"დიდი ალბათობით, რეალური მიზეზი იმდენად მძიმეა, რომ ნებისმიერი სხვა ხარვეზის აღიარება ურჩევნიათ ნამდვილი მიზეზის გამოაშკარავებას" - გიორგი შარაშიძე ელექტროენერგიის გათიშვაზე - კვირის პალიტრა

"დიდი ალბათობით, რეალური მიზეზი იმდენად მძიმეა, რომ ნებისმიერი სხვა ხარვეზის აღიარება ურჩევნიათ ნამდვილი მიზეზის გამოაშკარავებას" - გიორგი შარაშიძე ელექტროენერგიის გათიშვაზე

ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატის გიორგი შარაშიძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მესამედ გათიშვა და სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადება კითხვის ნიშნებს აჩენს, თუ პასუხისმგებელმა ორგანოებმა იცოდნენ სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობა, რატომ არ მოხდა შესაბამისი ზომების გატარება და მოსახლეობის წინასწარ ინფორმირება. როგორც გიორგი შარაშიძე აღნიშნავს, სავარაუდოდ, რეალური მიზეზი იმდენად მძიმეა, რომ ხელისუფლებას ნებისმიერი სხვა ხარვეზის აღიარება ურჩევნია ნამდვილი მიზეზის გამოაშკარავებას.

„ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მესამედ გათიშვის შემდეგ, სახელმწიფო ელექტროსისტემისა და შემდეგ სემეკის წევრის განცხადებამ, რომ ქვეყანაში დენის გათიშვა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე დაგეგმილმა ტესტირებამ გამოიწვია და სისტემის სრულად გათიშვის რისკის შესაძლებლობა მათთვის წინასწარ იყო ცნობილი, კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს, თუ რა ხდება სინამდვილეში საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში?! მარტივი კითხვა უჩნდება ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვისაც მეტროს ჩაბნელებული გვირაბების ფეხით გავლა მოუწიათ - თუ პასუხისმგებელმა ორგანოებმა იცოდნენ სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობა, რატომ არ მოხდა შესაბამისი ზომების გატარება და მოსახლეობის წინასწარ ინფორმირება? ეს კითხვა რომ ყველას გაუჩნდებოდა, ეს „ოცნებაშიც“ კარგად იცოდნენ, მაგრამ დიდი ალბათობით, რეალური მიზეზი იმდენად მძიმეა, რომ ნებისმიერი სხვა ხარვეზის აღიარება ურჩევნიათ ნამდვილი მიზეზის გამოაშკარავებას“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა