„გიგამ იცის, რომ სამართალმა იზეიმა!“
6 აგვისტოს 26 წლის მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს - ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს წაუყენა. იმნაძეს ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში, ხოლო ანასტასია ბერუაშვილს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობში ედება.
როგორც გაცხადდა, გიგა ავალიანის საქმეზე საგამოძიებო ორგანო დაკავებულ არასრულწლოვან გოგონებს 30 დღის განმავლობაში ფარულად უსმენდა. გიგა ავალიანის საქმის პროკურორ ქეთი სონიძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია სწორედ ნია იმნაძის სახლში ფარული მიყურადებით იქნა მოპოვებული.
"ბრალდების თანახმად, ნია იმნაძემ მის მეგობრებს - ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა".
პროკურორ ქეთევან სონიძის განცხადებით, დანაშაულის დღეს, 1-ლ ოქტომბერს, გიორგი რიკაძე დანაშაულის ჩასადენად ანასტასია ბერუაშვილის სახლიდან წავიდა. საქმეში არსებობს ანასტასია ბერუაშვილის მიმოწერაც მეგობართან - ის გიორგი რიკაძეს ეუბნება, რომ "ეგონა, მასაც დააკავებდნენ", რაც აჩენს ეჭვს, რომ მან დანაშაულის ჩადენის შესახებ წინმსწრებად იცოდა.
საერთო ჯამში, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულია 7 პირი: ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი: გაბაშვილი, რიკაძე, ნასყიდაშვილი და ჩიქოვანი მსჯავრდადებულები არიან.
ბრალდების მიხედვით, 2025 წლის 1-ლ ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
ამავე ბრალდების მიხედვით, ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, რის შესახებაც მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია: "შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბრის თვეში ნია იმნაძემ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან. ბრალდებულმა ნია იმნაძემ მის მეგობრებს, ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას, უთხრა, რომ თითქოსდა მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს".
ოფიციალური განცხადების თანახმად, "ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი, საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად. გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.
2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც ჩაუსაფრდნენ გიგა ავალიანს. მათ ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის შესრულება ვერ შეძლეს.
2025 წლის 1-ლ ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის შემუშავებული გეგმის მიხედვით ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
დანაშაულის ჩადენისთანავე გიორგი რიკაძე დაუკავშირდა თავის მეგობარ ანასტასია ბერუაშვილს და შეატყობინა გიგა ავალიანზე ჯგუფური თავდასხმისა და დანაშაულის შედეგად მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ანასტასია ბერუაშვილისათვის ცნობილი იყო გიგა ავალიანის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, მან ამის თაობაზე არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს", - წერს პროკურატურა.

"მკვდარ შვილსაც უნდა დაცვა, შვილის სიმართლის დაცვა"
ეკა კუპატაძე, გიგა ავალიანის დედა: - ზოგიერთი ამბობს, საქმეში მტკიცებულებები არ არის და მხოლოდ ეკას მოთხოვნით იჭერენ ახალგაზრდებსო. თუკი ეკას მოთხოვნით იჭერენ, 20 ოქტომბრიდან მოვითხოვდი ნია იმნაძის დაჭერას, რატომ აქამდე არ დაიჭირეს? ათი თვე დასჭირდა კარგად შეფუთული, მიჩქმალული და კარგად ჩაფარცხული საქმის გამოძიებას. ნია იმნაძის ტელეფონი გასუფთავებული იყო და ერთ მოწყობილობაზე შეერთების შემდეგ ბევრი რამ აღდგა (სრულად - ვერა). იქაც იყო გარკვეული ინფორმაცია, რითაც პროკურატურამ ბრალის წარდგენა შეძლო. ასევე გასუფთავებული იყო გიორგი მალანიასა და დანარჩენების ტელეფონებიც, თან ისეთ მაღალ დონეზე, როგორადაც არასრულწლოვანი თავად ვერ გაასუფთავებდა. მათ ყველაფერი მოიშორეს - ტანსაცმელი, კეპი, ფეხსაცმელები... ანუ მტკიცებულებები გააქრეს, თუმცა მასალები აღდგა. როცა ოჯახები გაჩხრიკეს, მაშინ დამონტაჟდა ფარული მოსასმენები სახლებში, ციხეებში, მანქანებში... მათ გაშიფვრას დრო ხომ უნდოდა? ჩანაწერები ფონოსკოპიურ ექსპერტიზას გადაეცა და ამასობაში 10 თვე გავიდა.
ნია იმნაძეს არც არავინ ედავება მკვლელობის დაკვეთას, წაქეზებას - კი, ის უბიძგებს, რომ პასუხი მოსთხოვონ გიგას, დანაშაულისკენ უბიძგებს. მნიშვნელოვანი იცით, რა არის? ნია იმნაძემ იცის ალექსანდრე გაბაშვილის კრიმინალური წარსული და როცა კრიმინალური სულისკვეთების ადამიანთან არჩევ ამბავს და ეუბნები რაღაცას, ეს უკვე წაქეზებაა.
მთელმა დიდმა დიღომმა იცოდა, რომ ეს ბიჭები უბნელ 10 -13 წლის ბავშვებს ფულს ინტენსიურად სძალავდნენ, ძალადობდნენ, გაკვეთილებზე მასწავლებლებს ატირებდნენ... იმავე სკოლაშია ნია იმნაძე და მანაც ყველაფერი მშვენივრად იცოდა. ასეთი სულისკვეთების ადამიანთან რომ საუბრობ სხვა ტონით, ეს არის წაქეზება. საქმის მასალებში წერია, რომ ალექსანდრე გაბაშვილი ნია იმნაძეს პირობას აძლევს, ვციტირებ: "მოგიგვარებ საქმეს მასწავლებლებთან".
დადგენილია, რომ თავდასხმას გეგმავდნენ. გიგას უთვალთვალებდნენ, მარტო რომ მოეხელთებინათ. ამ პერიოდის განმავლობაში განიხილავდნენ თავდასხმის დეტალებს, მათ შორის, ნიაც. ამის დამადასტურებელი მესიჯები არსებობს. საქმის მასალებში წერია: "მთელი ერთი კვირაა, ვეუბნები ნიაკოს, მოგიგვარებ პრობლემებს". ეს იყო ძალადობრივი ჯგუფი, რომელიც მანამდე არაერთ ადამიანს დასხმია თავს. რომ არა ნია იმნაძე, გიორგი მალანია და გიორგი რიკაძე, რომელიც იმ დღეს გაბაშვილს გამოჰყვა, დღეს გიგა ცოცხალი იქნებოდა.
ანასტასია ბერუაშვილმა იცოდა, რომ გიგაზე თავდასხმას აპირებდნენ, იცოდა, რომ თავდასხმა სისრულეში მოიყვანეს და გიგა გაითიშა. ის ჩვენებაშიც აფიქსირებს, რომ ყველაფერი იცოდა... მეტსაც გეტყვით: გიორგი რიკაძე სამჯერ ჩაუსაფრდა გიგას, მაგრამ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოახერხეს თავდასხმა. ანასტასია ბერუაშვილმა სამივეჯერ იცოდა, რომ გიორგი რიკაძე მიჰყვებოდა მის ძმაკაცს გიგაზე თავდასასხმელად. 7 ოქტომბერს წყვილები - ანასტასია ბერუაშვილი-გიორგი რიკაძე და ნია იმნაძე-ალექსანდრე გაბაშვილი გიგაზე თავდასხმას მთაწმინდაზე ერთად აღნიშნავდნენ. ფოტოები საქმის მასალებში დევს. ანასტასია ბერუაშვილი მათ აქტიურად დებდა "ინსტაგრამის" გვერდზე.
გიგას საქმეში სხვა არასრულწლოვანი დამნაშავე არ იკვეთება. რომ არ მებრძოლა, ალექსანდრე გაბაშვილის გარდა, არც ერთი არ იქნებოდა დაკავებული, თვით გიორგი რიკაძეც. შესაძლოა სულაც პირობითით გამოსულიყო გაბაშვილი, თუ არადა, წელიწად-ნახევარზე მეტს მაგათ არავინ მისცემდა.
დედობა მხოლოდ შვილის გაჩენა არ არის, მკვდარ შვილსაც უნდა დაცვა, შვილის სიმართლის დაცვა. ჩემთვის ეს არის ჩემი მართალი შვილისთვის თავგანწირული ბრძოლა. აბსოლუტურად უდანაშაულო ბიჭია სადისტურად მოკლული და ამიტომ ვითხოვ უმაღლეს სასჯელს. ისინი, ვინც უდანაშაულო ადამიანს სასტიკად კლავენ, ყველასთვის საშიში არიან და მათ აუცილებლად კანონის მთელი სიმკაცრით ვაგებინებ პასუხს.
- გოგონას ჩვენების საფუძველზე ადვოკატი ამბობს, ეფლირტავებოდა მოსწავლესო.
- მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ჩემი შვილი იმნაძეს ავიწროებდა, მე კი დავამტკიცებ, რომ ჩემს შვილს ცილს სწამებენ. მეცადინეობის დროს გიგა სკამზე არც ერთხელ არ დამჯდარა, მოშორებით, სპეციალურ სავარძელში იჯდა და რომც ნდომოდა, სახეს სახესთან ვერ მიუტანდა გოგონას. იმ ადვოკატს პროკურატურიდან გამოგდებული მისი ცოლი ხომ არ ჰგონია ვინმე?!
ექსპერიმენტი უნდა ჩავატარებინო - დასხდნენ ისე, როგორ დისტანციაზეც ისხდნენ მასწავლებელი და მოსწავლე, გიგას ადგილას დავსვამ და მიუტანოს თავი თავთან, რასაც გიგას აბრალებენ. ჩვენ გვქონდა ინდივიდუალური მერხები და სკამები, რათა მოსწავლეებსაც კი ერთმანეთი არ შეეწუხებინათ. მე დავამტკიცებ, რომ ეს არის ტყუილი, ადვოკატის გამოგონილი და მან დააწერინა იმნაძეს. ორივე მოსამართლემ უთხრა, თუ რაიმე მტკიცებულება გაქვთ, მოიტანეთ, გვიჩვენეთო. გარდაცვლილს რასაც უნდა, იმას დააბრალებენ. ეგრე არ არის, უნდა დაამტკიცონ. თუ გიგა პედოფილი იყო, 8 წელი ამზადებდა მოსწავლეებს და ამასობაში, მინიმუმ ერთჯერ უნდა დაფიქსირებულიყო ფაქტი. იცით, ამით რა დაამტკიცეს? იმნაძემ მართლა წააქეზა გაბაშვილი, თურმე ვერ მოაშორა დედ-მამამ, დამრიგებელმა და მოაშორა გაბაშვილმა. მას წაქეზებას ედავებიან და ამ არგუმენტით ადვოკატი იმეორებს რა მის ნათქვამს, აძლიერებს ეჭვს, რომ მართალია პროკურატურა და მართლა წააქეზა კრიმინალი. ჩვენ მაგას ვედავებით იმნაძეს, თორემ იმას კი არა, შეკვეთა მისცა, წადი და მოკალიო.
- ბევრი "ირინა ენუქიძე-2"-ს გიწოდებთ. ისიც თავგანწირული იბრძოდა სამართლიანობისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, შვილის საქმეს შეეწირა და არც ამდენისთვის მიუღწევია...
- რომ აღარ იყოს "ირინა ენუქიძე-3", სწორედ ამიტომ არ მოვისვენებ, სანამ ყველას არ ვაგებინებ პასუხს.
მე და ნიკა ვათენებთ და ვაღამებთ გიგას საფლავთან. მან იცის, რომ სამართალმა იზეიმა და მისი სული მოსვენებულია.
ნიკა ორი წლისაც არ მყავდა და გიგაზე ვიყავი ფეხმძიმედ, როცა მარტო დავრჩი. არ ვგულისხმობ ყველასგან მიტოვებულს, ზურგს მიმაგრებდნენ ჩემი მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლები, ძმები... შვილები მეუღლის სოფელში გავზარდე და იქაც ზურგს მიმაგრებდნენ ჩემი გულიანი მეზობლები. შვილები მარტომ გავზარდე, მაგრამ არა ყველასგან მიტოვებულმა. ვინც არ უნდა გედგეს გვერდით, ყველაფერზე პასუხისმგებლობა მაინც დედას აქვს. ასე წვალებაში გავზარდე შვილები და სიმწრით გაზრდილი შვილი წამართვეს... მე რომ ჩემი თავისა და ძალის, ჩემი უკომპრომისობის იმედი არ მქონოდა, ამ ბრძოლაში არ შევიდოდი და ჩემი შვილისთვის გარდაცვალების დღეს თავს მოვიკლავდი, ჩემს შვილს მიწაში არ გავუშვებდი და სახლში არ შემოვიდოდი, თბილ ლოგინში არ დავწვებოდი, თუმცა ახლაც არ მძინავს.
მე ვიცოდი, სადაც შევდიოდი და ყველანაირ ბინძურ ბრძოლასაც ველოდი. მე ვიბრძვი და გიგას სიმართლე იმარჯვებს. ბრძოლაში ზურგს მიმაგრებს სრულიად საზოგადოება და ამიტომ ვარ ასეთი გაძლიერებულიც. მეც ადამიანი ვარ და ბევრჯერ დავეცი, მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერამ წამომაყენა.
მე ხალხი მასწავლის ბრძოლას, გლოვას, სიმართლისთვის ვიბრძვი. ხალხი ხვდება, რომ ჩვენ მკვლელებს ვებრძვით. ვინც ახლა ამათ თავზე ხელს უსვამს, ისინი მკვლელებზე არანაკლებ საშიშები არიან.

"შოკში ვარ, როგორ კლავს არასწორად გავრცელებული საზოგადოებრივი აზრი არასრულწლოვანს"
გიორგი ლეკიშვილი, ნია იმნაძის ადვოკატი: - პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არა აქვს, რაც წაქეზებას დაადასტურებს. არც ბრალში არ არის განმარტებული რაში გამოიხატა წაქეზება. პროკურორის მსჯელობა არათანამიმდევრულია. მისი თქმით, არსებობს ფარული ჩანაწერები, რომლებიც თითქოსდა შემდგომ მოსასმენია. მოსასმენი აპარატურა მათთან თებერვალში იყო დამონტაჟებული, მას მერე 7 თვეა გასული, 7 თვის წინანდელ მტკიცებულებებზე გელაპარაკებათ და თქვენ ეს გჯერათ?
- პროკურორმა განმარტა, რომ ფარულ ჩანაწერებს დამუშავება, გაშიფვრა სჭირდებოდა. რაზეა ჩანაწერში საუბარი?
- ჩანაწერი არ მაქვს მოსმენილი. არ ვიცი, იქ რა არის, მაგრამ შეიძლება შვილმა უთხრას მამას, რომ არ არის მართალი, ან შეიძლება მამამ უთხრას შვილს, რომ არ არის მართალი.
- ფაქტია, ნიაა დამაკავშირებელი რგოლი მასწავლებელსა და იმ ადამიანებს შორის, ვინც შემდეგ დანაშაული ჩაიდინა...
- გიგა ავალიანი ექიმი იყო, ოღონდ დამატებით მათემატიკას ასწავლიდა, თორემ სამასწავლებლო ეთიკის ნორმებს არ იცავდა არასრულწლოვანთან ურთიერთობაში. საზოგადოება დიდ შეცდომაში შეიყვანეს. ის მიმოწერები, მესიჯები, სადაც უზრდელური საუბრებია, ეგ გაასაღეს როგორც ნიას საუბრები, არადა, ის თანაკლასელის იყო.
- დაკავების გარდა, ნიას კლინიკაში გადაღებული ვიდეო ატვირთეთ "ფეისბუკში", რაც საზოგადოებამ მანიპულაციად ჩაგითვალათ...
- ამ ვიდეოთი დასტურდება, რომ ჩემი დაცვის პირის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამ ზომამდე საზოგადოებამ მიიყვანა. ამას უნდა ხედავდეს ყველა, ვისმა თითოეულმა კომენტარმაც გადაწყვიტა ნიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ამჟამინდელი მდგომარეობა. შოკში ვარ, როგორ კლავს არასწორად გავრცელებული საზოგადოებრივი აზრი არასრულწლოვანს.
- ნიამ არ იცოდა მისი მეგობრის თუ შეყვარებულის კრიმინალური ქმედებების შესახებ და ის, თუ რაზე იყო გაბაშვილი წამსვლელი?
- პროკურორს ჰკითხეთ, რა მტკიცებულებებია... ნიამ თქვენთან ერთად გაიგო, რაღაცას რომ ედავებოდა სახელმწიფო ბრალდება. ბავშვმა დახმარებისთვის მიმართა დედას, მამას, მასწავლებლებს და იკითხა, იყო თუ არა მასწავლებლის ქმედება კონკრეტულ გარემოებასთან დაკავშირებით ნორმალური. სანამ უფროსებმა იმოქმედეს, მანამდე მოხდა ეს ტრაგედია.
ადამიანები ერთმანეთს რომ გაუზიარებენ თავიანთ გაჭირვებას და მოითხოვენ დახმარებას, ამის საფუძველზე ვიღაცამ რომ დანაშაული ჩაიდინოს, დაზარალებულ ბავშვს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს?
- ავალიანს რომ უსაფრდებოდნენ ბიჭები და მასზე თავდასხმას აპირებდნენ, ამაზე თუ იყო ნია ინფორმირებული?
- ნიამ უთხრა ალექსანდრე გაბაშვილს, რომ მასწავლებელი მის მიმართ არასათანადო ყურადღებას იჩენდა. კერძოდ, ეუბნებოდა კომპლიმენტებს, სახე ახლოს მიჰქონდა, თავს ქალად აგრძნობინებდა...
არის მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება აღნიშნული გარემოებები, რაც საგამოძიებო ნაწილია და ამჟამად ვერ გავამახვილებ ყურადღებას.