“"ქოცებს“ ვერ უპატიებიათ ჩემთვის, რომ არ დავტოვე საქართველო, როგორც პუტინი და სარკოზი მოითხოვდნენ“ - რას წერს მიხეილ სააკაშვილი
"ქოცებს“ ვერ უპატიებიათ ჩემთვის, რომ არ დავტოვე საქართველო, როგორც პუტინი და სარკოზი მოითხოვდნენ და ამერიკელები მთავაზობდნენ - პირიქით სრულიად საქართველო და მთელი დემოკრატიული სამყარო ფეხზე დავაყენე და საქართველო გადავარჩინეთ იმას, რომ რუსეთმა 2008-ში ვერ მიაღწია იმ ომის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს, - ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ 14 წლის განმავლობაში სწორედ ამიტომ იძიებს შურს ქართველებზე.
სააკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა „ერთი უღირსი მოღალატის პირად მონობაში და საკუთრებაში გაყიდეს მთელი ქვეყანა.“„რაზე სკდებიან ბოღმით “ქოცები” და მათი პატრონები, რუსები 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით.
მათ ვერ უპატიებიათ ჩემთვის, რომ არ დავტოვე საქართველო, როგორც პუტინი და სარკოზი მოითხოვდნენ და ამერიკელები მთავაზობდნენ. საკუთარი თავის გადარჩენისთვის არ მივატოვე ჩემი ხალხი განსაცდელში, პირიქით სრულიად საქართველო და მთელი დემოკრატიული სამყარო ფეხზე დავაყენე და საქართველო გადავარჩინეთ იმას, რომ რუსეთმა 2008-ში ვერ მიაღწია იმ ომის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს და ჩვენ კი გავაგრძელეთ დიდი აღმშენებლობაც და მსოფლიოში ყველაზე წარმატებული რეფორმები.
ისინი დღემდე სასტიკად გაბრაზებულები არიან და პიარის პერსონას უწოდებენ ჩვენს ალვანელ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, იმისთვის, რომ თავი არ დახარა, დამპყრობლის ჩექმებს არ აკოცა, უმაღლეს მთავარ სარდალს არ შეაგინა და უყოყმანოდ გაწირა სიცოცხლე საქართველოსთვის. “ქოცს”, რომელიც საკუთარი ნებით დახოხავს დამპყრობლის წინაშე, ისტერიულად ეშინია ასეთი გაუტეხელი ადამიანების, ამიტომაც ებრძვიან გიორგის ხსოვნას.
მათ ვერ უპატიებიათ ქართული ჯარისთვის, რომ სრულიად უთანასწორო ბრძოლაში მოგვაგებინა რამდენიმე დღე, სანამ მსოფლიო ჩაერეოდა, ამიტომაც ლამობენ ქართული ჯარის დასაჭურისებას, საბრძოლო სულისკვეთების ჩაკვლას, ამიტომაც მოკლეს ქართული სამხედრო წარმოება და ბოლოს, მათ ვერ უპატიებიათ ქართველი ერისთვის, რომ გადამწყვეტ მომენტში ერთ მუშტად შევიკარით, ჩვენი განსხვავებები გვერდზე გადავდეთ და ასე ერთიანი წარვდექით მტრის და მსოფლიოს წინაშე.