"გონებაში ვალაგებდი, ეს ამბავი პირველად ვისთვის მეთქვა, ვის უნდა ჩავექოლე“ - კვირის პალიტრა

"გონებაში ვალაგებდი, ეს ამბავი პირველად ვისთვის მეთქვა, ვის უნდა ჩავექოლე“

"არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენზე იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ, რომ მიბაძვის სურვილიც კი გიჩნდ­ება", - ამბობს მსახიობი ქასტინგმენეჯერი პაატა ქვლივიძე (ნოშრე ფელინი) და იხსენებს ამბებს გადასაღები მოედნებიდან.

- ბევრი ადამიანი გამახსენდა, ჩემს პიროვნულ განვითარებაზე გავლენა რომ მოახდინა. ლევან კოღუაშვილი და დიტო ცინცაძე იმდენად საინტერესო ადამიანები და რეჟისორები არიან, მუდამ მემახსოვრება. მე მათ "სიკეთის ფორმულას" ვეძახი. წლებია ქასტინგზე ვმუშაობ და მსგავსი დამოკიდებულება მსახიობების მიმართ იშვიათად მინახავს, სახელმძღვანელოდ შეიძლება გამოიყენო. ისეთი რეჟისორებიც მინახავს, მეორედ მათთან მუშაობა რომ აღარ მოგინდება.

ლევან კოღუაშვილი საქმიან გარემოში გავიცანი. თავდაპირველად ჩვენ შორის ოფიციალური ურთიერთობა იყო. ქასტინგზე ჩემი ყურადღება იმით მიიქცია, რომ აზრს გვეკითხებოდა, ინტერესდებოდა, კონკრეტულ მსახიობებზე ჩვენ რას ვფიქრობდით. ეს იმის დასტური იყო, რომ სხვა ადამიანების პროფესიონალიზმსაც პატივს სცემს. ფილმის "გურია" გადაღებებზე ერთად იმდენი სიძნელე დავძლიეთ, ერთ ორგანიზმად გადავიქეცით. მიხარია, რომ ამ ფილმის მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგება. საინტერესოა გზა გურიის სოფელ ჭანჭათის ტალახიდან ვენეციიის წითელ ხალიჩამდე. ფილმს წარმატებას ვუსურვებ!

კარგი კინო მხოლოდ რეჟისორი და მსახიობი არ არის, კარგი კინო კარგი ჯგუფია. ლევანს არაჩვეულებრივი ადამიანები ჰყავდა. გადაღებები ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ სულ წინააღმდეგობებს ვაწყდებოდით. გურიაში რომ ჩავედით, ისეთი დიდი თოვლი მოვიდა, ჩავრჩით. 10 დღე შემოქმედებითი ჯგუფის ტყუილად გაჩერება ხარჯია. არადა გადაღება მეორე დღეს უნდა დაგვეწყო. ისეთი შემართება, ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა გვქონდა, ყველაფერი მაინც ბოლომდე მივიყვანეთ. ლევანი მორწმუნე, იმედიანი ადამიანია.

ერთხელ ღამით დამირეკა, სრულიად მოულოდნელად გადაწყვიტა 4-დღიან გადაღებაზე წავსულიყავით. მე, ოპერატორი და ლევანი გურიაში რომ გავემგზავრეთ, შუაღამე იყო. გზად გორში შევჩერდით, მეუფე დანიელი შეგვხვდა. ლევანმა აუხსნა, სად და რატომ მივდიოდით, თან როგორი გაურკვევლობა გვქონდა. მეუფემ დაგვლოცა, დაგვაიმედა, ყველაფერი კარგად იქნებაო და მანქანაში რომ ჩავსხედით, ლევანმა თვალი ჩამიკრა, ზუსტად ვიცოდით, მეუფის სიტყვები გამართლდებოდა. იმ 4-დღიანი გადაღებიდან მართლაც საოცარი მასალა წამოვიღეთ.

ლევანი სამუშაო პროცესში ძალიან კომფორტულია, ყველას ეხმარება. მოწყენილობა თუ შეგამჩნია, მიზეზით დაინტერესდება. სულ ბევრი საქმე აქვს, მაგრამ აუცილებლად გკითხავს, ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდებაო.

ჩვენს ყოველდღიურობაში ცოტა მისტიკური ამბებიც ხდება. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: გადაღების დროს შემდეგი დღის გეგმა რომ დაიწერა, ჩემი მოვალეობა იყო, კონკრეტული სცენის გადასაღებად თბილისიდან მსახიობი ჩამეყვანა. აღმოჩნდა, რომ წინა საღამოს იმ მსახიობს თბილისში რაღაც პროექტზე გადაღება ჰქონდა. მუშაობა შუაღამეს დაასრულა და ტაქსი გავუშვი, რომელსაც ღამის 4 საათზე გურიაში უნდა წამოეყვანა. მთელი ღამე ხაზზე ვიყავი - მიხვედით? აიყვანეთ? წამოხვედით? - მძღოლთან ყველა დეტალს ვაკონტროლებდი, არ მეძინა. რიკოთზე ცუდი ამინდი იყო, ამაზე ცალკე ვნერვიულობდი, რომ შეფერხებულიყვნენ, რა უნდა მექნა? დილით დღის გეგმას შემთხვევით ჩავხედე, უკვე იმედიანად ვიყავი, ვიცოდი, თითქმის მოსულები იყვნენ, მაგრამ ჰოი, საოცრებავ! აღმოვაჩინე, რომ მსახიობი, რომელიც გამთენი­ისას ჩამოვიყვანე, იმ დღის გადაღებებში სულ არ მიწერია. ლამის გავგიჟდი, ჭკუიდან შეშლას აღარაფერი მაკლდა. პროდაქშენი ხომ ხარჯში ჩავაგდე. ერთი ის მაიმედებდა, რომ მსახიობი ჩემი მეგობარი იყო, მის წინაშე თავს უხერხულად კი ვგრძნობდი, მაგრამ ვიცოდი, ამისთვის არ მომკლავდა. ამ სიტუაციაში არ გინდა დალაგდე? საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ეს როგორ დაგემართა? გარეთ გავედი, ჟინჟლავდა, დილის 7 საათი იყო, გადასაღები მოედანი ეწყობოდა, ირგვლივ ტექნიკური პერსონალი ფუსფუსებდა, ყველა თავის საქმეს აკეთებდა, მე კი ჩემი ფიქრები არ მასვენებდა. გონებაში ვალაგებდი, ეს ამბავი პირველად ვისთვის უნდა მეთქვა, ვის უნდა ჩავექოლე. ამ ფიქრებში ვარ და, ლევანი გამოჩნდა. პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა, სახეზე ვატყობ, ცოტა აშლილია. გავიფიქრე, როგორც ჩანს, უკვე გაიგო, რაც დამემართა-მეთქი. მოვიდა, გვერდით ამომიდგა და მითხრა, ამ ამინდში, მთლიანი გადასაღები დღე მივარდებაო, მერე პერსონაჟის სახელს მეუბნება, აქ მაინც იყოს, რა კარგი იქნებოდაო. იმ პერსონაჟის, რომლის შემსრულებელიც შეცდომით ჩამოვიყვანე, ისე დაემთხვა, ეს გოგო ჩვენი ამ დიალოგის დროს შემოვიდა. ლევანი გაოგნდა, ჩემზე ბედნიერი ხომ იმ წუთში არავინ იყო, თხილის ბუჩქებთან ორივე სიხარულისგან ვხტუნავდით.

bbb-1785681856.jpg

ეს ამბავი როგორ შეიძლება აიხსნას? იმ დილით ის მსახიობი არანაირი ლოგიკით იქ არ უნდა ყოფილიყო. შემეშალა, მაგრამ...

ყოფილა შემთხვევა, როლზე დამტკიცებულ მსახიობს ტელეფონი აღარ აუღია, დაკარგულა, გამქრალა, იძულებული გავმხდარვართ, ვიღაცით სასწრაფოდ ჩაგვენაცვლებინა. მერე კი ის იმაზე მაგარი აღმოჩენილა, ვისაც უნდა ეთამაშა.

დიტო ცინცაძესთან "შინდისის გმირების" გადაღებისას ვიმუშავე. ფილმში ერთი ეპიზოდია, მიწაზე დახოცილი ჯარისკაცებია მიმოფანტული, ზოგიერთის ჯიბიდან ტელეფონის ზარის ხმა ისმის. ამ სცენის გადაღებაზე პროფესიონალი მსახიობები აღარ მოვაცდინეთ, ჯარისკაცის ფორმა მასიური სცენის მსახიობებს ჩავაცვით. ოქტომბერი იყო, მაგრამ ისე ციოდა, კადრებს რომ ვიღებდით, "მიცვალებულებს" პირიდან ორთქლი ამოსდიოდათ. როგორია, ეს ხომ კადრში არ უნდა მოხვდეს! დიტო ეძახდა, გთხოვთ, ცოტა ხნით ნუ ისუნთქებთო, მაგრამ როგორი შესასრულებელი თხოვნაა! ეს ადამიანები გადაღებისთვის დავსვარეთ, ზოგს ტალახი წავუსვით. დიტო ყველასთან სათითაოდ მიდიოდა და ებოდიშებოდა, მაპატიეთ, რომ ასე გაწუხებთო, გაყინულ ხელებს უთბობდა.

ამ ფილმისთვის ქასტინგს რომ ვატარებდით, უამრავი ადამიანი მოვიდა, ხულოდან და საინგილოდანაც კი იყვნენ ჩამოსულები, კინოსტუდია ხალხით იყო სავსე. დიტომ დიდი სიფრთხილით აირჩია მსახიობები: გოგა პიპინაშვილი, თამუნა აბშილავა, დათო ბახტაძე, არტისტები გორის თეატრიდანაც... უნდა გენახათ, არამსახიობ პირებს როგორი დიდი დაკვირვებით არჩევდა, ასე შექმნა ამ ფილმში საინტერესო სახეების პალიტრა. ძალიან კარგი გუნდი შეკრა.

გადაღებები გორში გვქონდა. ამ ფილმში ერთი პერსონაჟი ახმედაა, რეალური ადამიანი, რომელიც გადაღებებისას სულ ჩვენთან იყო და ომის შემზარავ სისასტიკეს იხსენებდა...

როდესაც კარგ რეჟისორებზე ვსაუბრობ, არ შემიძლია არ ვახსენო თემური, გელა და გიორგი ბაბლუანები, ნანა ჯანელიძე და ცხონებული ზაზა ურუშაძე. ზაზას ბოლო ფილმში "ანტონი", რომელიც 3 ქვეყნის კოპროდუქციაა, ქართულ მხარეზე მე ვიმუშავე. ფილმი ზაზას გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა. ბახმაროში მეგობრებთან ერთად ავედი დასასვენებლად. ჩანთა დადებული არ მქონდა, ტელეფონზე უცხო ზარი შემოვიდა, ზაზა ურუშაძე ვარ, თქვენ რეკომენდაცია გაგიწიეს, შეხვედრა მინდაო. ამ ზარმა ძალიან გამახარა, ჩანთა ავიღე, მეგობრებს ვუთხარი, თბილისში ვბრუნდები-მეთქი. არც ერთი ამას არ მიჯერებდა, მაგრამ ზაზასთან თანამშრომლობის სიამოვნებაზე უარი როგორ უნდა მეთქვა, მაშინვე წამოვედი...

"არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი დღე"

თეატრალურში სოსო ნემსაძის ჯგუფში ვიყავი, მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ასაკიდან გამომდინარე, შეიძლება რაღაცებს ვერც ვხვდებოდი, მაგრამ წლები გასულა და მისი სიტყვები, სცენაზე ან გადაღებაზე ყოფნისას გამხსენებია.

მარჯანიშვილის თეატრში ნიკა საბაშვილის სპექტაკლზე ეკა მჟავანაძესთან ერთად ვმუშაობდი. ეკამ მითხრა, შენ კარგი ბიჭი ხარ, არ გინდა, ჩემთან კინოში წაგიყვანოო? დავთანხმდი, მაგრამ იქ რა უნდა მეკეთებინა, არ ვიცოდი... არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი დღე. სერიალ "ხელოვნური სუნთქვის" ბოლო სერიას იღებდნენ და პირველ დღეს ზურა ყიფშიძესთან მომიწია მუშაობა. ძალიან ვნერვიულობდი, ხან წყალს ვთავაზობდი, სულ თვალებში ვუყურებდი. ეკა მჟავანაძის დამსახურებაა, დღეს ამ საქმეში რომ ვარ. მეორე დღეს ეკას რომ შევხვდი, უკვე მეგონა, ყველა კინო მე მქონდა გადაღებული. ეკამ გამომხედა, თავი გადააქნია, - ეჰ, შენ ჯერ რა იცი, ქარსა და ტალახში რომ მოგიწევს მუშაობა, მერე ნახავო.

როცა მსახიობი გადასაღებ მოედანზეა გრიმით, მას თავისი სამყარო აქვს... ამ დროს თუ ვიღაც მიუჯდება და ელაპარაკება ფეხბურთზე ან სხვა თემებზე, ძალიან აწუხებს...

ქართული კინოს ბევრ ვარსკვლავთან მიმუშავია: ავთო მახარაძე, მიშა გომიაშვილი, კახი კავსაძე, სოსო ხაინდრავა, მერაბ ნინიძე... მიშა გომიაშვილი ცეცხლი იყო, ქარბორბალა... კახი კავსაძე ქარიშხალს ატრიალებდა, ყველა მის გარშემო იკრიბებოდა.

ყოფილა შემთხვევა, დავმდგარვარ და გადაღების დროს მსახიობებისთვის მიყურებია, რას და როგორ აკეთებდნენ. ზოგჯერ ისე კარგად უთამაშიათ, სცენა ერთ დუბლში ჩაუწერიათ. ამ დროს უყურებ და ფიქრობ, რა მაგარი რამაა პროფესიონალიზმი.

თამუნა კვინიკაძე