"არ მინდა, ჩემი პრეზიდენტი იყოთ, ყველა ჩემს თანატოლს თქვენი ეშინია" - როგორ მიმართავს რუსი მსახიობი პუტინს
მოსკოვის ოლქის დრამატული თეატრის ყოფილმა მსახიობმა, 26 წლის ალექსეი იარმუშჩიკმა, სოციალურ ქსელში სკანდალური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს. მსახიობის თქმით, ის ყოველ დღე და ყოველ ღამე გონებაში "დიალოგს მართავდა“ რუსეთის პრეზიდენტთან, ვიდრე ბოლოს და ბოლოს გაბედავდა და საჯაროდ იტყოდა იმას, რასაც ფიქრობს.
"მე არ მინდა, რომ ჩემი პრეზიდენტი იყოთ. არ ვიცნობ არცერთ ჩემს თანატოლს, ვისაც თქვენი არ ეშინია და ვისაც სურს, რომ პრეზიდენტი იყოთ“, - აცხადებს იარმუშჩიკი ვიდეოში.მსახიობმა აღნიშნა, რომ მის გარშემო მყოფი შემოქმედებითი ადამიანებიდან პუტინს მხარს მხოლოდ მომღერალი "შამანი" უჭერს. მან ხელისუფლებას მთავრობის დათხოვნისკენ მოუწოდა და დასძინა: "არ მინდა თქვენი ტელევიზორის ყურება, არ მინდა ВКонтакте-თ სარგებლობა. მე Instagram-ი მინდა!“