"ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის პირასაა" - არჩილ გორდულაძე - კვირის პალიტრა

"ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის პირასაა" - არჩილ გორდულაძე

ევროკავშირი ყოველ ფეხის ნაბიჯზე სცილდება საკუთარ სადამფუძნებლო პრინციპებს და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ისინი არიან ცივილიზაციური უფსკრულის პირას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

მისივე თქმით, როდესაც შენ გაქვს მხოლოდ ვალდებულებები და არავითარი უფლებები, ეს ნიშნავს, რომ შენი სახელმწიფოებრიობა უბრალოდ ნულდება.

„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შეიძლება მარტივი კითხვა დავუსვათ - არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტის განულება, როდესაც გვეუბნებიან, რომ კავშირში მიიღებენ ახალ წევრებს, მაგრამ მათ ექნებათ მხოლოდ ვალდებულებები და სიტყვის ამოღების შესაძლებლობაც კი არ ექნებათ?! ამ მარტივ კითხვას უპასუხონ და შემდეგ გადავიდნენ თავიანთ ბელეტრისტიკაზე. რა თქმა უნდა, როდესაც შენ გაქვს მხოლოდ ვალდებულებები და არავითარი უფლებები, ეს ნიშნავს რომ შენი სახელმწიფოებრიობა უბრალოდ ნულდება. დავსვათ კითხვა - ასეთი ევროკავშირი შეიქმნა და ასეთ პრინციპებზე არის ეს ორგანიზაცია შექმნილი, თუ პირიქით, თანასწორუფლებიანობაზე, რომ პატარა ქვეყნებს დიდი ქვეყნებს, დიდი ეკონომიკის, დიდი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყნებთან თანაბარუფლებიანად შესძლებოდათ საუბარი?! წესით ამ ყველაფრისთვის უნდა იყოს ევროკავშირი შექმნილი, რომელიც ისევ და ისევ ყოველ ფეხის ნაბიჯზე სცილდება საკუთარ სადამფუძნებლო პრინციპებს და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ისინი არიან ცივილიზაციური უფსკრულის პირას,“ - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში, არამედ მთავარი კითხვაა, რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით“.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა