„ვცხოვრობ სოფელ მელაურში და აქედან არსად წავალ“ - კვირის პალიტრა

„ვცხოვრობ სოფელ მელაურში და აქედან არსად წავალ“

როგორ უნდა დადგე ფეხზე, როდესაც მარტო ხარ, ცხოვრება კი "მუჯლუგუნებს" გკრავს. ყოველ ნაბიჯზე ცდილობს წაგაბორძიკოს ან წაგაქციოს?! შენ კი გააფთრებით ცდილობ იმის დამტკიცებას, რომ თუ ძლიერი იქნები, ცხოვრება ვერ მოგერევა. შესაძლოა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ბევრი ვერ ახერხებს ან შეუძლებლად მიაჩნია ცხოვრების მარტო, დახმარების გარეშე აწყობა. თუმცა ისეთებიც არიან, ვისაც აზრადაც არ მოუვა დახმარების იმედად იყოს, უბრალოდ, იცის, რომ ყველა სიძნელეს უნდა აჯობოს და სწორედ ამიტომ კიდეც სჯობნის! სამტრედიაში, სოფელ…მელაურში ერთი ასეთი ბიჭი, კობა კიკაჩეიშვილი ცხოვრობს: საკუთარი საქმით, ოცნებების ასრულებით, თავისი ხელით შექმნილი მეურნეობით, დოღის ცხენებით, საერთაშორისი ტურნირებზე გამარჯვებული მოსწავლეებით და კიდევ ბევრი რამ შემიძლია ჩამოვთვალო. უნდა მოგვიმრავლდნენ ასეთი ბიჭები ქვეყნის საყრდენადაც და სამაგალითოდაც, რათა იმ იმედად იქცნენ, რომ ფეხზე დადგომას საკუთარი შრომითაც შეიძლება.

zroxa-1786293111.jpg

- სოციალურ სივრცეში დიდხანს ვუცქირე თქვენი შრომის მრავალათასიან გულშემატკივარს: მწვრთნელობით დაწყებული, საერთაშორისო ტურნირებამდე. თქვენს ულამაზეს სადოღე ცხენებს, თქვენი ხელით ძროხის წველასაც კი, ამიტომაც ვთქვი, ეს ბიჭი საქართველომ უნდა გაიცნოს, რათა ადამიანებს საკუთარი თავის იმედი გაუჩნდეთ და უცხოეთში აღარ დაიძრან ლუკმაპურისთვის-მეთქი.

- პირველად იმას ვიტყვი, რომ ყველაფერს, რასაც ცხოვრება გვაძლევს, მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება, მაგრამ თუ იშრომებ, მიუღწეველი არაფერია. მეც მქონდა პერიოდი, როდესაც უცხოეთში წასვლა გადავწყვიტე. ვამბობდი, ორი წლით მაინც უნდა წავიდე, ცოტა ფულს ვიშოვი, ჩამოვალ, მერე საკუთარ საქმეს წამოვიწყებ, მეურნეობას შევქმნი-მეთქი. მერე კი ვიფიქრე, ეს როგორ გამოვა, ორი წლით კი არა, ორი დღით რომ დატოვებ სახლ-კარს, იქაურობა განადგურებული გხვდება და აბა, ორი წლის შემდეგ რაღა დამხვდება-მეთქი. თანაც მაშინ, როდესაც ჩემს უბანში 24 ოჯახი ვცხოვრობდით და ახლა მხოლოდ ოთხი ვართ. ჩვენს მაღალჩინოსნებს რატომღაც ჰგონიათ, თუ გზებს გაიყვანენ, წყალს შემოიყვანენ, პენსიას ცოტას წაუმატებენ, ეგ არის ქვეყნის მართვა. რად მინდა გზა და წყალი, თუ სოფელი მთლად დაცარიელდა. წამსვლელი ბევრია, უკან დამბრუნებელი კი ძალზე ცოტა. ამიტომ წამსვლელებს აღარ დავემატე და დავრჩი! სამაგიეროდ, რამდენიმე წელიწადში ჩემმა შრომამ და, ზენაარმა ძალამაც იმდენად მომაძლიერა, რომ ბევრი რამ შევქმენი. სამტრედიაში ძალიან პატარა დარბაზში ნავარჯიშებ ჩემს ბავშვებს, სპორტში წარმატებაც აქვთ, დოღშიც წინ მივდივარ და მეურნეობაშიც. უცხოეთში, სახლ-კარს მოშორებული, მაგის ნახევარსაც ვერ ვიშოვიდი, თანაც სული უნდა დამნგრეოდა ჩემი ქვეყნის მოშორებით.

- კიკბოქსინგში მოწაფეებს ავარჯიშებთ და საერთაშორისო ტურნირებშიც მონაწილეობთ...

- თუ ტურნირზე არ გავიდა, ბავშვს სპორტის ინტერსი როგორ უნდა გაუჩინო?

პატარა ვიყავი კიკბოქსინგი რომ ავირჩიე. ჰოდა, მაგას ან მელაურში, ან სამტრედიაში, ვინ შემასწავლიდა. ამიტომ ქუთაისში უნდა წავსულიყავი. სახლიდან ვერავინ მატარებდა. ამიტომ 10 წლის ბიჭმა გამოვაცხადე, მარტო ვივლი-მეთქი. სოფლიდან სამტრედიამდე 4 კილომეტრია და ტრანსპორტი რომ არ იყო, ფეხით მივდიოდი, სამტრედიიდან კი რომელიმე ძველ "მარშრუტკას" ქუთაისამდე მივყვებოდი, იქიდან კი დაბნელებულზე ვბრუნდებოდი. მერე იყო ტურნირები და გამარჯვებები, და იყო არჩევანი, სად უნდა მეცხოვრა. ჰოდა, ვცხოვრობ სოფელ მელაურში და აქედან არსად წავალ. აქ არის ჩემი მიწა, ჩემი ოჯახი და გოგონა, რომელიც ვიცი, რომ ღირსეული უნდა გავზარდო. არა მხოლოდ ის, სხვა ბავშვებიც, რომლებსაც ვწვრთნი.

- მწვრთნელი რეგიონში მცირე ხელფასით...

- დიახ, მცირე ხელფასით, მაგრამ ნიჭიერი მოწაფეებით. დღეს რომ სპორტსმენს დიდი ხელფასი ჰქონდეს, პოლიტიკაში უნდა იყოს, პოლიტიკაში კი ვიღაც ყოველთვის გლანძღავს და შეურაცხგყოფს. ეგ არ მინდა. ღირსება მირჩევნია და ის ბედნიერება, რომ სადაც ვარ, ყველა მცნობს და ყველას ვუყვარვარ. მე კი არა, ჩემს ულამაზეს სადოღე ცხენს, ჭრელასაც ცნობენ. არც ისე დიდი ხნის წინ ქუთაისის კლინიკაში მოვხვდი და იქ მითხრა კაცმა, ბიჭო, შენ ხომ ჭრელას პატრონი ხარო.

ოჯახში ცხენები არასოდეს გვყოლია, მაგრამ ბავშვობიდანვე იმდენად მიყვარდა, როგორც კი შევძელი, ვიყიდე და ვამრავლებ. მართლა ულამაზესი და უძლიერესი ჯიში მყავს. მათგან ჩემი ჭრელა არაერთი დოღის ჩემპიონია. ძალიან გვიყვარს მთელ ოჯახს. მიუხედავად იმისა, რომ ფიცხია და ხანდახან მაბრაზებს კიდეც. მგონი, მასაც ვუყვარვარ, იმიტომ, რომ სახლიდან ჩემს გასვლას ვერ იტანს, ჭიხვინებს, დაბრუნებისას კი ავტომანქანით მცნობს, გამოვარდება და მეგებება.

- ჩემპიონი კაცი ძროხასაც წველით.

- აბა, რა. მეუღლეც მეხმარება. ისე, წველა მხოლოდ ქალის საქმე არ არის, თანაც ერთს კი არა, რამდენიმეს ვწველი.

ადამიანები მიყვარს. შეიძლება თქვათ, ეს რა ჰობიაო, მაგრამ ეს ძალიან დაგვაკლდა. ადამიანს მხოლოდ ტყვია არ კლავს, შეიძლება ერთმა სიტყვამაც კი გული გაუპოს, ანდა პირიქით, გაუთბოს და მოაბრუნოს სიკეთისაკენ. ამიტომ სულ ვამბობ: სანამ ერთმანეთზე რაიმეს ვიტყვით, მანამდე უნდა დავფქირდეთ, ჩვენმა ნათქვამმა რაიმე არ ავნოს სხვას. სამყაროში იმ მიზნით უნდა ვცხოვრობდეთ, რომ ერთმანეთი შევინარჩუნოთ და ამით ვიყოთ ძლიერები.