შავ-თეთრი გიგანტი - საყვარელი არსება თუ საშიში ცხოველი - კვირის პალიტრა

შავ-თეთრი გიგანტი - საყვარელი არსება თუ საშიში ცხოველი

გ იგანტური, იგივე შავ-თეთრი პანდა ცხოველთა სამყაროს ერთ-ერთი იშვიათი წარმომადგენელია. ის მხოლოდ ჩინეთში, ბამბუკის ტყეებში ბინადრობს, რის გამოც ჩინელები თავიანთი ქვეყნის სიმბოლოდ მიიჩნევენ. ამ სიმპათიურ, ორიგინალურ არსებაზე გვესაუბრება თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე დავით თაქთაქიშვილი.

ailuropoda-melanoleuca-zhen-zhen-220518e-1785481977.jpg

დავით თაქთაქიშვილი:

- გიგანტური პანდა მრავალმხრივ საინტერესო ცხოველია. დასაწყისში მკითხველს ვუამბოთ, როდის გაჩნდა დედამიწაზე ეს ცხოველი: აღმოჩენილი ნაშთების მიხედვით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გიგანტური პანდები დედამიწაზე დაახლოებით 2,5 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ. თავიდან ისინი აღმოსავლეთ აზიის დაბლობებში ცხოვრობდნენ, მაგრამ ამ ტერიტორიაზე გამოჩნდა ადამიანის წინაპარი და დაიწყო ტყეების ჩეხა, ნადირობა და სამეურნეო საქმიანობა. შედეგად, ამ ცხოველის გავრცელების არეალი შემცირდა, ახლა გიგანტური პანდები მხოლოდ ჩინეთის მთიან ადგილებში ბინადრობენ. ისინი ცხოვრობენ ბამბუკის ტყეებში, სადაც მთელი წლის განმავლობაში ნისლი, სიგრილე და ტენია. ეს არის მათი ჰაბიტატი, მათი საარსებო გარემო. გიგანტურ პანდას ბევრი სპეციფიკური თვისებაც აქვს, რომლებითაც სხვა ცხოველებისგან განსხვავდება.

- კონკრეტულად რა თვისებებს გულისხმობთ?

- გიგანტური პანდა ერთ-ერთი იშვიათი ძუძუმწოვარია მსოფლიოში, რომელიც ზღვის დონიდან 1200-3000 მეტრის სიმაღლეზე ბინადრობს. ადამიანებს ამ ცხოველზე არასწორი წარმოდგენა აქვთ: ბევრს გიგანტური პანდა მოუხერხებელი, მაგრამ საყვარელი ცხოველი ჰგონია, მაგრამ ის ძლიერი, ველური დათვია, ამიტომ მასთან სიფრთხილე აუცილებელია როგორც ბუნებაში, ისე ზოოპარკში. მეცნიერები ბევრს კამათობენ მისი ბეწვის შეფერილობაზე და ცდილობენ ახსნან, რა შეიძლება იყოს ამ უნიკალური შეფერილობის მიზეზი: ერთნი მიიჩნევენ, რომ შავ-თეთრი ბეწვი პანდას შენიღბვაში ეხმარება. სამეცნიერო წრეების ნაწილი მიიჩნევს, რომ შავ-თეთრი შეფერილობა სხვა ცხოველებთან ურთიერთობას უადვილებს, ხოლო სხვები ფიქრობენ, რომ ეს ლამაზი ბეწვი ცხოველს ტენისა და სიცივისგან იცავს: შავი ფერი სითბოს შთანთქავს, ხოლო თეთრი ირეკლავს, რაც სხეულის თანაბარი ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მოკლედ რომ ვთქვათ, ზუსტი თეორია მისი შეფერილობის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ პანდას საკმაოდ ძლიერი, დიდი ზომის კბილები და ასეთივე საღეჭი კუნთები აქვს. სწორედ ამ კბილების მეშვეობით აქუცმაცებს ბამბუკის ღეროს, რომელსაც მაგარი ქერქი აქვს. შავ-თეთრი პანდა დათვისებრთა ოჯახის წარმომადგენელია და გარეგნობაც დათვისთვის დამახასიათებელი აქვს: სიმაღლით 60-90 სანტიმეტრია, ხოლო სიგრძით 2 მეტრს აღწევს. საშუალოდ 110-115 კილოგრამს იწონის.

- როგორი ცხოვრების წესი აქვს გიგანტურ პანდას?

- შავ-თეთრი პანდა მარტოხელა ცხოველია, თუმცა ისიც საჭიროებს სხვა ცხოველებთან კონტაქტს, განსაკუთრებით, გამრავლების პერიოდში. ამ დროს პანდებს შეუძლიათ ე.წ. ჯგუფიც შექმნან, რომელშიც დროებით 7-დან 15-მდე ინდივიდი ერთიანდება. ამ ცხოველზე ინტენსიური დაკვირვება მიმდინარეობს და, ალბათ, ახლო მომავალში კიდევ ბევრი რამ გაირკვევა... ფაქტია, რომ შავ-თეთრი პანდა არ ნადირობს, რადგან ბამბუკი, რომლითაც იკვებება, იქვე, ტყეში ხარობს. ამ საკვებს გიგანტური პანდა დიდი რაოდენობით ჭამს - დღის განმავლობაში 12-დან 30 კგ-მდე ბამბუკს მოიხმარს. როცა საკვებს არ მოიპოვებს, პასიური ხდება და მთელ დროს ძილსა და მოსვენებაში ატარებს. შავ-თეთრი პანდის უკანა კიდურები შიგნითაა მიმართული, რის გამოც უხერხულად დადის და ზანტი ცხოველის შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორც დათვს, მასაც შეუძლია ორ ფეხზე დადგეს, ან მტვერში "იბანაოს". გიგანტური პანდები კარგად გადაადგილდებიან მთიან გარემოში და ასევე კარგად ცურავენ. ცნობილია ფაქტები, როცა პანდებს დიდი მდინარეებიც გადაუცურავთ. ყველაზე აქტიური შავ-თეთრი პანდა გამთენიისას ან შებინდებისას ხდება.

panda-s-1785481978.jpg

- მისი საკვები მხოლოდ ბამბუკია?

- ბამბუკი მისი მთავარი საკვებია: შავ-თეთრი "გიგანტი" დიდი სიამოვნებით შეექცევა ბამბუკის ფოთლებს, ყლორტებსა და ღეროებს. თუმცა, ბამბუკის გარდა, სხვა საკვებიც მოსწონს, კერძოდ, ხილი, ბალახი, ფრინველები და მათი კვერცხები, მცირე ზომის ძუძუმწოვრები და თქვენ წარმოიდგინეთ, ლეშიც კი. აღსანიშნავია, რომ ზოოპარკებში პანდებს მარცვლეულით, რძითა და ბოსტნეულითაც კვებავენ. ზოოპარკის სტუმრებს განსაკუთრებით მოსწონთ თვალყურის დევნება, როცა პანდა თავის საყვარელ საკვებს ჭამს: ამ დროს ის ადამიანივით ორ ფეხზე ჯდება. ასეთი პოზა საშუალებას აძლევს წინა თათებით ადვილად დაიჭიროს ბამბუკის ღეროები და ბასრი კბილებით დაღრღნას. მართალია, პანდას სხვა საკვების ჭამაც შეუძლია, მაგრამ ბამბუკი მისთვის მაინც შეუცვლელი სასუსნავია. ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს სახეობა ველურ ბუნებაში ვერ გადარჩება, თუ ბამბუკის ტყეები განადგურდება.

- რით აიხსნება, რომ გიგანტური პანდა დედამიწის ერთ-ერთი მცირერიცხოვანი ცხოველია?

- იმით, რომ ამ ცხოველის საბინადრო ადგილებს ანადგურებენ, რასაც ემატება დაბალი რეპროდუქციის უნარი, რის გამოც პოპულაციის აღდგენა ბუნებაში რთულია. ამ საკითხზე, ალბათ, უფრო დაწვრილებით უნდა ვისაუბროთ: შავ-თეთრი პანდა სიმწიფეს დაახლოებით 4-7 წლის ასაკში აღწევს და გამრავლება 20 წლის ასაკამდე შეუძლია. მდედრ პანდებს გამრავლების პერიოდი წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე აქვთ, ხოლო ბელების დაბადების სეზონი აგვისტო-სექტემბერია. მდედრი აჩენს ერთ ან ორ ნაშიერს, რომელიც სრულიად უმწეოა და მთლიანად დედაზეა დამოკიდებული. პატარა პანდის აღსაზრდელად დიდი ძალისხმევაა საჭირო: ახალშობილი 100 გრამს იწონის. სხვა დათვებისგან განსხვავებით, პირველი კვირების განმავლობაში პანდა ბელს განუწყვეტლივ თან დაატარებს, რადგან პატარა უსუსური და ბრმაა. იმის გამო, რომ ახალშობილი პანდა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, ტყუპის დაბადების შემთხვევაში ცოცხალი მხოლოდ ერთი გადარჩება. მიზეზი ნათელია: დედა ორივეს მოვლას ვერ ახერხებს. ახალშობილი მოძრაობას მხოლოდ 3 თვის ასაკიდან იწყებს, დედის რძით ერთ წლამდე იკვებება და ბამბუკის ჭამასაც მხოლოდ ერთი წლიდან ახერხებს. პატარა პანდა დედასთან 3 წლამდე რჩება - სანამ დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებდეს. ეს ნიშნავს, რომ მდედრს შთამომავლობის გაჩენა, საუკეთესო შემთხვევაში, 2-3 წელიწადში ერთხელ შეუძლია და სიცოცხლის განმავლობაში 5-8 შვილის გაზრდას ასწრებს. ამას ემატება ადამიანის საქმიანობაც - ინფრასტრუქტურის განვითარება, კაშხლების, გზების, რკინიგზების მშენებლობა, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს გიგანტური პანდების გავრცელების არეალზე. შესაბამისად, მათი რიცხვი მცირეა: 2006 წელს ჩატარებული კვლევების შედეგად ველურ ბუნებაში 1600-მდე გიგანტური პანდა ბინადრობდა, რაც ბევრი ნამდვილად არ არის.

- რამდენ ხანს ცოცხლობს შავ-თეთრი პანდა?

- ბუნებაში მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 15-20 წელიწადია, ხოლო ზოოპარკებში - 30-31. ჩინელი მეცნიერები ადასტურებენ, რომ ზოგიერთი პანდა ზოოპარკში 35 წლის ასაკსაც აღწევს. ჩინეთის სახელმწიფო განსაკუთრებით ზრუნავს ამ ცხოველის გადარჩენაზე - ქვეყანაში 50-ზე მეტი ნაკრძალია პანდის პოპულაციის დასაცავად. ჩინეთში მოქმედებს კანონი, რომ ყველა პანდა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკში ბინადრობენ, ჩინეთის სახელმწიფოს საკუთრებაა. ყოველწლიურად ნებისმიერი ზოოპარკი, სადაც პანდების წყვილი ბინადრობს, ქირის სახით ჩინეთს 1 მილიონ დოლარს უხდის. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის კარგი შემოსავალია. პანდა ჩინეთის ეროვნულ საგანძურად არის მიჩნეული და ამ ცხოველით ძალიან ამაყობენ.

ბოლოს კი გეტყვით, რომ არსებობს ასეთი ორგანიზაცია - "ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი", რომელიც იშვიათ ცხოველებზე ზრუნავს. ორგანიზაციას მთელ მსოფლიოში აქვს თავისი ოფისები და მათ შორის, საქართველოშიც. თავიანთი ლოგოს შექმნისას "ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის" დამფუძნებლებმა არჩევანი გიგანტურ პანდაზე შეაჩერეს. ამ არჩევანმა გაამართლა: დღეს მათი ლოგო მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც კონსერვაციული მოძრაობის უნივერსალური სიმბოლო და შემთხვევითი არ არის, რომ ამგვარ სიმბოლოდ გიგანტური პანდის გამოსახულება იქცა.

ხათუნა ჩიგოგიძე