ორი დიდი ომი და ქართული ეკონომიკა: რა გაძვირდება და გაიაფდება და როდის დასწევენ ბანკები საპროცენტო განაკვეთს?! - სოსო არჩვაძის ანალიზი
რეალური მშპ-ის ზრდამ 2026 წლის ივნისში, შარშანდელ ივნისთან შედარებით, 8,6% შეადგინა "საქსტატის" მონაცემებით, პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 7,9%-ით განისაზღვრა. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: გადამმუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. კლების ტენდენცია კი აღირიცხა სამთომომპოვებელი მრეწველობისა და ენერგეტიკის სექტორებში. რას ნიშნავს ეს მონაცემები რიგითი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებისთვის, რატომ ვერ გრძნობენ ისინი ეკონომიკურ ზრდას და რა პროცესებია მოსალოდნელი შემოდგომისთვის, ამ საკითხებზე ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ვესაუბრებით.
- ეს მაჩვენებლები ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს, რომ მიუხედავად ყოველგვარი სკეპტიკური თუ ირონიული დამოკიდებულებისა, ეკონომიკა წინ მიდის. შეიძლება ვიკამათოთ, რამდენად ადეკვატურად ასახავს სტატისტიკური მონაცემები ეკონომიკაში არსებულ რეალობასა და ტრენდს, მაგრამ თვითონ ტრენდი რომ დადებითია და ზრდისკენ არის მიმართული, უდავოა.
- ეკონომიკა თუ ასე იზრდება, რატომ არ აისახება მოსახლეობაზე?
- ეკონომიკა ვითარდება და პროგრესი აშკარაა, თუმცა ჩვენ გვსურს გაცილებით სწრაფად წავიდეთ წინ. როდესაც ჩვენი სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს არ ემთხვევა, ეს იმედგაცრუებასა და გაღიზიანებას იწვევს.
- ფასები ახდენს გავლენას ჩვენს ჯიბეზეც და აღქმებზეც. ამ მხრივ რა მოლოდინებია?
- ვერც ერთი ობიექტურად მოაზროვნე ანალიტიკოსი თუ ეკონომისტი ვერ მოგვცემს გარანტიას, რომ ფასების ზრდა არ გაგრძელდება. აქ მთავარი ის კი არ არის, გაიზრდება თუ არა, არამედ ის, რომ ცალკეულ პროდუქტზე ფასები შესაძლოა შემცირდეს სეზონური ფაქტორების ან ტექნოლოგიური პროგრესის გამო. მაგალითად, დღეს საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტელევიზორებისა და კომპიუტერების ფასი აბსოლუტურ განზომილებაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 20-30 წლის წინ იყო. შესაბამისად, მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს ფასებსა და შემოსავლებს შორის არსებულ ისტორიულ შეჯიბრებაზე - შემოსავლების ზრდა ყოველთვის წინ უნდა უსწრებდეს ფასების ზრდას, რათა წინა პერიოდთან შედარებით შემოსავლის მსყიდველუნარიანობა იზრდებოდეს - ანუ ოჯახის წლევანდელი შემოსავალი, ფასების ცვლილების მიუხედავად, იძლეოდეს უფრო მეტი საქონლის შეძენის შესაძლებლობას, ვიდრე შარშან. სწორედ ამისკენ უნდა იყოს მიმართული ხელისუფლების ეკონომიკური, სოციალური, დასაქმებისა და შრომის პოლიტიკა.
- ივნისში ზრდა შარშანდელთან შედარებით ხომ საკმაოდ არსებითია და ინფლაცია ისეთი მაღალია, რომ ამ ზრდამაც ვერ დააბალანსა? პროდუქტზე ინფლაცია და ეკონომიკური ზრდა ვერ ფარავს ერთმანეთს?
- როდესაც შემოსავლები იზრდება, მოქმედებს ე.წ. მოთხოვნილებათა პირამიდის, ანდა "მასლოუს პირამიდის" პრინციპი. როცა ადამიანს შემოსავლები ეზრდება, პირველ რიგში ესწრაფვის არსებობის პირველადი პირობების გაუმჯობესებას - უკეთეს კვებას, უკეთეს მომსახურებას, და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის უფრო მაღალი მატერიის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაზე. პირობითად, თუ ოჯახის შემოსავალი 1000-დან უეცრად 1500-2000 ლარამდე გაიზარდა, ის მეორე დღესვე ოპერაში წასვლას კი არ შეეცდება, არამედ შეიძენს უფრო მეტ სრულფასოვან კვების პროდუქტებს, მაგალითად, ხორცს. როდესაც შემოსავლების ასეთ ზრდას მასობრივი ხასიათი აქვს და ის პირველადი მოთხოვნილებებისკენაა მიმართული, მოთხოვნა-მიწოდების კანონის საფუძველზე ფასები ყველაზე სწრაფად სწორედ სურსათზე იზრდება. ამიტომ სავსებით ბუნებრივია, რომ ფასების წინმსწრები ტემპით ზრდა, პირველ რიგში, კვების პროდუქტებზე აისახება.
გრძელვადიან პერსპექტივაში შემოსავლებმა იმ დონეს უნდა მიაღწიოს, რომ ადამიანმა არა მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს, არამედ მისი რესურსი სხვა სფეროებზეც გადავიდეს. ავიღოთ ხორცის პროდუქტები - ახლახან გამოქვეყნდა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ჩინეთიდან წელს 18 მილიონი დოლარის ხორცის პროდუქტები შემოვიდა იმპორტით. ამ პროდუქციის შეძენა 1,5-მილიარდიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში გვიწევს. სწორედ ამიტომაა საჭირო მეტი მოტივაცია, რომ საქართველოში, ადგილზე ხდებოდეს სასურსათო პროდუქციის მაღალი ხარისხითა და დიდი რაოდენობით წარმოება. ამით შევძლებთ დასაქმების გაუმჯობესებას, სავალუტო რეზერვების დაზოგვასა და ეროვნული ვალუტის კურსის უკეთეს პარამეტრებში მოქცევას.
- მაგრამ კურსის დაწევა ხომ ისევ იმპორტს შეუწყობს ხელს და არა ექსპორტს.
- შიდა მოთხოვნებს ადგილობრივი ნაწარმით თუ დავაკმაყოფილებთ, იმპორტზე დამოკიდებულებაც საგრძნობლად შემცირდება. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა უნდა აიგოს იმპორტის ჩანაცვლებაზე - იმ პროდუქციის ადგილობრივ წარმოებაზე, რომლის რესურსები, ისტორიული ტრადიცია თუ კულტურა გვაქვს.
- ეკონომიკური ზრდა და შემოსავლების ზრდა, ზოგადი მონაცემები რომ ავიღოთ, არის თანხვდენილი ერთმანეთთან?
- ეკონომიკური ზრდა უცვლელი ფასებით იანგარიშება. ეს 8,6%-ზე მეტი მაჩვენებელი სწორედ ფასების მუდმივობას ეფუძნება, ხოლო თუ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დეფლირებას, ანუ ფასების საერთო დონის ცვლილებასაც გავითვალისწინებთ, მაშინ საქმე ორნიშნა ნომინალურ ზრდასთან გვექნება. თუმცა რეალური ზრდა მხოლოდ 8,6%-ზე მეტის ფარგლებშია. მოსახლეობის შემოსავლების მატება უნდა შევუდაროთ არა მშპ-ის რეალური ზრდის ტემპს, არამედ მის ნომინალურ ზრდას. როგორც წესი, ქვეყანა მდგრადი განვითარების რეჟიმშია მაშინ, როდესაც შემოსავლების ზრდის ტემპი მშპ-ის ნომინალური ზრდის ყოველ 1%-ზე დაახლოებით 0,7-0,9%-ია.
ანუ შემოსავლები ეკონომიკაზე უფრო სწრაფად ვერ გაიზრდება, რადგან ეკონომიკური ზრდის რესურსი მიმართული უნდა იყოს არა მხოლოდ მიმდინარე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ, არამედ ეკონომიკის მასშტაბების გაფართოებისთვის, ინვესტიციებისთვის, რეზერვების შესაქმნელად და საგარეო ვალდებულებების გასასტუმრებლად. ამიტომ, თუ გვსურს ეკონომიკის განვითარებას შეუქცევადი ხასიათი ჰქონდეს, მიმდინარე შემოსავლების ზრდის ტემპი ნომინალური მშპ-ის მატების 80-90%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
- ამბობთ, რომ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას უნდა შეეწყოს ხელი და ეს როგორ უნდა გაკეთდეს? იგივე ლარიზაციის პოლიტიკა, რაც უცხოურ ვალუტაში დაბალპროცენტიანი კრედიტის აღებას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის, მცირე და საშუალო ბიზნესს ხომ უქმნის პრობლემას და ამ პოლიტიკის გადახედვა მაინც არ არის საჭირო?
- ჩვენთან საბანკო პროცენტი, ანუ კრედიტის საფასური, მაღალია. მარტო ფიზიკური პირების სამომხმარებლო სესხები რომ ავიღოთ, წელიწადში რამდენიმე მილიარდი ლარის გასტუმრება მხოლოდ პროცენტის სახით ხდება. სხვა ინდიკატორებს თუ შევუდარებთ, სესხების რაოდენობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, მოსახლეობის შემოსავლები თუ უცხოეთიდან ფულადი გზავნილები. შესაბამისად, ბანკების მიმართ დავალიანება განგაშის საფუძველს იძლევა.
მსოფლიო გამოცდილება ამ პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე ძირითად მექანიზმს ცნობს: ერთია ე.წ. აგრარული ბანკი, რომელიც უშუალოდ აგრარული პროექტების დაფინანსებით, სასოფლო-სამეურნეო წარმოების, ფერმერებისა და წვრილი მეწარმეების შეღავათიანი კრედიტითა და სახელმწიფო გარანტიებით უზრუნველყოფით იქნება დაკავებული; მეორეა საინვესტიციო ბანკი, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერითა და პირველ ეტაპზე სახელმწიფო რესურსების ჩადებით შეძლებს ფუნქციონირებას, რათა ქვეყნის ეკონომიკისთვის აუცილებელი პროექტების რეალიზაცია და წახალისება მოხდეს; და მესამე - საფონდო ბაზრის განვითარება, რათა არა მხოლოდ მსხვილმა, არამედ მცირე კომპანიებმაც შეძლონ აქციების გამოშვება, კაპიტალის მოზიდვა და არ დასჭირდეთ ბანკებისთვის მიმართვა. ანუ ბანკებს აღარ უნდა ჰქონდეთ მონოპოლიური უფლება რესურსების განკარგვასა და ეკონომიკისთვის მიწოდებაში. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები საშუალებას მოგვცემს არა მხოლოდ დაბლა დავწიოთ საპროცენტო განაკვეთი, არამედ აქტიურად შევუწყოთ ხელი სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებას, მეწარმეების მიერ მეტი პასუხისმგებლობის თუ რისკის საკუთარ თავზე აღებას.
- შემოდგომისთვის ფასებთან დაკავშირებით რას უნდა ველოდოთ?
- იმდენად ტურბულენტურ გლობალურ პირობებში გვიხდება ცხოვრება, რომ გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება რთულია. საფრთხის ნიშნებია არა მხოლოდ სპარსეთის ყურეში, სადაც დაპირისპირებაა როგორც ირანსა და აშშ-ის, ისე ყურის სხვადასხვა სახელმწიფოს შორის, სუეცის არხის მიმართულებითაც. ამას ემატება დემოგრაფიული და მიგრაციული კრიზისი. ეს ყველაფერი ქმნის გაურკვევლობის ფონს, რაც ავტომატურად აისახება ბიზნესზე: კომპანიები რისკებისგან დასაცავად ზრდიან "უსაფრთხოების ბალიშის" ზომას.
ეს გაურკვევლობა საბოლოო ჯამში აისახება ბაზარზე ჩამოყალიბებულ ფასებზე, იქნება ეს ნავთობპროდუქტები თუ ნებისმიერი სხვა ნაწარმი. გლობალურად, შედარებით მშვიდი პროცესების პირობებში, მსოფლიოში ფასების საერთო დონე უფრო დაბალი იქნებოდა, რაც პირდაპირ წაადგებოდა ეკონომიკას. ამასთან, ჩვენ ძლიერ ვართ დამოკიდებული იმპორტზე, ბევრი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქცია, რომლის გარეშეც ვერც ერთი ეკონომიკა იფუნქციონირებს და ვერც მოსახლეობის კეთილდღეობა იქნება უზრუნველყოფილი, სწორედ საზღვარგარეთიდან შემოდის და ამიტომაც შეუძლებელია თქმა, რა იქნება.
რუსა მაჩაიძე