იმერელი კაცის ბიომეურნება გერმანიაში
"ბიომეურნეობა ჯანმრთელობის საწინდარია. ჩვენს ქვეყანას საამისოდ უდიდესი პოტენციალი აქვს და ვფიქრობ, ამის გამოუყენებლობა დანაშაულია. ამასთან, მინდა ჩემი შვილისთვის მოვიყვანო ჯანსაღი პროდუქტი, რათა მის ჯანსაღ განვითარებას შევუწყო ხელი", - ამბობს აგრონომი ირაკლი ხვარეშია, რომელმაც გერმანიაში ბაღი გააშენა და გვიამბობს, როგორ გადაწყვიტა ამის გაკეთება.
- იმერეთში, თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში დავიბადე და როგორც თითქმის ყველა სოფლად მცხოვრებს, ჩვენს ოჯახსაც ჰქონდა პატარა მეურნეობა. ბავშვობიდანვე ვცდილობდი დავხმარებოდი ოჯახს სამეურნეო საქმეებში. გვყავდა საქონელი, ფრინველები, რამდენიმე ჰექტარი ნათესი და ვენახი.
სოფლის მეურნეობისკენ ჩემს მისწრაფებაში დიდი წვლილი აქვთ ჩემს ბაბუებს. მათ მასწავლეს მყნობა, ვაზის გასხვლა. 2011 წელს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე ჩავაბარე.
- გერმანიაში საცხოვრებლად როგორ გადახვედით, იქაც პროფესიის შესაბამისად განაგრძეთ სწავლა?
- გერმანულს სკოლაში ვსწავლობდი და ასე თუ ისე, საბაზისო დონეზე ვფლობდი. სტუდენტობისას მესამე კურსზე გავიარე გასაუბრება, მერე ტესტირება და მოვხვდი გერმანულ ორგანიზაციაში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იწვევდა სტუდენტებს გერმანიაში ერთწლიანი პრაქტიკისთვის ბიომეურნეობებსა და საწარმოებში. პრაქტიკის შემდეგ იმ მეურნეობიდან მივიღე შემოთავაზება ჩემს პროფესიულ სწავლაზე ბიომებოსტნეობაში, რაც მოიცავდა დიაპაზონს ნიადაგის მომზადებიდან პროდუქციის რეალიზაციამდე, მენეჯმენტის ჩათვლით. სამწლიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების დამთავრების შემდეგ ხუთ წელიწადს ვმუშაობდი სხვადასხვა პროფილურ მეურნეობაში, რათა შემესწავლა სხვადასხვა პროფილური დარგი, როგორიც არის მეჩითილეობა და სამაცივრე ტექნოლოგია.
- თქვენი ბოსტნის მრავალფეროვან კულტურებზე გვიამბეთ...
- როდესაც პატარა ბინაში ვცხოვრობდი, სხვადასხვა სახის მწვანილი და რამდენიმე ქოთანი მარწყვი მქონდა. როდესაც დავოჯახდი, ისეთი სახლი შევარჩიეთ, სადაც შეგვეძლო ჩვენი ბაღი გვქონოდა. ძალიან გვიყვარს გოგრისებრთა ოჯახის ბაღჩეული, რომელიც სხვადასხვა ჯიშის კიტრის, სხვადასხვა ფერის ყაბაყისა და ჰოკაიდოს ჯიშის გოგრით არის წარმოდგენილი ჩემს ბაღჩაში. ასევე გვაქვს მრავალი ჯიშის პამიდორი, სხვადასხვა მწვანილი, პრასი, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი, სალათები, ლობიო, სხვადასხვა კომბოსტო, ჭარხალი, ბოლქვიანი კამა, ბოლქვიანი ნიახური, ბოლოკი და სხვა გერმანიაში პოპულარული ბოსტნეული.

- რამდენად განსხვავდება გერმანიის მიწა და კლიმატი?
- აქ ხშირად წვიმს და ტენიანობაც მაღალია. ზამთარიც უფრო სუსხიანი და შედარებით გრძელია. ვცდილობ საქართველოდან ჩამოტანილი კულტურები გავახარო. მაგალითად, უკვე მაქვს ქართული ვაზი, რომელიც უკვე გავახარე და კიდევ სხვადასხვა ჯიშის ჩამოტანას ვაპირებ. გერმანიიდანაც ჩამომაქვს ახლობლებისთვის სხვადასხვა ბოსტნეულის თესლი და ერთმანეთს გარემო პირობების შესაბამის გამოცდილებას ვუზიარებთ.
- რამდენად არის თქვენი ოჯახი ჩართული ამ საქმეში?
- ამ ყველაფერში ჩემი მეუღლე მეხმარება, ორივეს ძალიან გვიყვარს სოფლის მეურნეობა და ცხადია, ჯანსაღ კვებასაც ვაფასებთ.
- გაქვთ კონტაქტი ქართველ ემიგრანტებთან, უზიარებთ მათ თქვენს ცოდნა-გამოცდილებას?
- აქ ძალიან კარგი სამეგობრო მყავს. შემიძლია ვთქვა, აქ ჩვენი პატარა საქართველო გვაქვს. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ ხშირად შეხვედრას, თუმცა ჩემი ბაღჩის ნობათს მათაც ვუწილადებ ხოლმე. უკვე ბევრი ელოდება პამიდვრის დამწიფებას. ჩვენ ხშირად ვუზიარებთ გამოცდილებას სხვადასხვა სფეროში და ვეხმარებით ერთმანეთს.
- საქართველოში თუ აპირებთ სოფლის მეურნეობაში რამის წამოწყებას?
- აუცილებლად. ჩვენი შვილის სასკოლო ასაკს ველოდებით და შემდეგ დავბრუნდებით. შევიძინეთ მიწის რამდენიმე ნაკვეთი, მოკლედ, დიდი გეგმები გვაქვს.
- რატომ აირჩიეთ ბიომეურნეობა?
- ბიომეურნეობა ჯანმრთელობის საწინდარია. ჩვენს ქვეყანას ამისთვის უდიდესი პოტენციალი აქვს და ვფიქრობ, ამის გამოუყენებლობა დანაშაულია. ასევე იმანაც მიბიძგა, რომ ჩემი შვილისთვის ჯანსაღი პროდუქტი მინდა მოვიყვანო, რათა მის ჯანსაღ განვითარებას შევუწყო ხელი. ყველაზე მარტივად კი ამის ახსნა შემიძლია: ჯანსაღი პროდუქტი ჯანმრთელობის საწინდარია, ხოლო ჯანმრთელ სხეულში ჯანსაღი სულია!…
რაც შეეხება მათ მოვლას, მართლაც რთულია. გვიწევს ხელით მუშაობა და ბევრ სხვადასხვა მავნებელთან ბრძოლა. ასევე, ბიოსასუქების დამზადება, რომელიც დროსა და ენერგიას საჭიროებს. თუმცა ყველაფერს დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ, რადგან ვიცით, რამდენად კარგ საქმეს ვემსახურებით... დაინტერესებისთვის კი მადლობას მოგახსენებთ და გამიხარდება, თუ ჩემი გამოცდილებით დამწყებ ფერმერებს დავეხმარები.