სექტემბერ-ოქტომბერში პუტინი აღმოსავლეთ ევროპას დაარტყამს?! - ლაშა ძებისაშვილის ანალიზი: "რუსები მობი­ლიზაციისთვის ემზადებიან - 500 000-მდე კაცი უნდა გაიწვიონ ომში" - კვირის პალიტრა

სექტემბერ-ოქტომბერში პუტინი აღმოსავლეთ ევროპას დაარტყამს?! - ლაშა ძებისაშვილის ანალიზი: "რუსები მობი­ლიზაციისთვის ემზადებიან - 500 000-მდე კაცი უნდა გაიწვიონ ომში"

ივლისის ბოლოს უკრაინაზე რუსული რაკეტებითა და დრონებით მასირებული შეტევისას პოლონეთის ლუბლინის რაიონის სოფელ ტარნავა-კოლონიასთან ჩამოვარდა და აფეთქდა ფრთოსანი რაკეტა, რომლის წარმომავლობასაც პოლონეთის სპეცსამსახურები იკვ­ლევენ. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი სიბიჰამ სოცქსელ Х-ში დაწერა, პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა Х-101 ჩამოვარდა. 24-26 ივლისს უკრაინის მეზობელი რუმინეთის ტერიტორიაზეც აღმოჩ­ნდა სამი რუსული დრონი, რომლებიც რუმინეთის არმიის F-16 ტიპის გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის პრესსამსახური მომხდარს უწოდებს "უგუნურ ნაბიჯს", რომელიც წარმოადგენს რუსეთის მიერ ვითარების "უაღრესად სერიოზულ ესკალაციას და საფრთხეს უქმნის ევროკავშირის მოქალაქეების უშიშროებას". კალასმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შესთავაზა დამატებითი სანქციების შემოღება დრონების შეჭრის გამო, ასევე რუსეთის მიერ დარტყმისთვის, რომლის შედეგადაც გასულ კვირას უკრაინის აღმოსავლეთში, სლავიანსკში დაზიანდა ლატვიის საპატიო საკონსულოს ნაგებობა... რას ემსახურება ნატოს წევრი ქვეყნების სივრცეში დროდადრო რუსული დრონებისა და რაკეტების გაშვება და უდგას თუ არა ევროპას რუსეთისგან ომის გაჩაღების საფრთხე, ამ საკითხებზე ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი გვესაუბრა.

- როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დიდწილად რუსეთის კერძო ბიზნესმა აიღო თავზე ეკონომიკური შეზღუდვები და მათი გადალახვა. რუსული ეკონომიკა მეტ-ნაკლებად მუშაობდა ჩვეულ რეჟიმში ანუ საზოგადოება საკუთარ ტყავზე მწვავედ ვერ გრძნობდა ომს - მართალია, რუსეთი გაცილებით მეტს ხარჯავდა ომისთვის, ფასებიც ავარდა, მაგრამ ეკონომიკური კოლაფსი არ ყოფილა და ესეც დიდწილად სწორედ რუსული ბიზნესის მოქნილობის გამოისობით.

იმისთვის, რომ რუსეთში საზოგადოებრივი უკმაყოფილება გაიზარდოს, სოციალური, შემდეგ კი პოლიტიკური აფეთქება მოხდეს, ეკონომიკაზე გაცილებით დიდი დარტყმა უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, უკრაინელებმა დაიწყეს იმაზე ფიქრი, რა იქნებოდა რუსეთისთვის სტრატეგიულად ყველაზე დამაზიანებელი.

ერთი მხრივ, ეს არის ენერგოსექტორი და, მეორე მხრივ, დაიწყეს ფიქრი, მშვიდობიან რეჟიმში ეკონომიკის მუშაობა როგორ შეიძლებოდა ჩამოშლილიყო. უკრაინელებმა იდენტიფიცირება გაუკეთეს ისეთ მსხვილ ეკონომიკურ სუბიექტებს, რომლებიც, ერთი მხრივ, მთელი რუსეთის მასშტაბით აწვდიან ხალხს სხვადასხვა პროდუქციას, აქვთ უდიდესი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური სისტემები და მათი ბრუნვა ასტრონომიულია. მარტო "ვაილდბერისი" რუსული ეკონომიკისთვის გიგანტია. ამიტომ გადაწყვიტეს უკრაინელებმა დაარტყან იმ კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ რუსეთის მოსახლეობა ეკონომიკურად ვერ გრძნობს ომს.

ამ ბრძოლაში რუსეთს ეკონომიკურად და ფინანსურად ზურგს ჩინეთი უმაგრებს. ამ სტრატეგიულ კავშირს თავის დროზე "ბოროტების ღერძს" უწოდებდნენ ამერი­კაში... სამწუხაროდ, ამერიკის ადმინისტრაცია თვალს იბრმავებს, თითქოს რუსეთი და ჩინეთი ამ ალიანსში არ იმყოფებიან.

- გამორიცხავთ, რომ წელს რუსეთი ნატოს სივრცეში შეიჭრას და თავს დაესხას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს? როგორ ახსნით დროდადრო ნატოს ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევას, პუტინი მათ მოთმინებას ცდის თუ აკვირდება, რეაგირება როგორი იქნება?

- არაერთხელ მითქვამს, რომ ივნისის მიწურული და ივლისი იქნებოდა ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი იმისთვის, რომ რუსეთს აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ავანტიურები წამოეწყო. მეორე ვარიანტი იყო სექტემბრის მეორე ნახევარი და ოქტომ­ბერი. უკვე ნოემბერში აშშ-ში შუალედური არჩევნებია და გააჩნია, კონგრესსა და სენატში როგორ გადანაწილდება ხმები ტრამპის და ზოგადად, რესპუბლიკელების წინააღმდეგ. ამის გათვალისწინებით გააქტიურდე­ბიან რუსები აღმოსავლეთ ევროპის წინააღმდეგ. უკვე ვხედავთ, რომ რუსებმა მეორე სცენარისკენ აიღეს გეზი, ასე ვთქვათ, სექტემ­ბერ-ოქტომბრისკენ. აღარ იმალება, რომ რუსები მობი­ლიზაციისთვის ემზადებიან - 500 000-მდე კაცი უნდა გაიწვიონ ომში. რუსებმა შესა­ძლოა გადაწყვიტეს, რომ ამ პერიოდში, ერთი მხრივ, უკრაინას, მეორე მხრივ, ბალტიის ქვეყნებს გაურთულონ საქმე. მგონი ფიქრობენ, რომ შუალედური არჩევნები ამერიკაში რუსეთს მაინცდამაინც სტრატეგიულად არ შეუქმნის პრობლემას. შესაძლოა ფიქრობენ, რომ ტრამპი რაღაცას იხლაფორთებს არჩევნების შედეგების სათავისოდ მანიპულაციისთვის. რუსები ემზადებიან სექტემბერ-ოქტომბრისთვის და ამ პერიოდში იქნება ესკალაციის მორიგი ფაზა როგორც უკრაინის, ასევე, დიდი ალბათობით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართულებითაც. დრონების შეფრენები ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურაა იმისთვის, რომ პერიოდულად გაიტესტოს, როგორია ევროკავშირის ან ნატოს როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური რეაგირება, რამდენად შეკრული არიან ევროპელები და ნატოელები, რამდენად ეფექტურად მუშაობს სამხედრო რეაგირების მექანიზმი... რუსებიც ხომ აკვირდებიან ყველაფერს - რამდენი ქვედანაყოფი გამოიძახეს და რამდენი გადაიყვანეს სწრაფი რეაგირების რეჟიმში, რამდენად სწრაფად შეიკრიბა ევროკავშირის კომისია, ქვეყნებში პრეზიდენტებმა მოუხმეს თუ არა უშიშროების საბჭოებს, პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა თუ არა და სხვა... ისინი ამ ყველაფერს ანალიზს უკეთებენ და ხვდებიან, ერთიანი ორგანიზაციის კონტექსტში შეიცვალა თუ არა ვითარება ევროკავშირსა და ნატოს შორის. ამას აანალიზებენ და შეიძლება დაასკვნან, რომ პირიქით, მათთვის სასიკეთოდ მიდის საქმე, რადგან ნატო არ რეაგირებს, სამხედრო ქვედანაყოფები სწრაფად არ გამოდიან ბანაკებიდან, ან გამოდიან, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობით. ეს ყველაფერი ანალიზდება და მერე კეთდება დასკვნები, რომ ნატო კვლავინდებურად ძალიან ინერტულია. რუსები ალგორითმებს სწავლობენ და აკვირდებიან, მათთვის უარესობისკენ მიდის პროცესი თუ უფრო სასიკეთოდ. 2028 წელს ბევრ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება. მაგალითად, გერმანიაში "ალტერნატივა გერმანიისთვის" პოპულარობით უკვე პირველ პარტიად იქცა და "ქრისტიანულ-დემოკრატიულ პარტიას" გაუსწრო. მსგავსი ტენდენციებია საფრა­ნგეთში. ასე რომ, ყველაფერი უფრო კომპლექსურად უნდა განვიხილოთ და ვთქვათ, რომ მარტივად არ არის საქმე. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ევროპაში დესტაბილიზაცია და საიმიგრაციო კრიზისი გრძე­ლდება, რაც ევროპელ საზოგადოებასა და მიგრანტებს შორის დაძაბულობას ქმნის. ცოტა ხნის წინ გერმანიაში ისლამისტი ტერორისტი მანქანით შევარდა ხალხში, დაშავდა 17 კაცი, ერთი დაიღუპა, ეს უფრო ამწვავებს მდგომარეობას და ყველაფერი პოლიტიკურ სიტუაციაში კონვერტირდება ისე, რომ რადიკალური და პრორუსული პარტიები იღებენ უფრო მეტ მხარდაჭერას. ისევე როგორც ისლამური ტერორიზმი, ეს არის სპეცსამსახურების მიერ კარგად ორგანიზებული ევროპის დესტაბი­ლიზაციის სცენარი. გავიხსენოთ, როგორ ჩაჰყავდათ ბელარუსული და რუსული თვითმფრინავებით სირიიდან ასობით მიგრანტი და მერე იქიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე, ფინეთსა და ესტონეთში ცდილობდნენ მათ არალე­გალურად გადაყვანას. ეს იყო რუსების ორგანიზებული და ამას არც მალავდნენ. იგივე ეხება ძალიან კარგ ურთიერთობას რუსებსა და "თალიბანს" შორის - რუსებმა "თალიბანი" მოხსნეს ტერორისტული ჯგუფიდან, ხელშეკრულებაც ჰქონდათ "თალიბანთან" - თითოეულ მოკლულ ამერიკელზე რუსეთი ფინანსურ ჯილდოს უზრდიდა. ასე რომ, არ არის გამორიცხული ეს ტერორისტული აქტები ევროპაში, ისევე როგორც მიგრანტების არალეგალურად გადაყვანა, დიდწილად რუსული სპეცსამსახურების ორგანიზებული იყოს.

- თუ მართლა დაიწყო ესკალაცია და ომი, როგორ მოიქცევა ტრამპი?

- ტრამპი საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს თავად იღებს. რუბიო სხვა კალიბრის პოლიტიკოსია, მაგრამ მასაც აქვს შეზღუდვები, მით უმეტეს, თუ სურს გადარჩეს როგორც რესპუბლიკური პარტიის მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი, მოუწევს ტრამპისთვის ანგარიშის გაწევა. დანარჩენებს რომ შევხედოთ, ვერ ნახავთ ისეთ გამორჩეულ პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც თავისი კომპეტენციით შეძლებს, ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს. ამიტომ ვერ გეტყვით, რა პოზიციას დაიკავებს ვაშინგტონი, თუ რუსეთი რამეს მოიმოქმედებს. შეიძლება რუსეთი ჰიბრიდულად დაესხას თავს რომელიმე ქვეყანას უპილოტოებით, მაგრამ თქვას - სამწუხაროდ, 20-30 უპილოტო დავკარგე, მათთან კავშირი შეწყდა, მათ კი რაღაც ობიექტები გაანადგურეს, რომელიც ჩვენ არ გვქონდა სამიზნეში ამოღებულიო... იმავდროულად, კვლავინდებურად გააგრძელებენ სხვა დრონების გაგზავნას, ან მცირე ზომის ქვედანაყოფებით შეღწევას ბალტიის ტერიტორიაზე. ამ პერიოდში შეიძლება ამერიკამ თქვას, ჯერ გავარკვიოთ, რა ხდება და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებასო. არადა, ყველა ისურვებდა ამერიკელების ცალსახა განცხადებას უკვე დღეს და არა ხვალ ან ზეგ, ნებისმიერი სახის თავდასხმა ევროპაზე ხომ ნიშნავს ამერიკისთვის მეხუთე მუხლის ამოქმედე­ბას და დახმარებას ევროპის თავდაცვისთვის, მათ შორის, ბირთვული ბერკეტის გამოყენებით.

ვერავინ იტყვის, რას მოიმოქმედებს ვაშინ­გტონი, თუ რუსეთი ევროკავშირსა და ევროპის ქვეყნებს დარტყმას მიაყენებს. სანამ ვაშინგტონი მკაფიოდ გამოხატავს თავის პოზიციას, შეიძლება ეს დრო საკმარისი აღმოჩნდეს კრემლისთვის, მიზანს მიაღწიოს - ერთგვარ პოლიტიკურ რეკეტში მოაქციონ და გახლიჩონ ევროკავშირი. ეს ის სცენარია, რომელიც არ უნდა გამოვრიცხოთ.