"ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა" - ირაკლი ქადაგიშვილი
ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელსაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს და აღნიშნულია, რომ „შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო გამო“.
მისივე თქმით, საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ბილწსიტყვაობა გახდეს ჩვენს საზოგადოებაზე ზემოქმედების, მისი დაშლის, დათრგუნვისა და დემორალიზაციის იარაღი.
„საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ბილწსიტყვაობა გახდეს ჩვენს საზოგადოებაზე ზემოქმედების, მისი დაშლის, დათრგუნვისა და დემორალიზაციის იარაღი. რატომ არის გინება აკრძალული? იმიტომ, რომ როდესაც ერთი ადამიანი მეორეს აგინებს, ეს იწვევს დემორალიზაციას, ბულინგსა და ფსიქოლოგიურ განადგურებას. აქედან გამომდინარე, ბილწსიტყვაობა, გინება და დემორალიზაცია სოციალურ ქსელებში არის ანალოგიური, ოღონდ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის შეტევა ადამიანზე და საზოგადოებაზე. ამიტომ ამ ბილწსიტყვაობას ვერ ექნება გასაქანი.
რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცას ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერები, მაგრამ ყოველთვის ვიქნებით ბილწსიტყვაობის წინააღმდეგნი.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას, რადგან ჩვენთან მედიათავისუფლება საკმაოდ განვითარებული და დაცულია. დღევანდელ ამერიკის ვითარებასთან დაკავშირებით შეიძლება ბევრი საინტერესო პარალელიც კი გავავლოთ, რადგან ჩვენ ამერიკასთან სრულიად სხვა, პოზიტიური დღის წესრიგის განვითარება გვსურს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კითხვაზე, სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენასა თუ შეურაცხყოფას შორის, ქადაგიშვილმა უპასუხა, რომ ბილწსიტყვაობას არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს თავისუფლებასთან.
„წარმოიდგინეთ, მე რომ თქვენი კითხვა ან რეპორტაჟი არ მომეწონოს და უხეში, ბილწი სიტყვებით მოგმართოთ და შევაფასო თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა - რა ვიქნები მე? თავისუფალი სიტყვისა და აზრის გამომხატველი ვიქნები თუ ჩვეულებრივი მოძალადე?
ბილწსიტყვაობას არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს თავისუფლებასთან! ჩვენ გვეუბნებიან, რომ ის, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებასა, ცხოვრების ნორმად გახადეთო. ყველა ნორმალური საზოგადოება, ამერიკა იქნება ეს თუ ევროპა, ამას შეძლებისდაგვარად ებრძვის. ზღვარი გადის სწორედ აქ - საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ გახდეს ბილწი სიტყვის ტყვეობის ქვეშ, რადგან ბილწსიტყვაობა ანგრევს ადამიანის ფსიქიკას - მთქმელისას, გამგონისა და მიმღებისას. ეს კი, რა თქმა უნდა, მთელ საზოგადოებაზე გადადის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
კითხვაზე, მიუძღვით თუ არა წვლილი ამ სიძულვილის ენაში პოლიტიკოსებს, ქადაგიშვილმა უპასუხა, რომ ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება - პოლიტიკოსსაც, მედიის წარმომადგენელსაც, რიგით ადამიანსაც და ა.შ.
"ინტერპრესნიუსი"