„მწვანე ბიზნესი“ მუხრანის ველზე - კვირის პალიტრა

„მწვანე ბიზნესი“ მუხრანის ველზე

მეგობრებს სოფელ მუხრანში მწვანე სალათა გაუშენებიათ და მოვლასა და ყურადღებას არ აკლებენ, ერთ-ერთი მათგანი ნიკა დეკანოიძეა. წარმოშობით იმერეთიდანაა, ბავშვობიდანვე სამეურნეო საქმესთან ახლოს იყო. "დღესდღეობით კერძო სექტორში, სარესტორნო მიმართულებით ვარ დასაქმებული. პროფესიით რესტორატორი ვარ, ვსწავლობ სარესტორნო მენეჯმენტსაც", - მოგვითხრობს ჩვენი რესპონდენტი.

ნიკა დეკანოიძე:

- ფერმერული მეურნეობაში, მე და ჩემს ბავშვობის მეგობარს ფოთლოვანი სალათა მოგვყავს. ნაკვეთი სპეციალურად ამ საქმისთვის შევიძინეთ. მეურნეობა 1500 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. მუხრანის ველები ძალიან ნაყოფიერია. აქ ბალანსირებული ტემპერატურაა და რაც მთავარია, სოფელს წყალი უწყვეტად მოეწოდება. ამ ფაქტორებმა განაპირობა ჩვენი არჩევანი, თანაც თბილისთან ახლოს არის.

- სანამ ჩითილებს დარგავდით, მიწის დამუშავება როგორ დაიწყეთ?

- პირველი ეტაპი აუცილებლად მოიცავს მზრალად ხვნას - მიწის ამოტრიალებას, რათა ნიადაგი გაფხვიერდეს და მცენარის ზრდას ხელი არაფერმა შეუშალოს. ამას თავისი ტექნოლოგიური პროცესი აქვს. შემდგომ მიწა სპეციალური ტექნიკით დაიფრეზა, დაიშალა წვრილ ფრაქციებად და დასარგავად მომზადდა. ამის მერე მოვაწყვეთ წვეთოვანი სარწყავი სისტემა და ჩითილების დარგვაზე გადავედით.

ეს იყო პირველი ეტაპი, თუმცა მომდევნო ციკლიდან, ზაფხულში, ჩითილებს უკვე თავად გამოვიყვანთ. ფინანსურად ეს ფერმერისთვის ბევრად მომგებიანია.

91063d96-b070-4dac-97fc-370ed0fe9f46-1785480854.jpg

ყოველდღიური მუშაობა

- როგორც ვიცი, ამ კულტურის მოყვანა სეზონზე რამდენჯერმე შეიძლება.

- ამ კულტურის სავეგეტაციო პერიოდი, დარგვიდან სრულ მწიფობამდე, მაქსიმუმ 45-50 დღეა. ეს ნიშნავს, რომ თუ მუშაობას ადრეულ გაზაფხულზე დავიწყებთ (რასაც მომავალი წლიდან ვგეგმავთ), სეზონზე 3 ან 4 ციკლის მოწევას თავისუფლად მოვასწრებთ. წლეულს ცოტა დაგვიგვიანდა და მუშაობას ივნისის დამდეგს შევუდექით, ამიტომ 2 ციკლს მოვიყვანთ. ამ მცენარისთვის საჭირო ყოველდღიური სამუშაო პროცესი მკაცრია, რათა მცენარე არ დაკნინდეს და 45 დღეში სასურველი შედეგი მივიღოთ. წყლის მიწოდება აუცილებელია დღეში ორჯერ - დილით ადრე, სანამ მზე ამოვა და ტემპერატურა მკვეთრად აიწევს (რადგან მწველი მზე სალათის ფურცელს ვნებს) და საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ. ეს ოპტიმალური ზრდისთვის აუცილებელი პირობაა. მიწის დამუშავებისას გამოვიყენეთ პრეპარატი ნიადაგის მავნებლის - მახრის (ბოსტანას) საწინააღმდეგოდ, დარგვისას კი გამოვიყენეთ სპეციალური ორგანული საშუალება ფესვთა სისტემის გასამაგრებლად, რათა მცენარეს კარგად გაეხარა.

- დარგვის წესები იცოდით თუ თანდათან შეისწავლეთ?

- გარკვეული გამოცდილება ჩვენი ძირითადი პროფესიიდან გამომდინარეც გვქონდა, გარდა ამისა, ჩემი ოჯახის ახლობელი მუხრანში წლებია ამ კულტურას აწარმოებს. მისი დახმარებით პროცესები ბევრად გაგვიმარტივდა.

დარგვას თავისი სპეციფიკა აქვს: წვეთოვანი ლენტები სიგანეში ერთმანეთისგან დაახლოებით 35 სანტიმეტრის დაშორებით უნდა გაიჭიმოს, ხოლო ჩითილებს შორის დისტანცია 30 სანტიმეტრი უნდა იყოს. ეს აუცილებელია, რათა ზრდის პერიოდში მცენარეებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ და პროდუქტი კალიბრული, თანაბარი ზომის გაიზარდოს.

მოსავლის აღებისა და დაბინავებისთანავე იწყება ახალი ციკლი: ნიადაგის ხელახალი მოხვნა, დაფრეზვა, განოყიერება და ჩითილების დარგვა. ნიადაგის მომზადებას 2-3 დღე სჭირდება.

44d9bc67-0999-4282-96e9-3ff2bc8ccabb-1785480854.jpg

ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი "აისბერგი" და "დრაგონია"

- ეს მოსავალი სარესტორნო ბიზნესისთვისაა განკუთვნილი, თუ საკუთარი ობიექტები გაქვთ. როგორ ხდება რეალიზაცია?

- ჩვენი პოტენციური მყიდველები ქართულ-ევროპული რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტებია (მათ შორის, შაურმის საცხობები), სადაც ფოთლოვან სალათაზე დიდი მოთხოვნაა. ეს ჯიში "დრაგონი", რაც დარგული გვაქვს, იდეალურია საოჯახო მოხმარებისთვისაც. მას აქვს ძალიან სპეციფიკური, ხრაშუნა სტრუქტურა, გემოთი "აისბერგის" ჯიშს ჰგავს და არ ახასიათებს სიმწარე, რაც სალათის სხვა ჯიშებს ხშირად დაჰყვება ხოლმე. მალფუჭებადი არ არის. სალათის ფურცლისთვის მშრალი გარემო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ზედმეტი ტენიანობა აფუჭებს ანუ მაცივარში შენახვამდე პროდუქტი არ უნდა გაირეცხოს. მეორე გავრცელებული შეცდომაა მაცივარში მისი ცელოფანის პარკით დატოვება. ზედმეტი კონდენსატი და ჰაერის ცირკულაციის არარსებობა მცენარეს ალპობს.

ყველაზე სწორი მეთოდია პროდუქტის პლასტმასის კონტეინერში მოთავსება, რომელსაც მცირე სავენტილაციო ხვრელები აქვს. ასეთ პირობებში ის 5-6 დღეს ინარჩუნებს პირვანდელ სახესა და თვისებებს.

- საქართველოში გავრცელებული ჯიშებიდან რომელს ვხვდებით ხშირად ბაზარზე?

- ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მაინც "აისბერგი" და "დრაგონია", რომელზეც ჩვენ შევაჩერეთ არჩევანი. ასევე გვხვდება მწვანე ფოთლოვანი "ლოლა ბიონდა" და იასამნისფერი "ლოლა როსა", რომელსაც რესტორნებში მეტწილად კერძების გასაფორმებლად და სერვირებისთვის იყენებენ.

- დრაგონი და არა დრაკონი ქართული ფორმით?

- დიახ, ჯიშის სახელია "დრაგონი", რაკი ის საფრანგეთში შეიქმნა. ფრანგი სელექციონერების შთაგონების წყარო მართლაც დრაკონი გახდა, რადგან ამ სალათის ფოთლის კიდეები დრაკონის ქერცლებსა და ხორკლებს მოგვაგონებს. იგი სხვა ჯიშებთან შედარებით ბევრად მედეგი და მდგრადია როგორც დაბალი ტემპერატურის, ისე მცხუნვარე მზის მიმართ, ნაკლებად მალფუჭებადია, მოყვანაც ადვილია, რადგან ხშირ ქიმიურ წამლობას არ საჭიროებს. გემო ნაზი, ხავერდოვანი და ხრაშუნა აქვს, ამიტომაც არის რესტორატორთა ერთ-ერთი უსაყვარლესი პროდუქტი.

"მონდომებასთან ერთად, დაუზარელი შრომაა მთავარი"

- მხოლოდ ორნი ვმუშაობთ - მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი. ჩვენი ხელით ვაკეთებთ ყველაფერს. გვინდა მომავალში, როცა წარმოებას გავაფართოებთ, საქმის ყველა ნიუანსი საფუძვლიანად ვიცოდეთ. ჩემი მეგობარი წარმოშობით მუხრანიდანაა, იქ სახლი აქვს და დროის დიდ ნაწილს ადგილზე ატარებს. მე კვირაში 3-4 დღით ჩავდივარ და მასთან ერთად სრულად ვერთვები მუშაობაში.

- მიწასთან მუშაობას ყოველთვის განსაკუთრებული მუხტი ახლავს. თქვენთვის რას ნიშნავს ეს პროცესი?

- გულწრფელად რომ გითხრათ, ემოციური ნაწილი არანაკლებია კომერციულზე. ორივეს გვაქვს სოფელსა და მიწასთან მუშაობის გამოცდილება. ქალაქის ხმაურისგან შორს, აქ საოცრად ვისვენებთ. საღამოობით, საქმეს რომ მოვრჩებით, სუფთა ჰაერზე ვსხდებით, ვსაუბრობთ, იდეებს ვუზიარებთ ერთმანეთს... ამ ყველაფერს დიდი და პოზიტიური მუხტი მოაქვს. საოცარია, როცა საკუთარი შრომის შედეგს ხედავ. ეგ კი არა, თბილისში, დიდუბეში ვცხოვრობდი, კერძო სახლში და ძალიან პატარა ეზოშიც კი მომყავდა პამიდორი და ყვავილები. ასე რომ, მიწის სიყვარული ყოველთვის მქონდა.

ახლა ამ საქმეს ისე ვუვლით, როგორც საკუთარ შვილებს. ამ ყველაფერს ზურგს უმაგრებს ის შრომის დისციპლინა, რაც ჩვენს ძირითად სამსახურებში ვისწავლეთ და ზოგადად, ცხოვრების მიმართ გვაქვს. მონდომებასთან ერთად, დაუზარელი შრომაა მთავარი. საჩხერიდან ვარ, სოფელ მერჯევიდან. დედ-მამა და ჩემი ძმა ახლაც იქ ცხოვრობენ, საჩხერეში დღესაც ვამუშავებთ მიწას. ბავშვობაში მიღებული ეს "მშობლიური კოდი" ახლა მუხრანში ძალიან გვეხმარება.

რჩევები და გეგმები

- თუკი ვინმეს გაუჩნდება სურვილი, მსგავსი რამ გააკეთოს, აუცილებლად ვურჩევ სცადოს, თუმცა არის რამდენიმე გადამწყვეტი ფაქტორი. პირველ რიგში, ამ საქმეს დრო უნდა დაუთმონ. ისე არ გამოვა, კვირაში ერთხელ ან ორჯერ რომ შეიარო და საქმე თავისით გაკეთდეს. საჭიროა მკაფიო ყოველდღიური გეგმა.

მეორე წყლის რესურსის ხელმისაწვდომობაა, ხოლო მესამე - წინასწარ უნდა გქონდეს შესწავლილი ბაზარი. როცა პროდუქტი ასეთ ფართობზე მოგყავს, უნდა იცოდე, სად გაყიდი. თუ შრომა არ დაგეზარებათ, გამორიცხულია, შედეგი ვერ მიიღოთ.

სამომავლოდ სასათბურე მეურნეობის მოწყობა გვინდა, რათა ზამთრის თვეები არ დავკარგოთ და უწყვეტად ვიმუშაოთ. გაისად ამ ფართობის მიღმა წარმოების მასშტაბის გაზრდასა და გაფართოებას ვგეგმავთ.