რა ქონებას ფლობს კულტურის ყოფილი მინისტრი თინათინ რუხაძე
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. შესაბამის განცხადებას რუხაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა”, - წერს რუხაძე სოციალურ ქსელში.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს თინათინ რუხაძე. მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2025 წლის დეკემბერში შეავსო.
ამ დოკუმენტების მიხედვით, თინათინ რუხაძის საკუთრებაშია ორი ბინა თბილისში, საიდანაც ერთი 2010 წელს 100 000 ლარად იყიდა, ხოლო მეორე 2024 წელს 300 000 დოლარად შეიძინა.
დეკლარაციის თანახმად, კულტურის ყოფილ მინისტრს ავტომობილი არ უფიქსირდება, თუმცა მის საკუთრებაშია შემდეგი მოძრავი ქონება: მისაღები ოთახის გარნიტური (2 800 დოლარი), ოქროს ყელსაბამი (2 500 ევრო), ორი ჩანთა (5 995 ევროსა და 8 100 ევროს ღირებულების) და ორი ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, რომლებიც მემკვიდრეობით მიიღო.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, 2025 წლის 1-ელი დეკემბრის მდგომარეობით, რუხაძეს სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე ჰქონდა 13 492 ლარი, 137 099 დოლარზე მეტი (მათ შორის 130 000 დოლარი ანაბარზე) და 1 415 ევრო. ამასთანავე, ყოფილ მინისტრს მიღებული შემოსავლიდან ნაღდი ფულით დანაზოგის სახით უფიქსირდება 68 000 დოლარი.