როგორ გაუსწორდა სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული "ბადუკა" ჯანგველაძის საქმეზე მსჯავრდებულ მიქაძეს - დიდი დავის დეტალები
ბადრი ნათობაძეს, იგივე „ბადუკას“, რომელიც ციხეში სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის სასჯელს იხდის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მიქაძის მიმართ ციხეში განხორციელებული სადამსჯელო მოქმედებების, მათ შორის, ე.წ. შუმოკის მოწყობის გამო 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მასთან ერთად ბრალდებულები იყვნენ - „კანონიერი ქურდი“ კაკო ტუღუში, ლევან მოისწრაფიშვილი, ნოდარ ნიშნიანიძე, თამაზ მეფარიშვილი, ნანა მეფარიშვილი და გიორგი კირთაძე.
ბრალდების მიხედვით, „კანონიერი ქურდები“ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მიქაძის სასჯელაღსრულების N6-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ, ციხეში მყოფ მსჯავრდებულებს დაუკავშირდნენ და გიორგი მიქაძის მიმართ სადამსჯელო მოქმედებების, მათ შორის, ე.წ. პრაგონისა და ე.წ. შუმოკის განხორციელება დაავალეს.უფრო კონკრეტულად, „ქურდული სამყაროს“ წევრებს „კანონიერი ქურდი“ კაკო ტუღუში დაუკავშირდა. „ქურდული სამყაროს“ წევრი ლევან მოისწრაფიშვილი ტელეფონით დაუკავშირდა თავისუფლებაში მყოფ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ გიორგი კირთაძეს, რომელსაც თხოვა სხვა ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით დაკავშირებოდა საზღვარგარეთ მყოფ ასევე „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ თამაზ მეფარიშვილს. ის კი სხვა ტექნიკური მოწყობილობის საშუალებით დაუკავშირდებოდა „კანონიერ ქურდს“ კაკო ტუღუშს.
ბრალდების მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით „ქურდული გარჩევა“ მოეწყო, რა დროსაც, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული პირების ქმედება უარყოფითად შეფასდა. ამავე ბრალდების მიხედვით, „კანონიერმა ქურდმა“ კაკო ტუღუშმა, ლევან მოისწრაფიშვილს “კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვითაც, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე იყვნენ მათთვის მიუღებელი სტატუსის მატარებელი პირები, რომელთა მიმართაც სადამსჯელო მოქმედებები უნდა განეხორციელებინათ, ხოლო, ვინც მათ მხარს არ დაუჭერდა, ავტომატურად გახდებოდნენ მათთვის მიუღებელი სტატუსის მატარებლები.