ვალერი ზალუჟნის სკანდალური განცხადება ანუ "მძიმე ზღაპარი" უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე?!
საქართველომ და უკრაინამ 2008 წელს ერთად დავიწყეთ ამაზე ოცნება და ბოლოს ერთნაირ მწარე დასკვნამდეც მივედით - ქართველები ბევრად ადრე, უკრაინელები მოგვიანებით - არც საქართველოს და არც უკრაინას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებას სინამდვილეში არავინ უპირებდა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების მაშინდელი პოლიტიკოსი ლიდერების მიერ დიდი პომპეზურობით გახმიანებული დაპირება, რომ საქართველოც და უკრაინაც ერთ მშვენიერ დღეს ნატოს სრულუფლებიანი წევრები გავხდებოდით, მხოლოდ ზღაპარი გამოდგა...
ოღონდ ისეთი სასტიკი "მძიმე ზღაპარი", რაც საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომად დაუჯდა აგრესორ რუსეთთან, რაც ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონის სრულ ოკუპაციაში გადაიზარდა, ხოლო უკრაინელები დღემდე ბევრად ძვირ ფასს იხდიან: 2014 წელს კრემლის მიერ დაწყებული ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და დონბასის ნაწილის ოკუპაცია, 2022 წლიდან რუსეთ-უკრაინის ისეთ ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, რომლის მსგავსი ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აღარ უნახავს.
"12 წელი ვმუშაობდი იმაზე, რომ ნატოს სტანდარტები დაგვენერგა და ყოველ წელს ვუსმენდი ზღაპრებს იმის შესახებ, რომ სულ მალე ნატოში შევიდოდით. სამწუხაროდ, ჩვენ ნატოში ვერასდროს გავწევრდებით", - ეს დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა ვალერი ზალუჟნიმ კიევში ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა და დასძინა, - შეუძლებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარების არსებული დონით შეუერთდე იმ ორგანიზაციას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებით ხელმძღვანელობს...", - ამას ამბობს ის უკრაინელი გენერალი, რომელიც მთავარი სამხედრო გახლდათ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე რუსეთის თავდასხმის დროს და ორი წლის განმავლობაში მეტ-ნაკლები წარმატებით უმკლავდებოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების შემოტევებს, სანამ პრეზიდენტმა ზელენსკიმ არ ჩამოაცილა არმიას და დიდ ბრიტანეთში ელჩად არ გაამწესა.
ზელენსკი-ზალუჟნის დაპირისპირების თემა ახალი არ არის და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა გასულ კვირას, როდესაც ზალუჟნიმ ზემოთ მოყვანილი თავისი სკანდალური პოზიცია ნატოში უკრაინის გაწევრების შეუძლებელობის შესახებ კიევში შეკრებილ უკრაინის სხვა ელჩებს გააცნო, მაშინ, როდესაც ის იმ დროისთვის, წესით, უკრაინის პრეზიდენტის გვერდით უნდა მჯდარიყო, რომელიც დიდი ბრიტანეთის ახალ თავდაცვის მინისტრს ხვდებოდა, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ელჩი და გენერალი ზალუჟნი არ მიიწვია ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე.
ზელენკი უფრთხის, რომ უკრაინის მოსახლეობაში არცთუ პატარა რეიტინგის მქონე ზალუჟნი მას პრეზიდენტის სავარძელში არ შეეცილოს და მისმა აპარატმა ზალუჟნის საწინააღმდეგო შავი პიარკამპანია წამოიწყო იმის გამო, რომ ამ უკრაინელმა გენერალმა გაბედა და ნამდვილი სახელი დაარქვა "ნატოს ზღაპარს" - უკრაინა ვერასდროს გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრიო.
თუმცა ზალუჟნის ეს საინტერესო გამოსვლა კონტექსიდან იყო ამოგლეჯილი, რადგან ის ამასთან ერთად აცხადებდა, უკრაინისთვის უფრო საინტერესო და მომგებიანი იქნება ნატოს ნაცვლად "გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებში" გაწევრებაო. "გაერთიანებული საექსპედიციო ძალები" 2015 წელს შეიქმნა ათი ევროპული ქვეყნის: დიდი ბრიტანეთის, დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, ისლანდიის, ნიდერლანდების, შვედეთისა და ნორვეგიის მონაწილეობით და მიზნად ისახავს ჩრდილოეთ ევროპაში, ბალტიასა და არქტიკაში უსაფრთხოების დაცვას, მათ შორის ბალტიის ზღვაში ნატოსთან ერთად რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" გემების გაკონტროლებას.
უკრაინას ევროპის ჩრდილოეთით და ბალტიის ზღვაში ნაკლებად ესაქმება (თუმცა საინტერესოა, ნეტავ ვისი ნახელავია ბალტიის ზღვის ფსკერზე ჩადებული რუსეთიდან გერმანიისკენ "მიმავალი" "ჩრდილოეთის ნაკადის" გაზსადენის წყალქვეშა დივერსიული აფეთქებები?), მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შავ ზღვაში სანაპიროს შენარჩუნება (პერსპექტივაში აზოვის ზღვის ოკუპირებული სანაპიროს გათავისუფლებაც) და თუკი კიევი მართლაც აქტიურად ჩაერთო ჩრდილოევროპელების "გაერთიანებული საექსპედიციო ძალების" საქმიანობაში, ამ სამხედრო ორგანიზაციის დაინტერესების სფერომ შეიძლება ბალტიის ზღვიდან შავ ზღვაშიც გადმოინაცვლოს, თუნდაც უკრაინის საზღვაო პორტების საჰაერო და საზღვაო თავდაცვის გაძლიერების სახითაც.
იმის შემყურე, თუ რას აკეთებს ოკუპანტი რუსეთი 12 წლის განმავლობაში უკრაინაში, საქართველო კიდევ კარგად გადარჩენილა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კრემლის სამხედრო ქმედებებისგან და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ნატოს წევრი ქვეყნების მაშინდელი ლიდერები შეუსრულებელს დაგვპირდნენ საქართველოსა და უკრაინას (შემდგომ წლებში ამ დაპირებას დაბეჯითებით ისევ გვიმეორებდნენ) და ამით პუტინის აგრესორი რუსეთი მოგვისიეს ერთსაც და მეორესაც.