ტრამპის „ისტორიული შეთანხმება“ განწირულია? -  არც „ჰამასი“ განაიარაღდება ბოლომდე და არც ისრაელი დატოვებს ღაზას - კვირის პალიტრა

ტრამპის „ისტორიული შეთანხმება“ განწირულია? -  არც „ჰამასი“ განაიარაღდება ბოლომდე და არც ისრაელი დატოვებს ღაზას

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი თავის ამპლუაშია და მან რამდენიმე საათის წინ მთელ მსოფლიოს საზეიმოდ ამცნო...

„დღეს მშვიდობის საბჭომ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია „ჰამასის“ და ღაზაში მოქმედი ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ეს არის მონუმენტური ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ.

„ეს შეთანხმება კრიტიკული ნაბიჯია იმისკენ, რომ ღაზას საბოლოოდ მართავდეს პალესტინის ახალი მთავრობა, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს მშვიდობის საბჭოსთან, პალესტინელი ხალხის დასახმარებლად. ამავდროულად, ისრაელს ექნება ის უსაფრთხოება, რასაც იმსახურებს. ღაზას ტერორისტული თავდასხმების ბაზად აღარ გამოიყენებენ“, - აცხადებს ტრამპი.

მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაში.

„შეთანხმება შესრულდება ფრთხილად, სტრუქტურირებულ ეტაპებად. განიარაღების დასრულების შემდეგ ისრაელის ძალები გავლენ და საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები იმუშავებენ პალესტინის ახალ საპოლიციო ძალებთან ერთად, რათა აიღონ პასუხისმგებლობა ღაზას უსაფრთხოებაზე მისი მაცხოვრებლებისა და მეზობლებისთვის“, - წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი მადლობას უხდის შუამავალ ქვეყნებს : ეგვიპტეს, კატარსა და თურქეთს. „მინდა, მადლობა გადავუხადო შუამავლებს - ეგვიპტეს, კატარსა და თურქეთს - მათი მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის და განსაკუთრებით ჩემს გამორჩეულ გუნდს, რომელთა დაუღალავმა შრომამ შესაძლებელი გახადა ეს ისტორიული გარღვევა. საფრთხე, რომელიც 7 ოქტომბერს ღაზიდან გაჩნდა, აღარ აღდგება! ამ შეთანხმების თანახმად, ღაზა საბოლოოდ პალესტინის ახალი მთავრობის ხელში აღმოჩნდება, რომელიც თავის ხალხს ემსახურება“, - წერს ტრამპი.

თუკი ეს ყველაფერი მართლაც განხორციელდება, მაშინ პრეზიდენტი ტრამპი მართლაც იქნება ღირსი მიენიჭოს 2027 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, რაზეც ასე ოცნებობს ეს 80 წლის ამერიკელი ბიზნესმენ-პოლიტიკოსი, მაგრამ...

ბევრი „მაგრამ“ გროვდება, რომლებიც ძალიან საეჭვოს ხდიან აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ამ „ზღაპრულ იმედებს“, ერთმანეთს შეარიგოს სამკვდრო-სასიცოცხლოდ საუკუნოვნად გადამტერებული ებრაელები და პალესტინელები...

და პირველ რიგში, პრეზიდენტ ტრამპს ეს კარგი წამოწყება მისმა „საუკეთესო მეგობარმა ბიბიმ“ - ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეიძლება ჩაუშალოს...

2-gaza-1785488974.png
„ჰამასი“ შეიძლება დათანხმდეს მძიმე შეიარაღების ჩაბარებას, მაგრამ ბავშვობიდან შეზრდილ „კალაშნიკოვებს“ „ჰამასის“ მებრძოლები არაფრის დიდებით არ დათმობენ...

რამდენიმე დღის წინ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპიც და ნეთანიაჰუც გაღიმებული და გახარებულები გამოვიდნენ, რაც შეიძლება, მათ სრულ ურთიერთგაგებაზე მიუთითებდა, მათ შორის ირანთან ომის ერთობლივი ძალებით გაგრძელების თაობაზე.

დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებისას ტრამპი და ნეთანიაჰუ აუცილებლად შეეხებოდნენ ღაზას სექტორის შემდგომ ბედსაც და ლოგიკურად რაღაცაზეც შეთანხმდებოდნენ კიდეც, რაც ტრამპმა ახლა გააჟღერა, თუმცა ისრაელის საწინააღმდეგო რეაქციამაც არ დააყოვნა...

ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და სხვა პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფების განაირაღება არ კმარა, აუცილებელია ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის, სარაკეტო დანადგარებისა და საბრძოლო მასალის სრული გატანა ღაზას სექტორიდან -ასეთი კატეგორიული მოთხოვნა აქვს ოფიციალურ თელ-ავივს.

3-gaza-1785488974.jpg
ღაზას სექტორში ბრძოლებით შესული და იქ ფეხმოკიდებული ისრაელის „ცახალი“ უკან გამომსვლელი აღარ არის...

თავის მხრივ, „ჰამასის“ ხელმძღვანელობა თითქოს თანახმაა, ჩააბაროს მძიმე შეიარაღება -ნაღმსატყორცნები და სარაკეტო მობილური დანადგარები, თუმცა „კალაშნიკოვის“ ავტომატების დაყრას არ აპირებს და თუნდაც ამაზეც დაყაბულდეს, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ „ამ „კალაშნიკოვის“ გვერდზე დაბადებულმა და გაზრდილმა „ჰამასის“ მებრძოლმა ის საიმედოდ არ გადამალოს, ხოლო ღაზის სექტორის დასახლებულ პუნქტებში ახლო მანძილზე ორთაბრძოლებისას, „ჰამასის“ „კალაშნიკოვები“ კვლავ უდიდეს საფრთხედ დარჩებიან ისრაელის სამხედრო პატრულებისთვის...

ის, რომ ისრაელი აღარ გავა ღაზის სექტორიდან, მიუთითებს თანამგზავრული ფოტოებიც, რომლებზეც ძალიან კარგად მოჩანს, რომ ისრაელის არმიის „ცახალის“ შეჯავშნულმა ბულდოზერებმა როგორ ააგეს მაღალი მიწაყრილები ღაზას სექტორში და ის კიდევ უფრო მომცრო სექტორებად დაყვეს.

ეს „ცახალის“ ქვეითებსა და ჯავშანტექნიკას უფრო გაუადვილებს ქალაქის პირობებში ბრძოლებს „ჰამასის“ მობილური სადივერსიო ჯგუფების ლოკალიზაციისთვის, თუკი შეიარაღებული დაპირისპირება იქ ახალი ძალით გაჩაღდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის - ნეთანიაჰუს პარტია ახალი არჩევნებისთვის ემზადება და მისთვის პოლიტიკურად ძალიან წამგებიანი იქნებოდა ახლა და, საერთოდ, ღაზას სექტორიდან გამოსვლა, რომლის დიდ ნაწილს ისრაელის თავდაცვის არმიის ჯარისკაცები აკონტროლებენ და არც ისე ბევრია დარჩენილი, რომ „ჰამასი“ წელში საბოლოოდ „გადატეხონ სწორედ ის „ჰამასი“, რომელმაც 2023 წლის 7 ოქტომბერს სისხლიანი ტერორისტული გალაშქრება მოაწყო ღაზის სექტორიდან ისრაელის კიბუცებზე და იქ საშინელებები ჩაიდინა...