როდის ცხოვრობდა საქართველოში 16 მილიონი კაცი და როგორ გადავურჩეთ "დემოგრაფიულ ზამთარს"?! - ანზორ სახვაძის ანალიზი - კვირის პალიტრა

როდის ცხოვრობდა საქართველოში 16 მილიონი კაცი და როგორ გადავურჩეთ "დემოგრაფიულ ზამთარს"?! - ანზორ სახვაძის ანალიზი

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ბოლო ათწლეულებში მკვეთრად შემცირდა: 1989 წელს საქართველოში 5 400 841 კაცი ცხოვრობდა, 2002 წელს - 4 371 535, ხოლო 2026 წლის იანვრის მონაცემებით - 3 მილიონ 941 ათასი. ბოლო წლებში სიკვდილიანობამ შობადობის მაჩვენებელს გადააჭარბა, რასაც სპეციალისტებმა "დემორაფიული ზამთარი" დაარქვეს. გვესაუბრება დემოგრაფი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი ანზორ სახვაძე:

- ქართველი მოსახლეობა საუკუნეების წინ უფრო მრავალრიცხოვანი იყო. მაგალითად, შემორჩენილია ალექსანდრე ჭავჭავაძის წერილი, რომელშიც ის წერს, მეხუთე საუკუნის საქართველოში 16 მილიონი კაცი ცხოვრობდაო, ორჯერ მეტი იმაზე, რასაც თამარის ეპოქის საქართველოზე ვარაუდობენ. რა თქმა უნდა, ეს დაუზუსტებელი ციფრებია, მაგრამ ფაქტია, რომ ადრე მოსახლეობა გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო.

რაც შეეხება ბოლო ათწლეულებს: გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, შობადობის მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა, კერძოდ: 1990 წელს 92,8 ათასი ბავშვი დაიბადა, ხოლო გასულ წელს მხოლოდ 47 ათასი - ეს ნიშნავს, რომ შობადობის მაჩვენებელი განახევრებულია. შესაბამისად, რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალთა რაოდენობაც განახევრდება, რაც მომავალში უფრო შეამცირებს შობადობის მაჩვენებელს.

როდესაც დემოგრაფიულ სიტუაციაზე ვსაუბრობთ, ქორწინების და განქორწინების პროცესს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სამწუხაროა, რომ ქორწინებების რიცხვი ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად შემცირდა და ამას შობადობის კლება მოჰყვა. პარალელურად, მოიმატა განქორწინებათა რიცხვმა. 30-40 წლის წინ განქორწინების მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო. ამჟამად სიტუაცია შეიცვალა, რაც თანამედროვე ცხოვრების წესმა განაპირობა.

- არაერთი ახალგაზრდა ფინანსური პრობლემების გამო ვერ ან არ ქორწინდება...

- მე კი ვფიქრობ, რომ თანამედროვე ახალგაზრდებს გაცილებით მეტი მოთხოვნა აქვთ, ვიდრე წინა თაობებს ჰქონდათ. ამიტომ ბევრი ცდილობს ქორწინება მომავლისთვის გადადოს, როცა მატერიალურად უფრო მოძლიერდება. როცა ადამიანს ყველაფერი ერთად უნდა: კარგი სახლი, მანქანა, მოგზაურობა და უზრუნველი ცხოვრება, ის ცდილობს ოჯახის შექმნა გადადოს, წინა თაობები კი ფიქრობდნენ, რომ მატერიალური კეთილდღეობა თანდათან მიიღწევა.

დემოგრაფიული კრიზისის ერთ-ერთი მიზეზია გვიანი ქორწინებაც. ასე ხდება დასავლეთის ქვეყნებში, რომლებიც ჩვენზე გაცილებით მდიდრები არიან. გავრცელებული ტენდენციაა ერთშვილიანი ოჯახების მომრავლებაც: ახალგაზრდები ქორწინდებიან, წლების განმავლობაში ბავშვს არ აჩენენ, მერე კი ერთი შვილის იმედად რჩებიან. მარტო ერთშვილიანი კი არა, უშვილო ოჯახებიც მოგვიმრავლდა, ბევრი წყვილი მიმართავს რეპროდუქციულ ცენტრებს, რადგან შვილს ბუნებრივი გზით ვერ აჩენს. ერთშვილიანი და უშვილო ოჯახების სიმრავლე ჩვენი ერისთვის დიდი დანაკლისია.

- დიდი პრობლემაა მიგრაციაც - უცხოეთში ხომ ძირითადად რეპროდუქციული ასაკის მქონე ადამიანები მიდიან.

- სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები თავის მიწას მოსწყდნენ და ახლა უცხო ქვეყანაში გაცილებით მძიმე სამუშაოს ასრულებენ. ამ ყველაფრის შედეგად შობადობა მცირდება, მოსახლეობა ბერდება და დემოგრაფიული პრობლემა უფრო მწვავდება.

- მრავალ ქვეყანაში ახალშექმნილ ოჯახებს სერიოზულ ფინანსურ დახმარებას უწევენ, ჩვენც ამ ქვეყნებს ხომ არ უნდა მივბაძოთ?

- დიახ, ახალბედა ოჯახებს არაერთი სახელმწიფო ეხმარება. ასე ხდება არაბულ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენზე ბევრად მდიდრები არიან და დემოგრაფიული პრობლემის სიმწვავე გააცნობიერეს: მარტო წყვილებს კი არ ეხმარებიან, ახალშობილ ბავშვებსაც უხსნიან საბანკო ანაბრებს. სახელმწიფო ზრუნავს ახალბედა ოჯახების საბინაო პირობების გაუმჯობესებაზეც. ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც დემოგრაფიული კრიზისია, 2-შვილიანი ოჯახიც კი მრავალშვილიანად მიიჩნევა, ზოგან სამი ან ოთხშვილიანი - ყველგან განსხვავებული კრიტერიუმია. რა თქმა უნდა, მრავალშვილიან ოჯახს გარკვეული ბენეფიტები უნდა ჰქონდეს, რაც მის სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და ახალშექმნილი ოჯახების ბინით უზრუნველყოფაც აუცილებელია, რადგან ბევრი ახალგაზრდა ქორწინებისგან უბინაობის გამო იკავებს თავს. სასურველია, ბანკებმაც გაუწიონ შეღავათი იმ წყვილებს, რომელთაც დაქორწინება სურთ.

იმისათვის, რომ ქართველი მოსახლეობა გამრავლდეს და სიტუაცია გამოსწორდეს, ქვეყანამ სწორი დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა გაატაროს. უნდა ვიცოდეთ, რატომ არ აჩენენ ქართული ოჯახები სამ, ოთხ, ხუთ შვილს და ამ მიზეზების აღმოფხვრაზე ვიზრუნოთ. თუ კონკრეტულ მიზანს დავისახავთ, გვეცოდინება, რომ უახლოეს 10 წელიწადში მოსახლეობის რიცხვის შენარჩუნებაზე ან გაორმაგებაზე უნდა ვიზრუნოთ.

მრავალშვილიანი გაჭირვებული ოჯახებისთვის დახმარება დემოგრაფიული პოლიტიკა არ არის, ეს უფრო სოციალური პოლიტიკის ნაწილია.

ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავია, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო არ შემცირდეს. იმ ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა, სადაც ერთი ქალი მხოლოდ ერთ შვილს აჩენს, შემცირებისთვისაა განწირული. ზოგს ჰგონია, რომ ერთზე მეტ შვილს ფინანსურად შეჭირვებული ოჯახები არ აჩენენ, მაგრამ ხშირად მრავალშვილიანები სწორედ ღარიბი ოჯახები არიან.

იმისათვის, რომ დემოგრაფიულ კრიზისს მოვერიოთ, სახელმწიფო რეალურ ნაბიჯებს უნდა დგამდეს, სამწუხაროდ, ეს ტენდენცია ჯერ არ შეიმჩნევა. საქართველოში არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც ქვეყნის დემოგრაფიულ პოლიტიკას განსაზღვრავს და ამ პრობლემაზე იმუშავებს. თსუ-ში დემოგრაფიის კათედრა გვქონდა და ისიც კი გააუქმეს. სწორ დემოგრაფიულ პოლიტიკას სწრაფი შედეგი არ მოჰყვება - ეს გრძელვადიანი პროცესია, რომელიც 3-4 წელიწადში ნაყოფს ვერ გამოიღებს. დადებითი შედეგები მომდევნო ხელისუფლების დროს გამოჩნდება - ცხადია, ეს მათთვის მომგებიანი არ არის, მაგრამ ჩვენი ერისთვის სასიცოცხლო ამოცანაა. ამავდროულად, სიტუაციის გამოსწორებაში თითოეულმა ადამიანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს - ეს აუცილებელია, თუ გვსურს "დემოგრაფიულ ზამთარს" გადავურჩეთ.

ხათუნა ჩიგოგიძე