როგორ შეიქმნა ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია“, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის სექციაში - Venice Spotlight იქნება წარმოდგენილი
ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის, ახალი ფილმი "გურია“ ვენეციის კინოფესტივალის სექციაში - Venice Spotlight იქნება წარმოდგენილი.
Venice Spotlight კინოფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული სექციაა, სადაც შემოქმედებითი ორიგინალურობითა და ძლიერი მხატვრული ხედვით გამორჩეული ნამუშევრები იყრის თავს. წელს სექციისთვის მხოლოდ 8 ფილმია შერჩეული."ეროვნული კინოცენტრი ულოცავს რეჟისორსა და ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ მნიშვნელოვან აღიარებას“ - ინფორმაცია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრმა გაავრცელა.
ფილმში მოქმედება 90-იანი წლების დასაწყისში ხდება, როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. მძიმე ცხოვრების, ეკონომიკური გაჭირვების მიუხედავად, გურიის სოფელში მცხოვრები ფილმის გმირები მათთვის დამახასიათებელ იუმორს მაინც არ კარგავენ.
"90-იანები საერთოდ ძალიან კომპლექსური და საინტერესო თემაა. ჩვენი ახალგაზრდობის თემაა და თან კონფლიქტებით და ექსტრემალური სიტუაციებით სავსე დროა, ამით კიდევ უფრო საინტერესო დრო“, - ამბობს ფილმის რეჟისორი ლევან კოღუაშვილი, რომელმაც სწორედ ეს პერიოდი საქართველოს ერთ-ერთ უსაყვარლეს კუთხეში, გურიაში თავის ახალ ფილმში "გურია“ გადაიღო.
ლევან კოღუაშვილმა Ambebi.ge-ს რამდენიმე კითხვას უპასუხა:"ვენეცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინოფესტივალია და ის, რომ პრემიერა იქ შედგება, ცხადია, კარგია ფილმისთვის, საქმისთვის, მომავალი პროექტებისთვის, ქართული კინოს რეპუტაციისთვის. საერთოდ კარგი სასტარტო სიტუაცია და ადგილია იმისთვის, ფილმმა თავისი დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს...
- გურია რატომ აღმოჩნდა თქვენი ინსპირაციის წყარო? რატომ დაინტერესდით ამ კუთხით?
- საერთოდ, რეგიონებში გადაღება მიყვარს. რამდენიმე ფილმი მაქვს გადაღებული. იქ ხალხი ბევრად გახსნილია, თბილია, მეტად ადამიანური და შედარებით მშვიდი გარემოა. თან გურია, დასავლეთ საქართველო - ჩემთვის ახლობელია. ჩემი ბებია-ბაბუა - იმერეთი, აჭარა, გურიიდან არიან. ბავშვობაშიც იქ ხშირად დავდიოდი და მომწონდა.
წავიკითხე გიორგი კეკელიძის "გურული დღიურები“, მომეწონა. საქართველოში ყოველთვის ჭირს ლიტერატურული მასალა საფუძვლად რომ დავუდოთ და გიორგის შევეხმიანე. ვუთხარი, რომ "გურული დღიურები“ მომეწონა, ისიც, როგორც წერ და რამე ისტორია ხომ არ გაქვს ფილმისთვის რომ გამოვიყენო-მეთქი. ფილმისთვის გამოსადეგი ისტორია არ ჰქონდა, იმიტომ, რომ "გურული დღიურები“ არ არის სიუჟეტური ამბავი - უფრო მოგონებებია ბავშვობაზე.