შეცვლილი გენერალიტეტი და აფეთქებული ენერგოსაცავები - რა ხდება რუსეთში და რას ცდილობს პუტინი?! - პაატა ზაქარეიშვილის ანალიზი
უკრაინული დრონებით რუსეთში ენერგოინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოდის და შედეგად, ეკონომიკური კრიზისი გრძელდება. ინტერნეტსივრცეში სულ უფრო მეტი ჩანაწერი ჩნდება, სადაც რუსეთის მოსახლეობა პუტინით უკმაყოფილებას გამოთქვამს, ამ ფონზე კი პუტინმა თითქმის მთელი გენერალიტეტი შეცვალა. რა მნიშვნელობა აქვს ამ ცვლილებებს, ენდობა თუ არა რუსულ სამხედრო ელიტას პუტინი, არის თუ არა ეს არჩევნებისწინა პრევენციული ნაბიჯი და რა პროცესებია რუსეთში მოსალოდნელი, ამ საკითხებზე კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ვესაუბრებით.
- ბუნებრივია, თუ მორალურ მხარეს გამოვრიცხავთ, ეს ამორალური ომია. რუსეთი აგრესორია, ის უსამართლოდ შეიჭრა უკრაინაში და საშინელებებს სჩადის, მაგრამ ცოტა შორიდან, ნეიტრალურად თუ შევხედავთ, რუსეთი ომს აგებს, ანუ შედეგს ვერ აღწევს. შესაბამისად, ომის მწარმოებელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა აანალიზებს, თუ რატომ აგებენ და ლოგიკურად მიაჩნიათ, რომ ვიღაც ოფიცრები თუ გენერლები თავიანთ მოვალეობას ისე ვერ ასრულებენ, როგორც ხელმძღვანელობა მიიჩნევს საჭიროდ. ჰიტლერიც მუდმივად ცვლიდა გენერლებს და ჩერჩილიც, უფრო ხშირადაც, ვიდრე ჰიტლერი. ასე რომ, გენერალიტეტის შეცვლა ჩვეულებრივი ამბავია. ნეიტრალურად თუ შევხედავთ, აშკარაა და ამით მტკიცდება, რომ რუსეთი უკმაყოფილოა იმ შედეგებით, რაც ფრონტის ხაზზე ხდება, ეს კი გასათვალისწინებელია უკრაინისთვის, მთლიანად მსოფლიოსთვის, და მათ შორის ტრამპისთვისაც კი.
- მას შემდეგ, რაც რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული დრონებით შეტევების შედეგად განადგურდა მსხვილი ენერგოობიექტები და საწყობები, ლაპარაკია რუსეთში ეკონომიკურ კრიზისზე და ეს მდგომარეობა არ ახდენს გავლენას?
- ეკონომიკური მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება - სანქცირებულია ევროპისგან, ამერიკისგან, უკრაინაც უნადგურებს ენერგორესურსებს. სუსტდებიან, მაგრამ რუსეთი დიდია და რესურსები კიდევ აქვს.
მთავარია, პუტინი აიძულონ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. თუმცა, მე მგონია, პუტინი უფრო იოლად მოიკლავს თავს, ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება. თუ გადატრიალებაა მოსალოდნელი, სავსებით შესაძლებელია შიდაპოლიტიკური იყოს, თუნდაც იმავე უსაფრთხოების სამსახურებისგან. შეიძლება პუტინს უთხრან, არ დაგიჭერთ, წახვალ, აორთქლდები, ჩვენ კი სიტუაციას გამოვიყვანთ ჩიხიდანო. მაგრამ სანამ პუტინია პასუხისმგებელი, მისი პირამიდა ძლიერია, მას ანგარიშს უწევს ყველა. შიგნით რყევა რომ იყოს, პუტინი აუცილებლად წავიდოდა მოლაპარაკებებზე. ის, რომ არ თანხმდება, ნიშნავს, რომ ფიქრობენ, მოდი, კიდევ ცოტა მივაწვეთ უკრაინას. ჯანდაბას, ახლა არ გამოგვივიდა, მაგრამ მალე ზამთარი მოვა, როგორმე გადავაგორებთ და შემდეგ გაზაფხულზე ვილაპარაკოთო. რადგან ომში კლიმატს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იყენებენ როგორც ზაფხულს, ისე ზამთარს. ორივე შემთხვევაში მიწა მშრალია, ცა სუფთა, ხოლო შემოდგომასა და გაზაფხულზე ტალახია, წვიმებია და გარდამტეხი ვერაფერი ხდება. სიმართლე გითხრათ, მე უფრო გაზაფხულს ველი. ვნახოთ, როგორ გადააგორებენ ზამთრის კამპანიას. რუსეთში ყოველთვის უკეთესად იბრძვიან ზამთარში - გამძლე ხალხია. უკრაინაშიც ელექტროენერგია არ იქნება და მძიმე პირობები შეიქმნება. მოკლედ, ზამთარი იქნება ძალიან დიდი გამოწვევა როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის და ვინც ამ ზამთარს ეფექტურად გამოიყენებს, მან შეიძლება უპირატესობაც მოიპოვოს.
- მაგრამ სექტემბერში არჩევნებია რუსეთში...
- არჩევნები რომ ჩატარდება, მერე მოითხოვს, ალბათ, საყოველთაო გაწვევას. მობილიზაცია იქნება და ამიტომაც აქვთ ზამთრის იმედი. ვიღაცები ისევ გაიქცევიან, ვიღაცები დარჩებიან, დაიჭერენ და გაუშვებენ ჯარში. აი, მობილიზაციამაც თუ არ გაამართლა, მერე შეიძლება წავიდნენ მოლაპარაკებაზე.
- რუსეთში უკვე ისედაც უკმაყოფილებაა და საყოველთაო გაწვევას რუსი საზოგადოება ასე მარტივად დათანხმდება?
- სასაცილოა ავტორიტარულ რეჟიმში არჩევნებზე ლაპარაკი, მაგრამ იქ ხომ მაინც გამოჩნდება, საზოგადოების რა ნაწილმა არ მიიღო მონაწილეობა, ანუ პირდაპირ არ მისცა ხმა პუტინს. თუ აღმოჩნდება დიდი პროტესტის მუხტი, შეიძლება პუტინმა ეს გაითვალისწინოს. თუმცა რუსეთში მხოლოდ ერთი რევოლუცია მოხდა, ლენინის დროს, და მორჩა. ახლაც არის მუხტი, რადგან მანამდე თუ პირდაპირ არ ეხებოდათ ეს ყველაფერი, ახლა პირდაპირ ეხებათ. მიუხედავად ამისა, საზოგადოება ჯერ მაინც კმაყოფილია, მიაჩნია, რომ ომი სწორია, თუმცა ომის პოპულარობის რეიტინგი ეცემა. ამიტომ არჩევნები აჩვენებს პუტინს, რამდენად პოპულარულია თვითონ და მისი პოლიტიკა საზოგადოებაში. ის მაინც გაიმარჯვებს, მაგრამ მას ხომ ზუსტად ეცოდინება, რამდენი ადამიანი მართლაც არ მივიდა, რამდენია მის წინააღმდეგ და რამდენი გაყალბდა იმისთვის, რომ გაემარჯვა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ჩათვალოს, რომ საზოგადოება უკმაყოფილოა, ან ჯერ კიდევ იტანს. თუ ჯერ კიდევ იტანს, გააგრძელებს, მაგრამ ის, რომ მასობრივმა გამოსვლებმა მთელი რუსეთი მოიცვას, ასეთი რამის არ მჯერა.
რუსები უფრო იოლად წავლენ რუსეთიდან, ვიდრე პროტესტს გამოთქვამენ ქვეყანაში.
- რამდენიმე დღის წინ "ბლუმბერგმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვენაში ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ყოფილი მაღალი რანგის პოლიტიკოსები შეხვდნენ. რისი მაჩვენებელია ეს?
- ამაში უცნაური არაფერია. მეც ვმონაწილეობდი მსგავს შეხვედრებში და დაახლოებით ვიცი, ყოფილი ჩინოსნები რატომ ხვდებიან ერთმანეთს. იმიტომ, რომ ინფორმაცია, კავშირები აქვთ და შეუძლიათ მიიტანონ ეს ინფორმაცია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების უფლება ამათ არა აქვთ. თუ მერე მოპოვებული ინფორმაციას არ გაიზიარებენ მოქმედი პოლიტიკოსები, ამ შეხვედრებს არაფერი არ მოჰყვება. ბაქოშიც გაიმართა ამგვარი შეხვედრა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში. ასე რომ, ეს ხშირად ხდება. ასეთ შეხვედრებს შედეგი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ შინ დაბრუნებული ყოფილი პოლიტიკოსები და ექსპერტები ინფორმაციას მიიტანენ მოქმედ პოლიტიკოსებთან და ისინი დათანხმდებიან.
- იმისთვის, რომ ომი დამთავრდეს, პუტინის შეცვლის ან რამე მსგავსი ძვრები თუ ჩანს უკვე რუსეთში?
- მაგალითად, ვამჩნევ ოლიგარქ აბრამოვიჩის მაგალითზე (რაც მოგვიანებით ზელენსკიმაც დაადასტურა). პუტინმა თქვა, ჩვენმა ერთმა ბიზნესმენმა მითხრა, უკრაინელ კოლეგებს ინტერესი აქვთ და ხომ არ შევხვდეო. აშკარა იყო, პირიქით მოხდა - თავად პუტინმა გაუშვა ის. პუტინი ეძებს კულუარულ გზებს, რომ უკრაინელებს შეუთვალოს, დანებდით, მაინც არაფერი გამოვა. მე ორჯერ მეტ ადამიანს გავწირავ, პრობლემა არაა, რაკეტებიც მაქვს, სხვა ყველაფერიც და საბოლოოდ მაინც მე გავიმარჯვებ, რაში გჭირდებათ ესო, თან მაშინ, როცა ტრამპიც ხან ასე ლაპარაკობს, ხან ისე.
პუტინს სურს შეთავაზება, მოდი, გავჩერდეთ იმ ხაზზე, რაც ახლა გვაქვსო. საბოლოო ჯამში ეს "ქართული ვარიანტია" - ცეცხლი წყდება, ხალხი არ იღუპება და მოლაპარაკებები ჟენევაში წლობით გრძელდება. პუტინს სწორედ ამ სცენარის გათამაშება აწყობს.
- უკრაინა თუ დათანხმდება ამას?
- უკრაინა იარაღს თვითონაც აწარმოებს, ევროპაც მის მხარესაა. ვიდრე ევროპა არ დაიღლება, უკრაინას შეუძლია ბრძოლა განაგრძოს, მით უმეტეს, რომ ყირიმის დაბრუნების შანსი მნიშვნელოვნად გაიზარდა - ის პრაქტიკულად ამოვარდნილია რუსული რეალობიდან. ამიტომ ახლა უკრაინასაც და რუსეთსაც აქვს განცდა, რომ ზამთარი აჩვენებს, როგორ მოიქცნენ, რა აწყობთ და რა არა. ამწუთას კი უკრაინას ბრძოლის გაგრძელება აწყობს, რადგან წარმატების ტალღაზეა.
რუსა მაჩაიძე