"ყრილობაზე აღარც პარტიის თავმჯდომარეს ავირჩევთ ისეთი ფორმით, როგორც ახლაა და აღარც გენერალურ მდივანს" - გიორგი ბარამიძე
შეიძლება გარკვეული წყენა ჰქონდეს თინას, იმიტომ, რომ ყრილობაზე, ჩვენ აღარც თავმჯდომარეს ავირჩევთ ისეთი ფორმით, როგორც ახლა არის და აღარც გენერალურ მდივანს. გვინდა იყოს ერთგვარი მმართველობითი საბჭო, რომელიც შეასრულებს ამ ფუნქციებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 5 აგვისტოს გაიმართება „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა, სადაც მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ მიიღება გადაწყვეტილებები.
„ეს არის ის რეფორმები, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივითა და მისი ხედვებიდან გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობა“ და პოლიტიკური საბჭო დიდი ხანია ამზადებს. ბევრი თვის წინ პოლიტიკურმა საბჭომ დაამტკიცა მართვის საფუძვლიანი რეფორმა, რომლის ორი მთავარი, მნიშვნელოვანი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ერთი, პარტია გახდეს ბევრად უფრო მეტად სახალხო, დემოკრატიული, გამჭვირვალე და ამით უზრუნველყოფილი იყოს ბევრად უფრო მეტი სამართლიანობა პარტიის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებების პროცესში. მეორე, მნიშვნელოვანი სიახლე - ჩვენ შემოგვაქვს პარტიის ისეთი წევრობა, როდესაც პარტიის წევრები შემოწირულების სახით გადაიხდიან პარტიის საწევროს და დაეხმარებიან პარტიას, იყოს ყველაზე დამოუკიდებელი ორგანიზაცია, ისევე, როგორც ეს არის მთელ მსოფლიოში. ფინანსურად დამოუკიდებლობა ნიშნავს ყველანაირ დამოუკიდებლობას, პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას უშუალოდ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე და არა ცალკეული მდიდარი შემომწირველის მიმართ.
“ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება დაცული აპლიკაცია. აპლიკაცია ემსახურება იმას, რომ პარტიის რიგითმა წევრმა, ვინც ყოველთვიურად შემოწირულების სახით გადაიხდის საწევო გადასახადს, მიიღოს მონაწილეობა პარტიის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიიღოს მონაწილეობა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც მნიშვნელოვანია პარტიისთვის, მაგალითად ისეთი საკითხები, როგორიცაა პარლამენტში შევიდეთ-არ შევიდეთ. როდესაც ეს სისტემა დაინერგება, ამას არ გადაწყვეტენ მხოლოდ პარტიის მიერ არჩეული ხელმძღვანელები. უშუალოდ თითოეული წევრი მიიღებს მონაწილეობას პარტიის გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - განაცხადა ბარამიძემ და აღნიშნა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც 5 აგვისტოს ყრილობაზე იმსჯელებენ.
მან ასევე ისაუბრა პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებაზე, რომელიც მან გასულ კვირას ჩატარებულ პოლიტსაბჭოს სხდომასთან დაკავშირებით გააკეთა იმის შესახებ, პოლიტსაბჭო სხდომის ჩასატარებლად უფლებამოსილი არ იყო.
"ინტერპრესნიუსი"