უნიკალური აღმოჩენა ლეჩხუმში - "ამ ხალხს ეკონომიკა მაღალ დონეზე ჰქონდა განვითარებული, იმდენად, რომ უკვე გამოყენებულ ლითონის წიდებსაც თავიდან ამუშავებდნენ"
ლეჩხუმში, პატარა სოფელ დოღურაშში, მეცნიერებმა 3000 წლის წინანდელი მეტალურგიული საწარმო აღმოაჩინეს. ვიდრე სპილენძის ნედლეულის მოპოვებიდან მის გადნობამდე და ბოლოს ზოდების ჩამოსხმამდე ძველ ლეჩხუმელებს სამუშაო პროცესი ზუსტად ჰქონდათ გათვლილი.
ვისთვის და რატომ სჭირდებოდათ მასშტაბური სახელოსნოები, სწორედ ამაზე ვისაუბრებთ არქეოლოგიის დოქტორთან, ქალბატონ ნანა რეზესიძესთან. ის თავადაც ძალიან გახარებულია, რომ კოლხების უძველესი მეტალურგიული ოსტატობა კიდევ ერთხელ დადასტურდა, თანაც ოქსფორდის უნივერსიტეტში. სწორედ აქ შეისწავლეს მთიელი კოლხების ნადნობი სპილენძი და დარწმუნდნენ, რომ მას კოლხები ქრისტეს დაბადებამდე 13 საუკუნით ადრე ადნობდნენ (და კიდევ უფრო ადრეც) და ვინ იცის, მაშინდელ ჭრელ კაცობრიობას რა რაოდენობის მადნეულს სთავაზობდნენ - ამის დადგენას ისევ ხანგრძლივი კვლევები სჭირდება. რაც უტყუარად ვიცით, ის არის, რომ 3000 წლის წინანდელი ლეჩხუმელები უზომოდ ბევრ სპილენძს ადნობდნენ, რაც, ცხადია, მხოლოდ საკუთარი მოსახლეობისთვის არ სჭირდებოდათ.
- მაშინ, როდესაც კაცობრიობაში სწორედ ლითონის ეკონომიკა იყო უდიდესი პროგრესი, მთის კოლხები ამ ეკონომიკის შესანიშნავი ოსტატები ხდებიან.
ლეჩხუმში ლითონწარმოებაზე კვლევები მხოლოდ ახლა და ამ აღმოჩენით არ დაწყებულა. ამ აღმოჩენისთვის ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში მუშაობდა და მუშაობს ქალბატონი ნინო სულავას ხელმძღვანელობით. წელს მივედით იმ ნაწილამდე, როდესაც სპილენძსადნობი საწარმო საკმაოდ დიდ ფართობზე გამოჩნდა; საწარმო, რომელიც გვეუბნება, რომ ლითონწარმოების ყველა პროცესი აქ თავიდან ბოლომდე მიმდინარეობდა, დაწყებული ნედლეულის მოპოვებით, გაგრძელებული ამ ნედლეულის საწარმოში გადაზიდვით, დნობით და ბოლოს სპილენძის ზოდების ჩამოსხმით. უფრო მეტიც, კულტურულ ფენებში უკვე ჩანს, რომ საწარმო, კიდევ უფრო დიდი იყო და მომდევნო წლებში ამ ფართობის შესწავლაც მოგვიხდება.
- ამხელა მრეწველობა, ბუნებრივია, მოითხოვდა პარალელური დარგების განვითარებას. მათ შორის კერამიკის წარმოების, რადგანაც სპილენძის სადნობი ღუმელი კერამიკისგან მზადდებოდა. უკვე მოპოვებულ ექსპონატებშიც ჩანს, ამისთვის რამდენად სქელი და მასიური კერამიკა სჭირდებოდათ. ამ კერამიკასაც ხომ უნდოდა დამზადება!
- დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, ამ ხალხს ეკონომიკა საკმაოდ მაღალ დონეზე ჰქონდა განვითარებული, იმდენად, რომ უკვე გამოყენებულ ლითონის წიდებსაც თავიდან იყენებდნენ და ამუშავებდნენ. ამის დამადასტურებელი მასალა ჩვენს არტეფაქტებში არაერთია, თანაც არა მხოლოდ სადნობ ღუმელებთან იდგნენ. მთიან კოლხეთში, ლეჩხუმში ყველაფერი ადასტურებს ამ პერიოდის ეკონომიკის ძალიან მაღალ დონეს, გაცვლის ოსტატობას, რომ სპილენძის ზოდებს სხვადასხვა აუცილებელ საჭიროებაზე ცვლიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამჟამინდელ ლეჩხუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიას იმდენი სპილენძის ზოდი არ დასჭირდებოდა, რომ ეს საწარმო ამხელა ფართობზე გაეშალათ. ის ოთხი საუკუნის განმავლობაში მუდმივად მუშაობდა. ზოდები სხვა ტერიტორიებზე გაჰქონდათ და ცვლიდნენ, საკუთარ განვითარებას ახმარდნენ.
სჭირდებოდა თუ არა მაშინდელ კაცობრიობას ამდენი სპილენძი? სჭირდებოდა, იმიტომ, რომ იმჟამინდელი კაცობრიობის კულტურა გვიანი ბრინჯაოს კულტურა იყო, როდესაც ხელოვნების ნივთებიც კი ბრინჯაოსა და სპილენძის მინარევით მზადდებოდა, სამკაულებით დაწყებული, ულამაზესი თასების ჩათვლით. შესაბამისად, მთის კოლხებიც განუწყვეტლივ ამზადებდნენ სპილენძის შენადნობს.
ამჯერად ნამდვილად ვერ გეტყვით, გარდა მიმდებარე ტერიტორიებისა, გაჰქონდათ თუ არა სხვაგან ლეჩხუმელებს თავიანთი სპილენძი, ამას იზოტოპური კვლევები სჭირდება, მაგრამ ფაქტია, მხოლოდ თავისთვის არ იტოვებდნენ.
- რით გაჰქონდათ ამდენი სპილენძი?
- სავარაუდოდ, ურემი იყო იმ დროის მთავარი ტრანსპორტი.
- ლეჩხუმში ეს საწარმო არა სოფელში, დასახლებულ ადგილას, არამედ ტყეშია. იქნებ ამ ტყეში საწარმოსთან ერთად სოფელიც იყო და საწარმოს გაუქმების შემდეგ ადგილი გაუდაბურდა და ტყედ იქცა, თუ საწარმო თავიდანვე ტყეში უნდა ყოფილიყო?
- საწარმო სოფლიდან 5 კილომეტრშია და მეორე ობიექტია, რომელსაც ამ სოფლის მახლობლად ვიკვლევთ. საწარმო თავიდანვე ტყეში უნდა ყოფილიყო, რადგან სადნობი საწარმოს მუშაობას სჭირდება საწვავი, ხე, ტყე კი ამ ადგილებში იყო და ახლაც ტყეა. ეს ყველაფერი, და საერთოდ კლიმატი, აქამდეც შესწავლილი გვქონდა. ჩვენ იმჟამინდელ ტემპერატურაზეც გვაქვს მონაცემები: როდესაც ეს საწარმო უწყვეტად მუშაობდა, ქრისტეს დაბადებამდე მე-13 საუკუნიდან, ვიდრე მე-9 საუკუნემდე, მაშინ ლეჩხუმში ოდნავ თბილი კლიმატი იყო, ვიდრე ახლაა.
- და, ალბათ, ჯან-ღონით სავსენიც იყვნენ. ამას ვამბობ მათი საქმიანობიდან გამომდინარე, რომელიც ფიზიკურ ძალას საჭიროებს.
- რა თქმა უნდა, ფიზიკური ძალის პატრონები უნდა ყოფილიყვნენ, რადგან თუნდაც მთის ქანებში ნედლეულის მოპოვებაზე მართლაც დიდი შრომა იხარჯება და დიდ ფიზიკურ ძალას მოითხოვს.
იმედია, ლეჩხუმში მუშაობა გაგრძელდება და ვიმედოვნებ კვლავაც ფასეული აღმოჩენებით.