"ჩაყლაპავს“ თუ არა პუტინი ერდოღანის მიერ ზელენსკისთვის ბალისტიკური რაკეტების მიყიდვას? - კვირის პალიტრა

"ჩაყლაპავს“ თუ არა პუტინი ერდოღანის მიერ ზელენსკისთვის ბალისტიკური რაკეტების მიყიდვას?

იმის ფონზე,როდესაც პუტინმა ნამდვილი „ბალისტიკური ტერორი“ მოუწყო კიევს და ზელენსკი ყველა პარტნიორს ემუდარება ანტირაკეტების მიწოდებას,მოულოდნელად ჩნდება ოფიციალური ინფორმაცია, რომ მალე თავად უკრაინას გამოუჩნდება ბალისტიკური რაკეტების მცირე მარაგი, რომლითაც მას შეეძლება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში საპასუხო, მცირემაშტაბიანი „ბალისტიკური ტერორი“ განხორციელოს საზღვართან ახლოს მდებარე რომელიმე რუსული ქალაქის მიმართ...

„უკრაინა თურქეთისგან ყიდულობს სარაკეტო სისტემებს, სხვადასხვა ტიპის რაკეტების მარაგს და საარტილერიო საბრძოლო მასალას უკრაინის არმიის შეიარაღებაში არსებული თვითმავალი საარტილერიო სისტემებისთვის “- ეს ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც გამოქვეყნდა აშშ-ის კონგრესის ოქმში, მიმდინარე წლის 6 აგვისტოს.

ანგარიშში მოხსენიებულია უკრაინისთვის 12 ერთეული M270 MLRS სარაკეტო სისტემის და მათთვის განკუთვნილი 70 ერთეული M39 ATACMS ბალისტიკური რაკეტის, ასევე 2,524 უმართავი 227 მმ-იანი M26 რაკეტის DPICM კასეტური ქობინებით, ასევე 47,000 ერთეული M509A1 კასეტური 203 მმ-იანი საარტილერიო ჭურვის მიყიდვის დამტკიცება.

0908-1786279255.2026.jpg
M270 MLRS ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან M39 ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტის სტარტი...

ცალკე აღსანიშნავია ის საბრძოლო მასალა, რომელსაც უკრაინა ამ სისტემებისთვის მიიღებს. ეს არის M39 ბალისტიკური რაკეტები (ATACMS Block I, MGM-140A) - რაკეტების ამ ოჯახის პირველი ვერსია. მას აქვს 165 კმ მოქმედების რადიუსი და კასეტური ქობინი, რომელშიც მოთავსებულია 950 ერთეული M74 ქვეელემენტი. ATACMS-ის ეს ვერსია უკვე გამოყენებულია უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ საუბარია 165 კმ-ის დიაპაზონზე და არა 300 კმ-ზე, როგორც ეს ATACMS-ის ახალ ვერსიებშია, ამ რაკეტას მაინც შეუძლია მრავალი პოტენციური სამიზნის პოვნა როგორც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ 70 რაკეტა საკმაოდ შეზღუდული მარაგია.

რაც შეეხება 227 მმ-იან M26 რაკეტებს, მათი ფრენის მაქსიმალური სიშორე 32 კმ-ია. 2,524 ერთეული ასეთი რაკეტის რაოდენობა უკრაინელ სამხედროებს საშუალებას მისცემს, HIMARS-ის სარაკეტო სისტემიდან დაახლოებით 420 სრული ზალპი ან M270 MLRS-დან 210 სრული ზალპი განახორციელონ.

ამასთან, M509A1 ტიპის ჭურვები შესანიშნავი დამატება იქნება უკრაინის არმიის შეიარაღებაში არსებული 203 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო სისტემებისთვის - როგორც საბჭოთა 2S7 „პიონის“, ასევე ამერიკული M110-ებისთვის.

ასეთია ოფიციალური ინფორმაცია,რომელიც ნიშნავს, რომ აშშ-ის კონგრესი როდესაც საბოლოოდ დართავს ნებას თურქეთის არმიის ამერიკული წარმოების ზემოთჩამოთვლილი შეიარაღების მესამე ქვეყნისთვის მიწოდების-რეექსპორტის თაობაზე,ის შუამავალი საიარაღო ფირმების დახმარებით მალევე აღმოჩნდება უკრაინის ფრონტზე...

მაგრამ, როგორი რეაქცია ექნება ამ ომის დამწყები, აგრესორი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს იმაზე, რომ თურქი კოლეგა-ერდოღანი,რუსეთის მოწინააღმდეგეს ასეთ სერიოზულ შეიარაღებას მიაწვდის?

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ერდოღანი ერთგვარი შუამავლის როლში გამოდის პუტინსა და ზელენსკის შორის და სტამბულშიც გაიმართა რუსეთ-უკრაინის მოლაპაკებები, თურქეთი აქამდეც არააფიშირებულად აწვდიდა თავისი წამოების შეიარაღებას უკრაინის არმიას, რაზეც მეტყველებს ფროტის ხაზზე აფეთქებული და ასევე ნაალაფარი თურქული Kirpi -ის ტიპის არაერთი ჯავშანმანქანა, ხოლო ომის დასაწყისში სწორედ თურქეთში ნაყიდი Bayraktar TB2 ტიპის სადაზვერვო-დამრტყმელი დრონებით უკრაინელებმა არაერთი წარმატებული ზუსტი საჰაერო შეტევა მიიტანეს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსული ჯავშანკოლონების შესაჩერებლად...

აქამდე, პუტინის რეაქცია ერდოღანის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების მიყიდვის გამო, ძალზე თავშეკავებული გახლდათ,რაც გამოწვეული იყო მათი განსაკუთრებული ორმხრივი ურთიერთობებით და რუსული პროპაგანდაც ხშირად „წაუყრუებდა“ ამას, მაშინ,როდესაც სხვა ქვეყნებიდან ერთი ავტომატის უკრაინელებისთვის მიწოდების შემთხვევაშიც კი, „ყეფას“ იწყებდა...

მაგრამ, ამჯერად ერდოღანი 28 მლნ დოლარის იმ ამერიკული შეიარაღების მიყიდვას აპირებს უკრაინისთვის, რომელიც დიდი ხანი ინახებოდა თავად თურქეთის არმიის არსენალში და რომელიც თავისი ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობებით ბევრად მეტ საბრძოლო ზარალს მიაყენებს რუსეთის საოკუაპაციო ძალებს...

70 ბალისტიკური რაკეტის მიწოდების შემდეგ,რუსული „ისკანდერების“ კიევზე მორიგი დარტყმის საპასუხოდ,უკრაინელებს საზღვრიდან და ფრონტის ხაზის 150 კმ-დე სიღრმეში „ბალისტიკური ტერორის“ მოწყობა შეეძლებათ,მათ შორის რუსული ქალაქების ბელგოროდის, კურსკისა თუ ბრიანსკის მიმართულებით...

რუსეთ-უკრაინის ომის მეხუთე წელს ტოტალური განადგურება წესად იქცა...