედვით, სასიამოვნო გარემოა, მაგრამ ხშირად ისეთი რაღაცები ხდება, რომ ჩაგაშხამებს ყველაფერს. უქმეებზე ბევრი ხალხი იკრიბება, წესრიგს ვერ იცავენ და კონფლიქტები არცთუ იშვიათია. იმის მაგივრად, სიტუაცია დააწყნარონ, დაცვის თანამშრომლები თავად იქცევიან ძალზე უხეშად. ვურჩევ ადეკვატური ხალხი აიყვანონ სამსახურში, რადგან მათ აშკარად არ იციან ადამიანებთან ურთიერთობა და ფიზიკურადაც ხშირად ეხებიან უდანაშაულო ახალგაზრდებს. დაცვა შემდეგ პოლიციასაც გამოიძახებს და უკვე სამართალდამცავები უხეშობენ და ძალადობენ ახალგაზრდებზე, რომლებიც თავის სიმართლეს ვეღარ ამტკიცებენ და შესაძლოა ერთი გართობის გამო ცხოვრებაში სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

გაუგებარია, რატომ იქცევიან ასე, რამ გაამწარათ?!

"მუსიკის მოყვარულ ხალხს ნარკოტიკების მომხმარებლების გამო გვიტყდება სახელი"

თათა (21 წლის): - ძალიან მიყვარს გემოვნებიანი მუსიკა, ამიტომ კლუბებში ხშირად დავდივარ. თითქმის ყველა კლუბში ვარ ნამყოფი. არის კლუბები, სადაც ახალგაზრდები ნარკოტიკული თრობის ქვეშ არიან. მყავს მეგობარი ბიჭები, რომლებიც იქ სწორედ იმიტომ დადიან, რომ ნარკოტიკი ეგულებათ. ერთმა მითხრა, როცა პირველად შემომთავაზეს, ფულიც კი არ მომთხოვეს, მერე და მერე შევეჩვიეო.

როცა ვამბობ, კლუბში დავდივარ-მეთქი, ყველას ჰგონია, მეც მომხმარებელი ვარ. არადა, მომწონს კარგი მუსიკა, როცა უცხოელი დიჯეი ჩამოჰყავთ, აუცილებლად მივდივარ, რომ მოვუსმინო, ვიცეკვო და გავერთო.

კლუბში მე და ჩემი მეგობრები დავდივართ. ისინი სახელმწიფო უწყებებში მუშაობენ და არც ერთი არ მოიხმარს აკრძა­ლულ ნივთიერებას, ჩვენ ფხიზლადაც კარგად ვერთობით. ყოფილა შემთხვევა, რუსების ბარებში ჩემთვისაც შემოუთავაზებიათ ნარკოტიკი, დაგპატიჟებო. ერთხელ ჩემს მეგობარ ბიჭს უთხრა ერთმა, მოდი, ძმურად, ხომ არ გინდაო, და ტაბლეტი დაანახა. უარი რომ უთხრა, დასცინეს. მერე მთელი "სასტავი" საპირფარეშოში შევიდა და იქიდან გაბრუებულები გამოვიდნენ.

ზოგი კლუბებში შესვლამდე ყიდულობს კლუბურ ნარკოტიკს. არის ცხვირში შესასხურებელიც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი საზოგადოება დადის იმ კლუბში და რა ასაკის. სადაც თინეი­ჯერები დადიან, იქ კიდევ სხვა სიტუაციაა. სადაც ბილეთის ფასი 100 ლარიდან იწყება, იმ ადგილებში სხვა სიტუაციაა.

შარდენზე ერთი ბიჭი იყო, დაახლოებით 25 წლის, ლუდს სვამდა, გველაპარაკებოდა და უცებ ამოიღო პაკეტი და გვითხრა, არ გინდათ, დაგპატიჟებთო. მერე გვიყვებოდა, როგორ შემოდის საქართველოში რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ფხვნილი და როგორ ყრიან გამჭვირვალე მილებში, თითქოს სანათია - ასე არ აღიქვამს დეტექტორიო.

- კლუბებში კონფლიქტებს ხშირად აწყდებით?

- იყო შემთხვევა, ბიჭებთან ერთად ვიყავი, ფეხს მაბიჯებდა ერთი ტიპი, შარზე იყო აშკარად, ჩვენ გავერიდეთ, მაგრამ სხვებ­თან მივიდა, მერე გოგოს უთხრა რაღაცა და ამაზე ჩხუბი ატყდა, ერთმანეთს თავ-პირი დაალეწეს. ისეთი დასისხლიანებული იყვნენ, რომ პოლიცია გამოიძახეს. კლუბს ვერ დავასახელებ, მაგრამ ცნობილი ადგილია, წესით, იქ ეგეთი ამბავი არ უნდა მომხდარიყო. ცნობილ პრესტიჟულ კლუბებში მაქსიმალურად კონტროლდება სიტუაცია. გარედანაც რომ შეხედავ, მიხვდები, რა ხალხია.

ბათუმში უფრო რთული სიტუაციაა, ვიდრე თბილისში, რადგან ბათუმში ბევრი ხალხი ირევა და უფრო სხვა ტიპის კლუბებია. ყოველდღიურად ივენთზე დიდი რაოდენობით სასმელი იყიდება. ბილეთებიც 100 ლარიდან იწყება და ზევით მიდის. მაგალითად, 50-გრამიანი კოქტეილის ფასი 40 ლარიდან იწყება და ზევით-ზევით მიდის. ერთი არ გყოფნის, ორი-სამი მაინც გინდა, რომ "მოიხოდო". მუსიკის მოყვარულ ხალხს ნარკოტიკების მომხმარებლების გამო გვიტყდება სახელი. ჰგონიათ, კლუბში ყველა ნარკოტიკისთვის მიდის. უფრო თინეიჯერებსა და ცოტა მსუბუქი ფსიქიკის ხალხზე მოქმედებენ, ითრევენ, განსაკუთრებით რაიონიდან ჩამოსულებს.