"სამწუხაროა, რომ თინა ბოკუჩავამ სამიზნედ პეტრე ცისკარიშვილი ამოიღო" - რა ხდება "ნაცმოძრაობაში": ლაშა ფარულავას განცხადება
დესტრუქცია, რომელიც თინა ბოკუჩავას მხრიდან ვიხილეთ, სრულიად ამოვარდნილია იმ კალაპოტიდან, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება. თინა ბოკუჩავა ასეთი განცხადებებისას არა უბრალოდ უმცირესობაშია, არამედ სრულიად მარტოა. სამწუხაროა, თუმცა ამით ის მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებს, მისი განცხადებები ვერავინ სხვაზე ვერ იმოქმედებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, რითაც ამავე პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, თინა ბოკუჩავას განცხადებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო, კვორუმის არარსებობის გამო, არ იყო უფლებამოსილი სხდომა გაემართა და გადაწყვეტილებები მიეღო.
როგორც ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, თინა ბოკუჩავას უნდობლობა პოლიტიკურ საბჭოს მიმართ, პირად წყენას უკავშირდება, რადგან ის თავმჯდომარე ვეღარ იქნება.
„ეს იყო ტექნიკური საბჭო, რომელსაც მოჰყვება ყრილობა, სწორედ ის მიიღებს პარტიისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, პოზიცია, რომელიც თინასგან მოვისმინეთ, დესტრუქციაა.
ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნების“ მხრიდან სამიზნეა, ახალი არ არის, უკვე 14 წელია ამ სპირალს გავდივართ. თუ ვინმეს რაიმეს შემოწმება სურს, საბჭო შესაბამისი პროცედურებისა და წესების დაცვით ჩატარდა, აბსოლუტურად ლეგიტიმურია, მას შესაბამისი პირები ესწრებოდნენ და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღეს. წარმოიდგინეთ, იკრიბება საბჭო და უნდობლობას უცხადებს ერთი ადამიანი, თავმჯდომარე. ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება პირად წყენას იმის გამო, რომ ის ვეღარ იქნება თავმჯდომარე. თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მნიშვნელოვანი არა თანამდებობა, თავმჯდომარეობა თუ სტატუსი, არამედ საერთო ბრძოლაა. სწორედ ამ ბრძოლის გამო არის ციხეში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, ჩვენი მეგობარი, თანამებრძოლი და თბილისის ორგანიზაციის ლიდერი, ირაკლი ნადირაძე. ეს ადამიანები პოლიტიკური ტყვეები არიან და მათი საქმიანობა იმ პოლიტიკურ შინაარსს უკავშირდება, რაც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს. თუ ჩვენ ამ ბრძოლაში ვრჩებით, საერთოდ რა თანამდებობასა და თავმჯდომარეობაზეა ლაპარაკი?“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
მისივე თქმით, თინა ბოკუჩავა თავის პოზიციაში სრულიად მარტოა და მას პარტიაში მხარდაჭერა არ აქვს. ფარულავას შეფასებითვე, ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისისა და რეპრესიების ფონზე შიდა დაპირისპირებაზე დროის კარგვა დესტრუქციულია და „ძალა არა ერთმანეთის, არამედ ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა მივმართოთ“.
„ამ განცხადების გაკეთებისას თინა სრულიად მარტო იყო, მის პოზიციას არც პოლიტიკურ საბჭოში და არც ზოგადად პარტიაში მხარდაჭერა არ აქვს. ეს ჩვენი პარტიისთვის სამწუხარო მოვლენაა. “ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრი რამ გადაუტანია, გვახსოვს ნიკა მელიას არა უბრალოდ დესტრუქცია, არამედ საბოტაჟის გზა, როდესაც კონკრეტულმა ადამიანებმა ეს მიმართულება აირჩიეს და პარტია დატოვეს. თუმცა ახლა მსგავსი რამ არ მოხდება. ის, რაც დღეს ხდება, პიროვნული დაპირისპირებაა. სამწუხაროა, რომ მან სამიზნედ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ამოიღო. თავის დროზე, როდესაც მან მიხეილ სააკაშვილი დაიცვა, „ალიანსის“ ფორმატში თავდასხმის ობიექტი გახდა, ახლა კი კვლავ სამიზნეა, თანაც სრულიად უმიზეზოდ. მაშინ, როდესაც ჩვენი მეგობრები ციხეში არიან, რა თანამდებობა უნდა მჭირდებოდეს ოპოზიციაში, რომელიც ქუჩაშია? მსგავსი სიგიჟე არანორმალურია და სრულიად აცდენილია იმ რეალობას, რაც დღეს ქვეყანაშია.
ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია, ტერორი და რეპრესიები ყოველდღიურად ფართოვდება. რა თქმა უნდა, ახლა ერთიანობა გვჭირდება. ჩვენი ძალა არა ერთმანეთის, არამედ ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა მივმართოთ. როდესაც ამაში იკარგება დრო და რესურსი, ეს სამწუხაროა და ნამდვილად დესტრუქციას წარმოადგენს.
რაც შეეხება პარტიას, ენმ ჰორიზონტალურ მმართველობაზე გადადის, ჩამოყალიბდება დროებითი მმართველობითი ჯგუფი, რომელიც პარტიის განახლებაზე აიღებს პასუხისმგებლობას. ასევე შეიქმნება პრეზიდიუმი, რომელიც ამ საკითხებს განიხილავს, დაამტკიცებს და პროცესში ფართო ჩართულობას უზრუნველყოფს. თანამდებობების დევნის დრო წავიდა, ქუჩაში მყოფ ოპოზიციას რაში სჭირდება სტატუსები?! თინა ბოკუჩავას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, აქვს და ექნება მომავალშიც, თუ, რა თქმა უნდა, არ გააგრძელებს იმ გზას, რომელიც ახლა აირჩია და რომელიც მხოლოდ ხელისუფლებისთვისაა სასარგებლო“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
"ინტერპრესნიუსი"