„ძალიან სახიფათოა, რომ რუსული სახელმწიფო კომპანია ფლობს საქართველოში ენერგეტიკულ კომპანიებს“ - გიორგი კეპულაძე
„ძალიან სახიფათოა, რომ რუსული სახელმწიფო კომპანია ფლობს საქართველოში ენერგეტიკულ კომპანიებს“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ევროკავშირის მიერ რუსული ელექტროკომპანიის, „ინტერ რაოს“ დასანქცირებას.
შეგახსენებთ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ 23 ივლისს დამტკიცებული სანქციების 21-ე პაკეტში მოხვდა რუსული ელექტროკომპანია „ინტერ რაო“, რომელსაც კავშირები აქვს ქართულ ენერგოსექტორთანაც.
როგორც გიორგი კეპულაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ევროკავშირის მიერ „ინტერ რაოს“ სანქცირებას შესაძლოა, ამ ეტაპზე „თელასსა“ და „თელმიკოზე“ პირდაპირი ეფექტი არ ჰქონდეს, რადგან მათ შორის შუამავალი, ჰოლანდიური კომპანიები დგანან.
თუმცა, მისივე განმარტებით, თუ შეზღუდვები დედა კომპანიას შეეხება, პროცესი ჯაჭვურად ქართულ შვილობილებზეც გავრცელდება, რაშიც შემდეგში, სავარაუდოდ, ჩართვა სახელმწიფოს მოუწევს.
„ჯერჯერობით, შესაძლოა, პირდაპირი გავლენა არ ჰქონდეს, რადგან, მოგეხსენებათ, შუამავალი კომპანიები არსებობენ. საუბარია, ნიდერლანდების კანონმდებლობით დაფუძნებულ ჰოლანდიურ კომპანიებზე. შესაბამისად, პირველ რიგში, გარკვეული პრობლემები მათ უნდა შეექმნათ.
თუმცა, ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როდესაც რუსი ოლიგარქის მმართველობაში და მფლობელობაში არსებული ქართული კომპანია „ბორჯომი“ დასანქცირებული იყო. მოგეხსენებათ, სახელმწიფომ შემდეგ იქ მმართველი დანიშნა და გარკვეული წილიც გადაეცა. გამომდინარე იქედან, რომ როდესაც 50%-სა და მეტ წილს ფლობ, მაშინ უკვე სახელმწიფოც ვალდებულია, სანქციების აღსრულება დაიწყოს.
„ბორჯომის“ შემთხვევაშიც ასე მოხდა. არ გამოვრიცხავ, რომ საქმე ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპანიებს ეხება, თუ მათ მომავალში სანქცირების საფრთხე შეექმნებათ, პროცესში გარკვეულწილად სახელმწიფო ჩაერთოს.