„მოცვის მოსავალმა იმაზე ბევრად მეტად გაამართლა, ვიდრე ველოდით“
სოციალურ სივრცეში, ალბათ, ბევრი ჩვენგანი შეხვდებოდა მოცვის მწარმოებლების განცხადებებს, რომ მოსავალს ვერ ასაღებენ და კლიენტებს მინიმალურ ფასად, 1 კილოგრამზე 2-3 ლარად ეპატიჟებიან დასაკრეფად. ბუნებრივია, ეს სასიამოვნო ამბავი არ არის, მოწესრიგებულ ქვეყანაში, სადაც ბაზარი გათვლილია, ისეთი პრობლემა არ უნდა შეიქმნას, რომ მუხლჩაუხრელი შრომით მოწეული მოსავალი გადასაყრელი გახდეს. ჩვენს პირობებში კი, როდესაც მოცვის პლანტაციების გაშენებაში მილიონობით თანხა დაიხარჯა და მათი ფართობი 2000 ჰექტარზე მეტია, მოსავლის "ჩაწოლა" უამრავი ადამიანისთვის და მასთან ერთად, სახელმწიფოსთვისაც სერიოზულ ფინანსურ ზარალს ნიშნავს. ვიცით ისიც, რამხელა ძალისხმევა ჩაიდო მოცვის პლანტაციების გაშენებაში წინა წლების განმავლობაში...
დღეს ამ ძალისხმევის შედეგად გაშენებული პლანტაციები უკვე სრულ მსხმოიარობაში არიან და აღმოჩნდა, რომ გასაღება ჭირს. რატომ წარმოიქმნა ეს პრობლემა, დროებითია თუ გრძელვადიანი - გადავწყვიტეთ ამის შესახებ პირადად მოცვის მწარმოებელს გავსაუბრებოდით. წყალტუბოში, სოფელ მაღლაკში იმედა ელანიძეს დაახლოებით 4 ჰექტარზე აქვს ახალგაშენებული პლანტაცია და წლეულს უკვე 20 ტონა მოცვის მოსავალი აიღო. ამ დროს კი, მოცვის სხვა მწარმოებლებთან ერთად, ჭარბი მოსავლის გამო ბატონი იმედაც მოცვის საკრეფად მოხალისეებს იწვევს და 1 კგ მოცვს მხოლოდ 3 ლარად სთავაზობს.
- მოცვის მწარმოებლების განცხადებები მოწმობს, რომ ქართული მოცვის რეალიზაცია გაჩერდა და მოსავალი ჩაწვა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ კულტურის გაშენება დიდი ამბიციებით დაიწყო. რა არის მიზეზი? ის ხომ არა, რომ მოცვმა ჩვენში საბოლოოდ არ გაამართლა?
- მოცვის რეალიზაციაში შექმნილი პრობლემის გამო ასეთი მოსაზრება ნამდვილად არ მიკვირს, მით უფრო გარეშე თვალისთვის, რომელიც მოცვის ფერმერების "სამზარეულოს" ვერ ხედავს და არ იცის, იქ რა ყოველდღიური პროცესებია. მოდი, ასე დავიწყოთ: მოცვის მოსავალმა არ გაამართლა კი არა, იმაზე ბევრად მეტად გაამართლა, ვიდრე ველოდით. წლეულს მოცვის ისეთი მოსავალი მოვიდა, ყველაზე უხვმოსავლიანი პლანტაციების რეკორდსაც კი გადააჭარბა. ამას, რა თქმა უნდა, შრომამ და უჩვეულო კლიმატურმა პირობებმაც შეუწყო ხელი. ამ დრომდე ჩვენი ზაფხული ისეთი ტენიანია, რომ მოცვს უხვად აქვს ნესტი, რომელიც ძალიან უყვარს, მასთან ერთად კი ზომიერი მზეც. ამიტომ, თუ ჩვენს ენაზე ვიტყვი, "გადაირია" და უხვზე უხვი მოსავალი მოგვცა. პრობლემა ამიტომაც წარმოიშვა - როდესაც მოსავლის ის რაოდენობა გავყიდეთ, რასაც ყოველთვის ვყიდდით და შესაბამისი ანაზღაურებაც ავიღეთ, ამის შემდეგ კიდევ საკმაო მოცვი დაგვრჩა პლანტაციაში. ამიტომ დადგა საკითხი ასე - რა ვუყოთ დარჩენილს, რომელიც საუკეთესო ხარისხისაა, როგორ გადავარჩინოთ? ასე ვთქვათ, როგორ ჩავაბაროთ პატრონს, რომ ტყუილად არ დალპეს. აი, ამას მოჰყვა მწარმოებლების განცხადებები, რომ მოხალისე მკრეფავებს ვიწვევთ, რომელთაც შეუძლიათ მოცვი დაკრიფონ და 1 კგ 2-3 ლარად წაიღონ. რით არის ეს ცუდი, მითხარით?

- არაფრით. მწარმოებლები, ერთი მხრივ, დაქირავებული მუშახელის ხარჯებს ზოგავთ, მეორე მხრივ, თუ ადამიანი იშრომებს, 2-3 ლარად მიიღებს 1 კილოგრამ მოცვს, რომელიც დედაქალაქის თუ ბათუმის ბაზარზე კვლავაც 8-9 ლარი ღირს, ხალხი კი ყიდულობს, რადგან მეტად სასარგებლო პროდუქტია.
- ჩვენი მუშახელი ის ადამიანები არიან, რომლებთანაც წლების განმავლობაში გვაქვს კონტაქტი. მათ უფასოდ შევთავაზეთ ჭარბი მოცვი. ვისაც რამდენი სურს, დაკრეფს და სურვილის შემთხვევაში, ალბათ, ბაზარზეც გაიტანს. თუმცა მოხალისე მუშახელს დიდი სიამოვნებით მივიღებთ, რადგან რაც არ უნდა საკუთარი ხარჯების ამოღება და მოგება გვქონდეს, მაინც არასასიამოვნოა, ამდენი შრომით მოწეული მოსავალი თვალწინ რომ გაგიფუჭდება.
- თუმცა, მაინც უცნაურად მეჩვენება, რომ ჭარბი მოსავალი ბაზარზე ვერ გაიტანეთ. ამ შემთხვევაში ექსპორტს ვგულისხმობ. როგორც ცნობილია, ქართული მოცვი გადის რუსეთის ბაზარზე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სანდოა, დღევანდელი მოცემულობით, ქართულ პროდუქციას უპრობლემოდ და შეუზღუდავად იღებს.
- მართალია, ამჟამად რუსეთი ქართული მოცვის ყველაზე დიდი ბაზარია, მაგრამ მაგის გარდა ქართულ მოცვს იღებენ პოლონეთი, გერმანია, სომხეთი, არაბთა საამიროები და სხვა. ჩვენს მოცვს დიდი პერსპექტივა აქვს აზიის სხვა ბაზარზე. შარშან 6 339,5 ტონა მოცვი გავიდა, რამაც თითქმის 43 მილიონი დოლარი შემოიტანა. არა მგონია, ეს ცოტა იყოს, თუმცა ბევრი რამ მხოლოდ ჩვენს მოცვზე არ არის დამოკიდებული! გლობალურმა ომებმა საწვავი იმდენად გააძვირა, რომ ტრაილერების მძღოლები უკვე ეჭვობენ, გაიტანონ თუ არა პროდუქცია საზღვარგარეთ. არა მხოლოდ გაძვირება, არამედ საწვავის კრიზისიცაა. მაგალითად, რუსეთში გამავალი ექსპორტის მძღოლებისგან ვიცი, რომ რუსეთში ტვირთის გატანის შემდეგ იქ საწვავი ვეღარ ჩაისხეს. ასე რომ, გარშემო არეულობა ჩვენზეც მოქმედებს...
ლურჯი მოცვის გაშენება ჩვენში 2011 წელს დაიწყო და უპერსპექტივო რომ ყოფილიყო, ფერმერები არ მოჰკიდებდნენ ხელს. პირიქით, როცა 2011 წელს გურიაში გაშენებული მოცვის მოსავალი სამაგალითოდ წარმატებული გახდა, სწორედ ამან მისცა სტიმული ჩვენთან მოცვის პლანტაციების გაშენებას. ამ მცენარეს სჭირდება მაღალი მჟავიანობის მიწა, ნესტი და მზე. ჩვენ ეგ ყველაფერი გვაქვს და ამიტომაც არის ქართული მოცვის მოსავალი ძალიან ხარისხიანი. სხვათა შორის, როდესაც პირველი პლანტაციები შენდებოდა, მახსოვს, რომ ამბობდნენ, მოცვი საქართველოში არ გაამართლებს, ზარალიაო, მაგრამ თავად გვაჩვენა, ამართლებს თუ არა. წლიდან წლამდე იზრდება საქართველოდან მოცვის ექსპორტი. ამიტომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მოცვიც უკვე ქართული კულტურაა.
ეთერ ერაძე