რატომ ჩაბნელდა საქართველო მესამედ: საბოტაჟი, ტექნიკური ხარვეზი თუ არაპროფესიონალიზმი?! - სანდრო თვალჭრელიძის ანალიზი - კვირის პალიტრა

რატომ ჩაბნელდა საქართველო მესამედ: საბოტაჟი, ტექნიკური ხარვეზი თუ არაპროფესიონალიზმი?! - სანდრო თვალჭრელიძის ანალიზი

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველო უკვე მესამედ ჩაბნელდა. გუშინ თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგია 20:15 საათზე გაითიშა და თითქმის ერთი საათის განმავლობაში ქვეყანას დენი არ მიეწოდებოდა. შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგია ავარიულად ქვეყნის მასშტაბით 24 და 25 ივლისსაც გაითიშა. ოფიციალური ვერსიით, ამჯერად „ენგურჰესზე“ მიმდინარე სამუშაოებმა მთელი ქვეყნის ენერგოსისტემის პარალიზება გამოიწვია, თუმცა მესამედ განმეორებული კოლაფსი გარკვეულ ეჭვებს აჩენს. სად გადის ზღვარი ჩვეულებრივ ავარიასა და საბოტაჟს შორის, რამდენად დაცულია ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მიანიშნებს თუ არა მსგავსი შემთხვევების განმეორება ენერგოსისტემის მოწყვლადობაზე, ამ საკითხებთან დაკავშირებით, ანალიტიკოსი სანდრო თვალჭრელიძე გვესაუბრება:

- გუშინ, ღამით, საქართველო ისევ ჩაბნელდა, დღეს კი უკვე არა ერთი პოლიტიკური განცხადება მოვისმინეთ, თუმცა მიმაჩნია, რომ ფაქტების დადგენამდე კატეგორიული დასკვნების გაკეთება დაუშვებელია. ვერსიების აგება მტკიცებულებების გარეშე სწორი მიდგომა არ არის. რაც შეეხება ჩემს შეფასებას, მომხდარი გარკვეული ნიშნებით საბოტაჟს ჰგავს, თუმცა ხაზგასმით ვამბობ, ამის მტკიცების საფუძველი არ მაქვს.

მეორე მხრივ, არც ის არის გამორიცხული, რომ საქმე გვქონდეს პროფესიული შეცდომების, არაკომპეტენტურობის ან პროცესების არასწორი მართვის შედეგთან. თეორიულად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გათიშვა „ენგურჰესიდან“ დაიწყო, ეს ავტომატურად არაფერს ამტკიცებს – ასეთ პროცესშიც შესაძლებელია როგორც ტექნიკური შეცდომა, ისე - მიზანმიმართული ჩარევა. სწორედ ამიტომ აუცილებელია სრულყოფილი ტექნიკური გამოძიება, რომელიც სპეკულაციებს კი არ დაეფუძნება, არამედ - ფაქტებს.

- რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ სემეკის წევრის, გიორგი ფანგანის განცხადება, რომელიც ამბობს - სისტემის სრული გათიშვა „ენგურჰესზე“ სუსტი წერტილების გამოსავლენად დაგეგმილ ტესტირებას მოჰყვა, რაც თავისთავად შეიცავდა ასეთ ტექნიკურ რისკს.

- თუ ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც, სისტემა წინასწარ დაგეგმილი ტესტირების რეჟიმში იყო გადაყვანილი, სრულად შეესაბამება რეალობას, მაშინ საზოგადოება ამის შესახებ წინასწარ უნდა ყოფილიყო ინფორმირებული. როდესაც არსებობს მთელი ქვეყნის ელექტროენერგიის გათიშვის რისკი, მოსახლეობას უნდა უთხრა, რა ტესტი ტარდება, რა საფრთხე არსებობს და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას. ეს პასუხისმგებლობის ელემენტარული სტანდარტია.

- საზოგადოების ნაწილს უკვე აინტერესებს, ხომ არ შეიძლება ეს შემთხვევა ზამთარში უფრო მძიმე ენერგეტიკული პრობლემების წინაპირობა გახდეს. ხედავთ ასეთ საფრთხეს?

- ამ ეტაპზე - არა. ჩემი შეფასებით, თუ საქმე ტექნიკურ პრობლემას ეხება, მისი აღმოფხვრა შესაძლებელია და არ ვფიქრობ, რომ ეს ზამთარში მასშტაბურ ენერგოკრიზისში გადაიზრდება. სავარაუდოდ, პრობლემის მოგვარებას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.

- თუ მაინც დავუშვებთ, რომ გამოძიების შედეგად საბოტაჟის ვერსია დადასტურდება, ნიშნავს თუ არა ეს, რომ სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურაც მსგავსი საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს?

- ასეთი რისკის სრულიად გამორიცხვა შეუძლებელია. თუმცა, ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა მაინც სისტემის პროფესიულ მართვაშია. არ შეიძლება ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ორგანიზაციის ხელმძღვანელად, როგორიც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა“, დაინიშნოს ადამიანი, რომელსაც ენერგეტიკის სფეროში შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნია. შესაძლოა, ვანო ზარდიაშვილი კარგი იურისტი და მენეჯერი იყოს, მაგრამ ამ დარგს თავისი სპეციფიკა აქვს და მას პროფესიონალი უნდა ხელმძღვანელობდეს.

- ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ენერგეტიკის პრობლემა არ არის და უფრო ფართო სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე?

- დიახ. ხშირად მაგალითად მოჰყავთ ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც პოლიტიკური დანიშვნები ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მაგრამ იქ ინსტიტუციები გამართულად მუშაობს და პროფესიული სისტემა შენარჩუნებულია. საქართველოში კი ხშირად ხდება ისე, რომ ახალი ხელმძღვანელი მოდის, მთლიან გუნდს ცვლის და თანამდებობებზე საკუთარ გარემოცვას ნიშნავს. როდესაც პროფესიონალიზმს პოლიტიკური ლოიალობა ანაცვლებს, მსგავსი შედეგებიც გასაკვირი აღარ არის.

- რამდენად საკმარისი იქნება სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება საზოგადოებაში არსებული ეჭვების გასაფანტავად?

- ჩემი შთაბეჭდილებით, ხელისუფლების ინტერესში იქნება, რომ ეს ისტორია რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, თუმცა არ მგონია, საზოგადოებისთვის არსებულ კითხვებზე პასუხების გარეშე ეს შესაძლებელი იყოს. კარგია, რომ გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო, მაგრამ რამდენად ობიექტურ და ამომწურავ დასკვნამდე მივა, ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)