სკანდალური სტატია: ევროპის დიდი ხანძრები ტრამპის ბრალი ყოფილა?! - "აშშ-ის მიერ „გამოცხადებულ“ ეკოლოგიურ ომს ეკონომიკური პასუხი უნდა გაეცეს" - კვირის პალიტრა

სკანდალური სტატია: ევროპის დიდი ხანძრები ტრამპის ბრალი ყოფილა?! - "აშშ-ის მიერ „გამოცხადებულ“ ეკოლოგიურ ომს ეკონომიკური პასუხი უნდა გაეცეს"

ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) ევროპაში მიმდინარე კატასტროფულ ხანძრებს ეხმაურება და ბეჭდავს კრიტიკულ სტატიას სათაურით: „ევროპა იწვის. თუ ჩვენ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ეკოლოგიურ ომს სანქციებით არ ვუპასუხებთ, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება“ (ავტორი - ალექსანდრე ჰერსტი). „თეთრი სახლი, როგორც ჩანს, ეკოციდს ახორციელებს. ევროკავშირი მთელი თავისი ძლიერებით უნდა შეეცადოს, რომ ვაშინგტონს კურსი იძულებით შეაცვლევინოს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ვაცნობიერებთ კი ჩვენ იმას, რაც ევროპაში ხდება? იმ დროს, როცა კონტინენტის დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი იწვის, ვფიქრობთ თუ არა ჩვენს მდგომარეობაზე, თუ რა ბედი ეწევა ეკონომიკას, სასურსათო სისტემას, პოლიტიკურ სტაბილურობას და ჩვენს უნარსაც კი - მომავლის დასაგეგმად, როცა ყველაფერს ხანძარი ნთქავს?

პარიზმა იმას, რაც ჩვენ, ევროპელებს, წინ გველოდება, უკვე „გემო გაუგო“, როცა ერთი კვირის წინ ფონტენბლო გადაიწვა - სამოთხისებური ადგილი, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ნაკრძალი. მაგრამ ტყის ის ხანძრები, რომლებმაც მადრიდისა და ბორდოს შემოგარენი ამობუგა, ფონტენბლოსთან შედარებით აპოკალიპტურად მოჩანს. ბორდოსა და ჟირონდის ირგვლივ ათეულ ათასობით ჰექტარი ტყე დაიწვა, რის შედეგადაც „ცეცხლოვანი ქარიშხალი“ წარმოიქმნა და ხელისუფლება იძულებული გახდა, მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია განეხორციელებინა. ეს იყო მოსახლეობის უდიდესი გადაადგილება საფრანგეთის ისტორიაში, მშვიდობიანობის დროს. მეხანძრეების გმირობის შედეგად მილიონამდე ადამიანი უბედურებას გადაურჩა.

ორიოდე დღის წინ, ესპანეთში, მადრიდის ახლოს ყველა ხანძარი შეერთდა და ქალაქი თითქმის ალყაში მოექცა. აქაც მეხანძრეებმა ენერგიულად იმოქმედეს და ალყა „გაარღვიეს“, მაგრამ ისედაც უტყეო ესპანეთის ცენტრალურ ნაწილში რაც ხეები იყო, ისინიც პირწმინდად დაიწვნენ. ქვეყანას ჰაერის მორიგი ცხელი ტალღები ჯერ კიდევ წინ ელოდება.

ევროპის სამხრეთში - საბერძნეთ-იტალიაში, სიცილიასა და კრეტაზე, ჩრდილოეთში - თვით გრილ ნორვეგიამდე, „ამინდის კატაკლიზმები“ მძლავრობს. ისტორია ერთი და იგივეა: უპრეცედენტო ცხელმა ზაფხულმა უპრეცედენტო ცეცხლის ქარიშხალი გამოიწვია.

ატლანტიკის იქითა მხარეს, კანადაში გაჩენილმა ხანძრებმა ისეთი სქელი კვამლი წარმოქმნა, რომ მეზობლად, აშშ-ის ტერიტორიაზე გადავიდა და ამერიკის ქალაქების თავზე ცა გააშავა. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, რომლებიც MAGA-ს იდეების („ამერიკა უპირველეს ყოვლისა“) მხარდამჭერნი არიან, რეაგირება იმით კი არ მოახდინეს, რომ რაიმე დახმარება შეეთავაზებინათ ჩრდილოელი მეზობლისათვის (თვითონ კანადა ხშირად ეხმარებოდა თავის სამხრეთ მეზობელს ტყის ხანძრების ჩაქრობაში), არამედ - თეთრ სახლს ანტიკანადური სანქციების შემოღება მოსთხოვეს - ოტავა ეკოლოგიურ გარემოს გვიზიანებსო (...).

ცხადია, რომ ასეთი მასშტაბის კატასტროფა უეჭველად და გარდაუვლად იქნებოდა პოლიტიზებული. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა დაგმო დეზინფორმაციებისა და „შეთქმულების თეორიების“ გავრცელება, რომლებიც ხანძრებთან არის დაკავშირებული. საფრანგეთის ოპოზიციამ ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ მთავრობამ დროულად არ შეიძინა ორი დამატებითი ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავი. თავის მხრივ, მთავრობა ბრალს სდებს ოპოზიციას პოლიტიკური ქულების არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვებაში.

მაგრამ ბრალდებებით „თამაშის“ დროს არავინ ფიქრობს იმას, რომ ჰაერი, რომელიც ხანძრების შედეგად წარმოქმნილი მავნე მინარევებით და ნახშირორჟანგით ჭუჭყიანდება, საზღვრებს არ ცნობს, დრეიფობს და ჩვენს საერთო ატმოსფეროს წარმოადგენს...

თუ [ჯორჯ ორუელის „ცხოველთა ფერმის“] პერიფრაზირებით ვისარგებლებთ, „ჩვენ ყველა პასუხისმგებლები ვართ შექმნილ ვითარებაზე, მაგრამ ზოგიერთები ჩვენზე მეტად არიან პასუხისმგებლები“. ვთქვათ პირდაპირ: აშშ ყველაზე მეტად არის პასუხისმგებელი იმაში, რომ პლანეტის ატმოსფეროში ნახშირორჟანგი დაგროვდა, ვიდრე - სხვა დანარჩენი ქვეყნები, ისტორიულად მისი წილი ერთი მეხუთედია დედამიწის ატმოსფეროს გაჭუჭყიანებაში. დღესაც აშშ რჩება უდიდეს წყაროდ ერთ სულ მოსახლეზე გამონაბოლქვი მავნე გაზების მიხედვით, საუდის არაბეთთან ერთად. ობიექტურად თუ ვიტყვით, ამერიკას არ ჩამოუვარდება კანადა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, მაგალითად, კატარი.

როცა ვამბობთ, რომ აშშ თავისი არსებობის ისტორიაში ობიექტურად არის დამნაშავე ატმოსფეროში ყველაზე მეტი მავნე გაზების გამოყოფაში, ამ დროს კარგი იქნებოდა, რომ ვაშინგტონი სიტუაციის გამოსწორებას ცდილობდეს, მაგრამ თეთრი სახლი ამას არ აკეთებს. შევადაროთ აშშ-ს ჩინეთი, რომელსაც ყველა ადანაშაულებს მავნე გაზებით ჰაერის მეტწილად გაჭუჭყიანებაში. დიახ, პეკინი ატმოსფეროს აჭუჭყიანებს, მაგრამ პარალელურად, სწრაფი ტემპით ავითარებს ენერგიის განახლებად წყაროებს და ამჟამად მსოფლიოს ენერგეტიკის „მწვანე“ დარგში დომინირებს. ამ დროს კი აშშ ჯიუტობს: მისი კომპანიები, რომლებიც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით, ენერგეტიკის განვითარებით და ავტომშენებლობით არიან დაკავებულნი, ათწლეულების განმავლობაში მალავდნენ გარემოს გაჭუჭყიანების მონაცემებს და ლობირებით ხელს უშლიდნენ კიოტოს ოქმის (კლიმატის ცვლილების კონვენციის) მოთხოვნების რეალიზებას. სხვათა შორის, კიოტოს ოქმის დენონსაცია აშშ-მა ჯორჯ ბუშ-უმცროსის პრეზიდენტობის დროს განახორციელა. ამას მოჰყვა ფიქლების გაზის მოპოვების სწრაფი ზრდა (ჰიდროგარღვევის მავნე მეთოდით) ბარაკ ობამას დროს და ბოლოს, შეერთებული შტატების გასვლა პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის პერიოდში.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მეორედ მოსვლის შემდეგ აშშ იმდენად გასცილდა გარემოს დაცვაში დაუმორჩილებლობის საზღვრებს, რომ მის მოქმედებას ეკოლოგიური ომიც კი შეიძლება ვუწოდოთ. ტრამპის ადმინისტრაციას ნაკლებად აღელვებს დედამიწის ბედი. მავნე ეკოლოგიური პოლიტიკა არათუ არ წყდება, პირიქით, უფრო მეტი ძალისხმევით ხორციელდება პრაქტიკაში, სულ უფრო მეტად ხდება გაზისა და ნავთობის მოპოვება-გამოყენება. ასეთი მოქმედებით აშშ მთელ დანარჩენ მსოფლიოს უპირისპირდება და კონფლიქტურ სიტუაციას ქმნის. მაშ, მოდი, სერიოზულად ვუთხრათ ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს, რომლებიც სხვებს (ამ შემთხვევაში კანადას) აკრიტიკებენ: როცა ამერიკის ცას შავი კვამლის ღრუბლები ფარავს, როცა ტყეები ნაცრად იქცევა, ხომ არ სჯობს, რომ ამაში საკუთარი მთავრობაც - ანუ ყველაზე მეტად დამნაშავე მხარეც - გააკრიტიკოთ და „დასაჯოთ“?

ჩვენი გაზეთი „გარდიანი“ ამას წინათ იტყობინებოდა, რომ ქვეყნები, რომელთა ინდივიდუალური წილი ატმოსფეროს გაჭუჭყიანებაში 2%-ზე დაბალია, მთლიანობაში მათი კოლექტიური წილი 33%-ს აღემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი ქვეყანა მარტო ვერ შეძლებს ატმოსფეროში მიმდინარე მავნე პროცესების შეცვლას, მაგრამ კოლექტიურად პროცესის სისწრაფის შენელება შესაძლებელია.

და როცა საქმე ევროპამდე მივა, ჩვენ რაღაც მნიშვნელოვნის გაკეთებას შევძლებთ: ვისარგებლებთ საერთო ბაზრის ძლიერებით და ვაიძულებთ მსოფლიოში ყველაზე დიდ მოთამაშეს, თავისი პოლიტიკური კურსი შეცვალოს. ასევე, ვაიძულებთ, რომ დააფინანსოს კლიმატური კრიზისისადმი ადაპტაციისაკენ მიმართული გლობალური ძალისხმევა (...).

თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური მომავლის დასაცავად ევროპამ უნდა აღიაროს, რომ აშშ-ის მიერ „გამოცხადებულ“ ეკოლოგიურ ომს ეკონომიკური პასუხი უნდა გაეცეს, სხვა ქვეყნებთან კოორდინაციით, ჩინეთის ჩათვლით. იქნებ დაგვეწესებინა გარკვეული სანქციები, გარკვეული გონივრული გადასახადები აშშ-ის საქონელზე და მიღებული დივიდენდები გადაგვენაწილებინა იმ ქვეყნებზე, რომლებიც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობას ამცირებენ?

შესაძლოა, ზოგიერთებმა ეს მეთოდი არასწორად და სულელურად ჩათვალონ, მაგრამ რაც ნამდვილად სულელურია, ეს არის დღევანდელი სიტუაცია. აი, სადამდე მიგვიყვანა ათწლეულობით უმოქმედობამ და არასაკმარისმა გადაწყვეტილებებმა. ევროპამ არ უნდა მისცეს ბოროტი მილიარდერებისა და ეკოციდის იდეოლოგების ხელში მყოფ ამერიკას იმის შესაძლებლობა, რომ კატასტროფული შედეგების მორევში ჩაითრიოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო