ჩემი გული ყოველთვის ქართულ ცეკვასა და მუსიკას ეკუთვნის...
"მათან რევივო დღეს ისრაელში ერთადერთი ადამიანია, ვინც ჭიბონზე უკრავს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში დაიბადა და ქართულად არ ლაპარაკობს. ამ ინსტრუმენტის უკეთ შესასწავლად აჭარაში, სოფელ დანდალოში ჩავიდა და ოსტატ თემურ არძანაძესთან ისწავლა, მე კი დისტანციურად ვსწავლობ ორ შესანიშნავ მუსიკოსთან, ლევან უჩანეიშვილთან გარმონზე დაკვრას, ხოლო ლევან ოძელაშვილთან - დუდუკს. ანსამბლს, რომელსაც მე და ჩემი ძმა ვხელმძღვანელობთ, "ებრაონი" ჰქვია, რაც ნიშნავს "ონის ებრაელებს". ეს სახელი იმიტომ შევარჩიეთ, რომ გვინდოდა ჩვენი ფესვების, ისტორიისა და ქართველი ებრაელების მემკვიდრეობის პატივისცემა გამოგვეხატა", - ამბობს იარინ რევივო.

- დავიბადე და გავიზარდე ქალაქ აშდოდში. ჩემი მშობლებიც ისრაელში არიან დაბადებული. დედაჩემი, ლიმორ ხახიაშვილი, ქართველი ებრაელია, მისი ფესვები რაჭიდან, ონიდან და ასევე კულაშიდან მოდის, ხოლო მამაჩემი, მეირ რევივო, მაროკოელი ებრაელია. ქართველმა ბებიამ გამზარდა, ამიტომ ბავშვობიდანვე ქართულ ენასთან, ქართულ სამზარეულოსა და ქართულ მუსიკასთან მქონდა ახლო კავშირი. ბებია და ბაბუა ხშირად მიყვებოდნენ, როგორი ბედნიერები იყვნენ იქ და როგორ ენატრებოდათ სამშობლო. ჩემი სიყვარულის ისტორია საქართველოსთან იმ დღეს დაიწყო, როცა აშდოდში ქართული ცეკვის ანსამბლს შევუერთდი. ჩემი მასწავლებელი იყო თამაზ ციციაშვილი, ქართველი ებრაელი და ლეგენდარული სუხიშვილების ანსამბლის ყოფილი მოცეკვავე. ანსამბლში მისვლის დღიდან ქართული ცეკვა და კულტურა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
საქართველო პირველად 14 წლის ასაკში ვნახე. იმხანად ისრაელში ომი იყო. სწორედ მაშინ აშდოდის მუნიციპალიტეტმა, სადაც ძალიან დიდი ქართველი ებრაელების საზოგადოებაა, ქართველი ებრაელი ბავშვებისთვის საქართველოში გამგზავრება მოაწყო. იმ დროისთვის უკვე უზომოდ შეყვარებული ვიყავი საქართველოზე ქართული ცეკვის წყალობით. რადგან ქართული ენა ჯერ არ ვიცოდი, ბებია ძალიან მეხმარებოდა ქართველ მოცეკვავეებთან ურთიერთობაში, მათთვის წერილების მიწერასა და ახალი მეგობრების გაცნობაში. როცა ამ დელეგაციასთან ერთად საქართველოში ჩავედი, პირადად შევხვდი რამდენიმე მეგობარს, რომლებსაც მანამდე მხოლოდ სოციალური ქსელებით ვიცნობდი. სწორედ იმ მოგზაურობის დროს ვიყიდე ჩემი პირველი ფანდური. მას შემდეგ თითქმის ყოველ ჯერზე, როცა საქართველოში ჩავდიოდი, უკან ახალი ქართული მუსიკალური ინსტრუმენტით ვბრუნდებოდი. რადგან ისრაელში ამ ინსტრუმენტების მასწავლებლები არ არიან, ამიტომ დაკვრას დამოუკიდებლად ვსწავლობდი.
საქართველოს ყველა კუთხე თავისებურად ლამაზია, მაგრამ ყველაზე მეტად რაჭა დამამახსოვრდა. მე და ჩემი მეუღლე - თაირ ცური ძალიან პატარა ასაკიდან ერთად ვართ. მის ოჯახსაც, ისევე როგორც ჩემსას, ძლიერი კავშირი აქვს საქართველოსთან. განსაკუთრებით მახსოვს მოგზაურობა ონში ჩემი მეუღლის მამასთან, შაისთან ერთად. მან მაჩვენა თავისი ბავშვობის ქალაქი და მიამბო უამრავი რამ იმ წლებზე, როცა იქ ცხოვრობდა. ერთად ვესტუმრეთ ონის ცნობილ სინაგოგას. სწორედ იქ ყველაზე ძლიერად ვიგრძენი, რამდენად განსაკუთრებულია ქართველებისა და ებრაელების მეგობრობა.
- როგორ დააარსეთ ძმებმა ანსამბლი?
- ანსამბლი "ებრაონი" ჩემი და ჩემი ძმის, მათან რევივოს, ბავშვობის ოცნების ასრულებაა. ჩვენ ყოველთვის ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, ერთად ვცეკვავდით, ერთად ვუკრავდით და ყოველთვის უზომოდ გვიყვარდა საქართველო. ჩვენ გვჯერა, რომ თუ გინდა კულტურას პატივი სცე, უნდა ისწავლო საუკეთესოებისგან. ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ ყველაზე მაღალი ქართული სტანდარტი შევინარჩუნოთ როგორც ცეკვაში, ისე მუსიკაში და ეს ცოდნა ჩვენს მოსწავლეებს გადავცეთ. ანსამბლის შექმნის იდეა მათანს ეკუთვნის. როდესაც ის რეალობად იქცა, დიდი სიხარულით შევუერთდი. პარალელურად ტექნოლოგიურ კომპანიაში პროგრამისტად ვმუშაობ, მაგრამ ჩემი გული ყოველთვის ქართულ ცეკვასა და მუსიკას ეკუთვნის... ჩვენთვის უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც ბავშვები პირველად ისმენენ ფანდურის, დოლისა და სხვა ქართული ინსტრუმენტების ხმას და თანდათან ქართული ცეკვის, მუსიკისა და სიმღერის სიყვარულით ივსებიან. ძალიან გვინდა შევქმნათ სრული სასცენო საკონცერტო პროგრამა და საქართველოში წარმოვადგინოთ, რათა საქართველომ ნახოს, როგორ ვზრდით ბავშვებს. მათ ქართული არ იციან, მაგრამ ქართული კულტურა არის ის, რაც ვიდეოთამაშებს ურჩევნიათ.