2008 წელი - აგვისტოს „ცხელი“ დღეები
ვეფხია კასრაძე: “ ნუ გაგიკვირდებათ, რომ მძულს რუსული მოდგმა და მათი იმპერიული ზრახვები და ვიბრძოლებ მანამდე, სანამ სრულად არ გავათავისუფლდება საქართველო რუსეთის მარწუხებიდან, თუნდაც ამ ბრძოლას შევეწირო!”
შუა ღამისას ტელეფონის ზარი გაისმა. არ მეძინა. თითქოს, ველოდი ამ ზარს, უბრალოდ, თვალები მიმეხუჭა რაღაც ძალიან ცუდის მოლოდინში. ტელეფონს დავხედე, ერგნეთიდან მირეკავდნენ. ჩემთვის გასაგები იყო ეს ზარი. ტელეფონს ვუპასუხე.
- ვეფხო, ომი დაიწყო.
- მოვდივარ.

საათ-ნახევარში მანდ ვიქნები-მეთქი, ვუთხარი და მზადებას შევუდექი. კარადა გამოვაღე, სამხედრო ფორმები გადმოვალაგე და ზურგჩანთასი ჩავყარე. ჩემი უფროსი ვაჟის ოთახში შევედი. ერთი კვირის წინ 17 წელი შეუსრულდა. თორნიკე ჩემს დაბადების დღეს დაიბადა, მაშინ 20 წლის ვიყავი. ისეთი გაოცებით გავყურებდი თითქოს ამ 17 წლის მანძილზე პირველად ვხედავდი და თითქოს ჩემს გვერდით არ იზრდებოდა.
ჩემს ცოლ-შვილზე მეტად ყოველთვის ჩემი ქვეყნის ბედი მადარდებდა. პირველად მაშინ მივხვდი, რამდენი რამ მოვაკელი ჩემს შვილებას. როგორ მინდოდა მაშინ ბოდიში მომეხადა და პატიება მეთხოვა, რომ სხვაგვარად არ შემეძლო, რომ ჩვენი დაკარგული ტერიტორიების და ბრძოლაში დაცემული ძმების დაგროვილი ბოღმა, საშუალებას არ მაძლევდა ოჯახზე მეტად მეფიქრა. მინდოდა მეთქვა, რომ ჩემამდე მათ დააყენეს ოჯახზე წინ საკუთარი სამშობლო, მათ სიცოცხლე გაწირეს საქართველოსთვის. მათ ყველაფერი მიუძღვნეს ამ ქვეყანას და მე სხვა უფლება არ მქონდა მათი შეწყვეტილი ბრძოლა არ გამეგრძელებინა, მაგრამ ვფიქრობდი, პატარები იყვნენ და ვერ გამიგებდნენ. ამ ფიქრებში გავედი მეორე ოთხაში. ჩემს კუდრაჭა გოგოს შუბლზე ფრთხილად ვაკოცე და ისევჩემი ბიჭის ოთახში დავბრუნდი. თორნიკე კარებში შემეფეთა. სამხედრო ფორმაში რომ დამინახა შეკრთა.
- მამა, რა ხდება? სად მიდიხარ?
- ომი დაიწყო… უნდა წავიდე, მამი…
არაფერი უთქვამს. სახე აელეწა. თუ ვერ დავბრუნდი, ოჯახს მიხედე… თუ მომკლეს, ომში არ ჩაერთო იცოდე! ერთი მსხვერპლი საკმარისია. ეს ჩემი ომია და არა შენი. დედაზე იფიქრე. შენს დას და დედაშენს შენი გამხნევება დასჭირდებათ. ორივეს დაკარგვას ვერ გადაიტანენ. გულში ჩავიხუტე და სახლიდან გავედი.

თენდებოდა როცა სოფელში შევედი.დედაჩემი სახლში არ დამხვდა. წინა დღეს დავურეკე ჩემს დას, რომ თავისთან წაეყვანა, მიზეზი არ მითქვამს. არ მინდოდა შემესინებინა. ვგრძნობდი, რომ რაღაც უბედურება გვიახლოვდებოდა, რადგან ორი დღით ადრე სოფელში ვიყავი ჩასული. ძალიან დიდი სროლების ხმა მოდიოდა ავნევის მხრიდან. სროლების ხმა არ გამკვირვებია, რადგან 19 წელი მიჩვეული ვიყავი ამ ხმას, მაგრამ ეს უკვე იმ ხმებს აღარ ჰგავდა, რადგან ამ კალიბრის ბომბები აქამდე არასდროს გამოუყენებიათ. ომში გაზრდილი კაცისთვის ამის გარჩევა ძნელი არ იყო. გარდა ამისა, ჩემი ყურადღება რამაც მიიქცია, ეს იყო ძაღლების ყმუილი, ძროხების უმიზეზო ბღავილი ღამით. მოსალოდნელ საფრთხეს ყველაზე მეტად ცხოველები და ფრინველები გრძნობენ. სწორედ ამიტომ მინდოდა დედაჩემი წაყვანა ჩემს დასთან, გორთან ახლო სოფელში. მეგონა იქამდე ვერანაირი ტყვია და ბომბი ვერ მიაღწევდა. რას ვიფიქრებდი, რომ გორიც ცეცხლის ალში გაეხვეოდა და დედაჩემი გორთან 3 კილომეტრში მდებარე სოფელში ბომბის ნამსხვრევით დაიჭრებოდა. მაშინ რუსთავში მყავდა ცოლ-შვილი, ერთი წლის ნაყიდი მქონდა ბინა. დედაჩემს ქალაქში ცხოვრებაზე კატეგორიული უარი ჰქონდა ნათქვამი, ამიტომ, არც შემითავაზებია რუსთავში წაყვანა. რადგან დედა წაყვანილი დამხვდა, პირველი, რაც მიზნად დავისახე ეს იყო სოფლის მოსახლეობის დაუყოვნებლივ გაყვანა, რადგან ისეთი დაბომბვა მიდიდოდა, ბომბსაფარის გარეშე დიდი მსხვერპლი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ არ იყო ადვილი მრავალი წელი ომში ნაცხოვრები ადამიანების დარწმუნება მიუხედავადი იმისა, რომ ასეთი მასშტაბური და ძლიერი დაბომბვა არასოდეს უნახავთ. ვიცოდი, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც არ დატოვებდნენ იმ სახლებს, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე აშენებდნენ და ამშვენებდნენ. ვიცოდი, რადგან მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, რადგან ჩემთვისაც ისეთივე ძვირფასი იყო ტითოეული შარაგზა თუ ორღობე, როგორც მათთვის. იქ სულ სხვანაირად ვსუნთქავდი, იქ სულ სხვანაირი იყო სიცოცხლე. იქ მაცხოვრებელი ხალხიც ჩემი სულის და სხეულის ნაწილად მიმაჩნდა ყოველთვის ჩემი სოფელი ერთ დიდ ოჯახად, რომელსაც ჩემი მუდმივად დაცვა სჭირდებოდა.ალბატ, ამ კუთხის უზომო სიყვარულიც ჩრდილავდა საკუთარ შვილებზე ფიქრებს. ერთ-ერტი მიზეზი ალბათ ეს იყო.
განთიადისას ჩვენს სამხედრო ძალებს უკვე მთელი პერიმეტრი ჰქონდათ დაკავებული და მთელ პერიმეტრზე ყველა სიმაღლეს ჩვენ ვაკონტროლებდით. ჩვენი არტილერია დიდ ზიანს აყენებდა მტერს. როკის გვირაბიდან გამოსულ ტანკებს არ აძლევდა გადაადგილების საშუალებას. მალე ქართულ ცაზე რუსული ავიაცია გამოჩნდა, რამაც ომის ბედი მთლიანად შეცვალა. დაბობმეს ცხინვალი, გორი და საქართველოს სხვადასხვა კუთხეები. მოგვიანებით გავიგეთ,რომ გორის სატანკო ბაზის დაბომბვის დროს ჩვენი სოფლის საუკეთესო შვილი, რომელიც უმცროს ძმად მიმაჩნდა, ჩვენი გუჯა ინაური, დაიღუპა. თავზარი დაგვეცა ყველას. მალევე ჩემი მეუღლისგან შევიტყვეთ, რომ ჩემი ბიჭი ჩემთან წამოსულა. მითხრა, რომ ტელეფონი გათიშული ჰქონდა და ვერ უკავშირდებოდა. სახლში გამოვიქეცი. ვიცოდი, თუ ცოცხალი იყო, პირველი სახლში მივიდოდა. თავისი სამხედრო ფორმა სოფლის სახლში ჰქონდა დატოვებული. რომ დავინახე, ამოვისუნთქე შვებით. პირველად მაშინ მივხვდი, რაოდენ მძიმე შენი სისხლ-ხორცის სიცოცხლე ყოფნა-არყოფნის სასწორზე დადო. თავი ვერ შევიკავე და ბრაზმორეულმა შევყვირე:

ეს დაგიბარე ბიჭო მე შენ?! რა გაყვირებსო, ღიმილით მითხრა. მთელი ცხოვრება სამშობლოს სიყვარულს გვინერგავდი, ბავშვობიდან ჩვენი წინაპრების გმირობაზე და მატ თავდადებაზე გვიყვებოდი. მამაშენი რომ ომში წასულიყო შენ რას იზამდი, ქალაქში დაელოდებოდი თუ მის გვერდით დადგებოდიო…
ეს სიტყვები იყო ის კითხვა, რომელსაც პასუხი არ ჰქონდა და ვერც ვერასდროს მოვუძებნიდი პასუხს. სამშობლოს სიყვარული ჭაობს ჰგავს - რაც უფრო ღრმად შედიხარ, მით უფრო ღრმად ეფლობი მის წიაღში და თავს ვეღარასოდეს დააღწევ. თუი ღრმად შეტოპავ, აუცილებლად შთანთქავს შენს სხეულს, მაგრამ ერთი საოცარი რამ ახასიათებს: შენს სულს მუდამ მარადისობაში ტოვებს.პირველად მაშინ მივხვდი, რომ საკუთარი შვილიც მყავდა ჩათრეული ამ უზარმაზარ ჭაობში და ყველაფერი უნდა მეღონა, რომ ის მაინც გამეყვანა ნაპირზე.

როგორც იქნა დავითანხმე, რომ უკან დაბრუნებულიყო და მეც პირობას ვაძლევდი, რომ როგორც კი მოსახლეობის ევაკუაციას მოვახდენდით, მაქსიმუმ ორ დღეში მეც დავბრუნდებოდი რუსთავში. ამაში ისიც დამეხმარა, რომ საღამოს ტანკებმაც საბოლოოდ დატოვეს ცხინვალი. მახსოვს, მაშინ წინ გადავერობე ტანკებს და მთელი კოლონა გავაჩერე, სად მიდიხართ, სად გვტოვებთ-მეთქი. მითხრეს, რომ ომი წავაგეთ და უკან ვიხევთო. თავადაც გაცოფებულები იყვნენ. ტანკისტებმა ძლივს დამამშვიდეს, არაადამიანურად ვღრიალებდი. რატომ ღმერთო, რატომ?! მერამდენე წაგებული ომი, მერამდენე?! მახსოვს, ტანკებიდან ჩამოხტნენ მეომრები , თავები მომადეს თავზე, ერთმანეთზე მხარზე ხელმოხვეულებმა წრე შეკრეს და რამდენიმე წუთი თავდახრილები მდუმარედ იდგნენ. შემდეგ ჩამიხუტეს და ნაპირზე გადმომიყვანეს. დიდხანს ვეღარ შეყოვნდებოდნენ, რადგან ავიაცია ნადირობდა მათზე და საჭირო იყო ტანკები გადაემალათ ტყეებში, რადგან ბაზებსაც ბომბავდნენ. მე აღარაფერი მითქვამს. ვიდექი ქანდაკებასავით გაქვავებული, სანამ ბოლო ტანკმა არ ჩაიარა. ყოველთვის, რაც საუკეთესო თვისებად მიმაჩნდა ჩემში, ის იყო, რომ არასდროს ვნებდებოდი - რაც უფრო მეტი იყო ტკივილი, მით უფრო ვზლიერდებოდი, მით უფრო მეტ ძალას ვპოულობდი საკუთარ თავში, მიტ უფრო მიპყრობდა ბრძოლის ჟინი და თუ რამემ გადამაწყვეტინა ჩემი ისტორიის პატარა ფრაგმენტი მომეყოლა თქვენთვის, ეს არის ის, რომ არასოდეს უნდა დანებდე, არასოდეს უნდა გატყდე რაც არ უნდა მარტო დარჩე. როგორ უიმედოდაც არ უნდა იყო, უნდა იბრძოლო ბოლომდე, ბოლო ამოსუნთქვამდე და არასდროს, არასდროს დანებდე! ალბათ, ბრზოლის დაუოკებელმა ჟინმა მაცოცხლა აქამდე და მომიყვანა დღევანდელ დღემდე. მე ხომ მიჩვეული ვიყავი: ჯარი გადიოდა და ჩვენი დასაცავი ხდებოდა მიმდებარე სოფლები. ასე იყო დიდი და პატარა ლიახვის და ფრონეს ხეობის სოფლები 2008 წლამდე, მაგრამ ახლა იძულებულები ვიყავით, დროებით დაგვეტოვებინა მშობლიური მიწა-წყალი, რადგან არ გვქონდა სათანადო შეიარაღება, რომ მტერი შეგვეჩერებინა. უაზროდ სიკვდილს სჯობდა დროებით გავრიდებოდით და პარტიზანულად გვებრძოლა. ეს იყო ჩემი გეგმა.

იმ ღამეს ჩემი ვაჟი როგორც იქნა გავგზავნე. ახლა კი სოფლის მოსახლეობა უნდა დაგვერწმუნებინა და გაგვეყვანა. როგორც იქნა გვიან ღამით დავითანხმეთ თანასოფლელები. როგორც ჩემ შემთხვევაში, ბევრმა მამამ შვილის გამო დატოვა სოფელი, რადგან თუ მამები არ გავიდოდნენ, შვილებიც ჩარჩებოდნენ ლომის ხახაში საზარბაზნე ხორცად.
დილით საბოლოოდ დადასტურდა გუჯა ინაურის დარუპვის ამბავი. უნდა მოგვესწრო მიცვალებულის გადმოსვენება გორის მორგიდან,ს ანამ რუსები დაიკავებდნენ სოფელს. სავსე იყო გორის მორგი მიცვალებულებით. საშინელი სუნი იდგა შიგნით. გვამები ნელ-ნელა იხრწნებოდნენ, რადგან შენობაში არ იყო სათანადო ტემპერატურა, გარეთ კი საშინლად ცხელოდა. როგორც იქნა ვიპოვეთ ჩვენი ძმის ცხედარი. თავი წამოვუწიე. კეფა მთლიანად ჰქონდა გაგლეჯილი. 18 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ გუჯა ინაურის სისხლის სუნი დღემდე არ გამქრალა ჩემი ხელებიდან და არც არასდოდეს გაქრება, სანამ ცოცხალი ვარ, სანამ ჩვენი ტერიტორიები სხვებს ეკუთვნის. ალბათ, ეს გმირული სისხლის სუნი მაძლევს ძალას, რომ ვერ ვჩერდები, რომ არ ვნებდებით. 10 აგვისტოს მივაბარეტ მშობლიურ მიწას ჩვენი გმირი ბიჭი. იმ ღამესვე დავტოვეთ სოფელი. დილით, განთიადისას რუსული ურდო შემოესია დაცარიალებულ სოფელს და როგორც რამდენიმე დღეში შევიტყვეთ, მთლიანად გადაწვეს, მხოლოდ რამდენიმე სახლი გადაურჩა ხანძარს. ღორებმა ჯერ გაძრცვეს, შემდეგ კი ცეცხლს მისცეს მთელი სოფელი. თემურლენგის მერე ასეთი რამ , მგონი არცერთ მტერს უქნია ჩვენს მიწაზე.
დევნილების დასაბინავებლად ვაპირებდით წასვლას რომ ტელეფონმა დარეკა. ჩემი და რეკავდა გორის ახალდაბიდან, რომ მათი სახლის წინ ბომბი ჩამოვარდა, რკინის ღობე გაგლიჯა და დაიჭრა. სისხლი გამეყინა, მაგრამ რომ მითხრა დედაც დაჭრილი იყო, ვიგრძენი ტვინიდან ფეხებამდე რაღაც საშინელმა როგორ დამიარა. თითქოს, მეხი დამეცა. ცოტა ხანი გაშეშებული ვიდექი. ჩემი დის საუბარი აღარ მესმოდა. თურმე დედაჩემი არ ზლევდა უფლებას, რომ ჩემთან დაერეკა. რომ გაიგოს დაჭრილი ვარ, შემოვა ჩემს გასაყვანად და მოკლავენო. ასეთია დედის გული - ურჩევნია სისხლისგან დაიცალოს, ვიდრე შვილის სიკვდილი გაიგოს. გიჟებივით მივქროდით გორისკენ. გორის შესასვლელთან ავიაციისგან დაბომბილი ჯავშანტექნიკა ეყარა, ნახევრად დამდნარი, მზისპირზე. რამდენიმე წუთში სოფელ თედოწმინდას მივადექით. ჩემი დის სოფლეი უკვე რუსებს ჰქონდათ დაკავეული. გზაზე დაცხრილული მანქანები ეყარა. 500 მეტრში რუსებს ჰქონდათ გადაკეტილი “ტრასა”, მთაზე სნაიპერები ისხდნენ. მთლიან პერიმეტრს აკონტროლებდნენ მთის წვერიდან მდინარე ლიახვამდე. სოფელში შესვლა ძეუძლებელი იყო. თედოწმინდასი ძირითადად აზერბაიჯანული მოსახლეობა ცხოვრობს. სწორედ ამ ხალხის დახმარებით დაჭრილი დედის და დის გამოყვანა. სამიდან მხოლოდ ერთ საავადმყოფოში შეძლეს ძვლიდან ნამსხვრევის ამოღება, მხოლოდ ჩემი გვარის კაცმა, სიკო კასრაძემ შეძლო ამ რთული ჭრილობის დაძლევა, მერვე საავადმყოფოში, თემქაზე.

როგორც თბილისის, ასევე რუსთავის სკოლები და საბავშვო ბაღები გადაჭედილი იყო დევნილებით. ზოგიერთმა მოხუცებულმა ჯიუტად არ დატოვა საკუთარი კერა, მაგრამ როდესაც რუსები შემოვიდნენ და მასიურად დაიწყეს ხალხის ხოცვა და სახლების გადაწვა , ზოგმა ძლივს გაოასწრო, ზოგიც საკუთარ სახლებში დაწვეს ცოცხლად, ზოგმა ბაღებში მოასწრო და იქიდან უყურებდნენ რუსულ სისასტიკეს: ჯერ როგორ ძარცვავდნენ და შემდეგ ცეცხლს უკიდებნენ ეზოში თუკი რამ შენობა იდგა არ ინდობნენ არაფერს თუ რამე სულიერი მოძრაობდა, ადამიანი იყო თუ ცხოველი. ვინც უფრო ბოლოს დატოვა იქაურობა, უფრო დიდ სისასტიკეს ყვებოდნენ რუსებზე. იქ გავიგეთ სწორედ, რომ ჩვენი სოფელიც მთლიანად გადაუწვამთ. ვინც გარბოდა, ზურგში ტყვია დააწიეს, ვინც ტყვედ მოიხელთეს, ვინც ცოტა ახალგაზრდა იყო, ადგილზე დახვრიტეს. ხანშიშესულ კაცებს სიკვდილისპირამდე სცემეს და ცოცხალმკვდრები დაყარეს, ერთიც არხში ჩააგდეს. ამ კაცებიდან ორი ბიძად მეკუთვნოდა. იმ დღისითვე გადაწყდა,რომ რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, სოფელში უნდა შეგვეღწია. ამ დროს რუსები უკვე გორში დათარეშობდნენ და გორიდან 30 კილომეტრის სიღრმეში შესვლა არ იქნებოდა ადვილი. ეს თვითმკვლელობას ნიშნავდა, მაგრამ მაინც შევედით, სამნი. დაახლოებით 20 წელი გრძელდებოდა ეს კონფლიქტი, მაგრამ პირველად ვნახე გადამწვარი ჩემი სოფელი. ალბატ, იმიტომ, რომ პირველად დავტოვე მტრის პირსიპირ მარტო. ძნელია სიტყვებით გადმოვცე, თუ რას განვიცდიდი მაშინ, როდესაც გადამწვარ სოფელში შევედი, თითქოს, სხეულში, შიგნით ცეცხლი მეკიდა იმ ჩანაცრული სახლებივით, რომლებსაც წინა დღეს ცეცხლი ეკიდათ და ალაგ-ალაგ ისევ კვამლი ასდიოდათ. გზებზე დახოცილი პირუტყვი, ეზოებში კი დახოცილი ძარლები ეჰარა. გახრწნილი პირუტყვის და კვამლის სუნი ერთმანეთში არეულიყო. ამ საშნილე სურათს ერთი რამ კიდევ უფრო ამძიმებდა, ეს იყო სოჩუმე. სამარისებური სიჩუმე და რამდენიმე დღის წინ სიცოცხლით სავსე სოფელი, თითქოს, ერთ დიდ სასაფლაოდ, ნასახლარების სასაფლაოდ ქცეულიყო.
“არსით ხმა, არსით ძახილი, მშობელი მშობელს არას ეტყოდა, ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი, ქართლის გულშიაც კვნესა ისმოდა” - ეს იყო ჩვენი “მოძმე” რუსი ერის კიდევ ერთი გულთბილის სტუმრობა ჩვენს სამშობლოში, რომლებსაც “ვერ დავუჩოქეთ და ბოდიში ვერ მოვუხადეთ საჯაროდ, რადგან ამისი ძალა არ გვეყო”. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს! ვინც დედა დამიჭრა, მეგობრები და ბიძაშვილები დამიხოცა, სოფელი გადამიწვა და საკუთარი მიწა-წყალი მიითვისა, ჩემი ქვეყნის მტერია და ჩემი ქვეყნის მტრებს ბოდიშს ვერ მოვუხდი! პირიქით, შურს ვიძიებ და ვაზღვევინებ როგორც შევძლებ და სანამდეც შევზლებ. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ მძულს რუსული მოდგმა და მათი იმპერიული ზრახვები და ვიბრძოლებ მანამდე, სანამ სრულად არ გავათავისუფლდება საქართველო რუსეთის მარწუხებიდან, თუნდაც ამ ბრძოლას შევეწირო.

ეს მხოლოდ პატარა ფრაგმენტია იმ დიდი რუსული სისასტიკის, რაც მე მინახავს ჩემი ცხოვრების მანძილზე და გადამხდენია. ალბათ, მოვა დრო და წიგნსაც გამოვცემ, სადაც დაწვრილებით იქება ასახული რუსების მიერ 80-იანი წლებიდან დღემდე ჩადენილი დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ. ასევე ჩვენი შეცდომები, ზოგიც ნებსით, ზოგიც უნებლიედ. დიახ, მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს ვინ არის მტერი! ასევე უნდა იცოდეს, რომ დიდ მონაპოვარს, დიიდ მოფრთხილება და დაცვა სჭირდება და რომ ჩვენი შეცდომები აღარ უნდა გაიმეორონ. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველის დამარცხება მხოლოდ ქართველის ხელით არის შესაძლებელი. ასე ამბობდა საქართველოს დაუძინებელი მტერი შაჰ-აბასი, რომელსაც ქართული ხასიათი ძალიან კარგად ჰქონდა შესწავლილი. საქართველოს დაბადებიდან დღემდე თუკი რამე ბრძოლა წაგვიგია, 99% შიდა ღალატით მომხდარა. დღესაც თუ რამე უბედურება გვჭირს, მხოლოდ შიდა მტრობით და გაუტანლობით. ამიტომ, სანამ მტერსა და მოყვარეს არ გავარჩევთ, არ ვამხელთ, ყველას და ყველაფერს ტავის სახელს არ დავარქმევთ, მუდამ ამ დღეში ვიქნებით.
არასოდეს დაგავიწყდეს: “ მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია!”
2026 წელი, 7 აგვისტო
NS