„ბარამიძის ინტერვიუ არის სამარცხვინო!“ - კვირის პალიტრა

„ბარამიძის ინტერვიუ არის სამარცხვინო!“

"ნაციონალური მოძრაობის" წევრისა და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის, გიორგი ბარამიძის ინტერვიუმ იაგო ხვიჩიას გადაცემაში "საქართველოს დაბადება", საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია...

ინტერვიუს იმ ნაწილში, რომელიც აფხაზეთის ომის დროს ტყვეების გაცვლას შეეხებოდა, მან ასეთი რამ თქვა:

- ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ხვრეტდნენ [ჩვენები]...

წამყვანის შეკითხვაზე, რატომ იყო ეს აუცილებელი?“ბარამიძე პასუხობს: „

- აუცილებელი არ იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია...”

წამყვანი: - იქითა მხრიდანაც ხომ იგივე ხდებოდა?“

ბარამიძე: -„იქ დისციპლინა იყო. იმიტომ, რომ იქ იყო რუსული დისციპლინა და ისინი იყვანდნენ ტყვეებს...“

პროკურატურამ ამ განცხადების საფუძველზე გამოძიება "სამშობლოს ღალატის" მუხლით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ სს კოდექსში "სამშობლოს ღალატის" მუხლი "ქართულმა ოცნებამ" 2025 წელს დააბრუნა. რა ხდებოდა სინამდვილეში და მართლაც არსებობდა თუ არა ტყვეების დახვრე­ტის პრაქტიკა, ამ საკითხზე ჟურნალისტი თამრიკო მოლაშვილი და აფხაზეთის ომის ვეტერანი, უკრაინაში მებრძოლი გუგა ბერუაშვილი საუბრობენ.

"ჩემ თვალწინ ყარყარაშვილის ბრძანებით ტყვეები ციხიდან გამოიყვანეს, 20-მდე ბიჭი იყო"

თამრიკო მოლაშვილი: - მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, როგორც ჟურნალისტს, რომელიც აფხაზეთიდან ომის დასრულებამდე არ ჩამოსულა, ტყვეების დახვრეტის შესახებ ინფორმაცია არა მაქვს, მით უმეტეს, ოფიციალური ფაქტის შესახებ.

- როგორ აღმოჩნდით ფრონტის ხაზზე?

- თავდაპირველად სამაჩაბლოს მოვლენებს ვაშუქებდი. იმხანად გაზეთ "7 დღეში" ვმუშაობდი. შემდეგ იყო აფხაზეთი. მაშინ "პირველ არხზე", გადაცემა "ალიონშიც" ვმუშაობდი. ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სოხუმში გაფრენას ვაპირებდი, რადგან არძინბასთან შეხვედრა და ინტერვიუს ჩაწერა მქონდა დაგეგმილი. თუმცა ყველასთვის მოულოდნელად მეორე დღეს ომი დაიწყო და სოხუმში გაფრენა ვეღარ მოვასწარი. 17 აგვისტოს უკვე სოხუმში ვიყავი. ამის შემდეგ, ომის დასრულებამდე, ფაქტობრივად, მუდმივად აფხაზეთში ვიყავი - ჩავდიოდი, ჩამომქონდა ვიდეო, ბეჭდური მასალა და შემდეგ ისევ სოხუმში ვბრუნდებოდი.

სოხუმში ავღანეთში ნაომარ ბიჭებთან ერთად წავედი... იმ დროს ჯერ არც გიორგი ყარყარაშვილი იყო ჩამოსული და არც "მხედრიონი", ძირითადად, შინაგანი ჯარის ნაწილები იწყებდნენ პოზიციებზე განლაგებას. სამწუხაროდ, იმ დროისთვის უკვე გვყავდა პირველი დაღუპულიც, ჩვენი კოლეგის, მარკო ფურცელაძის ძმა, რომელიც შინაგან ჯარში მსახურობდა. თავად სოხუმი თითქმის დაცარიელებული იყო. ჯერ არ იყო ნგრევა და მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების კვალი არ ჩანდა. წინა ხაზზე სულ რამდენიმე ჟურნალისტი ვმუშაობდით: გაგრაში მისი დაცემის დროს, გოგა ჭყონიასთან ერთად, ასევე დაცემის დღეებში სოხუმში, მერე სოჭში... ნანახი მაქვს, როგორ დაფრინავდა ჟიული შარტავას ვერტმფრენი სოხუმი-სოჭის მიმართულებით.…

- ტყვეებზე გვიამბეთ.

- 28 აგვისტო იყო, მარიამობა. მე და შორენა ლებანიძე ერთად ვიყავით. მოულოდნელად გამაყრუებელი სროლა ატყდა. როგორც გაირკვა, ჩვენი ბიჭები მარიამობის დღესასწაულს აღნიშნავდნენ... მეორე დღეს გავიგეთ, რომ დრანდის ციხიდან აფხაზი ტყვეების გათავისუფლება იგეგმებოდა და მაშინვე წავედით. ჩემ თვალწინ გაჩერდა წითელი "იკარუსი"“და ყარყარაშვილის ბრძანებით ტყვეები ციხიდან გამოიყვანეს. 20-მდე ბიჭი იყო. მახსოვს, ერთს ხელი თაბაშირში ჰქონდა. ტყვეები "იკარუსში" ჩასხეს და ჩვენმა ჯარისკაცებმა გუმისთის ხიდამდე მიაცილეს. ეს ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში მოხდა. იმხანად უკვე გვყავდა ტყვეები და ისინი არათუ გადაცვალეს, უბრალოდ, გაათავისუფლეს. ასევე მომსწრე ვარ, როგორ აიყვანეს ჩვენმა მებრძოლებმა რამდენიმე ტყვე და სანატორიუმის პირველ სართულზე შეიყვანეს. ერთი მათგანი ჩვენი სოხუმელი მებრძოლის ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა, ერთმანეთი იცნეს და გადაეხვივნენ. ჩვენებმა ტყვეებს იარაღი ჩამოართვეს, ჩვენი ბიჭები მათ რაღაცას ეუბნებოდნენ, ისინი კი ჩუმად ისხდნენ. საბოლოოდ, ჩვენებმა მათ აუხსნეს, როგორ გასულიყვნენ ტერიტორიიდან ისე, რომ გზაზე კვლავ ჩვენს მებრძოლებს არ შეხვედროდნენ. შვიდი-რვა ბიჭი იყო. ისინი იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ ბრძოლებში მონაწილეობას აღარ მიიღებდნენ. შეასრულეს თუ არა აფხაზებმა პირობა, არ ვიცი.

კიდევ ერთი შემთხვევა განსაკუთრებით დამამახსოვრდა: სოხუმში მაიმუნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი იყო და იქ მიმდინარე ბრძოლების დროს ჩვენებმა ერთი დაჭრილი ტყვე აიყვანეს. ძალიან ახალგაზრდა იყო, ჩვენებს შეეცოდათ და საავადმყოფოში მიიყვანეს. მეტიც, ვიდრე ექიმი მკურნალობდა, ჩვენი ორი მებრძოლი კართან ყარაულობდა, რომ ვინმე გამწარებული ქართველი არ შევარდნილიყო. იმ ბიჭს ინტერვიუც ჩამოვართვი.

ომი საშინელებაა და გადაცდომები, ალბათ, იყო. თქვენ კარგად იცით კამანის ისტორია, როდესაც აფხაზებმა მამა ანდრია დახვრიტეს, ასევე დახვრიტეს გურამ გაბესკირია, ჟიული შარტავა და ა.შ. ვერავინ თავს ვერ დადებს, შეიძლება ჩვენი მხრიდანაც ყოფილიყო გადაცდომები, მაგრამ ის, რომ ქართველები მასობრივად ხვრეტდნენ ტყვეებს, სიცრუეა. საერთაშორისო სამართლით ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულია ტყვის დახვრეტა. ბარამიძე ამბობს, რომ დიდი გამოცდილების ადამიანია და სწორედ ამიტომ უფრო რთულია იმის ახსნა, რისთვის დასჭირდა ამის თქმა. იმ ხვიჩიასაც ასეთი აბსურდი ასე იოლად არ უნდა გაეტარებინა...უფრო ზუსტად, იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი მხოლოდ გიორგი ბარამიძეს ან იაგო ხვიჩიას არ ეხებოდა და მას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, იაგო ხვიჩიას შესაბამისი ზომები უნდა მიეღო, რათა ანტისახელმწიფოებრივი განცხადება არ გასაჯაროვებულიყო. მით უფრო, რომ ეს პირდაპირი ეთერი კი არა, ჩანაწერი იყო და მას ჰქონდა შესაძლებლობა, აღნიშნული ანტისახელმწიფოებრივი გზავნილი ამოეღო.

- აფხაზების მხრიდან თუ გინახავთ ან გსმენიათ ტყვეების დანდობის შემთხვევები?

- არაერთხელ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ მათ ყოველთვის დაუნდობელი დამოკიდებულება არ ჰქონიათ. ერთი ჩვენი ჯარისკაცი დაიღუპა, მისი ოჯახი მდინარე გუმისთის პირას ცხოვრობდა. გუმისთის ერთ მხარეს ჩვენები აკონტროლებდნენ, მეორეს - აფხაზები. გარდაცვლილის ოჯახისთვის სამძიმრის სათქმელად გენო ადამიას მანქანით წავედით. მას თეთრი "ვოლგა" ჰყავდა და ყველამ იცოდა, რომ გენოს მანქანა იყო. როდესაც იქიდან ვბრუნდებოდით, ჩვენთვის ერთხელაც არ უსვრიათ. ერთხელ კი ჩასაფრებაში მყოფი ჩვენი მეომრები, რომლებსაც მეც ვახლდი, აფხაზებმა აღმოგვაჩინეს და ხიდან ხეზე გადარბენამ მოგვიწია. აფხაზებმა დამინახეს, რომ ქალი ვიყავი და ერთი ტყვიაც არ უსვრიათ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე ხდებოდა...

"ჩვენ ტერორისტი რუსები ხომ არა ვართ?!"

გუგა ბერუაშვილი: - მიუხედავად იმისა, 16 წლიდან აფხაზეთის ომში ვიბრძვი და ბოლო დღემდე ფრონტის ხაზიდან არ გამოვსულვარ, არ მახსოვს შემთხვევა, რომ ტყვეების დახვრეტის ბრძანება მიმეღოს.

ეს მაშინაც კი არ გვიქნია, როდესაც ძალიან გამწარებული ვიყავით იმის გამო, რაც ტამიშში დუშეთის ბატალიონის ბიჭებს უქნეს - მძინარეებს ყელი გამოსჭრეს. ის ბიჭები ჯერ ფრონტის ხაზზეც კი არ იყვნენ გასული, ტამიშის პოლიგონზე სწავლებას გადიოდნენ. საბრძოლო ტყვია-წამალიც კი არ ჰქონდათ, რომ გაღვიძებოდათ, ტყვიასაც ვერ გაისროდნენ. აი, ასეთი ბიჭები დაგვიხოცეს, მაგრამ არავის უთქვამს, ტყვეები არ აიყვანოთო.

- 16 წლის ასაკში ფრონტის ხაზზე როგორ მოხვდით?

- ისეთი პერიოდი იყო, რომ 30.000 რუბლად ავტომატის ყიდვაც კი შეიძლებოდა და, თუ იარაღი გქონდა, ბევრგან მიგიღებდნენ. ასაკის გამო არც ერთ დანაყოფში არ მიმიღეს. მამაჩემი წყალმომარაგების ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელი იყო და ისეთი საბუთის გაკეთება შევძელი, სადაც ასაკი არ იყო მითითებული. ვამბობდი, რომ 18 წლის ვიყავი. ზოგი მიჯერებდა, თუმცა მამაჩემმა რამდენჯერმე მომაკითხა და სახლში წამომიყვანა. საბოლოოდ "თბილისელებმა" მიმიღეს. ვერ გეტყვით, რომ შიში არ მქონდა, მაგრამ მოტივაცია და მიზანი შიშზე მაღლა იდგა. ბევრი ჩემი უფროსი მეგობარი, მათ შორის კახა ლაფერაშვილი, დაიღუპა. შემდეგ კიდევ რამდენიმე ახლობელი დავკარგე და ჩავთვალე, რომ მეც უნდა წავსულიყავი. სახლში ჯდომას და მხოლოდ ინფორმაციის მიღებას, იქ ყოფნა მერჩივნა. დღესაც ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე და არაფერს ვნანობ. მხოლოდ იმაზე ვწუხვარ, რა შედეგიც დადგა - თუმცა ეს უკვე ჩემზე არ იყო დამოკიდებული. აფხაზეთის ომის შედეგი სხვანაირი იქნებოდა, ღალატი რომ არ ყოფილიყო.

სამწუხაროდ, დღეს ზოგიერთი მოღალატე გმირად არის აღიარებული. მაგალითად, გენერალი ყურაშვილი დღეს თავისუფლად დადის ქუჩაში და მას, როგორც სამხედრო ექსპერტს, ისე უსმენენ. ის იყო გენერალი, რომელსაც სოხუმის გადარჩენაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა. ოჩამჩირის ფრონტი მას ჰქონდა ჩაბარებული და სოხუმის დასახმარებლად იქიდან უნდა წამოსულიყო. არც ლოთი ქობალიას ხალხი წამოვიდა დასახმარებლად, რადგან იქ ყურაშვილი იდგა და მისი დანაყოფისგან ზურგში სროლის მოლოდინი ჰქონდათ. ყურაშვილის ხალხი კი პირიქით, ლოთი ქობალიასგან ელოდა ღალატს და ა.შ. ფაქტი ერთია - სოხუმი გაიწირა. სოხუმში უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. იმ დროისთვის ქალაქში საბავშვო ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტიც კი მუშაობდა. 16 სექტემბერს დილით დაიწყო შეტევა და შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში ძალიან დიდი მსხვერპლი იყო. მე მეომრებს არ ვგულისხმობ, საუბარია მშვიდობიან ადამიანებზე. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ადამიანი, რომელსაც ამ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება, დღეს თავისუფლად ცხოვრობს და საკუთარ მოსაზრებებს ავრცელებს. ამ შეფასებას უკან არასდროს წავიღებ - ყურაშვილს რუსეთ­თან დაკავშირებულ სამხედრო ფიგურად მივიჩნევ.

აღარ მინდა კონკრეტული პირებისკენ თითის გაშვერა, მაგრამ, სახელმწიფოებრიობის განცდა და პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყანაში ბევრს არა აქვს... ტყვედ აყვანას ძალიან ბევრი პრაქტიკული სირთულე აქვს. მე პირადად ოთხი ტყვე მყავს აყვანილი, მაგრამ შეიძლება რაღაც მომენტში ტყვე ვერ ავიყვანო. ბოლო ორი ტყვე რომ ავიყვანე, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში დამდევდნენ ცალკე FPV-დრონები და ცალკე 120-მილიმეტრიანი არტილერიიდან მესროდნენ. მათ დაინახეს, რომ მათი შტაბი გავანად­გურეთ და ორი კაცი ტყვედ ავიყვანეთ. რომ არ ამეყვანა, შესაძლოა რუსებს ამხელა სამხედრო რესურსი ჩემზე არ დაეხარჯათ. ამიტომ არსებობს მომენტი, როდესაც მებრძოლმა შესაძლოა ვერ შეძლოს ტყვეების აყვანა, მაგრამ თუ შეგიძლია და შეგნებულად არ აკეთებ ამას, ეს უკვე სხვა საკითხია. მეომარმა შეიძლება კონკრეტულ ბრძოლაში ვერ აიყვანოს ტყვე, მაგრამ ამაზე საჯაროდ საუბარი და მით უფრო ამის გამართლება სახელმწიფო მოხელისგან სწორი არ არის. ბოლოს და ბოლოს, არსებობს ჟენევის კონვენციები. მართალია, რუსეთი ჟენევის კონვენციებს არც აფხაზეთის ომში იცავდა და არც უკრაინის ომში იცავს, მაგრამ ჩვენ ტერორისტი რუსები ხომ არა ვართ?!

- რა არის ყველაზე მძიმე ამბავი, რომელმაც ამ ორი ომის მიმდინარეობისას თქვენზე წარუშლელი კვალი დატოვა?

- სრული ქაოსი სოხუმში, მაშინ როდესაც ომი დასასრულისკენ მიდიოდა - ვინ ვის ექვემდებარებოდა, ვინ სად მიდიოდა, ვერ გაიგებდი. ერთ მომენტში გვითხრეს, ვაგზალი აიღესო. ფაქტობრივად, ისეთი მდგომარეობა იქმნებოდა, რომ შეიძლებოდა ალყაში აღმოვჩენილიყავით. ამის შემდეგ ისეთი ინტენსიური დაბომბვა დაიწყო, ისეთი სისტემური შეტევა და ისეთი ორგანიზებულობით მოდიოდნენ, მივხვდით, რომ ეს მხოლოდ სეპარატისტებისა და ბაგრამიანის ბატალიონის ძალები არ იყვნენ და რუსული ძალები ჩაერთვნენ საქმეში. ყველას თავისი ბრძოლის ტაქტიკა აქვს - სომხები სხვანაირად ომობენ, ჩეჩნები სხვანაირად და რუსები სხვანაირად. იმ შეტევის ხასიათი აშკარად რუსულ ტაქტიკას ჰგავდა. 22 სექტემბრისთვის ლოჯისტიკა უკვე გაწყვეტილი იყო. მოსახლეობა გვეხმარებოდა, ტყვიებს გვიტენიდნენ. შემდეგ უკვე სოხუმელებმაც დაიწყეს ქალაქიდან გასვლაზე ფიქრი. მათ ვერ გავამტყუნებ, დაინახეს, რომ მათი პატრონი არავინ იყო და ოჯახების გაყვანაზე დაიწყეს ზრუნვა. ამბობდნენ, გავიყვანთ და ისევ დავბრუნდებითო. ზოგი ვეღარ დაბრუნდა, ზოგიც არ დაბრუნდა. შეიძლება ვიღაცამ ოჯახი ვერ გააცილა და იძულებული გახდა თავადაც გაჰყოლოდა, შუა გზაში ხომ ვერ მიატოვებდა. ასე რომ, ჩემთვის ბევრი კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია. მაგალითად, ჟიული შარტავა როგორ დარჩა სულ მარტო?! ჩვენ 27 სექტემბერს შამბას ქუჩაზე ვიყავით გამაგრებული. ვიცოდით, რომ სოხუმში ფაქტობრივად აღარავინ იყო. არადა, თბილისში ჩამოვდივარ და ვიგებ, რომ შარტავა მკვდარია და უკვე ჩამოსვენებულიც ჰყავთ. რატომ არავინ გვითხრა, რომ დავხმარებოდით? შამბას ქუჩა ძალიან ახლოს იყო იმ ადგილთან, სადაც შარტავა დახვრიტეს! სწორედ ეს ყველაფერი მიჩენს კითხვას, რომ სოხუმის დაცემაში მხოლოდ სამხედრო მარცხი არ უნდა ვეძებოთ. ძალიან ბევრი გაუგებარი და დღემდე პასუხგაუცემელი გარემოებაა. ძალიან მაინტერესებს, რატომ არ მიიღო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ლუსტრაციის კანონი? ჩემი აზრით, იმიტომ, რომ არ აწყობდათ.

„ბარამიძეს სურდა პოლიტიკურად საქმის ცენტრში გამოჩენილიყო... სადაა აქ ღალატი?!“

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი: - ბარამიძის ეს განცხადება სრული აბსურდია, მას არც ერთ ოფიციალურ მოლაპარაკებაში არ მიუღია მონაწილეობა, არც ერთ პროტოკოლში მისი გვარი არ ფიგურირებს და ვერც ვერანაირ დოკუმენტს ვერ მოიტანს. აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლასა და დაღუპულთა გადმოსვენებაზე მხოლოდ 7-8 კაცი ვმუშაობდით და ის ამ პროცესში არ არსებობდა. უბრალოდ, მას სურდა პოლიტიკურად საქმის ცენტრში გამოჩენილიყო. რომ გაიგებდა, ტყვეების გაცვლა იყო, უცებ ჩამოვიდოდა და გვერდით დამიდგებოდა. ეს მისი ფსიქოლოგიური მომენტი იყო - საქმის ცენტრში ყოფნა. იმ გადაცემაშიც მოინდომა წამყვანი პერსონაჟობა, თითქოს რაღაც განსაკუთრებული იცოდა. რაც შეეხება დახვრეტებს, ქართული მხრიდან შეიძლება მხოლოდ თითო-ოროლა შემთხვევა ყოფილიყო, რაზეც მაშინვე გამოძიება იწყებოდა, აფხაზური მხარე კი უამრავ ტყვესა თუ მშვიდობიან მოსახლეობას ხვრეტდა - კამანში ცოცხალი არავინ დაუტოვებიათ, ხოლო სოხუმში ჟიული შარტავა და მისი გუნდი პირდაპირ ასფალტზე დახვრიტეს. ამიტომაც ვამბობ, რომ ბარამიძის ნათქვამი სრული აბსურდია. რაც შეეხება "სამშობლოს ღალატის" მუხლს, სამართლებრივად სრული იდიოტობაა. ღალატი კონკრეტული მავნებლური ქმედებაა, საიდუმლო დოკუმენტების გადაცემა ან ფაქტების აღწერა და არა ჰაერზე ნათქვამი სიტყვები. სადაა აქ ღალატი? ელემენტარული მავნებლობაა - სამართალთან ამას საერთო არაფერი აქვს.

292f2205-82a2-4b33-a9f9-8abdf6766913-1786287678.png

„ვწუხვარ, თუ ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგეს“

გიორგი ბარამიძე ბოდიშს უხდის "პატრიოტ ვეტერანებს", რომელთაც უნებლიეთ გული ატკინა აფხაზეთის ომთან დაკავშირებული განცხადებით, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. 7 აგვისტოს გვიან ღამით "ფეისბუკზე" გავრცელებულ განცხადებაში იგი წერს: "ვიზიარებ მეგობრებისა და კოლეგების კრიტიკას +- ომის პირველ დღეებში ტყვეების გაცვლის თუ სხვა მიმდინარე მძიმე პროცესების აღსაწერად სხვა სიტყვის გამოყენება აჯობებდა, რაც არავის დააბნევდა და უფრო ზუსტად ასახავდა ობიექტურ მოვლენებს...„ძალიან ვწუხვარ, თუ ქოცური პროპაგანდის წყალობით, ჩემი ნათქვამი პატიოსანმა ადამიანებმა, მით უფრო პატრიოტმა და არა რუსქოცმა ვეტერანებმა არასწორად გაიგეს და არც იმის პრობლემა მაქვს, ვთქვა, რომ თუ მათ უნებლიეთ გული ვატკინე, ბოდიშს ვუხდი".

images-4-1786287678.jpg

რას წერს გენერალ-მაიორი გია ყარყარაშვილი გიორგი ბარამიძის სკანდალურ განცხადებაზე

"აფხაზეთში ომის დროს ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები მათ ხვრეტდნენ"... ბარამიძის ამ სკანდალურ განცხადებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. მას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, გენერალ-მაიორი გია ყარყარაშვილიც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა:

"ბარამიძის ინტერვიუ არის სამარცხვინო, სადაც აფხაზებს პატივით მოიხსენიებს და მათ ღირსებას უწონებს, ხოლო ქართველ მებრძოლებს მიზანმიმართულად აფხაზების მკვლელობაში სდებს ბრალს. საიდან იცის მან სინამდვილეში რა ხდებოდა, როცა ის აფხაზეთის ომში, თუ არ ვცდები, მხოლოდ სამჯერ არის ნამყოფი - არც ერთხელ 10 დღეს არ სცდებოდა. პირველად, 1992 წლის აგვისტოში, დაახლოებით, ერთი კვირიდან 10 დღემდე და მისი საქმიანობა, ძირითადად, გუდაუთის რაიონში მცხოვრები ქართველების უსაფრთხოდ გამოყვანასა და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას უკავშირდებოდა. აფხაზეთში გატარებული ეს პერიოდი ბარამიძემ საკუთარი პოლიტიკური ცნობადობისთვის გამო­იყენა - იმავე წლის 11 ნოემბერის არჩევ­ნებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატობისთვის... 1993 წლის გაზაფხულის მიწურულს ან ზაფხულის დასაწყისში ბარამიძე ოჩამჩირეში უკვე პარლამენტის წევრის სტატუსით იმყოფებოდა. მან ყურადღება მიიპყრო და ხალხს თავი დაამახსოვრა ბრონირებული ჟილეტითა და ჩაფხუტით, რომელსაც, პრაქტიკულად, არასოდეს იხსნიდა. ძირითადად, ოჩამჩირის შტაბის სიახლოვეს ან ისეთ პოზიციაზე იდგა, რომ უშუალო შეხება არასდროს ჰქონია ბრძოლებთან... 1993 წლის 25 ან 26 სექტემბერს ჩამოსული იყო 20-კაციან ჯგუფთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ გიგა ბოკერია, ადვოკატი შალვა შავგულიძე, აკა ქავთარაძე და კიდევ სხვები. ამ დროს მიმდინარეობდა ქალაქში ბრძოლები. მათ დავალება მიეცათ, 26-ში სოხუმის შესასვლელში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, თავდაცვითი პოზიცია გაემაგრებინათ, მოწინააღმდეგის მოახლოებისას არ დაეშვათ მათი შემდგომი შეტევის განვითარება, თუმცა, სავარაუდოდ, ღამის სამ საათზე, შტაბის გადაწყვეტილებით მოხსნეს, ვინაიდან მათი ალყაში მოხვედრის საფრთხე იყო მაღალი, რაზეც პირადად მე ვესაუბრე... მას არცერთ საბრძოლო მოქმედებაში არ მიუღია მონაწილეობა, მოწინააღმდეგესთან უშუალოდ შეხების მდგომარეობაში რომ ყოფილიყო და არც მის გვერდით დაღუპული მეგობრის ან ნებისმიერი მებრძოლის დაღუპვის მწარე გემო არ უგრძნია ან ბრძოლის ველიდან უშუალოდ გამოყვანის... ეს რომ ეგრძნო, ამ განცხადებას არასდროს გააკეთებდა და ქართველებს მკვლელობებს არასდროს დააბრალებდა. რაც შეეხება იმას, ჩვენ ტყვეები რატომ არ გვყავდა - მთელი ომის განმავლობაში თავდა­ცვის მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, სოხუმის ფრონტზე აწარმოებდნენ შეტევით მოქმედებებს, ხოლო ოჩამჩირის ფრონტზე - პარტიზანულ ბრძოლებს. სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა, რომ გააჩნდეს ან ბრძოლის წარმოების წესები, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა...

სამწუხაროდ, აფხაზეთის ომში მონაწილეებიდან ანგელოზი არცერთი მხარე არ ყოფილა, მაგრამ ფაქტები ბევრად უფრო მცირეა ქართველების მხრიდან ჩადენილი... რაც შეეხება აფხაზების წმინდანობას, თუნდაც შრომა-კამანის დაცემისას ტყვედ აყვანილებიდან არა მხოლოდ მებრძოლები დახვრიტეს, არამედ კამანის მონასტრის წინამძღვარი 25 წლის მამა ანდრია და მასთან ერთად არც მონასტრის მორჩილი აფხაზი ანუა არ დაინდვეს... ჩემს ვიდეოარქივში მაქვს 1993 წლის მარტის დასაწყისში ყაზბეგის საბაჟოზე დაკავებული აფხაზეთში მონაწილე რუსი ეროვნების ოფიცერი, მაიორის ჩინით, რომელიც უშუალოდ 1992 წლის 2 ოქტომბერს აფხაზების მხრიდან გაგრის აღებაში მონაწილეობდა, რომელმაც თავის ჩვენებაში აღწერა, რომ გაგრის აღების შემდეგ გაკვირვებული დარჩნენ მონაწილე რუსი ოფიცრები, როგორი სისასტიკით და ზიზღით ასალმებდნენ სიცოცხლეს ქართველ ტყვეებს, რამხელა სიძულვილს გამოხატავდნენ ქართველების მიმართ... ჟიული შარტავას, მამია ალასანიას, გაბისკირიას და მასთან ერთად 50-მდე ტყვედ აყვანილი ქართველი სამოქალაქო პირის დახვრეტაზე რომ არაფერი ვთქვა. ასე რომ, ბიძიკო, ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს. შენი სიტყვები დღეს აფხაზურმა და რუსულმა სააგენტოებმა წაიღეს და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ. იმ დონეზე არიან გათავხედებულები, რომ უკვე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პირად გვერდს უვარდებიან და ლანძღვა-გინების ტექსტებს წერენ შენი დამსახურებით..."

მას შემდეგ, რაც გიორგი ბარამიძემ ამ სკანდალური ინტერვიუს გამო ბოდიში მოიხადა, გია ყარყარაშვილმა მას კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა:

"ვიხილე გია ბარამიძის განმარტება, რომ ის გულისხმობდა საწყის პერიოდს და მის სიტყვებში არის მცირე სიმართლე, საწყის პერიოდში სამწუხაროდ რამდენიმე არასასურველი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ის, რომ ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველების მხრიდან მასიურად ხდებოდა ტყვედ აყვანილების მომენტალურად დახვრეტა. ანგელოზები არც ისინი იყვნენ. ამის დასადასტურებლად 2 ფაქტს მოვიყვან:

პირველი ფაქტი იყო 24-25 აგვისტოს, როცა დაფიქსირდა ტყვედ ჩავარდნილი 40 მებრძოლიდან ერთ-ერთის დახვრეტის ინციდენტი, მიზეზი მისი მხრიდან გაქცევის მცდელობა იყო, როგორც ახსნეს, რაც ჩემს წიგნშიც მაქვს აღწერილი და დღემდის მაწუხებს. ამ არასასურველი ინციდენტის გამო 39 ტყვედ ჩავარდნილი მებრძოლი იმავე დღეს ჩემს მიერ იქნა უპირობოდ განთავისუფლების გადაწყვეტილება მიღებული და სამშვიდობოზე გაყვანილი.

მეორე შეეხება საკმაოდ გაუხმაურებელ ინციდენტს. 4 აფხაზ მაღალჩინოსანს, რომლებიც დრანდის ციხის იზოლატორში იმყოფებოდნენ. მათგან ერთ-ერთი იმდროინდელი შინაგანი ჯარის ბატალიონის მეთაური, ვიაჩესლავ არშბა, შემდგომში ვიცე-პრეზიდენტი, იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ანქვაბის თხოვნით, პირადად ჩემს მიერ იყო უპირობოდ განთავისუფლების გადაწყვეტილება მიღებული. სისრულეში მოსაყვანად 1993 წლის 28 აგვისტოს პირადად ჩემმა მებრძოლებმა, აფხაზეთის კონტრდაზვერვის უფროსის თემური ხევსურიანის, ანქვაბის და იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის კაკალიას თანხლებით, ოთხივე მათგანი მიაცილეს აჩადარაში და, როგორც კი უკან დაბრუნებას აპირებდნენ, საპასუხოდ მუხანათურად ცეცხლი გაუხსნეს და 2 მათგანი - პაატა მამრიკიშვილი და გოჩა ჩიგოშვილი მოკლეს. რაც ჩემს წიგნში არის აღწერილი. ასევე ამ ფაქტის მომსწრე იყო პაატა ზაქარეიშვილი.

ისტორიისთვის წარმოგიდგენთ ჩემი არქივიდან 15-წუთიან ვიდეო-ჩანაწერს: 1993 წლის თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გადაცემა ,,საღამო მშვიდობისაში" გასული იყო ერთ-ერთი წამყვანი მამუკა არეშიძის მიერ აღებული რუსეთის არმიის ყოფილ ოფიცერთან ინტერვიუ, რომელიც თავისით ჩაბარდა სახელმწიფო სტრუქტურებს, რას ჰყვება აფხაზეთის მიერ გამოჩენილი სისასტიკის შესახებ. რას ჰყვება გაგრის დაცემისას დახვრეტილი მებრძოლების შესახებ, ფაქტიურად ტყვედ აყვანილი ქართველიბის შესახებ.

ეს არის სიმართლე და ვთვლი, რომ ჩემი მხრიდან გიას მიმართ ამ საკითხთან დაკავშირებით თემა ამოწურულია".

ხათუნა ბახტურიძე