როცა გადაწყვიტე ბიოლოგიური დის მოძებნა... - კვირის პალიტრა

როცა გადაწყვიტე ბიოლოგიური დის მოძებნა...

თქვენს შეკითხვებს უპასუხებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი ნუგბარა როსტიაშვილი.

გამარჯობა, ლომბარდში მაქვს ოქრო, ორი თვეა ვერ ვიხდი პროცენტს, რამდენ ხანში შეუძლიათ გაყიდონ ჩემი ნივთები? ასევე მაქვს თუ არა უფლება დალომბარდებული ნივთები გავყიდო და ისე გავისტუმრო თანხა. მინდა ცოტა მაინც დამრჩეს. რას მირჩევთ?

- ზუსტი ვადა, თუ როდის შეუძლია ლომბარდს გაყიდოს დაგირავებული ოქრო, პირველ რიგში დამოკიდებულია თქვენსა და ლომბარდს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებზე. თუ ორი თვეა პროცენტი არ გადაგიხდიათ, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ნივთი უკვე გაყიდულია, თუმცა ბევრ ლომბარდში ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ ვადის გასვლისა და გარკვეული დამატებითი პერიოდის შემდეგ ლომბარდი უფლებამოსილია რეალიზაცია გაუკეთოს დაგირავებულ ნივთს თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, სანამ ნივთი ლომბარდშია დაგირავებული, თქვენ, როგორც წესი, ვერ გაყიდით მას მესამე პირზე ისე, რომ ჯერ არ დაფაროთ ლომბარდის წინაშე არსებული ვალდებულება, რადგან ნივთი დაგირავებულია და ლომბარდს აქვს მასზე უზრუნველყოფის უფლება.

გარდაიცვალა ბაბუა, მის სახელზეა სოფლის სახლი და მანქანა, მყავს მამიდები, რომლებიც არიან პირველი რიგის მემკვიდრეები, 2 წლის ვიყავი, მამაჩემი რომ გარდაიცვალა, მე და ჩემი და ვართ ასევე მემკვიდრეები, მამიდები თანახმა არიან, რომ ჩვენს სახელზე გავაფორმოთ ეს სახლი, გვაქვს ბაბუას გარდაცვალების ცნობა, შემიძლია თუ არა ნოტარიუსთან განაცხადი შევიტანო თბილისში? სახლი არის რაიონში, ასევე მაინტერესებს, რა პროცედურების გავლა მომიწევს და რა თანხები დაგვიჯდება ამ ქონების გაფორმება.

- დიახ, შეგიძლიათ. მემკვიდრეობის საქმის წარმოება შესაძლებელია საქართველოში ნებისმიერ ნოტარიუსთან, მიუხედავად ქონების ადგილმდებარეობისა. თქვენ და თქვენმა დამ მამიდებთან ერთად უნდა მიმართოთ ნოტარიუსს სამკვიდროს გახსნის მოთხოვნით. მამიდებს აქვთ უფლება მათი კუთვნილი წილები დათმონ თქვენს სასარგებლოდ ნოტარიუსთან. ხარჯები დამოკიდებულია ქონების საბაზრო ღირებულებაზე (საჯარო რეესტრის მონაცემებით) და სანოტარო მომსახურების ტარიფებზე, რაც ინდივიდუალურად უნდა დააზუსტოთ ნოტარიუსთან.

ბინიდან ვერ ვასახლებ მდგმურს, მაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და აღსრულება აჭიანურებს, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გამოსახლებას რამდენი დრო სჭირდება?

- კანონი არ ადგენს კონკრეტულ ვადას თუ რამდენ ხანში უნდა მოხდეს გამოსახლება. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია, მიმართოს მოვალეს ნებაყოფლობითი შესრულებისთვის (ჩვეულებრივ, 7-10 დღე). თუ ის არ დაემორჩილება, ხორციელდება იძულებითი გამოსახლება. პროცესის გაჭიანურება შესაძლებელია საპროცესო ბერკეტებით. თუ აღმასრულებელი უმოქმედოა, თქვენ უფლება გაქვთ, მიმართოთ საჩივრით აღსრულების ბიუროს უფროსს.

სახელმწიფო აუქციონზე შევიძინე ბინა თბილისში. ბინაში დამხვდნენ მდგმურები და არ გადიან, მეპატრონე არის საზღვარგარეთ, რა შეიძლება ასეთ დროს გავაკეთო, ვიცი, რომ სასამართლოში საჩივრის შეტანა გახდება საჭირო, მაგრამ იქნებ უფრო მოკლე გზა არსებობს?

- აუქციონზე შეძენილ ქონებასთან დაკავშირებით მსგავსი პრობლემები ხშირია. საკუთრების უფლება უკვე რეგისტრირებულია თქვენს სახელზე, ბინაში მცხოვრები პირები კი ვალდებულნი არიან, გაათავისუფლონ საცხოვრებელი, თუმცა, თქვენ არ გაქვთ უფლება თვითნებურად გამოასახლოთ ისინი, გამოცვალოთ საკეტები ან სხვა გზით აიძულოთ დატოვონ ბინა, რადგან ამან შესაძლოა თავად თქვენთვის წარმოშვას სამართლებრივი პრობლემები. რეალური გამოსავალი არის სასამართლოსთვის მიმართვა ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადმოცემის მოთხოვნით.

მაინტერესებს როგორ შემიძლია დავიბრუნო ჩემი ნივთები, რომელსაც ყოფილი ქმრის სახლიდან არ მაძლევენ. მე და ჩემი შვილები ორი წელია წამოსულები ვართ და მინდა ჩემი წვალებით ნაყიდი ქონების წამოღება.

- თუ ნივთები არის თქვენი პირადი საკუთრება, თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ მათი გამოთხოვა. საჭირო იქნება სასამართლოში სარჩელის შეტანა საკუთრების უფლების დასადასტურებლად და ნივთების დაბრუნების მოთხოვნით.

- დედამ წლების წინ იმშობიარა და გააჩინა შვილი, მამაჩემის ოჯახმა არ მიიღო და საბოლოოდ დაშორდნენ. დედა არც თავისმა მშობლებმა მიიღეს, ერთი თვე ცხოვრობდა ახლობელთან და საბოლოოდ იძულებული გახდა, ბავშვი სამშობიაროში დაეტოვებინა, რომელიც შემდეგ ოფიციალურად გაშვილდა. დედა ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ სულ ამ ამბავზე დარდობდა, ყველა დეტალი მისი რთული ცხოვრების შესახებ მან მიამბო. მისი სურვილი იყო, როგორმე მომეძებნა ჩემი ბიოლოგიური და. ვიცი, მისი სახელი და გვარი. მივმართე იუსტიციის სახლს, დამიდასტურეს, რომ დედაჩემის მშობიარობა ფიქსირდება და ამ სახელითა და გვარით ფიქსირდება გოგონა, რადგან დედა გარდაცვლილია, სხვა ინფორმაციას არავინ მაწვდის. მეუბნებიან, რომ აწერია დოკუმენტებს კონფიდენციალური, მხოლოდ ის დამიდასტურეს, რომ ჩემი და ცოცხალია და ცხოვრობს საქართველოში, სავარაუდოდ მშვილებლებთან. სასამართლოში რომ შევიტანო საჩივარი და ავიყვანო ადვოკატი, შევძლებ თუ არა, რომ გავარკვიო დეტალები. იქნებ განმიმარტოთ, ამ სიტუაციაში რა შეიძლება გავაკეთო? როგორ უნდა გავარკვიო მისი ვინაობა. რა უფლებები მაქვს?

- გაშვილების საიდუმლო კანონით არის დაცული. იუსტიციის სახლის უარი კანონიერია, რადგან მშვილებლებს აქვთ კონფიდენციალურობის უფლება. თუმცა, თქვენ გაქვთ უფლება, სასამართლოში შეიტანოთ სარჩელი `ინფორმაციის გაცნობის მოთხოვნით~. სასამართლოს შეუძლია, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და გარემოებების გათვალისწინებით, მოითხოვოს საქმის მასალები და გადაწყვიტოს, შესაძლებელია თუ არა თქვენთვის ამ ინფორმაციის გამჟღავნება, თუმცა ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია.