რა შემთხვევაში შეიძლება ჩამოერთვას მშობელს მშობლის უფლება - კვირის პალიტრა

რა შემთხვევაში შეიძლება ჩამოერთვას მშობელს მშობლის უფლება

თქვენს შეკითხვებს უპასუხებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი ნუგბარა როსტიაშვილი.

ვარ სფერო ჰოლდინგისგან დაზარალებული, ვიჩივლე სამოქალაქო წესით სასამართლოში და მოვიგე დავა, მეორე მხარე არც კი გამოცხადდა პროცესზე. მოხდა მშენებარე ქონების დაყადაღება, შევიტანე აღსრულებაში განაცხადი ერთი წელია, სასწრაფოდ გადამახდევინეს მომსახურების თანხა, ახლა მეუბნებიან, რომ ეს წლები გაიწელებაო. როგორ უნდა ვაიძულო აღმასრულებელი, რომ ქონება გაიტანოს აუქციონზე? რა ბერკეტები მაქვს ასეთ დროს? ქუჩაში ვარ დარჩენილი ფაქტობრივად, ნაქირავებში ვარ ამჟამად ამ კომპანიის გამო და ძალიან მიჭირს ქირის გადახდა, რა შეიძლება გაკეთდეს? აქვე დავძენ, რომ მყავს არასრულწლოვანი შვილები. სასამართლო პროცესები მიდის სს საქმეზე და იქ მოწმის სტატუსიც კი არ მაქვს, რას მირჩევთ?

- თქვენ გაქვთ უფლება, მიმართოთ აღმასრულებელს ქონების აუქციონზე გატანის აუცილებლობის შესახებ წერილობითი განცხადებით. თუ ის უმოქმედობას გამოიჩენს, უნდა მიმართოთ ზედამხედველობის წესით აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელს ან სასამართლოს (სარჩელი აღსრულების უმოქმედობის გამო). არასრულწლოვანი შვილების არსებობა გაძლევთ საფუძველს, მოითხოვოთ საქმის დაჩქარება აღსრულების ბიუროში სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, მოწმის სტატუსთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ გამომძიებელს ან პროკურორს, რომლებიც უძღვებიან საქმეს.

მაქვს ბინა, რომელსაც ახალი აზომვა არ აქვს გაკეთებული და კვადრატულობა საბჭოთა პერიოდის, ძველი წერია, რომ შევიტანო საჯარო რეესტრში განცხადება, რა თანხის გადახდა მომიწევს? ვარ სოციალურად დაუცველი და მაქვს თუ არა რაიმე შეღავათი?

- აზომვითი ნახაზის მომზადება ფასიანი მომსახურებაა, ამისათვის უნდა მიმართოთ ამზომველს. საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასური დამოკიდებულია ვადებზე. სოციალურად დაუცველთათვის შესაძლოა არსებობდეს გარკვეული შეღავათები კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუმცა თქვენზე ვერ გავრცელდება ვერანაირი შეღავათი, რადგან მსგავსი მომსახურებისათვის არ არის გათვალისწინებული შეღავათები.

მამა ახალი გარდაცვლილია, ვართ 3 დედმამიშვილი, არ ვარ საქართველოში, არ ვითხოვ ქონებიდან წილს, ოჯახის წევრებს შეუძლიათ ჩემს გარეშე ეს ქონება გადაიფორმონ?

- ნოტარიუსტან შეგიძლიათ განაცხადოთ სამკვიდროზე უარი. ასევე შეგიძლიათ რომელიმე კონკრეტული დედმამიშვილის სასარგებლოდ თქვათ უარი. თუ არ განაცხადებთ უარს, კანონით მაინც ითვლებით მემკვიდრედ. თქვენი მონაწილეობის გარეშე ოჯახის წევრები თქვენ წილ ქონებას ვერ გადაიფორმებენ, თუ არ გააკეთებთ უარის თქმის ოფიციალურ განცხადებას (რაც შეგიძლიათ გააკეთოთ საქართველოში მინდობილი პირის მეშვეობით).

გარდაბნის სოფელში მაქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც რეესტრში რეგისტრირებულია როგორც სამეურნეო-სახნავი მიწა, მინდა ამ მიწაზე სახლის აშენება. რამდენად შესაძლებელია ამ მიწის არასასოფლო მიწად დარეგისტრირება?

- უნდა მიმართოთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს (მერიას/გამგეობას) მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილების თაობაზე. მუნიციპალიტეტი განიხილავს საკითხს სივრცითი მოწყობის გეგმის შესაბამისად. დადებითი პასუხის შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა წარუდგინოთ საჯარო რეესტრს დანიშნულების შესაცვლელად.

- ვარ ქმართან განქორწინებული, მამას ბავშვი არ უნახავს და წლების მერე გამოჩნდა. არის რამდენჯერმე ნასამართლევი, შემიძლია თუ არა მას შვილის ნახვა ავუკრძალო და სრულად მოვიპოვო მეურვეობა ბავშვზე?

- საქართველოს კანონმდებლობით, მშობელს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში, მიუხედავად იმისა, იმყოფება თუ არა ის მეორე მშობელთან ქორწინებაში, ასევე მიუხედავად იმისა, ზრუნავდა თუ არა იგი ბავშვზე აქამდე. თუმცა, ეს უფლება არ არის აბსოლუტური და ის შეზღუდულია ბავშვის საუკეთესო ინტერესებით. მშობელს შეიძლება ჩამოერთვას მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, თუ ის ბოროტად სარგებლობს ან არ ასრულებს თავის მოვალეობებს, კერძოდ, უარს ამბობს შვილის აღზრდაზე, ან მისი ქმედება საფრთხეს უქმნის ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობას. რაც შეეხება ნასამართლობას, აღნიშნული გარემოება თავისთავად არ იწვევს ავტომატურ შედეგებს. სასამართლო თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს, რამდენად უქმნის მამის წარსული ან აწმყო ქმედებები რეალურ საფრთხეს ბავშვის უსაფრთხოებას. თუ თქვენ სასამართლოს დაუმტკიცებთ, რომ მამის გამოჩენა, მისი ცხოვრების წესი ან წარსული დანაშაულები პირდაპირ აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ან საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას, სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება შეხვედრების შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება უშუალოდ ბავშვის აზრსა და სურვილს, რამდენად სურს მამასთან ურთიერთობა, თუ ბავშვს სურვილი არ აქვს, ვერ მოხდება ძალდატანებითი ურთიერთობა. თუ თქვენ კატეგორიული წინააღმდეგი ხართ მამის ბავშვთან ურთიერთობის, შეგიძლიათ უთხრათ ბავშვის მამას, რომ წინააღმდეგი ხართ და მიმართოს სასამართლოს ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრის მიზნით, ასევე შეგიძლიათ, არ ანახოთ ბავშვი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე. თუმცა როგორც კი გადაწყვეტილება მიიღება, თქვენ ვალდებული იქნებით შეასრულოთ ის.