“ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტია - “როსნეფტის“ ავტოგასამართ სადგურებზე კილომეტრიანი რიგები დგას...“ - “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტია, სოხუმსა და სხვა ქალაქებში მოსახლეობა და ტურისტები საათობით ელოდებიან საწვავის ჩასხმას.
მათივე ცნობით, არსებული ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მძიმედ აისახება რუსეთის შიდა ეკონომიკური და ლოგისტიკური პრობლემები ოკუპირებულ რეგიონზე.
„ოკუპირებულ აფხაზეთში აგვისტო საწვავის მწვავე დეფიციტითა და მრავალსაათიანი რიგებით დაიწყო. სოხუმსა და სხვა ქალაქებში მოსახლეობა და ტურისტები საათობით ელოდებიან საწვავის ჩასხმას, მაშინ როდესაც კერძო ბენზინგასამართ სადგურებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელი გახდა.
არსებული ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მჭიდროდ არის აფხაზეთის ეკონომიკა დამოკიდებული რუსეთზე და რამდენად მძიმედ აისახება რუსეთის შიდა ეკონომიკური და ლოგისტიკური პრობლემები ოკუპირებულ რეგიონზე.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ დასავლეთის სანქციებმა, უკრაინის დრონებით შეტევამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ლოჯისტიკურ ცენტრებზე, საწვავის ბაზარზე მწვავე დეფიციტი შექმნა და ფასების ზრდაც გამოიწვია. ამ პირობებში განსაკუთრებულად მოწყვლადი აღმოჩნდა ოკუპირებული აფხაზეთი, რომელიც მთლიანად რუსულ საწვავის მიწოდებაზეა დამოკიდებული.