ედუარდ შევარდნაძის სკანდალური საჩუქარი პუტინს და რუსეთის პრეზიდენტის მუქარა, რომელიც 6 წლის შემდეგ აასრულა - კვირის პალიტრა

ედუარდ შევარდნაძის სკანდალური საჩუქარი პუტინს და რუსეთის პრეზიდენტის მუქარა, რომელიც 6 წლის შემდეგ აასრულა

არა, შედარებაც კი არ შეიძლება: 5 აგვისტოს „დაბნელება საქართველოში“ გაცილებით დამთრგუნველი იყო, ვიდრე 24 და 25 ივლისისა. ოთხშაბათს, შუა კვირაში, სამსახურებიდან დაბრუნებული, სიცხითა და „ჭკვიანი“ უფროსებით გადაღლილი ჩვენი კანონმორჩილი და კომფორმისტი მოქალაქეები, ჩაი/ყავა/ვისკით მომარჯვებულები, კონდიციონერ/ ვენტილატორებით გაგრილებულ ოთახებში ის-ის იყო კომპიუტერ/ტელევიზორ/ მობილურებს (შეიძლება სამივეს ერთდროულად) მიუსხდნენ, რომ... „ბოროტი ჯადოქრის“ ნება-სურვილით უცბად წარსულში აღმოჩნდნენ.

„მე-9 ბლოკის“ ეპოქაში, როდესაც ადრევე ვიმარაგებდით სანთელსა და ასანთს, ნავთსა და „ლამპას, ბენზინსა და გენერატორს. ასე მომზადებული და „ბედნიერი“ ვხვდებოდით ყველა დაღამებას და სადღაც, შუაღამისას თუ „შუქიც მოვიდოდა“, მაშინ ჩვენს სიხარულს ხომ საზღვარი არ ჰქონდა! სიბნელეში და უკუნეთში ჩაძირული თბილისის საცხოვრებელი კორპუსები და ქუჩები, გაჩერებული მეტრო და იქ ჩარჩენილი ხალხის ამოყვანის „სპეცოპერაციები“, შეღამებულს უკვე „მოჩვენებათა ქალაქებად“ ქცეული საქართველოს რეგიონები - ეს ყველაფერი ჩვეულებრივი სურათი იყო. ასე გავხდით „ამტანთა თაობა!“

ეს ახლაც იგრძნობოდა: ახალგაზრდები პანიკამ მოიცვა (მით უფრო, როდესაც მობილური ტელეფონებით კავშირიც შეფერხებული იყო), ჩვენ კი ოპტიმისტურად და მოთმინებით ველოდით, ვიცოდით, ადრე, თუ გვიან „შუქი მოვიდოდა!“ რამდენიმე დღის წინ ამგვარი ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა: „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არა ერთგზის გათიშვის გამო, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს“.

რას ფიქრობს სუსი 5 აგვისტოს ჩაბნელებაზე? - ეს ჯერ უცნობია. „საბოტაჟის მუხლით“ გამოძიების დაწყება იმას ნიშნავს, რომ სუსმა თავიდანვე გამორიცხა (!) ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის ობიექტური მიზეზები (ელექტროსისტემის გადატვირთვა, მოძველებული ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი ფაქტორები, სიხშირისა და ძაბვის არასტაბილურობა, ტრანსფორმატორების მწყობრიდან გამოსვლა და სხვ.) და ამიტომ ეჭვი სუბიექტურ მიზეზებსა და ადამიანურ ფაქტორზე აქვს. აქაც მათთვის, როგორც ჩანს, უკვე გამოკვეთილია, რომ „ჩაბნელებები“ არ იყო ენერგეტიკული სექტორის თანამშრომლების პროფესიული შეცდომა ან დაუდევრობა და ეს იყო სტრატეგიული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული განზრახ ქმედება: როდესაც პირი ან პირთა ჯგუფი შეგნებულად აბნელებს ქვეყანას. მიზანი: პანიკის შექმნა და ელექტროსისტემის დაზიანება.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამართალში „დივერსია“ არ არის ცალკე ნორმა, არამედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის შინაარსში „იმალება“ , ეს ტერმინი ტრადიციულად ასოცირდება გარე ძალასთან ან უცხო ქვეყნის ინტერესებით მოქმედ ქმედებებთან, რომლებიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის დაზიანებას, დესტაბილიზაციას ან სახელმწიფო უსაფრთხოების შერყევას. რამდენადაა შესაძლებელი, რომ „საქართველოს ჩაბნელების“ ეს შემთხვევები გარე ძალების მიერ იყო ორგანიზებული?

1991 წლის მაისის დასაწყისში საბჭოთა კავშირის ცენტრალურმა ხელისუფლებამ რამდენიმე დღით ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტა ურჩ საქართველოს. ჩვენი მაშინდელი გამოუცდელი ხელისუფლება არ იყო მზად ამგვარი სიტუაციებისთვის და რამდენიმე დღის მანძილზე ქვეყანაში სრული ქაოსი სუფევდა. არ გვქონდა ბუნებრივი გაზის მიღების და ტრანსპორტირების ალტერნატიული პროექტების წინასწარი მონახაზიც კი, არ გაგვაჩნდა სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მარაგები და ა.შ. აღმოჩნდა, რომ საქართველოს დიდი გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობით თავის მოწონება სასაცილო გახდება, თუ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას ვერ შევძლებთ. გეტყვით, რომ სწორედ ზემოაღნიშნული პრობლემის გააზრება და ოპტიმალური გზების ძიება გახდა საფუძველი იმისა, რომ იმ დღიდან ჩემი სამეცნიერო-პედაგოგიური და პრაქტიკულ-პროფესიული საქმიანობის მთავარი მიმართულება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხების შესწავლა/გადაწყვეტა გახდა. ჩვენი ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკული პოტენციალის შესუსტება/განადგურება და ზოგადად საქართველოს იმიჯის შელახვა ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი მტრების მთავარი მიზანი.

ზოგჯერ, ერთი შეხედვით არაპოლიტიკური მოვლენები, პოლიტიკური ბრძოლისა და მინიშნებების შიფრი და ფარული გზავნილ-მესიჯია. ქვემოთ ერთ ამგვარ ფაქტს გაგახსენებთ.

2002 წლის 12 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი უნდა გამართულიყო - საქართველო-რუსეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის. ალბათ, კარგად ხვდებით საქართველო-რუსეთის დაპირისპირება, ფეხბურთი იქნება ეს თუ რაგბი, ყოველთვის ცდება ჩვეულებრივი სპორტული ღონისძიების ფარგლებს და მძაფრ პოლიტიკურ ელფერს იძენს (სხვათა შორის, ასევე იყო ჩეხოსლოვაკია-საბჭოთა კავშირის გუნდების სპორტული დაპირისპირებები, რომლებიც რომაელ გლადიატორთა ბრძოლებს ემსგავსებოდა). ამ საფეხბურთო შეხვედრამდე ორ ქვეყანას შორის უკვე ძალზე დაძაბული პოლიტიკური ფონი არსებობდა: რუსეთის ახალი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვერ ეგუებოდა საქართველოს დასავლურ კურსს და მაქსიმალურად ცდილობდა მის ხელთ არსებული მრავალფეროვანი ბერკეტებით საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტირებას. პუტინი საქართველოს ჩეჩენ მებრძოლთა მხარდაჭერას აბრალებდა და პანკისის ხეობაში სამხედრო ოპერაციით იმუქრებოდა, თუმცა ღიად და ოფიციალურად სულ სხვას აცხადებდა. დსთ-ის სამიტზე, რომელიც ალმათში (ყაზახეთის უმსხვილესი ქალაქის - ალმა-ათის ახლანდელი სახელწოდება) გაიმართა, შევარდნაძემ და პუტინმა თითქმის 90 წუთის განმავლობაში ისაუბრეს პანკისის ხეობაში არსებული ვითარებისა და ამერიკელი ჯარისკაცების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ. შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს მთელი საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას ტერორიზმთან საბრძოლველად, მიუხედავად იმისა, თუ ვინ მონაწილეობს ოპერაციაში - ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები თუ უშუალოდ ქართველი კოლეგებიო. ეს ფარისევლური განცხადება რომ იყო კარგადაა ცნობილი, რადგანაც 2001 წლის ბოლოდან პუტინი არა ერთხელ ითხოვდა შევარდნაძისგან ქართულ-ამერიკული სამხედრო კონტაქტების შეწყვეტას. 2002 წლის 1 მარტს პუტინმა ისიც განაცხადა, რომ გაურკვეველია, როგორ მოიქცევიან ტერორისტები და როგორ შეცვლიან თავიანთ გეგმებს საქართველოში უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების ჩამოსვლისა და ქართული მხარის აქტიური მოქმედების განზრახვის შემდეგ. ამ შემთხვევაში რუსეთი შესაძლოა, შემდგომი ტერორისტული თავდასხმების რისკის ქვეშ აღმოჩნდესო. თან ვლადიმერ პუტინმა ედუარდ შევარდნაძე დააიმედა: რუსეთი კვლავაც უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს უჭერს გაეროს შესაბამის რეზოლუციებსო. აქ კომენტარი მართლაც ზედმეტია.

პუტინისა და შევარდნაძის მორიგი შეხვედრა 2002 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა, დსთ-ის სამიტზე, კიშინიოვში (მოლდოვა). მაშინ, რუსეთ-საქართველოს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე, შევარდნაძემ გადაწყვიტა, პუტინისთვის დაბადების დღე მცირედი საჩუქრით მიელოცა. რუსეთის პრეზიდენტს 50 წელი უსრულდებოდა და ბუნებრივია დსთ-ის სამიტის მონაწილენი ამ თარიღისთვის მომზადებულნი იყვნენ. იყო მრავალი საჩუქარი და მილოცვა. მაგრამ ამ სიჭრელეში მაინც გამოირჩეოდა საქართველოს პრეზიდენტის საჩუქარი. შევარდნაძემ იუბილარს სურათი აჩუქა – ”დედის ოცნება”, რომელიც სიძვირფასითა და ზომებით (სულ 80X60 სმ იყო) იმდენად არ გამოირჩეოდა, რამდენადაც გურული ეშმაკური და თამამი მინიშნებით. სურათზე დახატული იყო მდინარის პირას მდგარი ქალი, პატარა ბიჭუნასთან ერთად. ახალგაზრდა ქალს ოცნებებში ჩაძირულ სახეზე შვილის დიდი მომავლის იმედი ესახებოდა. მინიშნება კი შემდეგი იყო. პუტინის რუსეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნისთანავე დიდი აჟიოტაჟი ატყდა: ვითომ ის საქართველოში, კერძოდ კი კასპის რაიონის სოფელ მეტეხში იზრდებოდა და რომ მისი დედა, საკუთარი შვილისგან მივიწყებული, დღესაც იქ ცხოვრობდა. ქართულ პრესაში დაიბეჭდა კიდეც სიმპათიური მოხუცი სლავური გარეგნობის ქალის ფოტოსურათი: ჭაღარა ქალბატონის თვალებში წლების მანძილზე უნახავი შვილის დიდი სევდა თითქოს მართლაც იხატებოდა. პუტინის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ეს ფაქტი არ არის დადასტურებული და ამიტომაც რუსულმა მასმედიამ ირონიულად მიიღო ქართველების მორიგი “პროვინციული ახირება” და საკმაოდ მკვახედ უარყო ეს ვერსია. კიშინიოვში პუტინმა კვლავ მკაცრად მოსთხოვა შევარდნაძეს პანკისის ხეობაში ერთობლივი სამხედრო ოპერაციის ჩატარება, რომელსაც „საზღვრის ერთობლივი პატრულირების“ ფორმა ექნებოდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ედუარდ შევარდნაძემ დაარწმუნა იგი საქართველოს ხელმძღვანელობის მზადყოფნაში, რუსულ მხარეს გადასცეს მის ტერიტორიაზე დაკავებული ჩეჩენი ტერორისტებიო.

picture2-1786095803.jpg

ფოტო: შევარდნაძისა და პუტინის შეხვედრა კიშინიოვში. 2002 წლის 6 ოქტომბერი.

ალბათ ხვდებით, თუ რა დაძაბული პოლიტიკური ფონი უძღოდა 12 ოქტომბრის საფეხბურთო მატჩს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, ასევე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ. წმინდა სპორტული მოლოდინიც ძალზე დიდი იყო. საფეხბურთო მატჩი ძალზე საინტერესოდ მიმდინარეობდა, როდესაც პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მოულოდნელად სტადიონზე ელექტროენერგია გაითიშა, თუმცა რამდენიმე წუთში, სარეზერვო გენერატორის ამოქმედების შემდეგ განათება აღდგა და ტაიმი ფრედ - ნულით-ნულით, დასრულდა. თუმცა შესვენებისას ელექტროენერგია კვლავ გაითიშა და მატჩი საბოლოოდ შეწყდა. აქ საინტერესოა ის გარემოება, რომ მთელი თბილისი განათებული იყო და მხოლოდ „მიხეილ მესხის სახელობის“ სტადიონი იყო ჩაბნელებული და არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.

( საქართველო - რუსეთი, შეწყვეტილი მატჩი, 2002 წლის 12 ოქტომბერი. https://www.facebook.com/watch/?v=246259166557493)

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის ჩაშლა სტადიონის ელექტრომომარაგების სისტემაში ტექნიკურ პრობლემას, კერძოდ კი გენერატორის გაუმართაობას დააბრალეს. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სამართალდამცავ ორგანოებს დაავალა ამ ინციდენტის მიზეზის გამოძიება. ამ საქმეს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო იძიებდა. სიმართლე რატომღაც ვერ დადგინდა, თუმცა ყველა დარწმუნებულია, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა და საბოტაჟი იყო. ეს ფაქტი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გახდეს სპორტული ღონისძიება გეოპოლიტიკური ბრძოლის იარაღი. რაც შეეხება სპორტულ მხარეს: თამაში გადაიდო და 2003 წლის 30 აპრილს, იმავე სტადიონზე გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა მალხაზ ასათიანის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით რუსეთის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

გავიდა ათეული წლები და საბოტაჟ-დივერსიების მეთოდები დაიხვეწა: ახლა უკვე კიბერთავდასხმები გახდა ელექტროენერგიის გათიშვის ან ქვეყნის ელექტროსისტემების მანიპულირების მთავარი იარაღი. ერთ შემთხვევას გაგახსენებთ.

2023 წლის 25 აგვისტოს საღამოს პოლონეთის სარკინიგზო უსაფრთხოების სისტემაზე რუსეთის სპეცსამსახურების (სავარაუდოდ, გე–ერ–უს) ჰაკერებმა თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ქალაქ შჩეცინში არსებული პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი სარკინიგზო კვანძის რამდენიმესაათიანი პარალიზება მოახდინეს. „პუტინის ჰაკერებმა“ სარკინიგზო უსაფრთხოების ცენტრალურ სისტემაში შეაღწიეს და მატარებლების პულტებზე ექსტრემალური გაჩერების სიგნალი გააგზავნეს, რის შედეგად 20 მატარებელი, მათ შორის სამგზავრო, ავარიულად გაჩერდა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. რუსმა „სამხრეებიანმა ჰაკერებმა“ მატარებლების რამდენიმესაათიანი გაჩერება ძალზე „ორიგინალურად“ გამოიყენეს: მგზავრებს რუსეთის ფედერაციის ჰიმნს ასმენინებდნენ, რომელსაც პერიოდულად ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის ჩანაწერი ცვლიდა. ეს რუსეთის სპეცსამსახურების კიბერშეტევების მხოლოდ ერთი მაგალითია.

(პირველი ნაწილის დასასრული)