„არის პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების საფრთხე და ...“
გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას მთავრობაში მორიგი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ ამცნო. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც სულ რაღაც 3 თვის წინ შეიქმნა და მამუკა მდინარაძეს ეკავა, სექტემბრის დამდეგს გაუქმდება. ასევე გაუქმდება საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო. მისი მინისტრი კახი გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს. რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, რომელიც 8 თვის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა და გენერალ-მაიორის წოდებაც კი მიანიჭეს, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში ახალშექმნილ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს და შეინარჩუნებს ვიცე-პრემიერის პოსტსაც. ამასთანავე, კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ, რის მიზეზადაც ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
სწორედ ამ სამთავრობო-სტრუქტურული ცვლილებების შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

- ერთხანს ისეთი ვითარება იყო, თითქოს ივანიშვილმა დაკარგა მთავრობაში ძალოვან სტრუქტურებზე გავლენა და, ფაქტობრივად, გავიდა თამაშიდან. ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა გადაადგილებები მთავრობაში და ის, რაც ხელისუფლებაში ხდებოდა. ვგულისხმობ იმ პერიოდს, როდესაც ანრი ოხანაშვილი დანიშნეს სუს-ის უფროსად. ისე, სად გაქრა ეგ პატივცემული, ფართო საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე უცნობია. მაგრამ, როგორც ჩანს, ივანიშვილმა ისევ გადაწყვიტა, რომ მას ჰქონოდა კონტროლი ძალოვან სტრუქტურებზე და ამას მოჰყვა შესაბამისი გადაწყვეტილებები მთავრობაში და მივიღეთ ძალოვანი სტრუქტურების ისეთი განაწილება, როდესაც მისი ხელმძღვანელები უშუალოდ ივანიშვილს ემორჩილებიან და მათზე პრემიერ კობახიძეს გავლენა არა აქვს.
ამასთანავე, გაჩნდა საჭიროება, რომ მდინარაძისთვის მოეძებნათ რაიმე ადგილი. თავიდან ასეთი რბილი გადასვლა გააკეთეს: შექმნეს ახალი უწყება, რომელიც თითქოს კოორდინაციას უწევდა ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ, როგორც ჩანს, იქაც ისევ სიფრთხილე გამოიჩინა ივანიშვილმა და ეს თანამდებობაც გააუქმა. ისე, ძალოვანი სტრუქტურების კოორდინატორის თანამდებობა, რომელზეც მდინარაძე სუს-ის უფროსობიდან გადაიყვანეს, ფაქტობრივად, არაფრისმომცემი იყო, მაგრამ მაინც რაღაც წონა ჰქონდა მისთვის, ალბათ. ახლა კი გვამცნეს, რომ რეგიონული განვითარების ახალ უწყებას ქმნიან და ახლა იქ დაასაქმებენ. მოკლედ რომ შევაფასოთ ეს პროცესები, მდინარაძე და კობახიძეც, ფაქტობრივად, ჩამოაშორეს ძალოვან სტრუქტურებს.
აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთ სისტემაში, რომელშიც დღეს ვართ, მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ აკონტროლებს ძალოვან სტრუქტურებს. ივანიშვილმა ყველაფერი დააბრუნა თავის ადგილზე: თვითონ აქვს მმართველობა და მისი ერთგული ხალხია ძალოვან სტრუქტურებში.
არის კიდევ ერთი მომენტი: როდესაც რეგიონებზეა საუბარი, თავი რომ დავანებოთ იმას, თუ რამდენად შეესაბამება ამ უწყების შექმნა კონსტიტუციას, არის კიდევ ერთი საკითხიც: შესაძლოა საარჩევნოდ რეგიონების გასაკონტროლებლად გამოიყენონ ეს ახალი უწყება და მისი ხელმძღვანელი. ვნახოთ, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს ყველაფერს. ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ოხანაშვილივით მდინარაძეც სადმე გააქრონ...
რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, მე არ ვიცი, ვისი კადრი იყო თინათინ რუხაძე, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც ამ გადაჯგუფებებში მოყვა. ვნახოთ, ვინ დაინიშნება კულტურის ახალ მინისტრად - ამით გამოჩნდება, რუხაძე რატომ გაუშვეს და ვისმა ფრთამ გაიმარჯვა. ჯერ ისე ჩანს, რომ მთავრობაში გადაადგილებები არ დასრულებულა. არ გამოვრიცხავ უახლოეს მომავალში კიდევ ვიხილოთ სახელისუფლებო ცვლილებები...
- რამდენიმე თვის წინ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნებოდა უფასო. ამასთანავე, განათლების მორიგი რეფორმის თანახმად, კერძო უნივერსიტეტებში მანამდე არსებული საგრანტო სისტემა აღარ იმუშავებდა, თუმცა ორიოდე დღის წინ გვითხრეს, რომ სწავლა სულაც არ იქნება უფასო - სტუდენტი 100%-იან დაფინანსებას ვერ შეინარჩუნებს, თუ გარკვეული ოდენობის (80%) კრედიტები არ დააგროვა. ასეთ შემთხვევაში მას მხოლოდ 50%-იანი დაფინანსების მიღება შეუძლია. ის სადავო არ არის, რომ სტუდენტმა უნდა ისწავლოს და აკადემიურ მოსწრებაზე იზრუნოს, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ მორიგი ტყუილი აღმოჩნდა უფასო უმაღლესი განათლება, მაინცდამაინც კარგად ვერ წარმოაჩენს ხელისუფლებას... როგორ შეიძლება შეფასდეს მთელი ეს პროცესი?
- უმთავრესი არგუმენტი, როდესაც ეს რეფორმა გატარდა, იყო სწორედ ის, რომ სწავლა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში უფასო იქნებოდა. ხელისუფლება მუდმივად აპელირებდა ამაზე და ეს იყო წონადი არგუმენტი, რასაც მხარდაჭერა ჰქონდა მოსახლეობაშიც - უფასო სწავლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში ყველასთვის მისაღები იყო.
რადგან ეს რეფორმა უკვე გატარდა და დღეს ხელისუფლება ამ კონკრეტულ საკითხზე საზოგადოების პროტესტის საფრთხეს ვეღარ გრძნობს, უკვე გადაწყვიტა იმ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა, რის წინაშეც აღმოჩნდა - ასეთი რაოდენობის სტუდენტთა სრული დაფინანსება ხელისუფლებას ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემას შეუქმნიდა. შესაბამისად, უნდა გამოენახა გზა - ან მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა უნდა შეემცირებინა, ან დაფინანსების ახალი სტანდარტი შემოეტანა. თქვენ სწორად აღნიშნეთ, თუ ეს მიბმული იქნება აკადემიურ მოსწრებაზე, ცუდი თითქოს არ არის, მაგრამ აქ ჩნდება ჩრდილოვანი საფრთხე, ანუ ნაცნობობის, ჩაწყობის, მოკლედ, კორუფციის, რაც ერთხანს გამეფებული იყო უნივერსიტეტებში და ბოლო წლებში ნელ-ნელა გაქრა. მოკლედ, შემოთავაზებული მოდელი ქმნის საფრთხეს, რომ უნივერსიტეტებში ეს მანკიერი პროცესები დაბრუნდება. შეიძლება პირველივე წელს ასე არა, მაგრამ ნელ-ნელა ეს აუცილებლად იქამდე მიგვიყვანს.
- ანუ რეფორმას რა ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემები შეიძლება მოჰყოლოდა ეს ნახევარი წლის პერსპექტივაშიც ვერ გათვალეს?
- არა, ჩემი აზრით, მშვენივრად გათვალეს და ეს ყველაფერი თავიდანვე ჰქონდათ დაგეგმილი, უბრალოდ, მოგვატყუეს... თავდაპირველად მხოლოდ იმიტომ არ თქვეს, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილება არ გამოეწვიათ.…
- ბატონო ვახტანგ, ამ რამდენიმე დღის წინ MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ახალი მოძრაობა "ეროვნული თაობა" დააფუძნა, რომელიც ქართულ ღირებულებებს, ფასეულობებსა და ტრადიციებს დაიცავს. ამას საზოგადოების დიდი აღშფოთება მოჰყვა, განსაკუთრებით ქართველიშვილის განცხადებას: "მზად ვართ თითოეულ ქმედებაზე ვაგოთ პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავიდეთ". ბევრმა თქვა, რომ "მხედრიონი 2" დაფუძნდა და სამოქალაქო დაპირისპირების რისკებზეც გაკეთდა განცხადებები. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? მართლა ყველაფერი თუ ისე წარიმართა, რასაც ქართველიშვილი გვპირდება, რა შეიძლება მივიღოთ ქვეყანაში?
- დავიწყოთ იმით, რომ ხელისუფლების ჩუმი თანხმობის გარეშე ასეთი რამეები არ კეთდება. ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში ასეთი არაერთი ჭირი გამოვიარეთ: ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროს უამრავი საძმო შეიქმნა, გასამხედროებული, ნახევრად გასამხედროებული დაჯგუფებები და ასე შემდეგ. ამ ყველაფერმა საბოლოოდ მართლაც მიგვიყვანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე.
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქართველიშვილს და რამდენიმე კაცს მოუვიდათ თავში ეს აზრი და ეს არ ყოფილა შეთანხმებული მთავრობა-ხელისუფლებასთან.
სხვათა შორის, თავის დროზე„"ნაციონალურ მოძრაობასაც" ჰყავდა ამგვარი ზონდერჯგუფები. ისინი, როგორც წესი, ფარულად მოქმედებდნენ, დღეს კი აშკარად, პრესკონფერენციაზე გამოცხადებით შეიქმნა ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ იმოქმედებს კანონის გარეშე და შეასრულებს იმ შავრაზმულ საქმეებს, რასაც, დიდი ალბათობით, ხელისუფლება ერიდება. როგორც ჩანს, მათ აქვთ გარანტია იმისა, რომ მართლაც შეიძლება დაიწყონ ქუჩური გარჩევები, რაზეც პასუხს არავინ მოსთხოვს.
მიგვიყვანს თუ არა ეს სამოქალაქო დაპირისპირებამდე? - არა მგონია, ქართველიშვილის ჯგუფი იმდენად დიდი და მრავალრიცხოვანი იყოს, რომ მან საზოგადოებაში დაპირისპირებამდე მიყვანა შეძლოს, მაგრამ ღრმა პოლარიზაცია რომ არის ქვეყანაში და კიდევ უფრო გაღრმავების საფრთხე რომ არის, ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს - აი, ეს არის უდიდესი პრობლემა. შეიძლება მართლაც გადაიდგას პროვოკაციული ნაბიჯი და სამოქალაქო დაპირისპირებისკენ წაიყვანოს საქმე. ღმერთმა დაგვიფაროს, მე უკიდურეს სცენარზე ვლაპარაკობ... თუ შევაჯამებთ არსებულ ვითარებას, ჯერ მხოლოდ განცხადებებია, რითაც ქვეყანაში ძალმომრეობის და ძალადობის აფიშირება ხდება. ეს ჯგუფი არანაირი ტრადიციების დამცველი არ არის, არც ეს და არც ხელოვანთა რაღაც გაერთიანება, რომელიც ახლახან შეიქმნა.
- "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელმა და ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ყიფიანმა წამოაყენა წინადადება, რომ გაერთიანდეს ოპოზიცია სამართლიანი საარჩევნო კოდექსის მოთხოვნისთვის, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციაში. თქვენ როგორ მიგაჩნიათ, სწორია საკითხის ასე დაყენება? მოხერხდება თუ არა, თუნდაც აი, ამ ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი თემის გამო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალების გაერთიანება და თუ მოხერხდა, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს?
- საღი თვალით თუ შევხედავთ ვითარებას, ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა ფაქტობრივად დაამთავრა - უამრავი შესწორება შევიდა და საბოლოოდ საკუთარ თავზე მოირგო „"ქართულმა ოცნებამ"“ ეს კოდექსი. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას დიდი სურვილი არ ექნება რაღაც შეცვალოს ან ამ საკითხზე დისკუსიაში ჩაერთოს. მოკლედ, ოპოზიცია რომც გაერთიანდეს, მეეჭვება, ხელისუფლება რაიმე დათმობაზე წავიდეს.
მაგრამ არის მეორე მომენტი, რაც სწორი და ოპოზიციისთვის მომგებიანი იქნება პროპაგანდისტულად ქვეყანაში თუ მის გარეთ. თუ ოპოზიცია შეთანხმდება, ერთად იმუშავებს და წარმოადგენს კოდექსის მისეულ ვერსიას, ამით დასრულდება ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაც რევოლუციას და გადატრიალებას აპირებს. ისინი ხელისუფლებას წაართმევენ პროპაგანდის ერთ-ერთ ძლიერ არგუმენტს, რომ ოპოზიციას დაპირისპირება სურს. თუმცა მეეჭვება ესეც კი მოახერხოს ოპოზიციამ.
მოგეხსენებათ, ამაზე რა რეაქცია ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, როგორ გაილაშქრა ამ იდეის წინააღმდეგ, გამოგვიცხადა, გამოვალ ციხიდან, როგორც ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვალ ხელისუფლებაშიო.… გასაოცარია, რომ ვერ ხვდება, ამგვარი განცხადებებით ოპოზიციას და საპროტესტოდ განწყობილ ადამიანებს კი არ ეხმარება, ხელს უშლის, მეტიც, ხელისუფლების პოზიციას აძლიერებს.
მოკლედ, ოპოზიციამ უნდა გადახედოს თავის გეგმებს და შეეცადოს პროპაგანდისტულ ფლანგზე მაინც ჰქონდეს წარმატება. ოპოზიციამ ეს ნაბიჯი, ალბათ, უნდა გადადგას თუნდაც იმისთვის, რომ გამოიკვეთოს, ვინ რას და როგორ აპირებს არჩევნებისთვის.
- დასასრულ, მოკლედ მინდა შევეხოთ კიდევ ერთ საერთაშორისო ცხელ თემას, რომელმაც ძალიან ბევრი საკითხი გადაფარა. ეს არის მიგრანტების კრიზისი ესპანეთში.
- გამიჭირდება ამ პროცესების შეფასება, რადგან არა ვარ ამ საქმეში ჩახედული, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, როგორ კარგად გამოიყენა ეს სახელისუფლებო პროპაგანდამ ევროპისა და ზოგადად დასავლეთის "გასაშავებლად". არ იცვლება და არც შეიცვლება „"ქართული ოცნების"“ პოლიტიკური განაცხადი - ევროპა გვინდა, მაგრამ ასეთი არაო... „"ქართულმა ოცნებამ"“ კარგა ხანია გადალახა წითელი ხაზები ევროპასთან ურთიერთობაში. თავისთავად ევროპასაც, რა თქმა უნდა, აქვს პრობლემები, თუნდაც მიგრანტები, მაგრამ „"ქართულ ოცნებას"“ საერთოდ არა აქვს ამაზე სალაპარაკო.
სამწუხაროდ, მივდივართ იქით, რომ ერთ დღესაც, ალბათ, გვეტყვიან, 2028 წლამდე კი არ ვაჩერებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს, გადავწყვიტეთ საერთოდ ჩამოვცილდეთ ევროპასო. ჯერ ამას ვერ ბედავენ, ვერც ამბობენ, მაგრამ უცდიან, როგორ განვითარდება მოვლენები. საბოლოოდ მათი ეს პოლიტიკა სწორედ აქამდე მიიყვანს ქვეყანას.
ევროპა კი რაღაცნაირად თავსაც მოუვლის და მიგრანტების პრობლემებსაც გადალახავს, აი, ჩვენ რა გვეშველება, ეგ არ ვიცი.