“იმ პერიოდის უშუქობასა და სიცივეშიც კი ყველაზე ძვირფასი ის სითბო და ურთიერთობები იყო, რაც საქართველოში მქონდა“ - გიორგი ბაბლუანის “სახალხო ინტერვიუ“
Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარი იყო მსახიობი გიორგი ბაბლუანი. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ტელეინტერვიუს ელექტრონულ ვერსიას, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული გადაცემის ნახვას მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
ანა:
- გიორგი, მოგესალმებით. როგორ ხართ და ახლა რას საქმიანობთ?
- ახლახან დავასრულე გადაღებები გელასთან (ბაბლუანთან) ერთად, რომელიც სტალინზე იღებდა ფილმს. გადაღებების დიდი ნაწილი შარშან საქართველოში მიმდინარეობდა, ბოლო ნაწილი კი რიგაში, ლატვიაში გადავიღეთ. პარალელურად ვმუშაობ ჩემს პროექტზე თემურთან ერთად, სადაც, ასე ვთქვათ, რეჟისორიც ვარ და მსახიობიც.
ლიკა:
- მსახიობობა რატომ გადაწყვიტეთ და შესაბამისი განათლება სად მიიღეთ?
- ხშირად მეკითხებიან, რატომ ავირჩიე ეს გზა. ალბათ ბევრი მიზეზია და კონკრეტულად ერთის გამოყოფა რთულია. რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ მამა რეჟისორია და დედაც სამსახიობოზე სწავლობდა, კინო ჩვენთან ყოველთვის ახლოს იყო, თუმცა ჩემი პირადი მოტივაცია მაინც სხვა გზებით მოვიდა. ნელ-ნელა, ბავშვობაში, კითხვა შემიყვარდა. მახსოვს, ვკითხულობდი ისეთ წიგნებს, როგორებიცაა ირვინ შოუს "მდიდარი, ღარიბი...“, დიტერ ნოლის "ვერნერ ჰოლტის თავგადასავალი“, მოგვიანებით დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელი“, რომელმაც ძალიან დამაინტერესა. ამ პერსონაჟების ფსიქოლოგია ჩემთან ახლოს მოვიდა. როდესაც იმ ასაკს მივაღწიე, რომ პროფესია უნდა შემერჩია, ეს ყველაფერი - წაკითხული წიგნები, კინო და პირადი გამოცდილება - ერთად შეიკრიბა და მსახიობობა ჩემთვის სრულიად ბუნებრივ მდგომარეობად იქცა.
განათლება საფრანგეთში, თეატრალურ კურსებზე მივიღე, სადაც დაახლოებით სამი წელი ვსწავლობდი. ეს იყო ძალიან კარგი კურსები, ჩემი მასწავლებლები იყვნენ ვალენტინ კოენი და ფილიპ მიურელი. ფილიპ მიურელი უფრო სტანისლავსკის მეთოდით გვასწავლიდა, ვალენტინ კოენი - "აქტორს სტუდიოს“ (Actors Studio) პრინციპებით. ეს ძალიან საინტერესო პროცესი იყო, რადგან რასაც ერთი მასწავლებელი ერთი მეთოდით აგვაწყობინებდა, მეორე აბსოლუტურად საპირისპიროს გვეუბნებოდა. ამიტომ თვითონ ვპოულობდით ოქროს შუალედს - სად იყო სიმართლე და რომელი ჯობდა. პარალელურად სხვა კურსებსაც ვესწრებოდი, თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც ეს თეატრალური კურსები აღმოჩნდა.

სოფო:
- რამხელა იყავით საქართველო რომ დატოვა თქვენმა ოჯახმა და როგორი იყო ის პერიოდი თქვენთვის. გაგიჭირდათ ქართული გარემოდან ფრანგულ გარემოში გადანაცვლება და მასთან შეგუება?
- საკმაოდ რთული პერიოდი იყო, რადგან საფრანგეთში მცირე ასაკში, 11-12 წლისა წავედი. საკმარისად მძიმე პირობებში გვიწევდა ცხოვრება. ეს დედაჩემის, ლიას ინიციატივა იყო. მან გაიგო, რომ არსებობდა გზა ბავშვების საზღვარგარეთ გაგზავნისა და დიდი ნერვიულობისა თუ ვალების ფასად მოახერხა ჩემი და-ძმების გაგზავნა, მოგვიანებით კი მეც ჩავედი. პირდაპირ ფრანგ ბავშვებთან შევედი სკოლაში, სადაც აბსოლუტურად სხვა კულტურა, გარემო და მენტალიტეტი დამხვდა. მახსოვს, კლასში რომ შევედი და მასწავლებელი წარმადგენდა, კედელზე გაკრულ რუკაზე მიუთითა და თქვა: "ეს ბიჭი პატარა ქვეყნიდან მოდისო“.
დიდხანს ეძებდა რუკაზე საქართველოს და ძლივს იპოვა. ეს ისეთი განცდა იყო, თითქოს არსაიდან მოვდიოდი. არადა, საქართველოში პირიქით განცდა მქონდა - მეგონა, რომ მართალია მცირე ტერიტორიასა და მოსახლეობას წარმოვადგენდით, მაგრამ დიდი კულტურის შვილები ვიყავით და განსაკუთრებულები. ამ დროს ჩადიხარ და ეჯახები რეალობას, სადაც შენ შესახებ არაფერი იციან. თან იმ ასაკში ჩემი მეგობრები და ჩემი გარემო საქართველოში ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა - იმ პერიოდის უშუქობასა და სიცივეშიც კი ყველაზე ძვირფასი ის სითბო და ურთიერთობები იყო, რაც საქართველოში მქონდა.
საფრანგეთში კი მაშინვე თავისუფლად ვერ ვლაპარაკობდი ფრანგულად; თუმცა ცოტა მომამზადეს, სანამ წავიდოდი, მაგრამ ბავშვებთან თავისუფლად კომუნიკაცია მაინც მიჭირდა. დრო დაჭირდა იმასაც, რომ ორივე კულტურის ოქროს შუალედი მეპოვა - მათი გამეგო და ჩემიც შემენარჩუნებინა.
ნათია:
- როდესაც თქვენმა ძმამ - რეჟისორმა გელა ბაბლუანმა მის ფსიქოლოგიურ თრილერში "13“ თამაში შემოგთავაზათ, როგორ შეხვდით ამას და როგორ იხსენებთ მასზე მუშაობის პერიოდს?
- რაც შეეხება ფილმ "13“-ს (13 Tzameti): როდესაც გელამ ამ ისტორიაზე ფიქრი დაიწყო, 15 წლის ვიყავი. მომიყვა სიუჟეტი და ძალიან მომეწონა. სანამ პროექტი დაალაგა და დახვეწა, დრო გავიდა. მე უკვე თეატრალურზე ვსწავლობდი და თითქმის ვამთავრებდი, როდესაც უშუალოდ სამზადისი დაიწყო. გელას თავისი პროდაქშენი ჰქონდა და რადგან თეატრალური კურსების შემდეგ საღამოობით ხშირად შევდიოდი მასთან, ამ პროცესს თვალს ვადევნებდი. მერე კასტინგი გამოაცხადა. მითხრეს, მეც გამევლო კასტინგი. რეპლიკას ჩემი დისშვილის ნასტასიას მამა, ფრანგი ბიჭი მიწევდა. რომ გამოვედით, მითხრა: "ძალიან კარგი იყავი, მაგრამ მგონი, გელა ბოლომდე კმაყოფილი არ არისო“. ცოტა ხანში გავიგე, რომ სხვა მსახიობი დაამტკიცა. გული კი დამწყდა, მაგრამ ვიფიქრე, ეტყობა, თავისი მიზეზები აქვს-მეთქი.