როგორია სოფელ არგვეთასთან მომხდარ ავარიაში დაშავებული 13 უცხოელი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა?! - კვირის პალიტრა

როგორია სოფელ არგვეთასთან მომხდარ ავარიაში დაშავებული 13 უცხოელი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა?!

26 ივლისს, ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ზესტაფონის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრი „ჯეო ჰოსპიტალსი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში სამი პაციენტი იმყოფებოდა, მათ შორის 17 წლის გოგონა, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები და ტვინის შერყევა. ამ ეტაპზე, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას ორი პაციენტი აგრძელებს.

„ავარიის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე კლინიკის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაში ჩადგა. ერთდროულად 13 დაზარალებული პაციენტის მიღება, ერთ-ერთი რთული გამოწვევაა ნებისმიერი კლინიკისთვის, თუმცა გუნდის კოორდინირებულმა და სწორმა ქმედებამ შესაძლებლობა მოგვცა თითოეული პაციენტისთვის დროული და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება გაგვეწია. ერთიანად მოხდა გადაუდებელი დახმარების, რეანიმაციის, ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, ნევროლოგიისა და დიაგნოსტიკური გუნდების მობილიზაცია. ამ რთულ წუთებში განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და თავდადებით იმუშავეს: გადაუდებელი დახმარების ექიმმა ლალი ბრეგვაძემ, რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით ყაზაიშვილმა, ქირურგმა იური ჩოგოვაძემ, ტრავმატოლოგებმა ლევან ჩოგოვაძემ და შოთა კაპანაძემ, ნევროლოგმა მაკა ფერაძემ, სწორედ ამ გუნდური მუშაობის შედეგად ჩვენს პაციენტებს საფრთხე აღარ ელით და ინტენსიურად მიმდინარეობს კვლევები და მკურნალობა“, - განაცხადა „ჯეო ჰოსპიტალსის“ ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, ირაკლი ლაღიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა