“როგორც ცნობილ მარტოხელას ნამდვილად დამჭირდება მოვლა და დახმარება...“ - პოეტი, ცნობილი სიმღერის „ხმალი ავლესოთ, ქართველებო“ ტექსტის ავტორი თინათინ მღვდლიაშვილი პანსიონატს ეძებს - კვირის პალიტრა

“როგორც ცნობილ მარტოხელას ნამდვილად დამჭირდება მოვლა და დახმარება...“ - პოეტი, ცნობილი სიმღერის „ხმალი ავლესოთ, ქართველებო“ ტექსტის ავტორი თინათინ მღვდლიაშვილი პანსიონატს ეძებს

პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია პოპულარული სიმღერის “ხმალი ავლესოთ, ქართველებო“ ტექსტის ავტორობით, სოციალურ ქსელში გულწრფელ მიმართვას ავრცელებს.

როგორც პოეტი წერს, მან გულის ოპერაცია გაიკეთაა, რის შემდეგაც რეაბილიტაციის პერიოდში მოვლა და დახმარება დასჭირდება. სწორედ ამიტომ, თავდაპირველად მეგობრებსა და საზოგადოებას სთხოვა, დახმარებოდნენ ისეთი პანსიონატის მოძიებაში, სადაც ოპერაციის შემდეგ დარჩენას შეძლებდა.

„მეგობრებო, ხომ არ გეგულებათ პანსიონატი, რომელიც მიიღებს პაციენტს გულის ოპერაციის შემდეგ და მოითხოვს ადეკვატურ თანხას. შენობა უნდა იყოს სუფთა, სამედიცინო დახმარება - საუკეთესო. მოკლედ, ნორმალურ ადამიანს უნდა აკმაყოფილებდეს. თუ გეგულებათ ასეთი დაწესებულება, მომწერეთ“, წერდა თინათინ მღვდლიაშვილი.

მოგვიანებით პოეტმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, არაერთმა ადამიანმა დახმარების სურვილი გამოთქვა და საცხოვრებელიც კი შესთავაზა.

„ღმერთო, რამდენმა ადამიანმა მიიტანა გულთან ჩემი სატკივარი და ბინას და მოვლასაც მთავაზობენ... დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასებო. მთავარია, ოპერაცია გადავიტანო და შემდეგ, როგორც ცნობილ მარტოხელას, ნამდვილად დამჭირდება მოვლა და დახმარება. იმედია, ყველაფერი მოგვარდება“, – წერს თინათინ მღვდლიაშვილი.

როგორც ირკვევა, პოეტის მეგობრები და გულშემატკივრები მზად არიან, რეაბილიტაციის პერიოდში გვერდში დაუდგნენ და საჭირო დახმარება აღმოუჩინონ. საზოგადოება კი თინათინ მღვდლიაშვილს წარმატებულ ოპერაციასა და სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.