ემზადება თუ არა პუტინი ევროპასთან ომისთვის?! - რუსულმა რაკეტამ ისევ შეაღწია ნატოს ცაში და 10-მეტრიანი კრატერიც დაუტოვა „საჩუქრად“ პოლონელებს - კვირის პალიტრა

ემზადება თუ არა პუტინი ევროპასთან ომისთვის?! - რუსულმა რაკეტამ ისევ შეაღწია ნატოს ცაში და 10-მეტრიანი კრატერიც დაუტოვა „საჩუქრად“ პოლონელებს

რუსულმა რაკეტამ ისევ შეაღწია ნატოს ცაში და 10 მ-იანი კრატერიც დაუტოვა „საჩუქრად“ პოლონელებს...

30 ივლისის გამთენიისას რუსეთმა მორიგი მასირებული საჰაერო შეტევები განახორციელა 70-ზე მეტი სხვადასხვა კლასისა და ტიპის რაკეტითა და 280-ზე მეტი კამიკაძე-დრონით, კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების წინააღმდეგ, მათ შორის - უკრაინის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ლვოვშიც.

და ამ რუსული საჰაერო შეტევების დროს ერთმა რუსულმა Х-101 ტიპის ფრთოსანმა რაკეტამ გადაკვეთა უკრაინის დასავლეთ საზღვარი, 80 კმ-ის სიღრმეში შეიჭრა პოლონეთის საჰაერო სივრცეში და მინდორში ჩამოვარდა, რომლის დროსაც აფეთქების ძალამ მიწაში 10 მ დიამეტრისა და 3-4 მ სიღრმის კრატერი გააჩინა...

1-pol-1785405683.jpg
10 მ დიამეტრისა და 3-4 მ სიღრმის კრატერი პოლონეთის მიწაზე, რომელიც „გზააბნეულმა“ 2,4 მლნ-დოლარიანმა Х-101 ტიპის რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ პოლონურ მიწაზე დღეს დილას დატოვა...

ეს პირველი შემთხვევა როდია, როდესაც უკრაინის დასავლეთ ნაწილში ქალაქების დასაბომბად გაშვებული რუსული ფრთოსანი რაკეტები (რომლებსაც ბირთვული ქობინის წაღებაც შეუძლიათ) შემთხვევით თუ მიზანმიმართულად იჭრებიან ნატოს წევრი პოლონეთის ცაში და იქ ფეთქდებიან...

"რუსეთის მიერ დასავლეთ უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო იერიშის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვა" , - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრისა და შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა მოვიწვიე. ჯგუფის წევრები უკვე მრავალი საათია, ადგილზე მუშაობენ და ინციდენტის შესახებ ინფორმაციას სისტემატურად მაწვდიან“, - წერს ტუსკი X-ზე.

2-pol-1785405683.png
7,4 მ სიგრძისა და 2,4 ტონა მასის Х-101 ტიპის რუსულ სტრატეგიული დანიშნულების ფრთოსან რაკეტას 400 კგ-იანი მსხვრევად-ფუგასური საბრძოლო ქობინი 3-ათას კმ სიშორეზე 800-900 კმ/სთ-ის სიჩქარით გადააქვს და მიზანს 10-20 მ სიზუსტით ხვდება...

პოლონური მედიის ცნობით, ლუბლინის სავოევოდოში, დასახლებულ პუნქტ ტარნავა-კოლონიაში დაუდგენელი ობიექტი ჩამოვარდა. ლუბლინის სავოევოდოსა და ქალაქ ლუბლინში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა, ხოლო ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აფეთქებების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ გასულ ღამეს, უკრაინაზე რუსეთის იერიშების დროს, დაუდგენელი ობიექტი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა და შემდეგ რადარიდან გაქრა.

ასეთია პოლონეთის მთავრობის ოფიციალური განცხადება, თუმცა ეს ბევრი ვერაფერი შეღავათია იმ მილიონობით პოლონელისთვის, რომლებიც თვლიან, რომ მათი ქვეყნის ნატოს სრულუფლებიან წევრად გახდომის შემდეგ, მათ ნაკლებად დაემუქრებოდათ არაპრონოზირებადი რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები.

ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებიან რუმინელებიც, მათი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბოლო დღეებში ერთმანეთის მიყოლებით სამი რუსული კამიკაძე-დრონი „გერანი“ „შენავარდდა“, რომელთა ჩამოსაგდებად რუმინელებმა გამანადგურებელი თვითმფრინავები ასწიეს ცაში და ძვირად ღირებული „ჰაერი-ჰაერის“ კლასის მართვადი რაკეტები გამოიყენეს.

3-pol-1785405683.jpg
რუსული სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-95МС და მის პილონებზე ჩამოკიდებული რვა Х-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა

რატომ ხდება რუსული ფრთოსანი რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების დროდადრო შეჭრა უკრაინის მოსაზღვრე ნატოს წევრი პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეებში?

ამას შეიძლება სამი ახსნა ჰქონდეს:

პირველი - უკრაინის საზღვრისპირა რაიონებში საჰაერო დარტყმების დაგეგმვისას რუს სამხედრო სპეციალისტებს შეცდომა მოსდით გათვლებში ან თავად საფრენი აპარატების ტექნიკური გაუმართაობა იწვევს ამას.

მეორე - უკრაინის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ზეგავლენით რუსული კამიკაძე-დრონები იცვლიან სამიზნე ობიექტების კოორდინატებს.

მესამე - კრემლიდან დავალებით, ამას სპეციალურად აკეთებენ რუსი სამხედროები, რითაც ცდიან ნატოს პოლიტიკური მოთმინების ზღვარს და ამასთან - აკვირდებიან საჰაერო განგაშის დროს პოლონეთისა და რუმინეთის გენშტაბების, საჰაერო ძალებისა და მეზენიტეების ერთობლივი მოქმედებების ალგორითმებს, რათა „დიდი ომის“ დაწყების შემთხვევაში, მასობრივად ისე გაუშვან რუსული ფრთოსანი რაკეტები და კამიკაძე-დრონები, რომ ნატოს ქვეყნების საჰაერო თავდაცვის გაერთიანებულმა სისტემამ მათი წარმატებულად მოგერიება ვერ შეძლოს...