სეპარატისტების ისტერიკა ანუ როგორ გაამწარა ნაურუმ აფხაზი და ოსი მარიონეტები - მამუკა არეშიძის ანალიზი: იშლება თუ არა რუსეთის მიერ ნაყიდი "აღიარებების" - კვირის პალიტრა

სეპარატისტების ისტერიკა ანუ როგორ გაამწარა ნაურუმ აფხაზი და ოსი მარიონეტები - მამუკა არეშიძის ანალიზი: იშლება თუ არა რუსეთის მიერ ნაყიდი "აღიარებების" სისტემა?!

კრემლის მიერ წლების განმავლობაში ნაყიდი "აღიარებების" სისტემა თანდათან იშლება. პატარა კუნძულოვანმა სახელმწიფო ნაურუმ, რომელსაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2009 წლიდან აქვს აღიარებული, ამ ორ ოკუპირებულ რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა. ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ამ ფაქტს დიპლომატიური წარმატება უწოდეს თბილისში, ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალში კი ნერვიული რეაქციები მოჰყვა.

აფხაზურმა და ოსურმა ტელეგრამარხებმა ინფორმაცია თავდაპირველად "ქართველების მორიგ ტყუილად" შეაფასეს და დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროებისგან განმარტება მოითხოვეს.

"ეს ტყუილია თუ რეალური? შესაძლოა ქართველების მოგონილი ინფორმაციაა, რომელიც ქვეყანაში საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად გავრცელდა. ველოდებით ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას", - წერდა ე.წ. სამთავრობო ტელეგრამარხი "ამრა-ლაიფი".

სხვა მომხმარებლები აღნიშნავდნენ: "დიდი ალბათობით, ეს სულელური ტყუილია", "არ გვჯერა", "საქართველო ყველაფერს იტყვის, თუ ეს აფხაზეთს დააზიანებს".

ქართველების პასუხმაც არ დააყოვნა: "ეტყობა, შუქი გამოგირთეს, რომ ვერ გაიგეთ".

მალევე დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია დაადასტურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაურუს გადაწყვეტილება "უპრეცედენტო და სისტემატური საგარეო ზეწოლის" შედეგია. სოხუმის მტკიცებით, 2009 წელს, "აფხაზეთის აღიარების" შემდეგ, საქართველო და მისი დასავლელი პარტნიორები ნაურუზე წლების განმავლობაში პოლიტიკურ, დიპლომატიურ და ეკონომიკურ ზეწოლას ახდენდნენ, რათა ქვეყანა ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე დაეყოლიებინათ. დე ფაქტო უწყება ამტკიცებს, რომ ზეწოლის შესახებ საჯაროდ საუბრობდა ნაურუს ყოფილი პრეზიდენტიც.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს სახელმწიფო, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობას" აღიარებს. ამავე აქტით, აშშ ვალდებულებას იღებს, წინააღმდეგობა გაუწიოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ იმ პროექტების დაფინანსებასაც, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება. ნაურუ, რომელიც მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული საერთაშორისო ფინანსურ დახმარებაზე, ამ გადაწყვეტილების შემდეგ აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედი არაერთი პროგრამიდან ფაქტობრივად გამოირიცხა და ნაურუს გადაწყვეტილების მიზეზად ეს ვერსიაც სახელდება.

ნაურუ წყნარი ოკეანის პატარა სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 10-12 ათას კაცს შეადგენს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას 2009 წლიდან აღიარებდა. 2011 წელს ეს ნაბიჯი გადადგა წყნარი ოკეანის კიდევ ორმა სახელმწიფომ - ვანუატუმ და ტუვალუმ. თუმცა შემდეგ ჯერ ვანუატუმ და შემდეგ ტუვალუმ აღიარება უკან წაიღეს. ნაურუ უკვე მესამე სახელმწიფოა, რომელმაც ამ მიმართულებით უკან გადადგა ნაბიჯი და ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის "ამღიარებელთა" სია 4 სახელმწიფომდე შემცირდა, ესენია: რუსეთი, სირია, ვენესუელა და ნიკარაგუა.

ქართველებისა და აფხაზების სიტყვიერი ომი "ფეისბუქსა" და "ტელეგრამზე"

დე ფაქტო ხელისუფლების განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელებში დისკუსია გამწვავდა. "ეს არის ოლეგ ბარციცის საგარეო მიღწევები? სულ რამდენიმე კვირის წინ ამტკიცებდა, გაფართოვდება იმ ქვეყნების რიცხვი, ვინც აფხაზეთს აღიარებსო... საპირისპიროს ვხედავთ, არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს წარუმატებლობასთან", - აღნიშნავდნენ აფხაზები.

სხვები ქართველებს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებდნენ: "მანამდე ნაურუს მიერ აფხაზეთის აღიარებას დასცინოდით, ჩამორჩენილ სახელმწიფოდ მიიჩნევდით და ამბობდით, მხოლოდ ნაურუსნაირს თუ შეუძლია თქვენი აღიარებაო, ახლა კი მზად ხართ მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროთ?"... "რა ელვის სისწრაფით გადაიქცა ნაურუ ქართველი კლავიატურის ექსპერტებისთვის "საძულველი პაპუასებიდან" "ჩვენს ძმებად", მართლაც გასაოცარია!"

"რა გიხარიათ. უკრაინის შემდეგ თქვენი ჯერიც მოვა. სულ მალე თურქეთი დაიბრუნებს იმ ტერიტორიებს, რაც რუსეთმა გაჩუქათ. ეს მალე მოხდება და მესხი თურქები საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან. მაშინ ჩვენ გავიხარებთ", - დაწერეს აფხაზებმა.

ნაურუს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აფხაზეთის ომის ვეტერანი ასლან კობახიაც: "ზოგიერთ ენგურსგაღმელ იდიოტს მინდა ვუთხრა: თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჩვენმა ხალხმა ხელში იარაღით მოიპოვა. დაიმახსოვრეთ: 1993 წლის 30 სექტემბერს ქართული ფაშისტური არმია ბრძოლებით იქნა განდევნილი აფხაზეთის ტერიტორიიდან. მხოლოდ ჩვენი ხალხის სიმტკიცემ და მოთმინებამ განაპირობა ის, რომ ჩვენ დიდმა რუსეთმა გვაღიარა. საიდუმლო არ არის, რომ შემდგომი "აღიარებები" იმ პერიოდში რუსეთის დიპლომატიურ შესაძლებლობებთან იყო დაკავშირებული", - ამბობს კობახია.

მან ნაურუს გადაწყვეტილებას "პატარა და ღარიბი ქვეყნის დიპლომატიური თამაში" უწოდა და ქართველებს ირონიულად "დიდი დიპლომატიური გამარჯვება" მიულოცა.

პოლემიკაში ქართველებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. "რუსეთიდან ქრთამის ფული დამთავრდა"... "პუტინის წასვლის შემდეგ თქვენი ყველა ე.წ. აღიარება ანულირდება, ეს მასკარადი დასრულდება"... "შემდეგი სირია და ვენესუელაა"...

"უბედურება იქიდან მოვიდა, საიდანაც არ ელოდით. რუსეთი მსოფლიოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიებისთვის აღიარების სერვისებს ყიდულობდა, მაგრამ ამისთვის რეგულარულად უნდა გადაეხადა"...

"ახლა რუსეთის ფედერაციას ექნება ლეგიტიმური შესაძლებლობა, რომ ნაურუში სამიზნეებს დაარტყას" - წერდნენ ქართველი მომხმარებლები.

მწვავე დისკუსია განვითარდა ოსურ ტელეგრამარხ "ბორნვარნონზეც". კომენტარებში ოსი მომხმარებლები უკვე ვენესუელისა და ნიკარაგუის პოზიციაზეც მსჯელობდნენ: "მაინტერესებს, ვენესუელამ და ნიკარაგუამ გულით გვაღიარეს თუ საფასურის სანაცვლოდ? მათგან რას ველოდოთ?" ამ კითხვას ქართველმა უპასუხა: "ჯერ სირიის რიგია და შემდეგ იქნება ვენესუელა".

კიდევ ერთმა ქართველმა მომხმარებელმა დაწერა: "რუსეთმა აღიარებისთვის ათობით მილიონი გადაიხადა, თუმცა 17 წელიწადში ეს ინვესტიცია მთლიანად ამორტიზებულია. ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინასთან ხანგრძლივ ომშია ჩაფლული, ნაურუს დაფინანსების დრო აღარ არის".

"ნაურუ რუსეთისთვის კიდევ ერთი სიმბოლური მარცხია"

მამუკა არეშიძე, "სტრატეგიული კვლევების" კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი: - თავის დროზე რუსეთის საგარეო უწყებამ დიდი რესურსი დახარჯა იმისთვის, რომ ნაურუს, ვანუატუსა და ტუვალუს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ეღიარებინათ. ნაურუს ფული ნამდვილად გადაუხადეს. ზუსტი ოდენობა არ ვიცი, მაგრამ ეს დადასტურებული ფაქტია. ნიკარაგუის, ვენესუელისა და სირიის შემთხვევაში კი უფრო სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური გაცვლები მოხდა. დაახლოებით ვიცი, სირიაში როგორ მუშაობდა ადგილობრივი აფხაზური დიასპორა და ისიც ვიცით, რა როლი ითამაშა მოსკოვმა. იქაურ ტარტუსის რუსულ სამხედრო ბაზაში წლების განმავლობაში მუშაობდნენ ადგილობრივი აფხაზები და მათ გარკვეული გავლენა ჰქონდათ როგორც დიასპორაზე, ისე ადგილობრივ გარემოზე. თუმცა ეს გადამწყვეტი არ ყოფილა. მთავარი მაინც მოსკოვის კატეგორიული მოთხოვნა იყო. ბაშარ ასადი იმ პერიოდში რუსეთის განსაკუთრებულ მოკავშირედ მიიჩნეოდა და იძულებული შეიქნა ეს გადაწყვეტილება მიეღო. მაშინ ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ სირია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას აპირებდა. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ცდილობდნენ ამ პროცესის შეჩერებას, თუმცა შედეგს ვერ მივაღწიეთ. სამაგიეროდ, იორდანიის შესაბამისი გადაწყვეტილების დაბლოკვა მოხერხდა, სადაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იქაური ჩერქეზული დიასპორის ანტაგონისტურმა მიდგომამ ამ საკითხისადმი.

წაიკითხე ვრცლად