შავ ზღვაში გემებზე თავდასხმებმა რუსეთ-უკრაინის ომში რეკორდული მასშტაბი მიიღო - კვირის პალიტრა

შავ ზღვაში გემებზე თავდასხმებმა რუსეთ-უკრაინის ომში რეკორდული მასშტაბი მიიღო

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი სრულდება და მასზე თითქოს ყველაფერი ითქვა, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ნიუანსი გამოდის წინა პლანზე, რაც კვლავ შეეხება საქართველოს ინტერესებს - კერძოდ, შავ ზღვას და მასში გემების უსაფრთხო ნაოსნობას.

შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთან, აღმოაჩინეს 2 400 წლის წინ ჩაძირული და კარგად შენახული ძველბერძნული სავაჭრო გემი, რაც მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძველ ნაპოვნ გემად ითვლება.

შავი ზღვის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ დაახლოებით 150-200 მეტრის სიღრმის ქვემოთ წყალი არ შეიცავს ჟანგბადს (ანოქსიური ზონაა) და გაჯერებულია გოგირდწყალბადით. ამ პირობებში ვერ ცოცხლობენ ის ორგანიზმები, რომლებიც ჩვეულებრივ ხესა და ორგანულ მასალებს ჭამენ, რის გამოც ჩაძირული ხომალდები საუკუნეების განმავლობაში უცვლელად რჩება. შესაბამისად, შავი ზღვის ფსკერზე "განისვენებს" საუკუნეების განმავლობაში ათასობით ჩაძირული სავაჭრო გემი და სამხედრო ხომალდი, მით უმეტეს, შავ ზღვას საზღვაო ბრძოლები არ მოჰკლებია - მაგალითად, რუსეთ-ოსმალეთის ფლოტებს შორის მე-18-19 საუკუნეებში, თუმცა ყველაზე დიდი საზღვაო შეტაკებები ამ ჩვენს ზღვაში მაინც პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს გაიმართა, როდესაც ბრძოლებში წყალქვეშა ნავებიც ჩაერთვნენ.

და მაინც, შავ ზღვაში 1945 წლიდან მოყოლებული 21-ე საუკუნის პირველ წლებამდე, ექვს ათეულ წელზე მეტხანს, მშვიდობა სუფევდა, სანამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აგრესორმა რუსეთმა ისევ არ განაახლა საბრძოლო მოქმედებები შავ ზღვაში საქართველოს წინააღმდეგ, იქნებოდა ეს საზღვაო დესანტის გადმოსხმა ოჩამჩირესთან თუ სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფების შემოჭრა ფოთის სამხედრო პორტში და იქ ქართული სამხედრო კატარღების ჩაძირვა.

თუმცა, ამასთან ერთად, სრულ რუსულ დეზინფორმაციას წარმოადგენდა რუსული პროპაგანდის მიერ დიდად ტირაჟირებული ტყუილი იმის თაობაზე, თითქოს შავ ზღვაში რუსულმა მცირე სარაკეტო ხომალდიდან გაშვებულმა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებმა ჩაძირეს ქართული სამხედრო კატარღა - რუს ადმირალებს შავ ზღვაში თავისთვის მოცურავე ბულგარეთის სავაჭრო გემი რატომღაც საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების კატარღად მოეჩვენათ და ის დააზიანეს.

2-shavi-zgva-1785678084.png
შავ ზღვაში კამიკაძე-დრონების ფართო გამოყენებამ დიდი საფრთხე შეუქმნა სავაჭრო გემების უხიფათო ნაოსნობასაც...

ასე იყო თუ ისე, ფაქტია, 21-ე საუკუნეში სწორედ რუსეთის ფედერაციამ განაახლა საბრძოლო მოქმედებები შავ ზღვაში ეპიზოდურად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რასაც მოჰყვა 2014 წელს უკრაინის ყირიმის ჯერ ოკუპირება და მერე ანექსია და ბოლოს 2022 წელს დაწყებული ფართომასშტაბიანი ომი უკრაინის წინაღმდეგ, რომელსაც ბევრი საზღვაო ოპერაციაც ახლავს.

ამ ომის დასაწყისში აგრესორმა რუსეთმა ვერ შეძლო აგვისტოს ომის დროინდელი ოჩამჩირის სადესანტო ოპერაციის გამეორება უკრაინის ოდესა-ოჩაკოვის სანაპირო ზოლზე, თუმცა ომის პირველივე დღეებში ჩაძირა ის რამდენიმე უკრაინული სამხედრო ხომალდი და კატარღა, რომლებიც პორტებიდან არც გამოსულან.

ამის შემდეგ რუსეთის ფლოტმა თითქოს მოიპოვა სრული ბატონობა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ აკვატორიაში, ისევე როგორც სრული კონტროლი აზოვის ზღვაში, თუმცა ომის მესამე წლისთვის მაინც მოუწია თავისი მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზის, სევასტოპოლის ნაწილობრივ მიტოვებამ და მეტ-ნაკლებად ღირებული რუსული წყალზედა სამხედრო ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების შეფარებამ ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაში, რადგან ომი შავ ზღვაზე კრემლმა ფაქტობრივად წააგო... და თანაც წააგო იმ უკრაინასთან, რომელსაც არც ერთი სამხედრო ხომალდი არ დარჩა, თუმცა საზღვაო და საჰაერო კამიკაძე-დრონებისა და ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების აქტიური გამოყენების შედეგად უკრაინამ შეძლო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 36 მცურავი საშუალების მწყობრიდან გამოყვანა, რომელთაგან 26 სრულიად განადგურდა და ჩაიძირა, 10 კი დაზიანდა, მათ შორის ორი წყალქვეშა ნავიც.

სხვათა შორის, უკრაინის მიერ შავ ზღვაში ჩაძირული რუსული სამხედრო ხომალდების საერთო წყალწყვა აღემატება მთელი მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული საბჭოთა სამხედრო ხომალდების საერთო წყალწყვას, რადგან 2022 წლის 14 აპრილს ორი უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო "ნეპტუნის" მოხვედრის შედეგად დაზიანებული და ჩაძირული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, სარაკეტო კრეისერ "მოსკვას" სრული წყალწყვა 11 ათას ტონაზე მეტი გახლდათ, ხოლო 1941 წლის 26 ივნისს რუმინეთის სანაპიროსთან აფეთქებული და ჩაძირული საბჭოთა საესკადრო ნაღმოსნების ლიდერის, ასევე "მოსკვას" სრული წყალწყვა მხოლოდ 3 ათას ტონამდე გახლდათ.

ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე "გამოკეტილი" რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდები იშვიათად ბედავენ გაშლილ ზღვაში გასვლას უკრაინული კატარღა-კამიკაძეების თავდასხმების შიშით და ისიც მხოლოდ რამდენიმე საათით, რათა "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტები გაუშვან უკრაინული ქალაქებისკენ და ისევ ნოვოროსიისკის დაცულ ნავმისადგომებთან "შეიყუჟონ", თუმცა უკრაინული საზღვაო და საჰაერო კამიკაძეები მათ დახურულ ყურეშიც სწვდებიან და აფეთქებენ. სამაგიეროდ, შავ ზღვაში უფრო და უფრო ხშირდება ორივე მოწინააღმდეგე მხარის საკუთარი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე დარტყმები ნავთობტანკერებზე, მშრალტვირთმზიდ და სხვა სავაჭრო გემებზე.

რუსეთის ინტერესებშია ოდესის, ოჩაკოვის, ნიკოლაევის, ასევე მდინარე დუნაიზე მდებარე იზმაილისა და რენეს პორტების სრული ბლოკირება, რათა უკრაინამ ვერ შეძლოს ხორბლისა და სხვა მარცვლეულის საზღვაო ექსპორტი და ამით შეავსოს ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ბიუჯეტი.

გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გასატანად სხვადასხვა ქვეყნის დროშებით მცურავი სავაჭრო გემების ნაწილი მთლად ცარიელი არ მიდის უკრაინის სანაპიროსთან და მათ ტრიუმებში გადამალულია ის სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა, რომელსაც დასავლეთი აწოდებს უკრაინის არმიას ფრონტზე საბრძოლველად.

თავის მხრივ, უკრაინულმა საჰაერო კამიკაძე-დრონებმა აზოვისა და შავ ზღვებში ასზე მეტ იმ ტანკერსა და მშრალტვირთმზიდ გემზე მიიტანეს იერიში, რომლებიც რუსული პორტებიდან ნედლ ნავთობსა და ხორბალს ეზიდებოდნენ, რადგან კიევსაც სურს უფრო მეტი დარტყმა მიაყენოს აგრესორი რუსეთის ომის საწარმოებელ პოტენციალს.

კიევში აცხადებენ, რომ რუსული პორტებიდან გატანილი ხორბალი მოწეულია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უკრაინას სრული უფლება აქვს არ დაუშვას მათი ექსპორტი შავი ზღვის გავლით.

რაც შეეხება უკრაინული კამიკაძე-დრონების სისტემატურ შეტევებს რუსული პორტებიდან გამოსულ ნავთობტანკერებზე, კიევი ცდილობს ენერგეტიკულ ბლოკადაში მოაქციოს ანექსირებული ყირიმი და არ დაუშვას მისი მომარაგება საწვავით აზოვისა და შავი ზღვის გავლით.

გარდა ამისა, ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალში რუსული ნედლი ნავთობით დატვირთულ იმ ტანკერებზე შეტევებით, რომლებიც ბოსფორის სრუტის გავლით მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონისკენ მიცურავენ, უკრაინა ცდილობს მოსკოვს დამატებითი ფინანსური შესაძლებლობები შეუზღუდოს, რათა კრემლს ნაკლები რესურსი დარჩეს უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად.

ასე მოხშირებული შეტევები სხვადასხვა ქვეყნის დროშებით მცურავ სავაჭრო გემებზე, ბევრად სახიფათოს ხდის ნაოსნობას შავ ზღვაში. მართალია, კამიკაძე-დრონების ძირითადი დარტყმები ამ გემების სამანქანო განყოფილებებზე მოდის, რაც ცურვის გაგრძელებას ხელს უშლის, თუმცა არ იწვევს ათეულობით ათასი ტონა წყალწყვის გემების ჩაძირვას, მაგრამ ასეთ საჰაერო დარტყმებს უკვე მოჰყვა მსხვერპლი ეკიპაჟების წევრებს შორის, ხოლო რამდენიმე გემი ბორტზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ ჩაიძირა.

მსოფლიო საზღვაო ნაოსნობაში ისტორიულად არსებული პრაქტიკის მიხედვით, სავაჭრო გემების ეკიპაჟების შემადგენლობა ინტერნაციონალურია და იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ჩამოყალიბებული იყო ქართველი მეზღვაურების სამსახური მსოფლიოს ყველა ოკეანეში მცურავ სავაჭრო გემებზე, ახლაც გრძელდება ეს საზღვაო ტრადიცია და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებული მეზღვაურები ფართოდ არიან დასაქმებული ასობით გემზე. უკვე იყო პრეცედენტები, როდესაც ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო სპარსეთის ყურეში ბლოკირებულ რამდენიმე ასეულ ტანკერსა და სავაჭრო გემზე საქართველოს ათეულობით მოქალაქე მეზღვაური თვეობით შემორჩა.

შავ ზღვაში მცურავ იმ გემებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის პორტებიდან ნედლ ნავთობს ან სხვა ტვირთებს ეზიდებიან ბოსფორის სრუტის გავლით, საქართველოს ბევრი მოქალაქე მეზღვაური მუშაობს და ყოველთვის არის იმის დიდი საფრთხე, რომ მორიგი საჰაერო დარტყმების შედეგად შეიძლება ისინიც დაზარალდნენ, მით უმეტეს, არსებობს ამის მძიმე ფაქტები მეზობელი აზერბაიჯანის მაგალითზე, როდესაც მისი მოქალაქე მეზღვაურები, კაპიტნის ჩათვლით, დაიღუპნენ ან დაიჭრნენ.

არსებობს კიდევ ერთი დიდი საფრთხე საქართველოსთვის, რომელიც შეიძლება ასევე შავი ზღვიდან მომდინარეობდეს, კერძოდ, ქართულ საზღვაო პორტებში, ფოთსა და ბათუმში რუსეთ-უკრაინის ომის საზღვაო დაპირისპირების ელემენტების გადმოტანის ცდების სახით.

ბოლო პერიოდში ბევრი ლაპარაკი იყო ყულევის ახალგახსნილ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე, რომლისთვისაც ნედლი ნავთობის გადასამუშავებლად მიმწოდებელ მთავარ წყაროს სწორედ რუსეთი წარმოადგენდა.

ევროკავშირი დაიმუქრა კიდეც ექვსი თვის შემდეგ ამ პირველ ქართულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე სანქციების დაწესებით, თუმცა ქარხნის მფლობელები ისედაც აპირებენ, რომ სექტემბრიდან შეწყვიტონ რუსულ ნედლ ნავთობზე მუშაობა და ყაზახეთიდან მოწოდებულ პროდუქტზე გადავიდნენ.

დიდი ალბათობით, ასეც მოხდება, თუმცა სულაც არ არის გამორიცხული, რომ ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნისკენ ნედლი ნავთობით მცურავი რუსული ტანკერი უკრაინული საზღვაო ან საჰაერო კამიკაძე-დრონების სამიზნე აღმოჩნდეს და მათ შორის საქართველოს საზღვაო ეკონომიკურ ზონაში ან სულაც ტერიტორიულ წყლებში. უკრაინის უპილოტო კატარღა-კამიკაძეებს და თვითმფრინავის კონსტრუქციის დრონებს აქვთ იმის ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობები, რომ ზუსტი დარტყმები მიაყენონ შავი ზღვის აკვატორიის ყველა წერტილს, იქნება საზღვაო პორტი თუ გაშლილ ზღვაში მცურავი გემი.

უკრაინული საჰაერო კამიკაძე-დრონების ფრენები რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის თავზე უკვე შემდგარი ფაქტია და ამ სამხრეთი მიმართულებიდან უკრაინული დრონების ოპერატორები ცდილობენ მალულად შეფრინდნენ რუსეთის სოჭისკენ და კრასნოდარის მხარისკენ. თუმცა უკრაინულ დრონებს თავისუფლად შეუძლიათ ზუსტი საჰაერო დარტყმების მიყენება ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზეც როგორც რუსულ სამხედრო (მაგალითად, გუდაუთის სამხედრო აეროდრომსა ან ოჩამჩირის სამხედრო ნავმისადგომზე), ისე თავად აფხაზი სეპარატისტების ობიექტებზე, მით უმეტეს, რუსი ოკუპანტების მხარდამხარ უკრაინის მიწაზე ასობით აფხაზიც იბრძვის.