"უნდა დაგვხვრიტოთ? - არა, თქვენი დახვრეტა რაში გვაწყობს, გუდაუთაში ქართველ ტყვეებში უნდა გადაგცვალოთ..."
...ორივეს მოშვებული დიდი წვერი ჰქონდა და სადმე ორღობეში რომ შეგვეხდროდნენ,თავს მთლად უხიფათოდ ალბათ არ იგრძნობდით,მაგრამ იმ წუთში, წითელი „იკარუსის“ ცარიელ სალონში შეშინებული,მოკუნტულები ისხდნენ,თვალებში შემომციცინებდნენ და რუსულად,კავკასიური აქცენტით მეუბნებოდნენ-უნდა დაგვხრიტოთ,დასახვრეტად მიგყავართ?
ეს სცენა 34 წლის შემდეგ იმიტომ გამახსენდა, რომ ბოლო ორი დღეა სერიოზული რეაქცია მოჰყვა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ყოფილი პარლამენტარის გიორგი ბარამიძის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას- „…რომ აფხაზეთში ომის დროს “ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.
ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა, რომლის დადასტურებას მტკიცე ფაქტები სჭირდება და ეს გამოძიების საქმეა, რომელიც ისედაც დაიწყო ბარამიძის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, მე კი მხოლოდ იმას მოვყვები რისი მონაწილე უშუალოდ ვიყავი და რაც ჩემი თვალით ვნახე აფხაზეთის ომის დროს ტყვეების გაცვლის ორი ეპიზოდის დროს,რომლებშიც სწორედ გიორგი ბარამიძეც მონაწილეობდა, ოღონდ ამ პროცესებში უმთავრეს როლს პაატა ზაქარეიშვილი ასრულებდა და გიორგი ბარამიძის კიდევ ერთ განცხადებას - “მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან” - ვერანაირად ვერ დავეთანხმები, მითუმეტეს, რომ იმ სამხედრო ტყვეების ერთ-ერთი ყველაზე მასიური გაცვლის უშუალო მონაწილეც გახლდით გუდაუთის სამხედრო აეროდრომზე...
თუმცა დავუბრუნდები იმას, რითაც ეს სტატია დავიწყე...
1992 წლის შემოდგომაა, ოქტომბრის თვე,ცხინვალის სამშვიდობო ძალებიდან ჩვენ მენაღმეებთან ერთად ახალციხის სამხედრო ნაწილში მიღებული ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები თვითმფრინავით სასწრაფოდ ჩავიტანეთ სოხუმში და ვიწყებთ მდინარე გუმისთზე გამავალ სარკინიგზო ხიდზე დანაღმული სარკინიგზო შემადგენლობის დაყენებას,რომ მოწინააღმდეგემ ჯავშანმატარებლით არ სცადოს ეშერიდან სოხუმში შემოჭრა-გაგრა რამდენიმე დღის დაკარგულია,შიშს დიდი თვალები აქვს და გავრცელდა ინფორმაცია,თითქოს აფხაზები სარკინიგზო პლატფორმებზე დაყენებული ტანკებითა და „ბე-ემ-პე“-ებით ეცდებიან სოხუმისკენ შეტევასო...
იმ დღეებში სოხუმში გავიცანი პაატა ზაქარეიშვილი და როგორც ყოველკვირეული გაზეთის „7 დღის“ სამხედრო კორესპონდენტს შემომთავაზა სამხედრო ტყვეების გაცვლაში მონაწილეობის მიღება...
სოხუმის მაიაკის რაიონში, სადაც რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი იყო დისლოცირებული (ისე წარმოიდგინეთ რამხელა უაზრობა გახლდათ-აფხაზეთის ომში ადგილობრივი სეპარატისტების გვერდით რუსეთის რეგულარული არმიის სახმელთო დანაყოფები,რუსული სამხედრო ხომალდები და ავიაციაც გვებრძოდა და ამ დროს სოხუმში ისევ იმყოფებოდნენ რუსი მედესანტეები,ხოლო ოჩამჩირეში კი რუსი მესაზღვრეები...), წითელი „იკარუსით“ მივედით,რომელშიც მძღოლი,ერთი ავტომატიანი მებრძოლი,მე და ორი სამხედრო ტყვე (რომლებიც ჩრდილო კავკასიიდან ყაბარდო-ბალყარეთიდან იყვნენ) ვიმყოფებოდით.
პაატა ზაქარეიშვილი და გიორგი ბარამიძე რუსულ მხარესთან ათანხმებდნენ შვეულმფრენის საკითხს,რომელსაც გუდაუთის რუსულ სამხედრო აეროდრომზე უნდა ჩავეყვანეთ და სანამ ეს ირკვეოდა,ორივე დიდწვერიანი ჩრდილოკავკასიელი ტყვე დრო და დრო ჩუმად მევედრებოდა-ხომ არ უნდა დაგვხრიტოთო...
-თქვენი დახვრეტა რაში გვაწყობს, ჩაგიყვანთ გუდაუთაში და ქართველ ტყვეებში გაგცვლით,მათა ოჯახებში ელოდებიან-იყო ჩემი პასუხი...
მაგრამ,მას შემდეგ,რაც იმ დღეს გუდაუთაში გაფრენა ვერ მოხერხდა და „იკარუსით“ ეს ორივე ტყვე ისევ სოხუმის ცენტრისკენ წამოვიყვანეთ,უნდა გენახათ მათი პანიკური მდგომარეობა-ახლა ნამდვილად დასახვრეტად მიგყავართო...ძლივს შევძელი მათი დაწყნარება,პური და წყალი მივაწოდე...
მეორე დღეს იმავე „იკარუსით“ ისევ მივადექით მაიაკის რაიონში რუსულ სამხედრო ნაწილს და ამჯერად მოხერხდა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენით სოხუმიდან გუდაუთისკენ გამგზავრება, ზღვის თავზე დაბალ სიმაღლეზე ფრენით...
გუდაუთის სამხედრო აეროდრომზე დაშვებისთანავე იქ აფხაზური მხარის წარმომადგენელი დაგვხვდა და პაატა ზაქარეიშვილმა და გია ბარამიძემ ის ორივე ჩრდილოკავკასიელი სამხედრო ტყვე შენობებისკენ წაიყვანეს...მე კი მარტო დამტოვეს იმ რუსულ შვეულმფრენთან...
ორი-სამი სამხედროფორმიანი აფხაზი გარს შემომერტყა და საკმაოდ უხეშად სცადა გაერკვია თუ ვინ ვიყავი და იქ საიდან მოვხვდი-დასამალი არც არაფერი მქონდა-თავაწეულმა ამაყად ვუთხარი-ქართველი ვარ,თბილისდან მეთქი,რასაც მათი მხრიდან აგრესიულობა გაზარდა-სასწრაფოდ წადი აქედან თორემ დაგვხვრეტავთო-მეუბნებიან...
ანუ დაახლოებით იმ მდგომარეობაში აღვმოჩნდი,როგორშიც ის ორი ჩრდილოკავკასიელი ტყვე იყო სოხუმიდან გამოფრენამდე...
სანამ ერთმანეთთან სიტყვიერი შეხლა-შემოხლა გვქონდა,რაც კაცმა არ იცის რაში გადაიზრდებოდა,ზაქარეიშვილი და ბარამიძეც დაბრუნდნენ და შვებით ამოვისუნთქე-დახვრეტას მგონი გადავრჩი მეთქი...
სოხუმიდან ჩაყვანილი ორი ტყვეს ნაცვლად,რომლებიც ნამდვილად მებრძოლები იყვნენ,ერთი ქართული ოჯახი გადმოგვცეს-მამა,დედა და ორი პატარა ბავშვი და თანაც შვეულმფრენი ფქვილის ტომრებით დატვირთეს,სოხუმში ჩვენი ჩამოსმის შემდეგ,ეს შვეულმფრენი ტყვარჩელისკენ გაფრინდა ჰუმანიტარული ტვირთვის ჩასატანად,თუმცა ფქვილიან ტომრებში რა შეიძლება ყოფილიყო დამალული არავინ უწყის...
სხვათაშორის, 1992 წლის 14 დეკემბერს, სწორედ ეს „03“ საბორტე ნომრის მქონე რუსული Ми-8МТ იქნა ჩამოგდებული კოდორის ხეობის სოფელ ლათასთან, როდესაც ტყვარჩელიდან გუდაუთისკენ ხეობის გასწვრივ დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა-მის ბორტზე მყოფი 87 ადამიანი დაიღუპა...
ტყვეების გაცვლის მეორე ეპიზოდი ბევრად უფრო მასშტაბური გახლდათ-სოხუმის აეროპორტიდან ამჯერად Ту-134 ტიპის თვითმფრინავით გავფრინდით და გუდაუთის აერორომზე მხოლოდ რამდენიმე სამხედრო ტყვე ჩავიყვანეთ,თუმცა მათ შორის გახლდათ მნიშვნელოვანი ფიგურაც(როგორც ამბობდნენ აფხაზური წარმოშობის სირიელი მაღალჩინოსანი სამხედროც),რომელთა უკან დაბრუნებაში აფხაზური მხარე ძალიან იყო დაინტერესბეული.
სამაგიეროდ ჩვენ გადმოგვცეს გაგრის დაკარგვის დროს ტყვედ აყვანილი მეფარიშვილის სპეცდანიშნუელების ბატალიონის რამდენიმე ათეული მებრძოლი,რომლებსაც სახეზე ეტყობოდათ,თუ რა მძიმე ტყვეობა გამოიარეს და ერთი სული ჰქონდათ თბილისში როდის ჩაფრინდებოდნენ და ახლობლებს ცოცხლები დაენახვებოდნენ...
თუმცა,კიდევ ერთი გამოცდა თურმე წინ კიდევ გველოდა და ამჯერად სოხუმში,სადაც გუდათიდან გამოფრენილი ჩვენი „ტუ“ საწვავის მარაგის შესავსებად დაჯდა, თბილისში გამოფრენამდე...
თვითმფრინავს საბარგო მანქანა მოაყენეს,რომელშიც სოხუმის კაზინოს დაშლილი ინვენტარი იდო და ერთ-ერთი ადგილობრივი და იმ დროს გავლენიანი საველე მეთაური კატეგორიულად მოითხოვდა ამ დაშლილი კაზინოს ჩატვირთვას ჩვენს თვითმფრინავში და თბილისში წაღებას...
ჯერ ერთი ეს ტვირთი არც ჩაეტეოდა თვითმფრინავის საბარგულში და მეორეც-თვეზე მეტხანს საშინელი ტყვეობაგამოვლილი ჩვენი ჯარისკაცები რატომ უნდა დალოდებოდნენ,ვიღაცის მიერ სოხუმში გაძარცული კაზინოს თბილისში ჩატანას?
სწორედ მაშინ პაატა ზაქარეიშვილმაც და გია ბარამიძემ უკან არ დაიხიეს და არ მისცეს იმ კაზინოს ჩატვირთვის საშუალება და დიდი ძალისხმევის შემდეგ თვითმფრინავიც გააშვებინეს თბილისსიკენ გამოსაფრენად...
თბილისი აეროპორტში ჩამოფრენისას საოცარი სურათის მნახველი გავხდი,თუ როგორ ეხვეოდნენ ტყვეობიდან გამოხსნილი ქართველი ჯარისკაცები ახლობლებს...
ტყვეობა საშინელებაა,მითუმეტეს ისეთ ომებში,სადაც რეგულარული არმიების ნაცვლად ის საველე მეთაურები იბრძვიან,რომლებიც არავის ემორჩილებიან და ბოლომდე იმის გამორიცხვა,რომ რომელიმე ასეთი საველე მეთაურის ბრძანებით არ დახვრიტეს სამხედრო ტყვე,ძნელია,მაგრამ ისიც სამწუხარო ფაქტია,რომ იმ საშინელებებთან,რაც აფხაზმა სეპარატისტებმა და განსაკუთრებით კი ჩრდილოკავკასიელმა დაქირავებულებმა ჩაიდინეს აფხაზეთის ომის დროს, როგორც ქართველი სამხედრო ტყვეების და განსაკუთრებით კი ადგილობრივი ქართული მოსახლეობის მიმართ,ქართული მხარის ქმედებები ახლოსაც კი ვერ მივა...
ხოლო ის,რაც ოსმა სეპარატისტებმა რუს სამხედროებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩაიდინეს ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ,მათი წამებისა და დახვრეტის სახით,ფასდება,როგორც ომის დანაშაული...