“ის, რაც კიევში მყოფმა მუქთახორამ ჩაიდინა, უპასუხოდ არ შეიძლება დარჩეს...“ - როგორ გამოეხმაურა აბას არაღჩი ირანულ კომერციულ გემებზე უკრაინის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კასპიის ზღვაში ქვეყნის კუთვნილ გემებზე უკრაინის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს გმობს და აცხადებს, რომ ეს ირანის მიმართ „უკრაინული რეჟიმის ირაციონალური და მტრული მიდგომის გაგრძელების ნიშანია“.
„უკრაინული რეჟიმის ხელმძღვანელის ავანტიურისტობის შედეგად გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობა ამ რეჟიმს, მის მხარდამჭერებსა და წამქეზებლებს დაეკისრებათ“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
თავდასხმას გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც და განაცხადა, რომ საკითხი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან განიხილა.
„ზელენსკი ირანულ კომერციულ გემს დაესხა თავს, რის შედეგადაც მეზღვაური დაიღუპა. ეს გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევაა, რომელიც ისრაელის დავალებით განხორციელდა ევროპის ომში ჩართვის მიზნით. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კალასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან სატელეფონო საუბრისას ნათლად განვაცხადე, რომ ის, რაც კიევში მყოფმა მუქთახორამ ჩაიდინა უპასუხოდ არ შეიძლება დარჩეს“, - აღნიშნა არაღჩიმ.