„ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება“ - ინტერვიუ ნუცა ბუზალაძესთან - კვირის პალიტრა

„ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება“ - ინტერვიუ ნუცა ბუზალაძესთან

აგვისტოს მიწურულს ნუცა ბუზალაძე ბათუმში კონცერტს გამართავს. "ამ კონცერტით მინდა მაყურებელს ვაჩვენო, რას ვაკეთებდი მთელი წლის განმავლობაში ამერიკაში", - ამბობს მომღერალი. ცხოვრების, კარიერის და მომავალი კონცერტის მნიშვნელოვანი დეტალებით ნუცა ბუზალაძე "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- უკვე მივიღე ოფიციალური მოწვევა "გრემის" აკადემიიდან, რაც ნიშნავს, რომ მიწვეული ვიქნები "გრემის" ყველა ღონისძიებასა და წვეულებაზე, რომელიც გაიმართება. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყოველწლიურ "გრემის" დაჯილდოებას დავესწრები. ასევე მექნება შესაძლებლობა, სხვა ადამიანებსაც გადავცე მოსაწვევები. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ წევრებს აქვთ ხმის მიცემის უფლება "გრემის" გამარჯვებულების ასარჩევად - ანუ მეც შემიძლია ხმა მივცე ჩემს საყვარელ არტისტს, იმ სიმღერას, რომელიც, ვფიქრობ, ამ ჯილდოს იმსახურებს. გასულ წელს დავიწყე მუშაობა იმისთვის, რომ "გრემის" წევრი გავმხდარიყავი და ერთ წელიწადში მიზანს მივაღწიე. ეს ჩემთვის ახალი პასუხისმგებლობაა, თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება.

- ეს წელი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. როგორ შეცვალა ამ ყველაფერმა ნუცა?

- ძალიან მხიარული და ბავშვური ვარ, თუმცა ამ სიახლეებმა გარკვეულწილად დამასერიოზულა. ოჯახი იმასაც ნიშნავს, რომ სხვაგვარად ფიქრს იწყებ. უკვე წარმომიდგენია, როგორი დედა ვიქნები. ახლა მხოლოდ მუსიკალური განვითარება აღარ არის ჩემი ერთადერთი მიზანი.

უცვლელი დარჩა ის, რაც ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო - გვერდით მყავდეს ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელსაც ვუყვარვარ.

რაც შეეხება კარიერას, ის მიზნები და პრიორიტეტები, რომლებიც მქონდა, ეტაპობრივად სრულდება. მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ერთადერთი დიდი ცვლილება ის არის, რომ უკვე ერთი წელია აშშ-ში ვცხოვრობ, თუმცა საქართველოში ძალიან ხშირად ჩამოვდივარ. გამოდის, ორი სახლი მაქვს - აშშ-ში და საქართველოში. თუმცა არც ერთის გარეშე არ შემიძლია, ამიტომ სულ მოძრაობაში ვარ. როგორც მუსიკოსს, ამერიკაში ყოფნა ძალიან მეხმარება. ახლახან ახალი ალბომი ჩავწერე, კონცერტებს ვმართავ და ვგრძნობ, რომ პროფესიულად ვიზრდები. უფრო კრეატიული გავხდი, რაც ძალიან მომწონს. რაც ვარ, ჩემი ხასიათი, ენერგია და ის სიყვარული, რომელსაც გავცემ, საქართველოს, ჩემი ოჯახის, მეგობრების და დედაჩემის დამსახურებაა, აშშ-მ კი მომცა შესაძლებლობა, მემუშავა ძალიან კარგ პროდიუსერებსა და პროფესიონალებთან. ვატყობ, როგორი ვიყავი შარშან და როგორი ვარ ახლა. ყოველთვიურად ვიზრდები. ამაში ძალიან მეხმარებიან ის ადამიანები, რომელთა წრეშიც ვტრიალებ - კრეატიული დირექტორი, მუსიკოსები, დიზაინერები, პროდიუსერები.

- მეუღლე რამდენად არის ჩართული თქვენს საქმიანობაში?

- მეუღლე ჩემი საუკეთესო მეგობარია. ჩვენი ურთიერთობა იმით დაიწყო, რომ ის ჩემი აგენტი იყო და თავიდანვე იყო ჩართული ჩემს კარიერაში - ახლაც ასეა. მეუღლე ყველაფერს მიგებს, მაძლიერებს, მგულშემატკივრობს და ყოველთვის ჩემ გვერდით არის. ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში სამი წლის წინ გამოჩნდა. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ის მყავს. ახლა ახალი ალბომი გავაკეთეთ, რომელიც სექტემბერში გამოვა. დიდი სურვილი მაქვს ქართულენოვანი ალბომიც გამოვუშვა.

- ქართულ სტილს, მრავალხმიანობას როგორ იღებს თქვენი მეუღლე, მანამდე ხომ ქართველ არტისტთან არ უმუშავია.

- მისი რეაქცია საოცარია. საერთოდაც, მხოლოდ ჩემს მეუღლეზე რომ არ ვილაპარაკო, ქართული მუსიკით ყველა მოხიბლულია. ჩვენი ცეკვებით ხომ აღტაცებული არიან. მინდა რაც შეიძლება ფართოდ წარმოვაჩინო ჩვენი ინსტრუმენტები, ჩვენი ფოლკლორი და ისეთი პროექტები გავაკეთო, რომ ეს სიმდიდრე სხვებმაც გაიცნონ. მაგალითად, ახალ სიმღერაში "ილუზენსი"“ფილმ "ფესვების"“საუნდტრეკის მელოდია გამოვიყენეთ. ჩემს პროდიუსერს ძალიან მოეწონა ეს მელოდია. ყველას, ვინც ისმენს, ასეთივე რეაქცია აქვს. ვამაყობ ჩვენი სამშობლოთი, მისი კულტურით. მინდა ეს სიმდიდრე მთელ მსოფლიოს ვაჩვენო.

befdbbcd-e3e2-42f2-9a00-602130426980-1785682590.jpg

- ახლა იმ კონცერტზე მიამბეთ, რომლითაც ქართველი მაყურებლის წინაშე უნდა წარდგეთ.

- კონცერტი გაიმართება 22 აგვისტოს ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რომელსაც ბენზეს თეატრსაც უწოდებენ. მინდა მაყურებელს ვაჩვენო, რას ვაკეთებდი მთელი წლის განმავლობაში აშშ-ში. ჩამოვიყვან ჩემს მუსიკოსებს - სერიოზულ პროფესიონალებს. ეს არის ტონი ბრექსონის ბენდი, რომელიც 25 წელი უკრავდა მასთან ერთად და ახლა ჩემთვის უკრავს. ჩამოვა ჩემი ამერიკელი მუსიკალური დირექტორიც და მათ ქართველი მუსიკოსებიც შეუერთდებიან. ამ კონცერტზე მინდა ვაჩვენო ჩემი ორი სახე - ქართული და ამერიკული. მინდა ეს იყოს ჩემი ორი სიყვარულის შერწყმა - საქართველოსი და ამერიკის. ბევრი ქართული სიმღერა შესრულდება, იქნება დიდი შოუ - მოცეკვავეებით, მომღერლებით, სიმებიანი კვარტეტით. შოუებით დატვირთული იქნება. კონცერტი მხოლოდ ერთი საღამოს გაიმართება, თუმცა გადავიღებთ, ტელევიზიითაც გავა და იუთუბზეც განთავსდება. როგორც გითხარით, ჩემს სიმღერაში "ფესვების"“მთავარი მელოდია გამოვიყენე. სწორედ ამ კონცერტით მინდა ვაჩვენო, როგორ განვვითარდი და რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემი ფესვები - საქართველო. კონცერტი ამ ნომრით დაიწყება და პირველ აქტსაც სწორედ ასე - "ფესვები" ჰქვია.

მინდა ახალგაზრდებმა ნახონ, საიდან დავიწყე და სადამდე მოვედი. ყველამ იცის, რომ ყველაფერი ნულიდან დავიწყე და საკუთარი ძალით მივაღწიე ამ ეტაპამდე. ჯერ მხოლოდ 29 წლის ვარ და ყველაფერი წინ მაქვს. ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ფესვებმა მომცა შესაძლებლობა აქამდე მოვსულიყავი.

- ქართველებიდან ვინ იქნება თქვენ გვერდით სცენაზე?

- თეატრალურის კვარტეტი, აჩიკო ბერიძე და ზუკა ხუციშვილი.

- რა განსხვავებაა ქართულ და საერთაშორისო სცენას შორის?

- ქართული ტემპერამენტი ყველაფერში მეხმარება. ვფიქრობ, სწორედ ეს გამომარჩევს. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და შესაბამისად ჩვენი ბაზარიც პატარაა. ამიტომ რაც არ უნდა ვეცადოთ, ის თანხები და შესაძლებლობები, რაც აშშ-ის შოუბიზნესში ტრიალებს, აქ ვერ იტრიალებს. თუმცა ძალიან მინდა ქართველი არტისტები უფრო ფართოდ ჩანდნენ მსოფლიო ბაზარზე.

- რომელ არტისტთან თანამშრომლობაა თქვენი სურვილების სიაში?

- ძალიან მინდა ბრუნო მარსსა და ბიონსესთან თანამშრომლობა. ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს ერთ-ერთ რეპერთანაც, კიდევ რამდენიმე არტისტთან თანამშრომლობას განვიხილავთ...

- რას აკეთებთ მაშინ, როცა მუსიკით არა ხართ დაკავებული?

- სპორტით ვარ გატაცებული. ახლა ტრიატლონისთვის ვემზადები. ვინც არ იცის, ტრიატლონი სამი სპორტის სახეობას მოიცავს - ცურვას, სირბილს და ველოსპორტს. როცა ოლიმპიურ დისტანციას გადიხარ, ეს სამი ერთმანეთის მიყოლებით უნდა შეასრულო. ძალიან მიყვარს კითხვა, მეგობრებთან ერთად დროის გატარება. დავდივარ ჯაზ-კლუბებშიც. ასევე ძალიან მხიბლავს სხვადასხვა ქვეყნის კულტურის, ტრადიციებისა და თავისებურებების გაცნობა.

- დღეს სოციალურ ქსელებში არტისტებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია მუდმივად საკუთარი თავის წარმოჩენა?

- ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს საზოგადოებას გააცნოს თავი, თავისი სიმღერა ან შემოქმედება მიაწოდოს, ამისთვის საუკეთესო საშუალება სოციალური მედიაა. ადრე ამისთვის ტელევიზიაში უნდა გამოჩენილიყავი, ახლა კი სოციალური ქსელები პატარა ტელევიზიებად იქცა. შეიძლება ერთი პატარა ვიდეო დადო და მილიონობით ნახვა დააგროვო. ამ გზით პირდაპირ აწვდი მაყურებელს შენს სათქმელს და უკავშირდები მსმენელს. "ტიკ-ტოკთან" ვერ ვმეგობრობ, მაგრამ "ინსტაგრამსა" და "ფეისბუკს" აქტიურად ვიყენებ.

- პირადად მართავთ სოციალურ ქსელებს თუ გყავთ მენეჯერი?

- ძირითადად თავად ვუძღვები. მენეჯერი მეხმარება - მაგალითად, მირჩევს, რა გადავიღო და რაზე გავაკეთო აქცენტი, მაგრამ გვერდებს მე თვითონ ვმართავ.

- კრიტიკასა და ნეგატიურ კომენტარებს როგორ უმკლავდებით?

- იმდენჯერ ვიყავი უკვე ცუდი კომენტარების ქარცეცხლში, რომ აღარ ვაქცევ ყურადღებას…- როგორც შექება არ უნდა დაიჯერო ბოლომდე და ქებამ არ უნდა დაგაკარგვინოს რეალობის შეგრძნება, ზუსტად ასეა უარყოფით კომენტარებთან დაკავშირებითაც. ყველაზე მნიშვნელოვანია, შენ თვითონ იცოდე, ვინ ხარ და რას აკეთებ.

ყველაზე მეტად დედისა და მეუღლის აზრი მაინტერესებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას მაინც შინაგან ხმას ვუსმენ.

- დღეს თქვენი ცხოვრება ძალიან სწრაფი ტემპით მიდის. რას ცდილობთ, რომ ამ სისწრაფეში არ დაიკარგოთ?

- მსურს ჩემი საქმიანობის მთავარი მიზეზი ყოველთვის სიყვარული იყოს. არ მინდა ოდესმე ფულმა ან სხვა გარემოებებმა ჩაანაცვლოს ის გრძნობა, რის გამოც ამ საქმეში დავრჩი. არ მინდა ჩემს საქმიანობაში ხელოვნურობა ან ხელოვნური აქცენტები გაჩნდეს. ყველა ადამიანს სიყვარულით უნდა მიუდგე და ყველაფერს, რასაც აკეთებ, ამ გრძნობით უნდა აკეთებდე. თუ ცხოვრების, პროფესიის თუ სხვა ადამიანების სიყვარული აღარ გაქვს, ყველაფერი უფასურდება. მთავარი სიყვარულია - ნებისმიერ საქმეში, ურთიერთობაში და ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. ეს არის ძალა, რომელიც გვაძლევს მოტივაციას, ენერგიას და გვაიძულებს უკეთესები გავხდეთ.