აგვისტოს ომში, გორში საბრძოლო ნათლობა მიღებული რუსული „ისკანდერი“ დღეს კიევის მთავარ კოშმარად იქცა
12 აგვისტოს შსს-ს იმდროინდელმა ერთმა მაღალჩინოსანმა დამირეკა და მკითხა -გორში რაღაც აფეთქდა, არის იმის შესაძლებლობა, რომ რუსებს ჩვენ წინააღმდეგ „ისკანდერის“ რაკეტა გამოეყენებინათო?
აგვისტოს ომის მეხუთე დღე მიდიოდა, სიტუაცია ძალზე არასახარბიელოდ გამოიყურებოდა, მტერი წუთი-წუთზე შეიძლება თბილისისკენ დაძრულიყო და ამ სატელეფონო ზარმა ცოტა გამაოცა, თუმცა არც ძალიან გამაკვირვა, რადგან აგვისტოს ომამდე „კვირის პალიტრაში“ და სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალში“ ხშირად ვწერდი იმ რუსული შეიარაღების (მათ შორის - უახლესის) საბრძოლო შესაძლებლობებსა და მათგან თავის დაცვის ხერხებზე, რომლებიც კრემლს შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ გამოეყენებინა, თუკი გადაწყვეტდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ღია და აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყებას, რისკენაც საქმე მიდიოდა...
ბუნებრივია, დეტალურად მქონდა განხილული რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსი Искандер-იც, მითუმეტეს, რომ ჯერ კიდევ 1999 წელს საშუალება მომეცა, ეს სარაკეტო დანადგარი ახლოდან ვიზუალურად დამეთვალიერებინა რუსეთში, ჟუკოვსკში გამართულ საერთაშორისო ავიაკოსმოსურ გამოფენაზე - МАКС-1999-ზე, სადაც თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი სამგზავრო Як-58-ი გვქონდა წარდგენილი.
2008 წლისთვის „ისკანდერი“ ოფიციალურად ჯერ კიდევ არ იყო მიღებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში და ამიტომაც თავიდან ცოტა დაუჯერებლადაც გამოჩნდა მისი საბრძოლო გამოყენების ფაქტი...
შსს-ს მაღალჩინოსანს სატელეფონო საუბარში ჩავეკითხე, - "შემთხვევით Точка-У-ს რაკეტაში ხომ არ გეშლებათ, ისეთებში, რომლებიც ფოთსა და რაჭაში რომ უკვე გვესროლეს? აფეთქების ადგილას რაკეტის ძრავის ნაწილის ფრაგმენტებს თუ იპოვით, რომლებიც ყველაზე ნაკლებად ზიანდებიან აფეთქებისას, შეიძლება რაკეტის ზუსტი ტიპის დადგენა" ...
როდესაც მოსაუბრემ აფეთქებული რაკეტის ფრაგმენტების რამდენიმე ტექნიკური დეტალი დამიზუსტა, დავუდასტურე, - დიახ, ეს ნამდვილად რუსული „ისკანდერი“ იქნებოდა-თქო...
მოგვიანებით, როდესაც გორში 12 აგვისტოს აფეთქებული რაკეტის ფრაგმენტების დეტალური ფოტოები გავრცელდა, მათ შორის - საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ოთახში ჩავარდნილი რაკეტის საჰაერო საჭეების ფრაგმენტისაც, დადასტურდა, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთმა თავისი უახლესი ბალისტიკური რაკეტის - „ისკანდერის“ საბრძოლო ნათლობა სტალინის მშობლიური ქალაქის - გორის წინააღმდეგ განუხორციელებია...
უკვე აგვისტოს ომის შემდეგ, უფრო ღრმად დავიწყე იმის მოკვლევა, თუ რამდენი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის სულ რაღაც ხუთიოდე დღეში და ასეთი შედეგი მივიღე - საერთო ჯამში, გამოშვებული იქნა 20-ზე მეტი ტაქტიკური (Точка) და ოპერატიულ-ტაქტიკური (Точка-У) დანიშნულების რაკეტა, ასევე, ორი „ისკანდერიც“.
2008 წლის 12 აგვისტოს ჩრდილო-კავკასიიდან გორის მიმართულებით „ისკანდერის“ გაშვება, ამ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის - Искандер-М-ის საბრძოლო ნათლობად იქცა, რომლის დროსაც გამოყენებული იქნა მისი 9М723 ტიპის კვაზიბალისტიკური რაკეტა 9Н722К5 ტიპის კასეტური ქობინით.
რუსეთის ჩრდილო-ოსეთიდან გაშვებულმა „ისკანდერის“ ამ 3,8-ტონიანმა რაკეტამ გორამდე არსებული 120 კმ-მდე მანძილი დაახლოებით, 60-80 წმ-ში დაფარა და გორის ცენტრის თავზე ერთი კმ-ის თავზე მისი კასეტური ქობინი გადაიხსნა, საიდანაც 54 ცალი 7,4 კგ მასის მსხვრევადი ელემენტი გაიფანტა, რომლებიც მოედანზე დაცემამდე 6-10 მ-ის სიმაღლეზე აფეთქდნენ და ამიტომაც დიდი ნგრევა გორის მოედანზე არ გამოიწვიეს, თუმცა თავისი ნამსხვრევებით უდანაშაულო ადამიანები მაინც შეიწირეს... გორის ცენტრალური მოედნის თავზე აფეთქებული რუსული „ისკანდერის“ კასეტურმა ქობინმა 8 ადამიანი იმსხვერპლა (მათ შორის - ნიდერლანდელი ჟურნალისტი) და 15 დაჭრა.
აგვისტოს ომიდან ცოტა ხანში შსს-ს ერთ-ერთ სარდაფში დავათვალიერე გორში აფეთქებული რუსული „ისკანდერის“ ერთად შეგროვილი ფრაგმენტები და დარწმუნებული ვიყავი, რომ ქართულ მხარეს ხელზე ჰქონდა ყველა ნივთმტკიცება იმისა, რომ აგვისტოს ომის დროს აგრესორმა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, კერძოდ კი - მშვიდობიანი ქალაქის, გორის ცენტრალურ ნაწილში მიზანმიმართულად გამოიყენა კასეტურქობინიანი ბალისტიკური რაკეტა, რასაც მშვიდობიან მოსახლებაში მსხვერპლი მოჰყვა და რაც უკვე უტოლდება სამხედრო დანაშაულს, ჩადენილს საომარი მოქმედებების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ...

ფოტო: რუსული „ისკანდერის“ კასეტური ქობინის ნამსხვრევებით დაღუპული ნიდერლანდელი ჟურნალისტი 12 აგვისტოს გორის ცენტრში...
მაგრამ რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე - "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", ნივთმტკიცებების წარდგენა გახდა საჭირო, საქართველოს პროკურატურამ აგვისტოს ომიდან მხოლოდ ათი წლის შემდეგ დაიწყო გორში ჩამოვარდნილი რუსული "ისკანდერის" ფრაგმენტების მოძიება და მათი ექსპერტიზა, არადა გორსა და ვაზიანში ჩამოცვენილი რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების "ისკანდერის" სარაკეტო კომპლექსის ორი რაკეტის ფრაგმენტები ქართულმა მხარემ მაშინვე შეაგროვა, რისი ამსახველი არა ერთი ფოტოვიდეოკადრი არსებობდა.
მე მაშინ გორში ჩამოვარდნილი "ისკანდერის" თითქმის ყველა შეგროვებული ფრაგმენტი ვნახე და დარწმუნებული ვიყავი, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის ეს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სამხილი, საერთაშორისო სასამართლოში ჩივილის შემთხვევაში, ქართულ მხარეს კარგ არგუმენტად ჰქონდა შემონახული, მაგრამ როდესაც სტრასბურგის სასამართლოში ამ მნიშვნელოვანი ნივთმტკიცების წარდგენა გახდა აუცილებელი, აღმოჩნდა, რომ ქართულმა მხარემ რუსული "ისკანდერის" ფრაგმენტები ვერ მოიძია, რამაც სასამართლოზე დამსწრე რუს გენერლებს მისცა საშუალება, უარეყოთ გორის მიმართულებით "ისკანდერის" გამოშვების ფაქტი, ამის დამადასტურებელი ფოტოვიდეომასალა კი დამონტაჟებულად გამოეცხადებინათ.
სად გაქრა აფეთქებული რუსული "ისკანდერის" თითქმის ერთ ტონამდე ფრაგმენტები?
როგორც ირკვევა, სააკაშვილის ხელისუფლებამ ისინი 2010 წელს გადასცა ამერიკელ სპეციალისტებს, რომლებმაც ეს ნივთმტკიცება აშშ-ში გაზიდეს.
მაინცდამაინც სასაყვედურო არ არის ის, რომ საქართველომ უახლესი რუსული რაკეტის ფრაგმენტები თავის მოკავშირეს გადასცა, რადგან აგვისტოს ომის დროს რუსეთმა საბრძოლო სიტუაციაში პირველად გამოიყენა "ისკანდერები", რომლებიც მაშინ მნიშვნელოვანი საიდუმლო იყო და, ბუნებრივია, ამერიკელი მზვერავები, სამხედროები და ინჟინრები დაინტერესებულნი იყვნენ 500 კმ რადიუსის იმ რუსული სარაკეტო კომპლექსების შესწავლით, რომლებსაც ბირთვული ქობინის გადატანა ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებამდე შეუძლიათ.
მაგრამ დადგა დრო და თვითონ საქართველოს დასჭირდა რუსული "ისკანდერის" ფრაგმენტები, სტრასბურგის სასამართლოში ნივთმტკიცებად წარსადგენად, მათი კვალი კი გაქრა, უფრო სწორად, არ მოიძებნა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, ვის, როდის და რამდენი ამგვარი ფრაგმენტი გადაეცა.

ფოტო: აგვისტოს ომის დროს გორის თავზე აფეთქებული რუსული „ისკანდერის“ ფრაგმენტები, რომლებიც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებმა ამერიკელებს გადასცეს შესასწავლად და... დაივიწყეს...
მხოლოდ 2018 წელს, აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ, მოხერხდა 800 კგ-მდე საერთო მასის რუსული "ისკანდერის" ფრაგმენტების დაბრუნება. ამ საქმეში კი ივაჟკაცეს ქართველმა სპეციალისტებმა, რომლებიც თავის დროზე აგროვებდნენ და იკვლევდნენ ამ ფრაგმენტებს და მიუხედავად ოფიციალური დოკუმენტების არარსებობისა, გენერალურ პროკურატურას მიუთითეს, ვის უნდა დაჰკავშირებოდნენ აშშ-ში ამ უმნიშვნელოვანესი ნივთმტკიცების დასაბრუნებლად.
ამერიკულმა მხარემაც საპასუხო ნაბიჯები გადადგა და პრობლემა ადვილად მოგვარდა, მით უფრო, რომ რვა წელი სრულიად საკმარისი იქნებოდა „ისკანდერის“ ფრაგმენტების შესასწავლად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე - "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - გამოტანილი განაჩენის თანახმად, აგვისტოს ომის დროს რუსეთმა დაარღვია სიცოცხლის უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის ვალდებულება.

ფოტო: რუსული „ისკანდერის“ ომის დანაშაულის გამეორება უკრაინაში - იწვის ოდესის ერთ-ერთი ისტორიული სასახლე, „ისკანდერის“ კასეტური ელემენტების აფეთქების შედეგად...
სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება გამარჯვებად იქცა საქართველოსთვის ანუ ომში წავაგეთ, სასამართლოში მოვიგეთ, თუმცა რუსეთს მას შემდეგ, რა თქმა უნდა, არავითარი კომპენსაცია არ გადაუხდია, გორში რუსული „ისკანდერის“ საბრძოლო ნათლობის შედეგად დაღუპული და დაჭრილი ადამიანების ოჯახებისთვის...
უფრო მეტიც, 2022 წლიდან, უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, აგრესორმა რუსეთმა სწორედ ეს „ისკანდერები“ გადააქცია უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების ნამდვილ კოშმარად და გორისნაირი ტრაგედია გაიმეორა 2023 წლის 19 აგვისტოს უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის ცენტრში, ხოლო 2024 წლის 29 აპრილს - ოდესაში...
ხოლო ის საშინელებები, რაც ბოლო ღამეებია, ხდება უკრაინის დედაქალაქ კიევში, რუსული „ისკანდერების“ სისტემატიური აფეთქებების შედეგად, ყველაფერს ფარავს თავისი სისასტიკით, თუმცა მაინც არ უნდა დავივიწყოთ, რომ აგრესორმა რუსეთმა თავისი „ისკანდერებით“ უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების ტერორიზებამდე, პირველი ომის დანაშაული ქართულ გორში ჩაიდინა...